ნიკა შენგელია: „ამ სანქციების ფონზე ვერ ვხედავ იმ სურათს, რომ რუსეთი ჩამოიქცევა“
ნენე ინჯგია
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT- დან გათიშეს _ ევროკავშირი, აშშ და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე რუსული ბანკის ნაწილი მთავარ საერთაშორისო გადახდის სისტემას ჩამოაშორონ. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველდღე ახალი კომპანიები უერთდებიან. გადახდის სისტემა „ამერიკან ექსპრესმა“ უარი თქვა რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე.
კომპანია ბოინგმა რუსული ავიახაზების მომსახურების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. კომპანია რუსულ ავიაკომპანიებს აღარ მიაწვდის სათადარიგო ნაწილებს. მანამდე რუსულმა გადამზიდავებმა თვითმფრინავების ძრავებისა და თვითმფრინავების სხვა სათადარიგო ნაწილების მოწოდების შეწყვეტის შესახებ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლებისგან მიიღეს შეტყობინებები. კომპანია Apple- მა განაცხადა, რომ აღარ ყიდის თავის პროდუქციას ოფიციალურ რუსულ ონლაინ მაღაზიებში.
კონკრეტულად, რა გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე სანქციები? აქვს თუ არა რუსეთს ალტერნატიული გზები? როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე? მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომისტ ნიკა შენგელიას ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიისა და ომის ფონზე, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. რა კუთხით აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე?
_ ყველას ჰგონია, რომ ეს სანქციები ახლა მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ წუთში რუსეთის ყველა პორტი მუშაობს და ჩვეულებრივ გადაიტვირთება, იგივე ხორბალი და ნებისმიერი საქონელი. გაზი არის და გაზი დღესაც იყიდება, მიეწოდება ევროპას, სხვათა შორის, უკრაინის ტერიტორიაზე გავლით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ სანქციებით რუსეთის ეკონომიკა ჩამოიქცევა, ეს მთლად ასე არ იქნება. რა თქმა უნდა, შეფერხებები იქნება. პანდემიის პირობებში ისედაც იყო შეფერხებები და ახლა ხელოვნურად ხდება ეკონომიკის გაჩერება და შეზღუდვა. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე იმოქმედებს. რუსეთისთვის თუ მართლა უნდოდათ, ზიანი მიეყენებინათ, მაშინ საერთოდ უნდა გაეთიშათ რუსეთისთვის SWIFT- ი. გარდა ამისა, რუსეთის მიმართ დაწესეულ სანქციებს ვხედავთ, რომ მეზობელი ქვეყნები ყველა არ შეუერთდა, თუნდაც საქართველო… და მაინც დარჩა ისეთი ხვრელი, რომ რუსეთიდან წამოსული საქონელი საქართველოს გავლით მაინც ხვდება ევროპის ბაზარზე.
_ SWIFT-ი ახსენეთ და მხოლოდ რამდენიმე რუსული ბანკი გაირიცხა. ეს რამდენად აისახება უარყოფითად რუსეთის ეკონომიკაზე?
_ 7 დიდი ბანკი გამორთეს ამ სისტემიდან. SWIFT- ი ეს არის საბანკო გადარიცხვის სისტემის საინფორმაციო მაუწყებელი, ანუ მის გარეშე საბანკო გადარიცხვები, ფაქტობრივად, შეფერხებული და გაჩერებულია. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის გავლენა მოახდინა, ჩვენთან მაგალითად, „ვითიბი ბანკი“ გაჩერებულია, ლიცენზია არ გაუუქმებიათ, მაგრამ არ მუშაობს, გადარიცხვებს ვერ აკეთებს. თავისი ვალდებულებები გადააბარა „ბაზის ბანკს“. ბანკები, რომლებიც გარიცხეს გადარიცხვის სისტემიდან, მათი კლიენტები ვერ იმსახურებენ ამ გადარიცხვის სისტემით, თუმცა რუსეთში ძალიან ბევრი ბანკია, რომლებიც დატოვეს SWIFT- ში და ამ ბანკებს აქვთ საბანკო გადარიცხვების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, სანქციებს გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ არა იმ ზომის, რომ ხვალ და ზეგ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება და მისი ირანიზაცია დაიწყება, _ ამას ვერ ვხედავ. ჯერ ერთი, თვითონ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და უზარმაზარი რესურსი აქვს. გამომდინარე აქედან, ალბათ, თვითონაც მოძლიერდება. ტექნოლოგიებში ვერ განვითარდება, თუ მართლა აუკრძალეს ტექნოლოგიების ყიდვა, ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ხაზები ყველაფერი გაეთიშათ, ავიარეისების მიმოსვლა შეეზღუდა და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ რუსეთი მხოლოდ კარტოფილსა და პურზე დარჩება, _ ეს ასე არ იქნება.
_ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რა ტიპის ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს? როგორც ცნობილია, ტექნიკის არაერთმა ბრენდმა დატოვა რუსეთის ბაზარი…
_ რუსეთისთვის, პირველ რიგში, პრობლემა ის არის, რომ მას მაღალტექნოლოგიური კომპანიები ტოვებენ, ეს როგორც რუსეთისთვის იქნება პრობლემა, ასევე იმ კომპანიებისთვისაც, რადგან ამხელა ბაზარი დაკარგეს; მეორე ის, რომ ამ კომპანიებს რუსეთი შემოუშვებს უკან? _ ეს არ ვიცით. რუსეთში დომინირებული იქნება ჩინური პროდუქცია, რომელიც იგივე მომსახურებას გაუწევს.
_ თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, როცა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეურთდა და რა ტიპის სანქცია იქნებოდა ყველაზე ეფექტიანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან?
_ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქცია რომ დაეწესებინა, ჩვენ მაინც ვერაფერს ვიზამდით, ვერ დავაზიანებდით მას, უფრო აქეთ დავზიანდებოდით, მაგრამ რომ მიერთებოდა თუნდაც იმ კუთხით, რომ რუსეთიდან გამოსული პროდუქცია, რომელიც წარმოებულია საქართველოში, არ გაუშვას უცხოეთში, ეს ძალიან კარგი იქნებოდა.
_ ამ ყველაფრის პარალელურად კი საქართველოში კონკრეტულ თამბაქოებზე დეფიციტი გაჩნდა, _ რამ გამოიწვია ეს და უნდა ველოდოთ თუ არა სხვა სახის პროდუქციაზეც ასორტიმენტის დეფიციტს?
_ ჩვენთან ბაზარზე დროებით შეიძლება შეიქმნას რაღაცის დეფიციტი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოში ასორტიმენტის დეფიციტი არ იქნება, უბრალოდ, გვექნება ფასების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, ყველა სახის პროდუქტზე. რაც შეეხება უშუალოდ თუთუნს, სიგარეტი და თუთუნი, ძირითადად, უკრაინიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, ამიტომ ამათზე ფასები აუცილებლად მოიმატებს. მოწოდების ნაწილი კი დალაგდება _ გადარიცხვების შეფერხების გამო, ანგარიშსწორებას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ამასაც დაალაგებენ, თუმცა ცოტა დრო უნდა. რაც შეეხება სანქციების შედეგებს, რა მოხდება რუსეთში, ამაზე 3 თვის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, პროგნოზი უფრო ზუსტი იქნება. სანქციები, რაც რუსეთს ევროპამ დაუწესა, ეს მათზეც იმოქმედებს, ევროპის ქვეყნებში ამ სანქციების შედეგებს ნათლად დავინახავთ მაქსიმუმ აგვისტოდან, მანამდეც იქნება ეს შედეგები, მაგრამ უფრო კარგად აგვისტოდან გამოჩნდება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „გვექნება ფასების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, ყველა სახის პროდუქტზე“… განსაკუთრებით რომელ პროდუქციაზე მოიმატებს ფასები?
