გიორგი კაპანაძე: „უსწრაფესად უნდა ჩავნიშნოთ ფართომასშტაბიანი აქცია“
ნენე ინჯგია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის _ იგი საჭიროებს შესაბამის მკურნალობას, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მკურნალობის მიზნით, _ სწორედ ამაზე საუბრობენ ექიმები, რომლებმაც 30 აპრილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
„მას (სააკაშვილს) სჭირდება შველა და ჩვენი _ ყველას თანადგომა“, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ექიმმა ოთარ თოიძემ პარლამენტის წინ გამართულ ექიმების აქციაზე განუცხადა. თოიძის თქმით, ყველა ხედავს მსოფლიოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენს ხელისუფლებას, რატომღაც, ამის გაგება არ უნდა.
აქციაზე მისული ექიმები ცალსახად აღნიშავდნენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას. გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იზიარებენ ექიმების მოსაზრებას და ისინიც სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებენ. პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ექიმების კონსილიუმის დასკვნას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა შეადგინა, ვერ მიიღებენ ისე, რომ მისით იხელმძღვანელონ, რადგანაც ამ კონსილიუმს არ აქვს მეორადი დატვირთვა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით კი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ კომპეტენტურმა პირებმა უნდა იმსჯელონ და არა იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია. მისივე თქმით, ოპოზიციის წევრების განცხადებები არის კონკრეტული პოლიტიკური მიზნისკენ მიმავალი გზა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული მასშტაბური აქციები კი კვლავ ანონსის ფორმატში რჩება.
რით ხსნიან ამას პარტიაში და რა სამოქმედო გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა:
_ გიორგი, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობის საკითხის წინ წამოწევა არის სპეკულაცია და სხვა არაფერი. რაზე მეტყველებს და რით აიხსნება მათი პოზიცია?
_ ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. მიხეილ სააკაშვილი, ასევე ექიმთა კონსილიუმის წევრები, მათ შორის სახალხო დამცველიც თუ იტყუებიან, არის ორი გამოსავალი: პირველი _ ან თავად შექმნან ალტერნატიულ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მოინახულებს მესამე პრეზიდენტს და შემდეგ გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი და მეორე, _ ის დეპუტატები, რომლებიც პროფესიით ექიმები არიან (მაგალითად, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე), მოინახულონ მესამე პრეზიდენტი ციხეში, გამოვიდნენ და გვითხრან, იტყუება მიხეილ სააკაშვილი, იტყუება სახალხო დამცველი ლომჯარია, იტყუებიან კონსილიუმის წევრები თუ ნამდვილად უმძიმესია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხომ მარტივია? ხომ მარტივად გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ფაქტების რეალურად შემოწმება?
_ რატომ არ დგამენ ამ ნაბიჯს და თუ დარწმუნებულები არიან, რომ ეს სპეკულაციაა, მაშინ დაარწმუნონ საზოგადოებაც ამაში ან თუ იციან, რომ მართლაც მძიმეა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რატომ რისკავენ ადამიანის სიცოცხლეს?
_ ამაზე შეიძლება გამოვთქვათ მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის მოსაზრება. შესაძლოა, ეს ყველაფერი განპირობებული იყოს პუტინის რეჟიმის მოთხოვნით, რომ მათ, პუტინსა და მის გარემოცვას, არ სურდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. მათი მიზანი, „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, შეიძლება იყოს ის, რომ სიცოცხლე მოუსპონ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამით შეიძლება აიხსნას ასეთი უგულო და არაადამიანური დამოკიდებულება, რომელიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
_ რა გაძლევთ ამის ვარაუდის საფუძველს?
_ როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ ჩასულა კიევში და არ გამოუცხადებია პრეზიდენტ ზელენსკისთვის მხარდაჭერა, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ დრომდე არ ჩასულა კიევში და არ გამოუცხადებია თავისი კოლეგების მსგავსად ზელენსკისთვის მხარდაჭერა და ასევე „ქართული ოცნება“ მუდმივად თავს ესხმის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც პუტინის ბომბები აცვივა თავზე, რატომ არის ის მოსაზრება გამორიცხული, რომელიც მე გავაჟღერე? რატომ არის გამორიცხული ის, რომ შესაძლოა ნამდვილად პუტინის რეჟიმის მიზანი იყოს მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, ციხეში ჩატოვება და, მეორე მხრივ, ამ დავალებას ასრულდებდეს „ქართული ოცნება“?!
