პეტრე მამრაძე: „ნაციონალებმა“ სააკაშვილი გაწირეს“
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოში პოლიტიკური პროცესები მთლიანად ჩაკვდა. ოპოზიცია აღარაფერზე იღებს ხმას. ბევრმა მათი გაჩუმება და უკანა პლანზე გადასვლა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს დაუკავშირა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე. მისი აზრით, ოპოზიცია რომ არაფერს წარმოადგენს, ეს თავად ოპოზიციის დამსახურებაა.
რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? რატომ აიცრუა ხალხმა მათზე გული? რის მიღწევას ცდილობენ „ნაციონალები? რატომ აწინაურებენ მათ უკრაინაში? რატომ ემიჯნება ყოფილი ხელისუფლება სააკაშვილს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, საქართველოში ოპოზიცია თითქოს აღარ არსებობს. ეს რისი ბრალია? მათი არსებობაც უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დაავიწყა ხალხს? ახლა მთავარი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი.
_ უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი რამე შეცვალა, მაგრამ ოპოზიცია რომ ასეთ დღეშია, ამის მიზეზები გაცილებით ღრმაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია იმყოფებოდა ბოიკოტის რეჟიმში. რამდენიმე თვის მანძილზე ის პარლამენტში არ შედიოდა. ბოლოს შევიდა, მაგრამ რა? არცერთ საარსებო პრობლემას, რაც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას, არ მოჰკიდეს ხელი. ვგულისხმობ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.
ოპოზიციაში არც კორუფციის თემით დაინტერესებულან. არადა, პარლამენტის წევრები არიან და შეეძლოთ მოეთხოვათ ნებისმიერი ინფორმაცია პანდემიის მართვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის საფუძველზეც უნდა ეკრიტიკებინათ ხელისუფლება. კრიტიკას ეს ხელისუფლება ნამდვილად იმსახურებს. ოპოზიციას საერთოდ არაფერი გაუკეთებია, მთელი აქცენტი გადატანილი იყო იმაზე, როგორმე გამოეყვანათ ხალხი ქუჩაში და მასობრივი მღელვარება აეგორებინათ. ამისთვის ყველა თემას იყენებდნენ.
რამდენიმე კვირის წინ საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართა. ეს აქცია „ნაციონალებმა“ მოაწყვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეგებ ხალხი გამოსულიყო. ხალხი არ გამოვიდა და ეს იცით, რას ნიშნავს? მოხდა ოპოზიციის, როგორც ინსტიტუტის, დისკრედიტაცია. ხალხი ხვდება, რომ ოპოზიციას მათი პრობლემები არ ადარდებს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა, როგორც იქნა, ხელი მოჰკიდა ონლაინ-კაზინოებს და წამლების თემას და ე. წ. ოპოზიცია მაშინვე აყვირდა. გაიძახოდნენ, არიქა, ინვესტიციებს დავკარგავთო. ამით მათ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს. რა ინვესტიციებზეა საუბარი, როცა კაზინოებიდან ბიუჯეტში კაპიკი ფული არ შედის?!
მოკლედ რომ დავაჯამოთ, ოპოზიციამ ბოლო წლებში გამოამჟღავნა, რომ ის არ ინტერესდება იმით, რაც ხალხსა და სახელმწიფოს აწუხებს. იმის მაგივრად, რომ საფუძვლიანად აკრიტიკოს ხელისუფლება, იაფფასიანი ლოზუნგებით ცდილობს საპროტესტო ტალღის აგორებას, რათა შემდეგ დაამხოს ხელისუფლება.
_ ამ შემთხვევაში მთელ ოპოზიციაზე საუბრობთ, თუ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობთ?
_ მთლიანად ოპოზიციაზე მოგახსენებთ. რომელი გამოდგება ოპოზიციად _ „ლელო“? ელისაშვილი? „სტრატეგია აღმაშენებელი“? ლეიბორისტები კიდევ შეიძლება გამოდგნენ ოპოზიციად, მაგრამ არა შალვა ნათელაშვილი. ეს ადამიანი დისკრედიტებულია. მისმა პარტიამ არჩევნებში ვერაფერი მოახერხა, პარლამენტში მხოლოდ ერთი ადამიანი გაიყვანა. იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ ხელისუფლების სამხელად, იმაზე მიდის ყვირილი, „ქართული ოცნება“ პრორუსულია თუ პროდასავლური.
_ ხელისუფლება რომ ამხილო, ამისთვის არაა იმის გარკვევა საკმარისი, ის პრორუსულია თუ პროდასავლური?
_ ამით არაფრის დამტკიცება არ შეიძლება. იმის ყვირილი, რომ ხელისუფლება ან პროდასავლურია, ან პრორუსული, არის ძალიან დიდი მარაზმი.
_ მარაზმი რატომ არის?
_ იმიტომ, რომ ქართველი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, უნდა იყოს პროქართველი. ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით უახლესი ისტორიიდან: 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის პრემიერ ვიქტორ ჩერნომირდინთან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმაზე, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები 25 წლით დარჩებოდნენ. ამის შესახებ ბევრმა არ იცის.
ხელმოწერილ შეთანხმებაზე დათქმად მიაწერეს, რომ რუსეთს უნდა გადმოეცა ჩვენი კუთვნილი შეიარაღება და განეიარაღებინა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ შეთანხმების გაფორმებიდან 4 წლის შემდეგ რადიკალურად სხვა სურათი მივიღეთ:
1999 წელს ეუთოს სამიტზე, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზები გავიდოდა. ბაზები გავიდა კიდევაც და ეს გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ. მას ჩერნომირდინთან 1995 წელს ხელი რომ არ მოეწერა შეთანხმებაზე, 1999 წელს ის ცნობილი დოკუმენტი ვერ გაფორმდებოდა. აი, ეს არის ნამდვილი და სწორი პოლიტიკა.
_ თქვენ ამბობთ, რომ შედეგს რომ მიაღწიო, თუ საჭირო გახდება, დათმობაზეც უნდა წახვიდე და არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო?
_ რა თქმა უნდა, პოლიტიკა სწორედ ესაა. მაშინაც კი უნდა წახვიდე რაღაც დათმობაზე, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ხარ ამერიკასავით. საქართველოში უჭირთ იმის გაგება, რომ დათმობაზე წასვლა საჭიროა. რაღაც თუ დათმე, მაშინვე პრორუსულის იარლიყს გაწებებენ.
_ ეს იარლიყი რომ არ მიაწებონ, ხელისუფლებამ რაღაც განმარტება მაინც უნდა გააკეთოს თავის ქცევებზე. „ქართული ოცნება“ განმარტებების გაკეთებითაც არ იწუხებს თავს.
_ ედუარდ შევარდნაძე ამას ყოველთვის აკეთებდა. 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოვიდა და ტელევიზიით თქვა, _ არ არსებობს დედამიწაზე სახელმწიფო, რომელსაც უნდოდეს, თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ბაზები ჰყავდეს, ჩვენ კი ხელი მოვაწერეთ, რომ ისინი აქ 25 წლით დარჩნენ. ჩვენ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდეს, რათა შეწყდეს საქართველოს შემდგომი დანაწევრება. აფხაზეთი და ცხინვალი უკვე წაღებული იყო. საქართველოს შემდგომი დანაწევრების შეჩერება ამ შეთანხმების გაფორმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
_ შევარდნაძისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება არაფერს განმარტავს და არ ხსნის, რატომ იქცევა ისე, როგორც რუსეთს უნდა. იმის შესახებაც კი არ გააკეთეს სათანადო განმარტება, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
_ ეს ხელისუფლება არაერთხელ გამიკრიტიკებია, მათ შორის, თქვენთან ინტერვიუებშიც, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებ. ვერ ვიტყვი, რომ მან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა.
_ რა მოიმოქმედა?
_ ჩამოვთვლი: ევროპის საბჭოში რუსეთის წინააღმდეგ ორჯერ მისცა ხმა _ ჯერ წევრობის შეჩერებაზე, მერე მის გარიცხვაზე; ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა; ჰააგაში ხმა მივეცით რუსეთის წინააღმდეგ. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს? სანქციები არ დაუწესა რუსეთს? რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
_ რატომ არ ჰქონდა აზრი?
_ იმიტომ, რომ ამით რუსეთს არანაირი ზიანი არ მიადგება. ამით მხოლოდ საქართველო დაზიანდებოდა და თან საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ პიარისთვის გამოდგებოდა და მეტი არაფერი. ხელისუფლებას, რომელიც ერსა და ქვეყანაზეა პასუხისმგებელი, უფლება არ აქვს, პიარისთვის რაღაც გააკეთოს. სანქციების დაწესებით კიდევ ერთ დიდ დარტყმას მივაყენებდით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ეკონომიკას. რუსეთს კიდევ არაფერი მოუვიდოდა. ჩვენი სანქციები იცით, როგორი იქნებოდა? ტანკი რომ მოძრაობს გზაზე და მას პეპელა დააჯდეს.
უკაცრავად, მაგრამ ომის დაწყებიდან დღემდე დასავლეთმა პუტინს 40 მილიარდი დოლარი გადაუხადა ნავთობსა და გაზში. ეს ქვეყნები პრორუსულები არიან? მეტი რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს? გამოვიდნენ და თქვან. რიტორიკას ითხოვენ პროვოკატორები! ბედნიერ ერში ჟესტი და ფრაზა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე გაკეთებული საქმე.
_ ე. ი. თქვენ რიტორიკას არ უწუნებთ ხელისუფლებას?
_ არა. მიმაჩნია, რომ რიტორიკაში ძალიან ფრთხილები უნდა იყვნენ.
_ არიან კიდევაც ფრთხილები.
_ ფრთხილები არიან და ასეც უნდა იყოს.
_ ზედმეტად ფრთხილები ხომ არ არიან?
_ რას ნიშნავს, ზედმეტად ფრთხილები? „ნაცებს“ რომ ყვირილის საშუალება მისცენ? ამით „ნაცების“ პოპულარობა იზრდება ხალხში? ხელისუფლების ფრთხილი რიტორიკა „ნაცების“ პოპულარობას არ ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სწორად იქცევიან. აბა, გამოვიდეს ირაკლი ღარიბაშვილი და თქვას, რომ უკრაინაში რუსებმა გენოციდი მოაწყვეს. „ნაცები“ მაშინვე ამის საწინააღმდეგოს მტკიცებას დაიწყებენ.
_ ჩვენი ოპოზიცია ისეთი უცნაურია, რომ არაა გამორიცხული, მართლა დაიწყოს იმის მტკიცება, რუსებს არაფერი დაუშავებიათო, თუკი კრემლის ნამოქმედარს საქართველოს ხელისუფლება დაგმობს.
_ მართლა იკადრებენ ასეთ რამეს. „ნაციონალებს“ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. ერთადერთი, რაც მათთვის წმინდაა, ეს ფულია. ავიღოთ თუნდაც ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი. ისინი ჯერ „ნაციონალებში“ იყვნენ, მერე „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და მათთან გამონახეს საერთო ენა. ამის გამო ისინი ბიძინა ივანიშვილმა შეაქო. ვანო მერაბიშვილი, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, დაუქნია ხელი ამათ და ისინი მაშინვე მასთან გავარდნენ. მერაბიშვილთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.
_ მერაბიშვილი ახსენეთ და ამ ადამიანთან დაკავშირებით რა ისმის? ბოლოს ის უკრაინაში გამოჩნდა.
_ რა გასაკვირია, რომ მერაბიშვილი უკრაინაში წავიდა. „ნაცების“ უკრაინაში გადაბარგება ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი პოროშენკო იყო. პირველი იქ სააკაშვილი ჩანერგეს, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. მან იქ ჩაიყვანა თავისი თანამზრახველები და ისინიც იქ ჩაინერგნენ. ცოტა ხანში პოროშენკო შეეცადა მათ მოშორებას, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოიშორეს.
სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება ზელენსკის გაპრეზიდენტების დროს შეძლო და ეს ვლადიმირ პუტინის დამსახურებაა. ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეო. რატომღაც, ისე ხდებოდა, რომ საქართველოს მიერ ძებნილ სააკაშვილს უკრაინაში აწინაურებდნენ. ახლა გია ლორთქიფანიძე დააწინაურეს. იგი სადისტური სისტემის ხერხემლის, მერაბიშვილის მოადგილე იყო. მან თავი გაითქვა ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციით. ვისგან ვიცით ეს? თავად სააკაშვილისგან. მან გია ლორთქიფანიძეს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ასე კარგად ოპერაციის ჩატარებას ჩვენზე ძლიერი ქვეყნებიც კი ვერ შეძლებდნენ. და რა შეძლეს? _ სააკაშვილის დავალებით შეკრებილი ადამიანები ჩახოცეს.
_ სააკაშვილის დავალებით შეკრებილ ადამიანებში რას გულისხმობთ?
_ დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოდან გარკვეული პირები ჩეჩნეთში დივერსიების მოსაწყობად გადადიოდნენ. ეს ადამიანები ისევ სააკაშვილის ბრძანებით ჩაცხრილეს მძინარენი. მათ შორის ჩაცხრილეს ქართველი ოფიცრები.მოკლეს სამხედრო ექიმი, მძინარე ადამიანების ჩაცხრილვაა ბრწყინვალე ოპერაცია? გია ლორთქიფანიძე ის კაცია, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში არაჟანთან ერთად გამოგზავნა. ახლა კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა უკრაინაში. საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია. რა ხდება? ახლავე მოგახსენებთ ჩემს ვარაუდს: მე მქონდა კონტაქტი უკრაინელ კოლეგებთან და მათ შორის კიევში მცხოვრებ ქართველებთან. ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა დავით არახამიას მოქმედებებს. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ის სრულიად უკულტურო და უინტელექტო ადამიანია, ერთგვარი დავით კირკიტაძეა. ის რადაში არის ზელენსკის პარტიის თავმჯდომარე. აკონტროლებს რადაში ხმების 60%-ს და აკონტროლებს ძალიან ხისტი ხელით. მისთვის ქალი, კაცი, ასაკი სულ ერთია _ ყველას ელაპარაკება შენობით. ჩავთვალოთ, რომ რადას დე ფაქტო თავმჯდომარეა. დაახლოებით იგივეა, როცა დავით ბაქრაძე იყო სპიკერი და პეტრე ცისკარიშვილი _ უმრავლესობის ლიდერი. ყველამ იცოდა, რომ თუ ცისკარიშვილი ან გივი თარგამაძე თანხმობას არ იტყოდნენ, პარლამენტი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დავით ბაქრაძეს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ვანო მერაბიშვილი მასთან დარეკვას არც კი იკადრებდა. უკრაინის რადაში დავით არახამიაა ყველაზე მთავარი. მან უკრაინიდან გააკეთა განცხადება, _ მრცხვენია, რომ ქართველი ვარო. მე მას აქედან ვეუბნები, _ მრცხვენია, რომ ის ქართული წარმოშობისაა.
ამ ყველაფრის ფონზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის. ამ გმირულმა ბრძოლამ და ზალუჟნის ქმედებებმა გადაარჩინა უკრაინა. შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს დასავლეთი. მასთან დაკავშირებით ასეთი სტატია დაიწერა, _ ის არ არის ვარსკვლავი გენერალი, ის არის გმირი გენერალი. მასზე ასე ლაპარაკობენ დასავლეთში. არსად ჩანს ზალუჟნი, მაგრამ აგერ ჩაძირეს რუსული ფლაგმანი „მოსკოვი“, ეს პატარა ამბავი არ არის.
ეს ომი რომ იწყებოდა, ერთ-ერთი უკრაინელი მინისტრი ეკონომიკურ დახმარებაზე სალაპარაკოდ გერმანიაში იყო წასული. როცა რუსებმა იერიში დაიწყეს, გერმანელმა კოლეგამ უთხრა, _ როგორ დაგეხმაროთ? თქვენ, როგორც სახელმწიფოს, დაგრჩათ, მაქსიმუმ, 48 საათი. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ 72 საათი იყო ყველაზე დიდი დრო, რასაც კიევი და ზელენსკი გაუძლებდნენ.
_ 72 საათი იყო ვადა და სადაცაა, ორი თვე შესრულდება, რაც ომი დაიწყო. ზელენსკი ისევ პრეზიდენტია და ოკუპანტებიც ვერ შევიდნენ კიევში.
_ დასავლეთს ეგონა, რომ ყველაფერი 72 საათში დამთავრდებოდა. დასავლეთი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა და ამიტომ შესთავაზა ზელენსკის უკრაინიდან გაყვანა.
_ რაზე დაყრდნობით ამბობდა დასავლეთი, რომ კიევი ომის დაწყებიდან 72 საათში დაეცემოდა?
_ მათ ამასთან დაკავშირებით სერიოზული ინფორმაციები ჰქონდათ. ისინი ამის გარეშე განცხადებებს არ აკეთებენ.
_ არ გამოდგა მათი ინფორმაცია სერიოზული.
_ მე ვერ ვიტყოდი, რომ არ იყო სერიოზული. ომის დაწყების ზუსტი დრო მათ კარგად გაიგეს. ომის დაწყებიდან სამი საათით ადრე ბლინკენმა თქვა, რომ უკრაინაში ომი იწყებოდა. ახლა აშშ-ის სენატში იმას განიხილავენ, როგორ მოხდა მათი დაზვერვის ისეთი ჩავარდნა, რომ მათ უკრაინის ბრძოლისუნარიანობა სათანადოდ არ შეაფასეს?
ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი, მთელი უკრაინა ზელენსკის კომიკოსსა და კლოუნს ეძახდა, მაგრამ დაიწყო თუ არა ომი, ის გმირი გახდა, რადგანაც არ გაიქცა და ბოლომდე დარჩა თავის ხალხთან ერთად.
_ ეს მისი მართლაც გმირული საქციელი იყო.
_ მაგიტომაც გახდა უკრაინელი ხალხის გმირი. ის აუცილებლად შევა ისტორაში. ჩვენთან მიმართებით ზელენსკი არასწორად იქცევა. მან საქართველოდან გაიწვია ელჩი. ამის უკან დგანან „ნაციონალები“ და კონკრეტულად არახამია, რომელსაც ასე აქებს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თანამზრახველები კარგად მოკალათდნენ უკრაინაში. გულწრფელად გეტყვით, რომ უკრაინელი ხალხი მეცოდება. მერაბიშვილები და ადეიშვილები შეეცდებიან, უკრაინელების ხარჯზე გამდიდრდნენ. მილიარდები შევა უკრაინაში დახმარების სახით, „ნაციონალები“ ყველაფერს იკადრებენ, რომ ამ ფულის ნაწილი ჯიბეში ჩაიდონ.
_ მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ და რა იქნება მის თავს? ისე ჩანს, რომ პარტიამ იგი მიატოვა.
_ ძალიან მეცოდება მიშა, ასე რომ მოექცნენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ქართველი ხალხი უფრო მეცოდება. არ მინდა, ის კიდევ ერთხელ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში.
_ ხელისუფლებაში შესაძლოა, მისი მოსვლა არ გინდოდეს, მაგრამ არ არის ლამაზი სანახავი, როგორ მიატოვა იმ ხალხმა, ვისაც ამდენი რამე გაუკეთა.
_ თავისიანებს ბევრი რამე გაუკეთა, დიდი ქონებაც აშოვნინა, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ ძალიან ცუდად ექცეოდა _ შურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა.
_ დარჩა მას ვინმე ერთგული?
_ ფაქტობრივად, არა.
_ ანუ მიშა განწირულია იმისთვის, რომ სასჯელი ბოლომდე მოიხადოს?
_ მიშა „ნაციონალებმა“ გაწირეს. მიშა ამ სასჯელს ბოლომდე მოიხდის და იმედია, კიდევ დაემატება რამე ამ სასჯელს.
_ ოპოზიციაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ და მათზე საუბრითვე დავასრულოთ: თქვენი აზრით, ოპოზიციურ ველზე გამოჩნდება ახალი ძალა?
_ მეეჭვება, რომ ახალი ოპოზიციური ძალა გამოჩნდეს. ვგულისხმობ კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიას.
_ ე. ი. ისევ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ უნდა ვუყუროთ?
_ პერიოდულად ვიღაცები გამოჩნდნენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ფული იშოვონ. ჩვენთან ხომ პოლიტიკა ფულის შოვნის კარგი საშუალებაა.