ლია მუხაშავრია: „ქართული ოცნების“ დასასრული დაწყებულია“
ნენე ინჯგია
ქართველ დეპუტატებს აგვისტოში, დასვენების ნაცვლად, პარლამენტში უწევთ მუშაობა. რამდენად ეფექტიანად და ქმედითად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ეს სხვა საკითხია, თუმცა საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ. ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფები სწორედ ამ მოთხოვნებზე სამსჯელოდ შეიქმნა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს არ შეუერთდა.
რა ეტაპზეა და დღევანდელი მოცემულობით რა პერსპექტივები გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ? რამდენად ადეკვატურია ოპოზიციური სპექტრი და რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?
„ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნის“ ერთ-ერთ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:
_ ქალბატონო ლია, ევროკავშირის მიერ გაცემულ შესასრულებელ რეკომენდაციებზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა ოპოზიციური სპექტრის ნაწილი სამუშაო პროცესში არ ერთვება. თავის მხრივ კი მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი რადიკალური და დესტრუქციულია, _ რა ხდება?
_ ვფიქრობ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ბოლო ეტაპზეა, ანუ თავისი წასვლის წინა, სრულიად, გახრწნილ, გადაგვარებულ ეტაპზე, როდესაც თავს უფლებას აძლევს, იგნორირება გაუკეთოს საზოგადოებისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, როგორიც არის ევროკავშირში გაწევრიანება, ევროპული ფასეულობების დამკვიდრება ქვეყანაში და იმის გაკეთება, რაც მისი უპირველესი ფუნქცია და დანიშნულებაა. ერთი სიტყვით, როცა ამბობენ, ევროკავშირში გაწევრიანება გვინდაო, მაგრამ მთლიანად მათი საქმიანობა მიმართულია საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ ჩნდება სწორედ ის განცდა, რაც გვაქვს, რომ ხელისუფლება არ აკეთებს საქმეს, რისთვისაც ჩვენ ის ავირჩიეთ და მივეცით მანდატი. უფრო მეტად და პრიორიტეტულად დაკავებულია საკუთარი საქმეების მოგვარებით, საკუთარი კორუფციული სქემების განხორციელებით, რაც არის უდავო ნიშანი იმისა, რომ მათაც კი გაცნობიერებული აქვთ, _ ეს არის მათი ბოლო შესაძლებლობა, ისარგებლონ არსებული ხელისუფლების ძალაუფლებით. აქ უკვე აღარ ჩნდება კითხვის ნიშნები იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს თავს. ასეთ დროს საზოგადოების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამას კიდევ ვნახავთ. ახლა, უბრალოდ, აგვისტოა, როდესაც ყველგან მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, შენელებულია პროცესები, ყველა ცდილობს დაისვენოს, გავიდეს ქალაქგარეთ და იფიქროს იმაზე, რას გააკეთებს სექტემბრიდან, რომ ახალი ძალით შეუდგეს საქმიანობას. სექტემბერი დაგვანახვებს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უფსკრულია და ამ ხელისუფლებას მოუწევს იმის გაკეთება, რასაც მას ამომრჩეველი და საზოგადოება სთხოვს და ავალებს.
_ თქვენ ბრძანეთ: „ამ ხელისუფლებას მოუწევს იმის გაკეთება, რასაც მას ამომრჩეველი და საზოგადოება სთხოვს და ავალებს“, _ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია ასეთი შეფასება, თუმცა მმართველი გუნდი მაინც იმ ნაბიჯებს დგამს, რაც მის ინტერესებში იყო და არის. ამჯერად რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას მოუწევს საზოგადობის დაკვეთის შესრულება?
_ პირველ რიგში, ის, რომ საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა. საზოგადოების მოთხოვნის იგნორირება არასდროს არის ხელისუფლებისთვის სასარგებლო პოზიცია და მეორეც, საკმაოდ აქტიურად დაიწყო არასამთავრობო სექტორში საქმიანობა იმ 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელიც ევროკომისიამ დაავალა საქართველოს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ამან გამოიწვია ის, რომ იძულებული გახდნენ, პარლამენტში არდადეგები გადაედოთ და დაეწყოთ მუშაობა. მართალია, ეს მუშაობა არ მიდის ისე, როგორც სასურველია, მაგრამ უსაქმურობას კი სჯობს, _ პარლამენტარებს წავართვით შესაძლებლობა, აგარაკებზე დასვენებისთვის მოეცალათ და ვაიძულეთ, რაღაც მოქმედებები მაინც განეხორციელებინათ. მგონი, ეს საზოგადოების წინსვლისა და პროგრესის ნიშანია და არა ხელისუფლების, რადგან ის აგრძელებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებას. გარდა ამისა, პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოება ამზადებს საკუთარ დოკუმენტს, რათა ხელი შეეწყოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ვფიქრობ, ამ მუშაობას მოჰყვება ის შედეგი, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება, გაითვალისწინოს ოპონენტთა აზრი. საყურადღებო იქნება ყველა ის ღონისძიება და სამოქმედო გეგმა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი შემოგვთავაზებს და შესთავაზებს ხელისუფლებას, თუ არადა, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია და რაც მას ევალება, ანუ შეასრულოს იმ 12 პუნქტის ყველა მოთხოვნა. რა თქმა უნდა, შესრულება და ბოლომდე განხორციელება შეუძლებელი იქნება, მაგრამ მისი განხორციელება დაიწყოს არა მოჩვენებითად, არამედ რეალურად.
_ ამ პროცესებში რამდენად პასუხისმგებლიანად იქცევა ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ ერთვება მმართველ გუნდთან ერთად? ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე აპელირებენ კიდეც.
_ ეს 12 პუნქტი მოითხოვს ისეთ ძალისხმევასა და რესურსების ისეთ გაერთიანებას, რომ დარწმუნებული ვარ, არავის აქვს უფლება, ამ პროცესში არ იყოს ჩართული, მით უფრო, ეს არის მათი პირდაპირი მოვალეობა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპოზიციას, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ევალებათ ამ პროცესში მონაწილეობა, _ ეს ადამიანები, სამსახურებრივად თუ საქმიანობით, არანაირად არიან ვალდებულები, ჩაერთონ პროცესში, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს საქმიანობა. ამიტომ ოპოზიციას ვერ მოვუწონებ ბოიკოტის პოზიციას _ თითქოს ცდილობს, დამოუკიდებლად გააკეთოს რაღაც. ვნახოთ. ოპოზიცია, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია, იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას, თუმცა იმის მიხედვით, რა სამუშაოს შეასრულებს ის და რას დადებს მაგიდაზე სექტემბრისთვის ან სექტემბრის ბოლოს, შეგვეძლება უფრო კარგად ვიმსჯელოთ, რამდენად არის მოწადინებული, რომ საქართველო მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
_ 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი არის დეპოლარიზაცია. 4 აგვისტოს პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ სამი ნაბიჯი დაასახელეს დეპოლარიზაციის საკითხის მოსაგვარებლად, მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა. პირველ რიგში, რას ფიქრობთ მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ? მისი ეს ნაბიჯი შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას?
_ ახლა, როდესაც მიშამ, მისმა ოჯახმა და ახლობლებმა გააცნობიერეს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას განსაკუთრებით სერიოზული საფრთხე ემუქრება და რისკის ქვეშ დგას, რა თქმა უნდა, გონივრული იყო ეს განცხადება, რომ ის ქართული პოლიტიკიდან ჩამოცილებას აპირებს. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც პოლიტიკოსებს პირობა მიუციათ და ფიციც დაუყოლებიათ, მაგრამ შემდეგ ეს პირობა არ შეუსრულებიათ.
შექმნილ ვითარებაში სააკაშვილის განცხადება, რომელიც არ ვიცი, ავთენტიკურია თუ მხოლოდ იმ პირების ნების გამოხატულებაა, რომლებისგანაც მოვისმინეთ, ყველა შემთხვევაში დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს, _ ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ რამდენი წელია, მიშა სააკაშვილისგან ბუასა და საფრთხობელას ქმნის და თუკი ეს ბუა მოსცილდება დღევანდელობას, შესაძლოა, უფრო მეტად დამშვიდდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სწორედ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლით არის შეშინებული და ხანდახან გონიერება ღალატობს.
_ მიშას ნეიტრალიზაციამ შეიძლება თუ არა უფრო მეტად შეუწყოს ხელი „ქართული ოცნების“ ჩამოშლას?
_ ის საფრთხობელა, რომელიც მიშასა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეიქმნა, თუ აღარ იქნება ვიღაცისთვის ისე შემაშინებელი, როგორც იყო და ალბათ იყო, რა თქმა უნდა, ეს დეპოლარიზაციასაც შეუწყობს ხელს. ადამიანებს, რომლებიც ორჭოფობენ და გონიერება არ ჰყოფნით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესის დროს, მათ მისცემს საშუალებას, უფრო მშვიდ ატმოსფეროში მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და ცუდსა და უარესს შორის კი არ გააკეთონ არჩევანი, არამედ _ უკეთესის სასარგებლოდ. ხომ ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასასრული აქვს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც უნდა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა, მოუწევს სერიოზული ტრანსფორმაციისა და რეფორმის გატარება საკუთარი პარტიის შიგნით. ამ თვალსაზრისით მიშას ჩამოცილება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკისგან იქნებოდა გარკვეული წინსვლა. სჯობს, ახლა იზრუნონ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და უფრო მეტად არ გაუარესდეს, ხოლო პარტიამ მოძებნოს ახალი ფორმა თავისი საქმიანობისთვის ქართულ პოლიტიკაში და აღარ იყო ბუა და საფრთხობელა, უკეთესი პოზიტიური როლი მოირგოს. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, მიუხედავად ზემოთქმულისა, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ დასასრული დაწყებულია, „ქართული ოცნება“ ვერ გადარჩება. უბრალოდ, მის ნამსხვრევებსა და ნაფლეთებზე შეიძლება წარმოიშვას ახალი პოლიტიკური ძალა ან რამდენიმე მაინც, რისი პროცესიც უკვე დაწყებულია „ოცნებიდან“ გასულებისა და ახალი მოძრაობის სახით. თავად „ქართული ოცნება“ უკვე არის იმ ეტაპზე, როდესაც მისი გადარჩენა და რეანიმაცია შეუძლებელი იქნება ამ სახით.
_ პარტია „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ სამი ნაბიჯი დაასახელეს დეპოლარიზაციისთვის: პირველი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო ბარიერის დაწევა; მეორე _ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა; მესამე _ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ეთანხმებით მათ ამ ხედვას?
_ გამიჭირდებოდა იმის თქმა, რომ მესამე პუნქტი (ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება) დეპოლარიზაციას ნამდვილად შეუწყობს ხელს, თუმცა ეს მაინც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, სჯობს, იგი მოკლე პერიოდით დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომ გამოჩნდეს მთელი მისი სიძლიერე და მთელი მისი გავლენა და შეეცადოს დაალაგოს ვითარება. ჯერ ერთი, ჩამოიცილოს „ქართული ოცნების“ ის ელემენტები, რომლებიც უკვე მასაც სერიოზულად უთხრიან ძირს და მის ავტორიტეტსაც სერიოზულად არყევენ, ასევე რეალურად განახორციელოს ის ძალაუფლება, რომელიც აქვს და საკუთარი თავის გადასარჩენად მაინც გადადგას რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკასაც წაადგებოდა და პირადად მასაც. ვგულისხმობ იმას, რომ მან მისცეს მძლავრი მუხტი, რათა იმ 12 პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლებამ უფრო სერიოზული მუშაობა განახორციელოს. აბსოლუტურად აუცილებელია და სრულიად მხარს ვუჭერ იმ წინადადებას, რომ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე მივიდეს და სამივე მოსმენა შედგეს ძალიან სწრაფად _ უკვე იქ ჩადებული გარკვეული ცვლილებები ხელს უწყობს და ეხმიანება 12 პუნქტის შესრულებას, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. ივანიშვილის ოფიციალურად ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში 12 პუნქტის შესრულების გარანტიები უნდა შეიქმნას. ამით, ერთი მხრივ, მთელი ქვეყანა შევძლებთ, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ, ივანიშვილი შეიძლება, რომ სამარცხვინოდ კი არ წავიდეს პოლიტიკიდან და ისტორიიდან, არამედ შევიდეს მასში პოზიტიური ნიშნით. მისი ეს ძალისხმევა დაბრუნებისა, 12 პუნქტის შესრულებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, მას აძლევს ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ შანსს, ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწეროს, როგორც პოზიტიური და კარგისმკეთებელი პიროვნება და პოლიტიკოსი. ასეთ შანსზე არა მგონია, ვინმეს სურდეს, რომ უარი თქვას, მით უფრო, ადამიანს, რომელსაც ამბიცია აქვს, ისტორია შექმნას. მართლა გულწრფელად ვურჩევდი ივანიშვილს დაბრუნებას, ოღონდ მხოლოდ დაბრუნებისთვის არა, არამედ მისი ძალისხმევით საქართველომ შეძლოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვება.
_ დღევანდელი მოცემულობით, არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ ივანიშვილი კვლავ მობრუნდეს პოლიტიკაში? არსებული ვითარებიდან რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს?
_ არ გამოვრიცხავ, რომ კულისებს მიღმა კონსულტაციები მიდის ივანიშვილთან, რომელიც ნაწილობრივ მოიცავს მუქარებსაც, რომ თუ ის არ გააკეთებს ამას, პირადად მის ქონებასა და უსაფრთხოებას ექმნება სერიოზული საფრთხე და რისკი. რა თქმა უნდა, გონივრული იქნება, მან ეს გააკეთოს, მით უფრო, რომ სასწორზე დევს მისი პირადი უსაფრთხოება, მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობა და მისი ქონებრივი ინტერესი, რაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტად შეიძლება მოტივაციად გამოდგეს მისთვის. არანაკლებ საყურადღებოა ის, რომ მას ალბათ სურს, ისტორიაში ჩაეწეროს, როგორც საქართველოსთვის კარგი საქმის მკეთებელი ადამიანი და არა პირიქით, _ საქართველომ რომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, გარკვეული დროის შემდეგ, ეს მიეწერება პირადად ბიძინა ივანიშვილს.
_ ამ პროცესების პარალელურად კი ხელისუფლება აქტიურად განაგრძობს ანტიდასავლურ კამპანიას. რით აიხსნება მმართველი გუნდის, მათ შორის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის ეს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და ამ რიტორიკის მიღმა იკითხება თუ არა ივანიშვილის ხელწერა?
_ ვფიქრობ, მათ არასწორად გაიგეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და მოტივები ან, შესაძლოა, თავად ბიძინაც ცოტა ხნის წინ ფიქრობდა, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის გატარება ხელსაყრელი იქნებოდა მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისთვის. მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ ეს სასაცილოა _ არათუ ნეგატიურად აღიქმება, უბრალოდ სასაცილოა. ყველაზე მეტად ეს აზიანებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებაში მყოფ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ბიძინას ეყოფა გონიერება და შორსმჭვრეტელობა, რომ ამ პოლიტიკაზე უარი თქვას და, მათ შორის, ჩამოიცილოს ის ხალხი, რომელიც ამ პოლიტიკას ატარებდა. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ყოველდღიური კომუნიკაცია კობახიძესა და სხვებს არ აქვთ და ამიტომაც ჩარჩნენ, გაიჭედნენ სადღაც და აგრძელებენ იმ სცენარით მოქმედებას, რომელიც უკვე აღარ არის აქტუალური. შესაძლოა, ეს ბიძინას ინტერესებშიც შედიოდეს და კარგი შესაძლებლობა იყოს მათგან გასათავისუფლებლად. მოსკოვში სირბილი და რუსეთთან ურთიერთობა არც ბიძინას ეხალისება მაინცდამაინც, მაგრამ მისი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები მოითხოვს, რომ არ გააღიზიანოს მოსკოვი. ახლა, როდესაც ცხადია, რომ მისი ეს მოტივები აშკარად დაუპირისპირდა ქართული საზოგადოების მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, მას ეყოფა გონიერება, საზოგადოების ამ ძალიან სერიოზულ და მძლავრ პოზიციას ანგარიში გაუწიოს, მით უფრო, თუ ეს მას პირადად მოუტანს მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც რუსეთი არის საიმედო და რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით და დავუშვათ, რომ პრორუსული პოლიტიკა გატარდა ბოლომდე და ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩამოაცილა ევროპულ ორბიტას და ჩვენ გავხდით რუსეთის დომინანტობის ქვეშ მყოფი ტერიტორია, ეს არც ბიძინას მოუტანს სიკეთეს _ მან ჩვენზე კარგად იცის რუსეთის დამოკიდებულება მდიდარი ადამიანებისადმი, მათ შეუძლიათ უფრო მეტად გაძარცვონ და დააზარალონ ბიძინა, ვიდრე ამას ევროპელები გააკეთებენ, რაც არ უნდა სანქციები და ეკონომიკური მეთოდები გამოიყენონ მის წინააღმდეგ.
_ ივანიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც მან აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე ისაუბრა, მანამდე კი „ოცნებიდან“ წამოსულებმა თითქოსდა მოთხოვეს, ივანიშვილს ამის შესახებ ელაპარაკა, საბოლოოდ კი ელჩმაც დაადასტურა აღნიშნული შეხვედრა. რა მიზანს ემსახურებოდა ივანიშვილის მხრიდან მორიგი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა?
_ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კელი დეგნანი, როგორც გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე, ივანიშვილს ხვდებოდა და პირადად მასთან და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჭკვიანი ადამიანი, ვინც საქართველოში დღეს საქმიანობს, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დარწმუნებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ, ეს ფაქტი, რომელიც ასეთი სკანდალური ხასიათის აღმოჩნდა, უფრო მეტად აზარალებს ბიძინა ივანიშვილს, _ მისი მხრიდან ამ ფორმით ამ შეხვედრის გახმაურება ძალიან მდაბიო პოზიციაზე წარმოაჩენს მას. მილიარდერს ძალიან კარგად შეეძლო ეს არ გაეკეთებინა და ამით, რა თქმა უნდა, ისე არ დაზარალდებოდა, როგორც ახლა დაზარალდა. ამერიკის მთავრობა ამის გამო კელი დეგნანს პოსტიდან არ გაათავისუფლებს, უფრო ლოიალურ და მორჩილ ელჩს არ გამოაგზავნის საქართველოში. პირიქით, ეს კელი დეგნანს ჩაეთვლება, როგორც მისი წარმატება და მისი საქმიანობის ძალიან კარგი შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. აქ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული, დაბნეული, მაინცდამაინც კარგად არ იცის, რა გააკეთოს, ეს შეცდომა კი სწორედ ავლენს მის არასტაბილურობას, ნევროტულ მდგომარეობას, როცა მან ხეირიანად არც კი იცის, რა ქნას. შეიძლება ამით ფიქრობდა, რომ მოსკოვს ასიამოვნებდა, მაგრამ არა მგონია, მოსკოვშიც მოსწონებოდათ ეს ფაქტი და აღექვათ ისე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს ჩაეთვალოს აქტივში. ის, რომ მდგომარეობა არც ბიძინა ივანიშვილს აქვს კარგად და მით უფრო, კარგად არ აქვს „ქართულ ოცნებას“, ამ შემთხვევამ კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა.
ახლა შედარებით მშვიდი აგვისტოა და მინდა ვისურვო, რომ სექტემბერშიც შეგვრჩეს გონიერება და ვიყოთ მოწადინებული, ვიშრომოთ იმისთვის, რათა შევასრულოთ მოთხოვნები, რასაც ევროკავშირი გვიწესებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ჩემთვის ის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მოვახერხოთ ეს და ოპოზიცია მოვიდეს გონს. მართალია, შეწყდა ყოველგვარი საუბარი ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ ახლა არ გვაქვს დასაკარგი დრო არც არჩევნებისთვის, არც პოლიტიკური კინკლაობისთვის და არც გაწევ-გამოწევისთვის პარლამენტს შიგნით თუ გარეთ, ახლა ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვიშრომოთ, რათა შევასრულოთ ევროკომისიის მოთხოვნა, დავიწყოთ 12 პუნქტის შესრულება, _ ეს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, არამედ _ ამ ქვეყანაში მეტი სიკეთის, განვითარებისა და სტაბილურობის წინაპირობაც.