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებმა, რომლებიც ექიმები არიან, მოინახულონ სააკაშვილი და დარწმუნდნენ, რომ იგი მართლაც ცუდად არის და საზოგადოებასაც უთხრან. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი, ჯერჯერობით, არ აპირებენ მესამე პრეზიდენტის მონახულებას. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა მიიღოს წნეხი ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციონ?
_ რაც შეეხება სერგეენკოსა და ხუნდაძეს, ისინი რომ არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, ეს კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია იმ მოსაზრების, რომელიც მე გავაჟღერე. გამოსავალს რაც შეეხება, არის ორი სახის: პირველი _ შიგნიდან აქციები და გარედან ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“. თუ დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები დაინახავენ პერმანენტულ, მრავალრიცხოვან აქციებს საქართველოში, მაშინ გარწმუნებთ, რომ ისინი განახორციელებენ პირდაპირი სახის ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“, რადგან თუ საზოგადოება მზად ვართ იმისთვის, რომ გავიმეოროთ ისტორიული შეცდომა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობა მოყვა, მაშინ უნდა დავრჩეთ ყველანი სახლში, მაგრამ თუ საზოგადოება, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სიცოცხლის მოსპობა, მაშინ ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველანი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ვიბრძოლოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა ნუ ქნას და თუ ტრაგედია დატრიალდა, ბევრს არ გაახსენდება ის მტრები, რომლებიც თავიდანვე მტრულად იყვნენ განწყობილნი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ბევრს გაახსენდება თითოეული ჩვენგანის დუმილი, რომელიც სამარცხვინო იქნება.
_ აქციები ახსენეთ და „ქრონიკა+“-სთან რამდენიმე თვის წინათ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ გაზაფხულიდან საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა. ეს თქვენს კოლეგებსაც არაერთხელ უთქვამთ. მკითხველს განსაკუთრებით აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი, _ რატომ ვერ შედგა ეს აქციები?
_ ამაზე სპეკულაციები არ მიყვარს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს აქციები მომავალში მაინც გაიმართოს. როგორც ჩანს, არის გარკვეული სახის პრობლემები, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავდოთ გვერდით სირთულეები, გავიდეთ რეგიონებში, შემოვიაროთ ყველა დაბა, სოფელი, ქალაქი, ხალხს ვესაუბროთ, დავარწმუნოთ ამ აქციების აუცილებლობაში, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და შემდეგ დავაორგანიზოთ დიდი აქციები, მანამდე კი ყოველდღიურ რეჟიმში გამოვხატოთ პროტესტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. რა თქმა უნდა, მეც ვემხრობი იმ აზრს, რომ აქციები, მათ შორის, მასშტაბური ხასიათის, უნდა გამართულიყო აქამდეც და ჩვენ გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ ღირს, რადგან დრო არ არის შესაფერისი, _ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, ამიტომ ეს მომავალი არ უნდა იყოს შორეული, უსწრაფესად უნდა ჩავნიშნოთ ფართომასშტაბიანი აქცია, სადაც ძალიან ბევრი ხალხი მოვა, როგორც 14 ოქტომბერს მოვიდა და „ოცნებას“ ულტიმატუმი წავუყენოთ, რომ არ მოკლას მან და პუტინის რეჟიმმა მესამე პრეზიდენტი ციხეში.
_ გარკვეული სახის პრობლემები ახსენეთ, ამაში გულისხმობთ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ სირთულეებს და დაპირისპირებას მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ? თქვენ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ პოსტი, სადაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ საჭიროა, ამ მიმართულებით განახლება და ფიქრი უნდა დაიწყოს, არის ამის აუცილებლობა დღეს?
_ თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ძალიან დიდი პარტია, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერებს რომ განსხვავებული აზრი ჰქონდეთ, აქ ტრაგედია და გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, მთელ რიგ საკითხებზე შეიძლება განსხვავებული ხედვა და აზრი გვქონდეს, მაგრამ მთავარია, მიზანი ერთი იყოს, რომელიც მიემართება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისკენ და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისკენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, სიახლეები არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ზედმეტი არასოდეს არის, _ პარტია ცოცხალი ორგანიზმია და, რა თქმა უნდა, დროდადრო სჭირდება განახლება, ახალი ენერგია, იმპულსი, რომ არა თუ დაკარგოს ამომრჩეველი, არამედ მიიმხროს დამატებითი ელექტორატი, გარდა ამისა, შეასრულოს თავისი მისია და ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას.
_ თქვენი პოზიცია ნათელია მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ, თუმცა ენმ-ს ლიდერების ის ნაწილი, რომელიც ნაკლებად აქტიურია და არ აღიქვამს მძაფრად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ მიიჩნევს საჭიროდ მასშტაბურ აქციებს, რით შეიძლება აიხსნას მათი ეს დამოკიდებულება?
_ მართლა არ ვიცი, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, ამიტომ ვერ მოგატყუებთ და სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე და უმრავლესობას ღრმად გვჯერა, _ ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, არ მოკლას პუტინის რეჟიმის დავალებით მესამე პრეზიდენტი ციხეში, არის აქტიურობა, მოქმედება, ბევრი ხალხი ქუჩაში და დასავლეთიდან მკაცრი ზეწოლის განხორციელება „ქართული ოცნების“ მისამართით. ეს მესახება გამოსავლად, თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, ბოდიში, მაგრამ მას ვერ დავეთანხმები, თუმცა მგონია, რომ ჩვენ ყველანი, უმრავლესობა, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ლიდერიდან დაწყებული რიგითი წევრით დასრულებული, დიახ, ვფიქრობთ და ასე ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გზას, _ გარეთ უნდა იყოს ბევრი ხალხი და დასავლეთიდან უნდა განხორციელდეს ზეწოლა.
_ ბევრი ხალხი ქუჩაში, _ ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეთ. გასულ კვირას პრეზიდენტის ოჯახის ორგანიზებით გამართულ აქციებზე ვერ ვიტყვით, რომ მრავალრიცხოვანი იყო. რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში?
_ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდწილად მიხეილ სააკაშვილის გამო მხარს უჭერს 500-600 ათასი ადამიანი, ეს ის ხალხია, ვინც წლების განმავლობაში იდევნებოდან, სამსახურიდან უშვებდნენ და ვისზედაც ზეწოლის განხორციელებას ცდილობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ისინი ვერ გატეხეს, ვერ დააჩოქეს და თავიანთ ღირებულებებზე უარი ვერ ათქმევინეს, ამიტომ ხალხს კი არ დავაბრალებდი ამ ყველაფერს, პირიქით, მადლობას გადავუხდიდი. გულით, სულით ვუხდი მადლობას „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც არ გატყდა, არ შეშინდა და ამ წლების განმავლობაში მოიტანა თავისი ღირებულებები. ხალხი არაფერ შუაშია, მაგრამ ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული და შესაბამისი ნაბიჯები, უნდა ვესაუბროთ მათ, მივიდეთ მათთან სახლებში, ჩავიდეთ სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, შევხვდეთ, ვესაუბროთ და დავარწმუნოთ ეს ადამიანები. ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ არა მხოლოდ ბევრი ხალხი იქნება ქუჩაში, არამედ სხვებიც კი, ვინც აქამდე არ ყოფილა მსგავსს აქციაზე, შემოგვიერთდებიან და მხარს დაუჭერენ იდეას, რომელიც გულისხმობს: არ მოვკლათ მესამე პრეზიდენტი ციხეში და დემოკრატიული პროცესები განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ საქართველოს მოქალაქის ცხოვრება საბოლოოდ შეიცვალოს უკეთესობისაკენ.
_ კონკრეტულად, როდის იწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთან კომუნიკაციას?
_ მე ხალხთან კომუნიკაცია არც აქამდე შემიწყვეტავს, ამ შემთხვევაში საუბარია ორგანიზაციულ საკითხებსა და იმაზე, რომ ეს საერთო გადაწყვეტილება იყოს, რომ ყველამ მიუხედავად იმისა, ვინ რა სტატუსის არის დღეს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, შევძლოთ ის, რომ ჩვენი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, უბნელი დავარწმუნოთ ქუჩაში გამოსვლის საჭიროებაში. თუ ეს გადაწყვეტილება განხორციელდება რაც შეიძლება მალე, იგი მხოლოდ წაადგება, ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ, დემოკრატიულ პროცესებს და, მესამე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას.