რუსთავის სამშობიარო სახლი მორიგ სკანდალში ეხვევა!!!
გიგა გელხვიიძე
80-90-იანი წლების ბნელ პერიოდში საქართველოში ძალიან მძიმე სახის დანაშაულებს სჩადიოდნენ, რომელმაც ათასობით ადამიანს ცხოვრება გაუნადგურა და ამდენივეს საკუთარი რეალური წარმომავლობა და იდენტობა დაუკარგა.
„ქრონიკა+“ გაგაცნობთ ამბავს, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში მოხდა და რომლისთვისაც პასუხი არავის უგია, თუმცა არსებობენ რეალური დამნაშავეები და დანაშაულის მამხილებელი ცოცხალი მოწმეები.
მოგიყვებით 1995 წელს მომხდარ შემთხვევაზე, ბავშვის უკანონო გაშვილება-გაყიდვის საქმის შესახებ, რომლის მთავარი ფიგურანტი რუსთავის სამშობიაროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მეანგინეკოლოგი ალექსანდრე (ვოვა) ბარავკოვია.
წლების მანძილზე კარგად შეკრულმა ექიმების გუნდმა არაერთი ბავშვი გააშვილა, რომლებმაც დღეს თავიანთი წარმომავლობისა და რეალური „ბიოლოგიური კოდის“ შესახებ არაფერი იციან, რადგანაც ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია, საბუთების უმეტესი ნაწილი კი განადგურებული ან სულაც საგულდაგულოდ გადამალულია.
ნინი მოხევიშვილი ერთ-ერთია, რომელიც ალექსანდრე ბარავკოვის გაშვილების სქემაში მოყვა და 1995 წელს, რუსთავის ტრასაზე, სარფიანად, $1000-ის სანაცვლოდ გაიყიდა. მაშინ ბარავკოვმა თქვა, რომ მშობელი ახალშობილზე უარს აცხადებდა და მისი მოშორება გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადაწყვიტა, თუმცა პირებს, რომლებმაც ახალშობილი იშვილეს, ბავშვის ბიოლოგიური დედა არასოდეს უნახავთ.
„18 წლის ასაკში გავიგე, დედამ მომიყვა ეს ყველაფერი, ძალიან კარგ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გავიგე, იმის განცდა მქონდა, რომ ვიღაცამ დამტოვა და მე მას არ ვჭირდებოდი, მისთვის არასასურველი შვილი ვიყავი, მაგრამ შემდგომში გადავლახე, დღეს დედაჩემთან ერთად ვცდილობ დავადგინო, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მშობელი და ვინ ვარ რეალურად“, _ განაცხადა ნინი მოხევიშვილმა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას.
„ქრონიკა+“ შეეცადა, უფრო დეტალურად გაეგო ამბავი, ამიტომაც ნინის დედა, ქალბატონი ნანა მოხევიშვილი ჩავწერეთ. საუბრის დროს გაირკვა, რომ რუსთავის სამშობიაროში გაშვილების ბუმი იყო. მისი მონაყოლიდან თუ ვიმსჯელებთ, სამშობიარო სახლში „ჩვილ ბავშვთა“ მაღაზია იყო გახსნილი, სადაც მიდიოდი, არჩევდი სასურველ ბავშვს, იხდიდი კონკრეტულ თანხას და შინ უკვე ოჯახის ახალ წევრთან ერთად ბრუნდებოდი:
„ბანკში ვმუშაობდი, თანამშრომელმა მითხრა, რომ რუსთავის სამშობიარო სახლში ბავშვები შვილდებოდა და ვინაიდან იცოდა, რომ მე შვილის აყვანას ვგეგმავდი, მითხრა, მივსულიყავი და ახალშობილები მენახა. როდესაც მივედი, ვნახე, რომ ხუთი ბავშვი შვილდებოდა, აქედან ოთხი ბიჭი იყო, ერთი კი გოგონა. ბავშვები თითქმის ერთი ასაკის იყვნენ, განსხვავება შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ყოფილიყო მათ შორის. ამ შემთხვევაში არცერთი არ გვიშვილებია, რადგანაც მუქი ფერის ბავშვები იყვნენ და ჩემმა მეუღლემ უარი განაცხადა, თუმცა გვითხრეს, რომ სამშობიაროს გარეთ კიდევ ერთი ბავშვი შვილდებოდა. მათი თქმით, ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა და უნდოდა, ახალშობილი გაეშვილებინა. მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი და ბავშვს მანახვებდნენ. შეთანხმება შედგა, ბავშვის სანაცვლოდ გამომართვა ფული $1000-ის ოდენობით, რის შემდეგაც მითხრა, რომ კონკრეტულ დროს რუსთავის ტრასაზე დავლოდებოდით და ბავშვს გადმოგვცემდა. ძალიან დიდი ხნის დაგვიანების შემდგომ მოვიდნენ დათქმულ ადგილზე, თეთრი მანქანიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვიდა და ბავშვი გადმოგვცა. ამის შემდეგ ბარავკოვს ჩემმა მეუღლემ უთხრა, _ ბავშვის ჯანმრთელობაში რომ დავრწმუნებულიყავით სახლში გამოგვყოლოდა. წამოვიდა, ბავშვი გასინჯა და ყველაფერი რიგზე იყო, შემდეგ სიმბოლურად სასმისი შესვა და წავიდა. რაც შეეხება საბუთებს, ვინაიდან სამსახურიდან მჭირდებოდა ე. წ. დეკრეტული, ბარავკოვმა მითხრა, რომ მშობიარედ მე გამაფორმა“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ნანა მოხევიშვილმა.
ნინი მოხევიშვილისთვის ამჟამად მთავარი მისი რეალური წარმომავლობის დადგენაა, რადგანაც ისტორია, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ის რუსი იყო, მისი დეენემის ტესტის პასუხებმა სრულიად ამოატრიალა, კვალმა კი მარნეულამდე მიიყვანა, მაგრამ ძებნის დასაწყებად კონკრეტული დეტალები სჭირდება, რომლის გაგებასაც რუსთავის სამშობიაროს დირექტორ ალექსანდრე ბარავკოვისგან უშედეგოდ ცდილობს.
ნინი მოხევიშვილი:
„მივედი ბარავკოვთან და ვკითხე ჩემი წარმომავლობის შესახებ და ვთხოვე, სიმართლე ეთქვა, მაგრამ განმიცხადა, რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი შვილდებოდა და ჩემი ისტორიაც, რომელიც მათ ჩემს აღმზრდელ მშობლებს უთხრეს, შესაძლოა, ტყუილი ყოფილიყო“.
საკითხთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს არ სწყალობს ექიმი ალექსანდრე ბარავკოვი, თუმცა „ქრონიკა+“-მა მოიპოვა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ნინი მოხევიშვილმა მასთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ჩაწერა. ჩანაწერში ბარავკოვის მიერ მოთხრობილი საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ის აცხადებს, რომ იმ პერიოდში ძალიან ბევრი ბავშვი შვილდებოდა ან იყიდებოდა, თუმცა მთავარი იყო ის, რომ ახალშობილები კარგ ოჯახებში ხვდებოდნენ.
ნინი მოხევიშვილი: ბატონო ალექსანდრე, ალბათ, გახსოვართ, რამდენიმე ხნის წინ ვიყავი თქვენთან…
ალექსანდრე ბარავკოვი: ბავშვის გაშვილების საკითზე, ხომ?
ნინი მოხევიშვილი: დიახ, იქნებ, რამე გაგახსენდათ, თქვენ გადაეცით ჩემი თავი რუსთავის ტრასაზე ჩემს ოჯახს და ახლობელს.
ალექსანდრე ბარავკოვი: რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, არაფერი მახსოვს. მაგის გაგება გამორიცხულია, რადგანაც ის ყველაფერი წაშლილია. 15 წლის შემდეგ ყველაფერი იშლება. ბევრი შემთხვევა იყო…
ნინი მოხევიშვილი: ანუ ბევრი ბავშვი გაიყიდა?
ალექსანდრე ბარავკოვი: გაიყიდა თუ გაშვილდა… ეგ იყო მასობრივად… რასაც თქვენ მელაპარაკებით, პირველი და უკანასკნელი ხომ არ ბრძანდებით აქ, ეს იყო მთელი კასკადი…
ნინი მოხევიშვილი: ანუ ჩემნაირი ბავშვები გაყიდეთ?
ალექსანდრე ბარავკოვი: კი არ გაგყიდეთ, გაგაშვილეთ და რაღაცა, კარგი პატრონი მოგიჩინეთ, მშვენიერი გოგო ხარ… ამაზე მეტ პასუხს ჩემგან ვერ გაიგებთ! მე არაფრის მეშინია აბსოლუტურად.
ალექსანდრე ბარავკოვს მართლაც არაფრის ეშინია, რადგან, როგორც ამბობენ, მას კარგი ზურგი აქვს და ფეხის გადაბრუნების შემთხვევაში, ხელის შემშველებლის მოძებნაც არ გაუჭირდება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბარავკოვი და მისი ერთ-ერთი თანამზრახველი, კოტე მანჯავიძე, ჩვილ ბავშვთა გაშვილება-გაყიდვის ბრალდებით 2015 წელს იყვნენ დაკავებულები, თუმცა უმძიმესი ბრალდების მიუხედავად, ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თანაც ისე, რომ მათთვის ექიმის ლიცენზია არავის შეუჩერებია.
ნინი მოხევიშვილის საქმე ალექსანდრე ბარავკოვისთვის შესაძლოა, საბედისწეროც აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კანონის დაცვით წარიმართება.
ნინის მიერ ჩატარებული პირადი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაირკვა, რომ 1995 წელს ჩადენილი ქმედება, რომელიც ბავშვთა უკანონო გაყიდვა-გაშვილების საქმეს ეხება, ხანდაზმულად არ ითვლება, შესაბამისად, მოხევიშვილის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენების შედეგად, ბარავკოვის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, თუმცა გარკვეული სახის ეჭვები აქაც ჩნდება.
„ქრონიკა+“ შსს-ს ქვემო ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მარიამ ზედგინიძეს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად რომელი მუხლით არის აღძრული საქმე რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორ ალექსანდრე ბარავკოვის წინააღმდეგ და რა ეტაპზეა გამოძიება? პასუხად მივიღეთ, რომ ინფორმაციას მოიძიებდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ. ვინაიდან არავინ დაგვიკავშირდა, ისევ ჩვენ დავუკავშირდით, თუმცა ზედგინიძემ გვითხრა, რომ ჯერჯერობით კვლავ ინფორმაციის მოძიების პროცესში იყო. ასე გაგრძელდა სამი დღის მანძილზე, შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.
ვინ მფარველობს ალექსანდრე ბარავკოვს და რის სანაცვლოდ? _ ამის დადგენას აუცილებლად შევეცდებით და საქმის შესახებ ჩვენს მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით.