გია ხუხაშვილი: „თუ უკრაინელი ხალხი ისევე მაგრად დადგა, როგორც დღეს დგას, კიევის აღება შეუძლებელია“
ნენე ინჯგია
საქართველოს პრეზიდენტმა 14 მარტს პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ სკანდალური იყო. მან გააკრიტიკა როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია. ყველაზე ხმაურიანი კი იყო მისი განცხადება ვიზიტების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა. მმართველი პარტია ამბობს, რომ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, თავისი საერთაშორისო ვიზიტების დროს, თებერვლის ბოლოს, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
დაუპირისპირდა თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ღიად მმართველ პარტიას? რაზე მეტყველებს „ოცნების“ საპასუხო რეაქცია? რა შესაძლო სცენარით შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო გია, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში და მმართველი გუნდის მისამართით მისი კრიტიკა „ოცნებისა“ და სალომეს თამაშია თუ, რეალურად, ზურაბიშვილი ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას?
_ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში გათამაშებასთან გვქონდეს საქმე. უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილმა მოძებნა სწორი ნიშა თავისთვის, რომლითაც ის საკმაოდ სერიოზულ პოზიციებს იკავებს დასავლეთთან ურთიერთობაში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც მოსწონს ეს მისი სწორი და სამართლიანი პოზიციები. ის ცდილობს, რომ საკუთარი რეპუტაცია, ამ შემთხვევაში, სწორი და ობიექტური პოზიცია გაიმყაროს. ის, უბრალოდ, თავის თამაშს თამაშობს. სხვა საკითხია, რომ ეს ხდება მხოლოდ ვერბალურად და ქმედებებში ის ამას არანაირად არ ადასტურებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილია და მეტს ვერ მოვთხოვთ. რასაც აკეთებს, ესეც კარგია.
_ პრეზიდენტის გამოსვლიდან მეორე დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის რამდენჯერმე დარღვევაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დაცვის პროცედურების ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, _ რაზე მიანიშნებს „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი?
_ ეს უკვე ტრაგიკომიკური მიდგომაა, რადგან, ფაქტობრივად, მათი ეს სარჩელი ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრეტენზია, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გააუქმონ და დაუქვემდებარონ აღმასრულებელ ხელისუფლებას. ანუ ისინი ამით ამბობენ, რომ პრეზიდენტს არათუ სახელმწიფოს სახელით საუბრის უფლება არ აქვს, არამედ საკუთარი აზრის ქონისა და მისი პირად საუბრებში გამოთქმის უფლებაც არ გააჩნია. მან უნდა ილაპარაკოს მხოლოდ ის, რასაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის ღარიბაშვილი. ღარიბაშვილსაც ვიღაც უგზავნის, მაგრამ დავანებოთ იმ ვიღაცას თავი (იცინის). მესიჯით ღარიბაშვილი რის უფლებასაც მისცემს ზურაბიშვილს, მხოლოდ იმის თქმის და იმ ხალხთან შეხვედრის უფლება აქვს, მათ შორის, პირადი შეხვედრების. ასეთ უბედურებასთან გვაქვს საქმე. თავის ურთიერთობებში კისერი უტეხიათ, ისედაც არ არსებობს ეს ინსტიტუტები საქართველოში და ვიცით, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, რასაც ინსტიტუციურ წესრიგთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფრით ხომ ქვეყანა ზიანდება, რადგან ის სცენები, რაც იმ დღეს პარლამენტში გათამაშდა, როდესაც უკრაინის მხარდაჭერის გამო ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დასაჯა პრეზიდენტი, ამას უყურებდა ყველა ელჩი: ზურგი როგორ შეაქციეს ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და არც გამარჯობა და არც ნახვამდის უთხრეს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ჰქონდა უკრაინის მხარდამჭერი გამოსვლა. ამით სახელმწიფო ზიანდება, ეს არის უბედურება, თორემ სალომეს ვინ ჩივის, როგორმე უიმისობას გადავიტანთ. მით უმეტეს, მისი წინა მოღვაწეობიდან გამომდინარე, მთლად წელში გამართულად ისიც არ გამოიყურება. მოკლედ, სახელმწიფო ინტერესები ზიანდება; ხელისუფლებას კი ცნება ძალაუფლება ესმის, როგორც ცენტრიდან კონტროლი. ეს ცენტრი პრემიერ-მინისტრი რომ იყოს, კიდევ გავიგებდით, მაგრამ პრემიერ-მინისტრსაც რომ თავისი უფროსი ჰყავს, ეგ არის უბედურება. ფაქტობრივად, ზურაბიშვილს იმის გამო უბრაზდებიან, რომ მას საკუთარი აზრი აქვს. ამ დროს პრეზიდენტი პირდაპირი წესით გვყავს არჩეული და თურმე კანცელარიიდან გაგზავნილი მესიჯებით უნდა ილაპარაკოს, სხვა რამის უფლება არ გააჩნია, _ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ასეთია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გამო გაუბრაზდნენ პრეზიდენტს. „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომზე დაფიქსირებულ პოზიციასა და მათი თქმით, არგაღიზიანების პოლიტიკას, ამ მოცემულობაში რა ტიპის გამართლება უნდა მოვუძებნოთ?
_ სიფრთხილე საერთოდ კარგია. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, ისეთი განცდა შექმნას, რომ თითქოს ყველას ომი უნდა მის გარდა და ის ომს აჩერებს, გადაფარებულია და ქვეყანა გადარჩენის რეჟიმში მუშაობს. სინამდვილეში ასე არ არის: „ქართული ოცნება“ ქმნის განცდას, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რაც შეიძლება ჩვენმა სახელმწიფომ გადადგას რუსეთის შესაკავებლად, ავტომატურად გამოიწვევს ომს. დავსვათ კითხვა, _ ეს ასეა?! _ ეს ნამდვილად არ არის ასე. მაგალითისთვის ავიღოთ სავიზო რეჟიმის დაწესება. რატომ უნდა გამოიწვიოს ამან ომი და რატომ არის ეს მაღალი რისკის შემცველი მაშინ, როდესაც რუსეთს სავიზო რეჟიმი დაწესებული აქვს საქართველოსთან და, პრაქტიკულად, შეუძლებელია რუსეთში მოხვედრა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ან საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციებთან მიერთება რატომ არის ეს ომის საფუძველი? რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მაგრამ ომი რუსეთს იმ ქვეყნებთან არ დაუწყია. ეს სახელმწიფოებრივი კომფორმიზმი ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში, ფაქტობრივად, საქართველოსთვისაც მიდის ომი, ძალიან მძიმე საყურებელია. ლოგიკური კონსტრუქცია ძალიან მარტივია: საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია შიში მოძალადის მიმართ და გვეუბნება, რომ ჩვენ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი იმიტომ, რომ ამან შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მხოლოდ ისე, როგორც რუსეთს მოეწონება, შესაბამისად, რუსეთი გვკარნახობს თამაშის წესებს, ანუ წინასწარ კაპიტულაციას ვაცხადებთ. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და მისი რიტორიკა ამაზე მეტყველებს, ფაქტობრივად, სხვა ინტერპრეტაცია არ შეიძლება მიეცეს. ხვალ რომ რუსეთმა გვითხრას, ყველაფერზე მომიწერეთ ხელიო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ქვაკუთხედი ხომ ის არის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ? შესაბამისად, უარი ხომ არ უნდა ვუთხრათ? უნდა მოვუწეროთ ხელი ყველაფერზე, _ ამას ნიშნავს „ოცნების“ პოლიტიკა, მათი მთელი იდეოლოგია ეს არის. რატომ არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ღირსება და პრინციპული პოზიცია ქვეყანას?! _ ამაზე ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი არის: „აბა, ომი გინდათ?“ _ ფაქტობრივად, „ომი გინდათს“ გზავნილს დაუქვემდებარეს მთელი სამყარო და ყველა ნაბიჯი, რაც თუნდაც მცირე რისკის შემცველი შეიძლება იყოს იმისა, რომ რუსეთი გაბრაზდება, ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ, _ ეს არის წინასწარი კაპიტულაცია, ეს არის წმინდა წყლის კაპიტულანტური პოლიტიკა! ფაქტობრივად, კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალ პოლიტიკას ეძახიან სიბრძნეს და ამას საკუთარი პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებაში ნერგავენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არ გვაქვს არც ღირსება, არც წარსული, არც მომავალი. დინებას უნდა მივყვეთ ნაფოტივით და სადაც გაგვრიყავს ეს ისტორიის დინება, იმის მიხედვით ვიტყვით: თუ აქეთ გაგვრიყავს, ნატო-ს გაუმარჯოს, თუ იქით გაგვრიყავს, _ გაუმარჯოს წითელ არმიას. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ამაში სიბრძნეს ვინც ხედავს, იმის თავში ჩამახედა, მეტი არაფერი მინდა.
_ 17 მარტს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა იმის შესახებ, რომ აქვს ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაცია მზადდება, რის შემდეგაც რუსეთი მოითხოვს საქართველოს ნეიტრალიტეტს, _ რამდენად არსებობს რეალურად ამ ტიპის საფრთხე?
_ ცოტა ხანს ციხეში უნდა ჩავჯდე, იქნებ, მეც გავიგო რამე. როგორც ჩანს, ციხეში ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ პატიმრებს, ვიდრე _ თავისუფლებაზე მყოფებს. რა ხდება? რა არხებია ასეთი ციხეში? ტელეფონის დარეკვის უფლებას არ მაძლევენო და საიდან იღებს ამ ინფორმაციას? რაც შეეხება რამდენად არის ამის საფრთხე, ყველაფერი შეიძლება, რადგან მაღალი რისკის ზონაში ვართ, აქამდეც სერიოზული განსაცდელის წინაშე ვიქნებოდით. უკრაინა გვიცავს, ის არის ფრონტის წინა ხაზზე და უკრაინა დღეს მხოლოდ თავისთვის კი არ იბრძვის, ჩვენთვისაც იბრძვის, იმიტომ, რომ რუსეთს აქამდე რომ დაემთავრებინა უკრაინაში ომი, შემდეგი ჩვენ ვიქნებოდით. რუსეთის გეგმა იყო უკრაინის აღება, მისი დემორალიზება, იანუკოვიჩის ჩაყვანა, რომელიც კაპიტულაციასა და ყველაფერ იმაზე მოაწერდა ხელს, რაც რუსეთს მოსწონს. შემდეგ მოგვიტრიალდებოდა ჩვენ და გვეტყოდა, თქვენც მოაწერეთ ხელი ამაზეო. ჩვენი ხელისუფლება ინფორმაციულად აბსოლუტურად მზად არის, რომ ნებისმიერ რაღაცაზე მოაწეროს ხელი. რა ნარატივსაც ქმნის, იმას ნიშნავს, რომ ოღონდ რუსეთი არ გააღიზიანოს და მზად არის, ყველაფერზე მოუწეროს ხელი. ის, რომ რუსეთმა უკრაინაში ეს გეგმა ვერ განახორციელა, ამან ჩვენც გადაგვარჩინა. შესაბამისად, უკრაინული სისხლი დღეს მხოლოდ უკრაინისთვის კი არ იღვრება, ჩვენთვისაც იღვრება პირველ რიგში, რადგან შემდეგი ჩვენ ვიყავით და ალტერნატიულ რეალობაში ეს დღე უკვე დამდგარი უნდა იყოს. თუ ეს დღე არ დადგა, ამას უკრაინელ ხალხსა და ზელენსკის უნდა ვუმადლოდეთ.
_ ის მოცემულობა, რაც დღეს რუსეთ-უკრაინას შორის არის, უპირატესობის თვალსაზრისით როგორ შეიძლება შეფასდეს? რომელიმე მათგანზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშკარა უპირატესობას ფლობს?
_ ომს აქვს ძალიან ბევრი განზომილება. საერთოდ, მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება უფრო ადვილია ხოლმე, ვიდრე გრძელვადიანის, მაგრამ ამ ომის შემთხვევაში პირიქით არის, _ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი დამარცხებულია. პოლიტიკურად რუსეთი დამარცხებულია, რადგან, ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ის არის აგრესორი და მას ყველანაირად უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა. სამხედრო სტრატეგიულადაც დამარცხებულია, _ თუ რუსეთის მიზანი სტრეტეგიულად იყო ნატო-ს დასუსტება, პირიქით, ნატო უფრო გაძლიერდა, შეკავშირდა და უფრო ეფექტიანი გახდა. საინფორმაციო ომი რუსეთმა წააგო, იმიტომ, რომ აღქმა მისი, როგორც აგრესორის, სრულიად ცალსახაა. ეკონომიკურადაც წაგებული აქვს იმიტომ, რომ ეს უპრეცედენტო სანქციები, რაც მიიღეს, ადრე თუ გვიან, რუსეთს მოგუდავს. მსოფლმხედველობრივადაც წაგებული აქვს იმიტომ, რომ სამყარო შეთანხმდა მარტივ რაღაცაზე, _ ძლიერს არ აქვს უფლება, დაჩაგროს სუსტი და სუსტი და ძლიერი თანაბარია თავის უფლებებში. ერთადერთი არგუმენტი, რაც რუსეთს დარჩა, ეს არის სამხედრო ტექნიკური, რომელშიც გარკვეული უპირატესობა უკრაინასთან აქვს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ამას ეწირება უამრავი ადამიანი, ყოველდღე უამრავ ტრაგედიას ვუყურებთ. სამხედრო ტაქტიკური არის ამ დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილი. რომც დავუშვათ, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე რომ მიაღწიოს სამხედრო ტექნიკურ გამარჯვებას, ბუნებრივია, ეს გამარჯვება მხოლოდ დროებითი იქნება, რადგან გამომდინარე ამ დიდი სპექტრიდან, ყველა მიმართულებით წაგებული აქვს. შენ შეიძლება იძალადო და ვიღაც დაამარცხო, შედეგის გრძელვადიანი კონტროლი შეუძლებელი ხდება და, ადრე თუ გვიან, ამას კარგავ. ასე რომ, რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულია. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ სანამ მისი მარცხი საბოლოოდ გაფორმდა, სამწუხაროდ, კიდევ შეიძლება ბევრი ადამიანი შეეწიროს ამ ყველაფერს, რაც, რა თქმა უნდა, გლობალური ტრაგედიაა.
_ თქვენ კი აღნიშნეთ, რომ ნატო კიდევ უფრო გაძლიერდა და რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს და მეტს ითხოვს უკრაინის დასახმარებლად. ევროპა და აშშ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად?
_ ზელენსკი მეტს ითხოვს და ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი კი არ ებუტებიან. ჩვენი ხელისუფლება რომ გაებუტა ზელენსკის და არ ელაპარაკება, იმათ მშვენივრად ესმით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგას ეს ადამიანი და მთელი ქვეყანა! შესაბამისად, ის მეტს ითხოვს. სხვა საკითხია, რომ ნატო გლობალურ რისკს უყურებს. ის, რასაც ზელენსკი ითხოვს გასაგებია, რომ ეს უკავშირდება უზარმაზარ რისკებს. ძალიან დიდ რისკებს, ფაქტობრივად, ამ ყველაფერმა შეიძლება აპოკალიპტური მიმართულება მიიღოს. შესაბამისად, მაქსიმალურად ეხმარება, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ გლობალური კატაკლიზმის განზომილების მიცემას ერიდება ნატო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ზელენსკისაც ესმის და ამიტომ ვარიანტების ძებნაზეა ლაპარაკი. ეს ყველაფერი თუ დიდხანს გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მისმა პარტნიორმა ქვეყანამ დროებით-ნებაყოფლობით შეიჩეროს მე-5 მუხლის ამუშავების აუცილებლობა, ანუ მსოფლიო ომში რომ არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი და პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას, შეიძლება ეს დღეც დადგეს, მაგრამ ის, რომ ნატო მთლიანად ჩაერთოს ამ ომში და ცა დაკეტოს, ეს უკვე ომში ჩართვას ნიშნავს, რადგან უკრაინაში მფრინავი რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ სხვა ქვეყნების ტერიტორიებიდან, ეს უკვე ნიშნავს, რომ მთელი ევროპა ცეცხლის ალში უნდა გაეხვიოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ატომური იარაღითაც იმუქრება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სცენარებია, თუმცა თუ პოლონეთსა და სხვა რომელიმე ქვეყანას ძალიან უნდათ ჩართვა, მათ შეუძლიათ დროებით, ნებაყოფლობით, მე-5 მუხლის ამოქმედების აუცილებლობა მოითხოვონ და ჩაერთონ, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
_ ამასობაში კი უკრაინაში ბავშვები და მოქალაქეები იღუპებიან.
_ ეს არის მთავარი ტრაგედია. სტრატეგიულად წაგებული აქვს რუსეთს ამას კი ვამბობთ, მაგრამ ეს ნათქვამი არ იწვევს ჩემში არანაირ სიხარულს, რადგან დღეს უამრავი ადამიანი იღუპება: ქალი, ბავშვი, ფეხმძიმე, მოხუცი, ჯარისკაცებზე აღარაფერს ვამბობ. ადამიანზე მეტი ფასეულობა დღევანდელ სამყაროში არაფერია.
_ BBჩ-მ გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო სცენარი, მათ შორის, შესაძლოა, მეორე ავღანეთი მივიღოთ, _ რამდენად რეალისტური გგონიათ ამ კუთხით მოვლენების განვითარება?
_ ნაკლებად სავარაუდო მგონია. ნეგატიურ სცენარს გეტყვით: უკრაინელი ხალხი და არმია არის ერთიანი, დემორალიზება ვერ მოხერხდა და ისინი იბრძვიან ყოველი გოჯი მიწისთვის, მაგრამ არის ვითარებები, როდესაც თუნდაც დროებით ძალა აღმართს ხნავს. მე ყველაზე რეალისტურ სცენარად მიმაჩნია, რომ უკრაინა დროებით ორად გაიყოფა. საზღვარი ზუსტად სად გაივლის, არ ვიცი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონებში მოახერხებს რუსეთი კოლაბორაციული ხელისუფლებების ჩამოყალიბებას. გასაგებია, რომ მისი მინიმუმია ე. წ. დონბასის რესპუბლიკები, ანუ მისი ტაქტიკის მინიმუმია დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, გარდა ამისა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი და, შესაბამისად, მას აქვს ასეთი ამბიციები, რომ სამხრეთ სარტყელი _ ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი და შეიძლება ოდესაც, _ დროებით დაიპყროს და იქ კოლაბორაციული ხელისუფლებები დასვას. ეს მისი გეგმა ბ არის, მისი გეგმა ა იყო უკრაინული არმიის დემორალიზება და დეზორგანიზება, მისი ინფრასტრუქტურის განადგურება, ხელისუფლება გარბის, იანუკოვიჩი კიევშია, რომელიც ხელს აწერს კაპიტულაციის აქტს, აღადგენდნენ „კანონიერ ხელისუფლებას“, _ ეს იყო გეგმა ა, რომელიც, საბედნიეროდ, არ განხორციელდა. და გეგმა ბ გითხარით, რაც იყო და იმედია, ესეც არ განხორციელდება. ფაქტობრივად, მაშინ ისინი რჩებიან პროგრამა მინიმუმზე და დონბასის ორი რესპუბლიკის გამაგრებაზე. ეს არის ჩემთვის ყველაზე სავარაუდო სცენარები. რა თქმა უნდა, ისინი კბილებს ილესავენ კიევზე, ამ საზღვრის კიდევ უფრო მეტად გაფართოება უნდათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვდებიან, _ ეს იქნება სრული სიგიჟე. ასევე რუსეთს პრეტენზია აქვს დასავლეთ უკრაინაზე, ისინი შეეცდებიან, რომ მთელი ეს ავღანიზაციის რისკები გადარეკონ დასავლეთ უკრაინაში, ანუ გაწმინდონ ის ტერიტორიები, რომელსაც თვითონ დაიპყრობენ და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას გადარეკონ მეორე ნაწილში, გაასუფთაონ ის ტერიტორიები, რომელზედაც, საბოლოო ჯამში, დარჩებათ ამბიციები. ღმერთმა ქნას, ეს ყველაფერი არ განხორციელდეს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის ყოველი გოჯი მიწისთვის და დრო აქ არ მუშაობს უკრაინელების სასარგებლოდ. ამასობაში, ამ ყველაფერს ეკონომიკური სანქციების შედეგებიც წამოეწევა. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ ომის ძალიან მალე დამთავრების სცენარს, რა პროგნოზებიც ხშირად კეთდება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ისინი კბილებს ილესავენ კიევზე“, _ ეს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. არ თუ ვერ აიღო რუსეთმა კიევი? რა არის თქვენი პასუხი ამ კითხვაზე?
_ კიევის აღება შეუძლებელია. კიევის აღება ნიშნავს, ფაქტორივად, გენოციდს, იმიტომ, რომ ამხელა ქალაქების აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეძლებ შიდა გადატრიალებას, სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ ქალაქის შიგნით ბრძოლები? _ ეს ხომ უზარმაზარი მსხვერპლია, რაც საბოლოოდ დაასამარებს რუსეთს. მე არც ვფიქრობ, რომ ისინი ამას აპირებენ. ის, რომ ალყაში მოაქციონ და შუა საუკუნეების სცენარით რაღაც მოახერხონ, ამ შემთხვევაშიც კი მათ აუცილებლად დასჭირდებათ კოლაბორაცია ვიღაცასთან შიგნით. თუ უკრაინელი ხალხი ისევე მაგრად დადგა, როგორც დღეს დგას, კიევის აღება შეუძლებელია.