რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ?
გიგა გელხვიიძე
2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის გადაწყვეტილებით ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გადააბარა, ქართულ პოლიტიკაში იმთავითვე გაჩნდა „მიშას სინდრომი“.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანის მართვას ვეღარ ახერხებდა, რადგანაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედმა ხელისუფლებამ მას ყოველგვარი მართვის სადავე გამოაცალა ხელიდან, ერთგვარი შიში მაინც არსებობდა, რომ ერთ დღეს ის შესაძლოა, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო, რადგანაც მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხალხის გარკვეული ნაწილის მტკიცე ნდობა და, ამავდროულად, ხელისუფლების გადაბარების უმტკივნეულო და დემოკრატიულმა პროცესებმა, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაზარდა.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და უკრაინაში გადავიდა. სწორედ ამ დღიდან „მიშას სინდრომი“ „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესც სააკაშვილმა ერთ-ერთი არჩევნების დროს გააჟღერა მიმართვა, რომლის შინაარსიც იყო ის, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი მკვეთრად იყო შემცირებული, ხოლო ზოგადად პარტიის რეპუტაცია შელახული, სააკაშვილის ამ სიტყვებმა „ოცნებაში“ გარკვეული ბიძგები გამოიწვია. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებას გარკვეული ინტერვალებით იმავე შინაარსის კიდევ სხვა განცხადებები მოყვა, იყო ვერსიებიც, რომ მიშა საქართველოში თურქეთის გავლით შემოვიდა, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული ვერსიები არ დასტურდებოდა. მმართველ გუნდს მიეცა შანსი, რომ სააკაშვილის ეს სიტყვები უკვე მისსავე საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა და ამომრჩევლებთან შეხვედრისას თუ თავიანთი მედიასაშუალებების პლატფორმებიდან ძალიან ხშირად ახსენებდა ხალხს, რომ ოპოზიციის ნდობა, რომლის ლიდერიც საკუთარ დანაპირებს ვერ ასრულებს, არ შეიძლება. მმართველი გუნდის პარალელურად აქტიურად გამოდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც და ამბობდნენ, რომ მიშა აუცილებლად ჩამოვიდოდა და მას საკუთარი ხალხისთვის არასოდეს უღალატია.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, კრახი განიცადა და რომ არა ისევ და ისევ ოპოზიციური პარტიების უკან დახევა და ქუჩის პროცესებიდან პარლამენტში შესვლა, მათი ლეგიტიმაციის საკითხი ძალიან მძიმედ იდგებოდა დღის წესრიგში, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა, _ თუ მას ხალხი ეტყოდა, რომ უნდა ჩამოსულიყო, ის უცილობლად ჩამოვიდოდა. ოპოზიციურმა პარტიებმაც არ დააყოვნეს და თავისუფლების მოედანზე 2012 წლის შემდგომ ყველაზე დიდი და მასშტაბური აქცია გამართეს, რომელიც იმის დასტური იყო, რომ მიშას საქართველოში ელოდნენ, ამის პარალელურად კი რიგი პარტიები აწარმოებდნენ კამპანიას, რომ საზღვრის კვეთისას მას 100 000-ზე მეტი ადამიანი დახვდებოდა და ხელისუფლებას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდა, ისევე როგორც ეს უკრაინაში მოხდა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ქვეყნის დასახმარებლად რაღაც პერიოდში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და მის გვერდით ყოფილიყვნენ.
მმართველი გუნდისთვის სააკაშვილის ბოლო მიმართვა ბევრად უფრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მისი წინა მიმართვები, რადგანაც ამ პერიოდში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ოპოზიციის რეიტინგი იმატებდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერდა მხარს, თუმცა მათი რიტორიკა უცვლელი რჩებოდა და აცხადებდნენ, რომ მიშა აქ არ დაბრუნდებოდა.
2021 წლის პირველი ოქტომბრის დილამ კი „ქართული ოცნების“ შიშები კიდევ უფრო მძლავრი გახადა, რადგანაც პრეზიდენტ სააკაშვილის ფაცებოოკ გვერდზე გამოჩნდა წერილი, სადაც ქართველ ხალხს სააკაშვილი მშვიდობიან დილას საქართველოდან ულოცავდა: „დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“. სააკაშვილის წერილის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კამპანია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
მთელი დღის მანძილზე სააკაშვილის სოციალურ ქსელში სახვადასხვა ვიდეო ვრცელდებოდა, რომელიც საქართველოში, სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გადაღებული და ყველა ერთხმად ამტკიცებდა იმას, რომ ეს არ იყო მონტაჟი და სრულ რეალობას ასახავდა. მმართველი პარტიის ნაშენები „საოცნებო“ კოშკები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, თავად „ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოამსხვრიეს, როდესაც საღამოს პროკურატურაში ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან შვიდ თვეზე მეტი გავიდა: ამ პერიოდის განმავლობაში იყო 50-დღიანი შიმშილობა, რომლის ფონზეც სააკაშვილის სიცოცხლე უდიდესი რისკის ქვეშ დადგა და ისევ მოქალაქეების დახმარებით იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუ როგორ, ეს ცალკე განსახილველი მძიმე საკითხია. გორის ჰოსპიტალიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ სააკაშვილი კვლავ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, თუმცა ამ შემთხვევაში ბევრად განსხვავებული პირობებით, ვიდრე ეს სხვა პატიმრებს აქვთ. მთელი ამ დროის მანძილზე სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ მის პირად ექიმსა და ასევე სხვა ექიმების ჯგუფს. ერთადერთი, ვისაც ამის საშუალება დაახლოებით ორი კვირის წინ მიეცა, ეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმი იყო, რომელმაც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი დასკვნა დადო. აღმოჩნდა, რომ არასწორი და არაშედეგობრივი მკურნალობის ფონზე, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ანორექსია, გარდა ამისა, მას აქვს ანემია, რაც მისი სიცოცხლისთვის ძალიან სარისკოა და ბოლო მონაცემებით, სააკაშვილი უცხოეთის რომელიმე კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა მისმა ოჯახმა და თანამებრძოლებმა, მათ ხელისუფლებას გარკვეული ვადაც კი მისცეს, რომ სააკაშვილი უცხოეთში გადაეყვანათ, თუმცა მმართველ გუნდში მკაცრად აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი პროვოკაცია და სააკაშვილი მანიპულირებს, რათა ქვეყანაში შიდა არეულობა მოაწყოს. გარდა ამისა, არის მოსაზრებებიც, რომ ის კავშირშია უკრაინის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც თავიანთი განცხადებებით საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობენ და ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ამ პროცესებს ხელს შეუწყობს.
რეალურად კი მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოსვლა ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ქართველი ხალხი შესაძლოა, კვლავ ქუჩაში გამოვიდეს და მესამე ვადით არჩეული ივანიშვილის ხელისუფლება სახლში გაისტუმროს, რისი დაშვებაც მმართველ გუნდს არ სურს და სწორედ ამიტომ ის ყველა ძალას იყენებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩეს, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ, რაც ქმნის შეგრძნებას, რომ შიში, სახელად „მიშას სინდრომი“, დღითი დღე სულ უფრო მატულობს და მმართველი გუნდის მშვიდ სახეზე სულ უფრო მეტ ნერვს ატოკებს, _ ვაითუ, ხვალ შესაძლოა თბილი სავარძლები, მანქანები, სახელმწიფოს ტერიტორიებზე განთავსებული აგარაკები და სხვა ბედნიერება, რომელიც ხალხის ფულით ასეთი მონდომებით და რუდუნებით ავაშენეთ, დავკარგოთო. ეს ყველაფერი მათი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლებს, რადგანაც 2012 წლიდან დღემდე განვლილმა პოლიტიკურმა პროცესებმა აჩვენა, რომ ხალხი გაჰყვება სააკაშვილს და ასევე გამოიკვეთა ისიც, რომ მხოლოდ მას შეუძლია წავიდეს რადიკალურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ქართველ ხალხს „საოცნებო“ ძილიდან გამოიყვანს.
ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის 2021 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მოყვანა შეგვიძლია: „ამჯერად ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და არ გვინდა, ვინმე ჩვენზე ძალადობდეს!“