_ საქართველოში აბსოლუტურად ყველა პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები უკვე მომატებულია, მაგრამ განსაკუთრებით მოიმატებს კვერცხსა და ქათმის ხორცზე, ზოგადად, ხორცეულზე. ძირითადი ჩვენი მარცვლეულის ექსპორტიორი იყო რუსეთი, როგორც ხორბლის, ასევე სიმინდის. ეს ახლა აკრძალულია, თვითონ რუსეთმა აკრძალა და თუ ეს ძალაში დარჩა, მაშინ, რა თქმა უნდა, გაძვირდება ქათმის ხორცი. ქათამს კვება სჭირდება, მისი საკვები თუ გაძვირდება, შესაბამისად, გაძვირდება პროდუქციაც.
_ რამდენპროცენტიან ზრდას ვარაუდობთ?
_ ზოგიერთ პროდუქციაზე მკვეთრი ზრდა იქნება, ზოგზე კი მოიმატებს 15- დან 30%-მდე.
_ რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, შესაძლებელია პროდუქციაზე ფასების ზრდის პარალელურად, დენზე, გაზსა და წყალზეც მოიმატოს ტარიფმა?
_ სხვათა შორის, ამ ნაწილში შეიძლება ჩვენ სულ სხვა სურათი მივიღოთ. თუ რუსეთს ნავთობის ექსპორტი აუკრძალეს, რა თქმა უნდა, იგი შეეცდება, თავისი პროდუქციები გაყიდოს მეზობელ ქვეყნებში, შეიძლება ფასები დაიწიოს. ამაზეც თავს ნურავინ მოიტყუებს. კარგად ვიცით, რომ ვენესუელაში არსებული ნავთობის ქარხნები რუსეთის ხელშია, ნავთობმოპოვებას რუსული კომპანიები ახორციელებენ, ამიტომ იქნება შემდეგი რამე: ვენესუელის სანქციებს ძალიან მალე მოხსნიან და ჩვეულებრივ რუსეთი ივაჭრებს ისევ ამერიკაში ვენესუელის ნავთობს და თავის ნავთობს კი მიაწვდის ინდოეთსა და ჩინეთს. რეალურად, ეს სურათი გვექნება და ამაზე საუბარი დაწყებულია. უკვე შეიძლება განხორციელებულია ოპერაციები. მსოფლიო საფინანსო სისტემა შეიცვალა, როგორც ეს 2019 წლის დეკემბერში ვთქვით, როცა მოხდა ბრექსიტი და ბრექსიტს მივეცით შეფასება, რომ რაღაც ახალი იწყება, ახალი საფინანსო სისტემა იქმნება. შემდეგ კი ვთქვით, რომ სავალუტო ზონები ჩამოყალიბდებოდა, ვგულისხმობდით იმას, რომ ქვეყნების ალიანსი ავტომატურად ახალ სავალუტო ზონებს აჩენს. ის, რომ ნავთობის შეძენაზე თვითონ საუდის არაბეთმა გადაწყვიტა, რომ ჩინეთს ჩინურ იუანებში (ჩინურ ვალუტაში) მიჰყიდოს ნავთობი. ასევე ის, რომ რუსეთმა ინდოეთში რუპიებში (ინდური ვალუტა) გაყიდოს თავისი ნავთობი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დოლარის ჰეგემონიზაციის დასასრული იქნება. 70-იანი წლების შემდეგ ნავთობსა და საწვავებზე ვაჭრობა ყოველთვის დოლარში ხდებოდა და ამაში იყო დოლარის ერთ-ერთი სიძლიერე, რადგან ის იყო მოთხოვნადი.
რუსეთის აპოლოგეტი არ ვარ, მაგრამ რეალურად იმ სანქციების ფონზე, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული, ვერ ვხედავ იმ სურათს, რომ რუსეთი ჩამოიქცევა, ხალხს ტელეფონი არ ექნება ხელში და მტრედებს გაატანს წერილებს, _ ასეთი რამ 21-ე საუკუნეში არ მოხდება, გამორიცხულია. რუსეთმა დაალაგა თავისი კავშირები ჩინეთთან, ინდოეთთან. ახალი ალიანსი იქმნება: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ალბათ, ირანიც ჩაერთვება. რაღაც გადალაგეაბა ხდება მსოფლიოში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინაში ომი ერთ თვეში დასრულდება (ღმერთმა ქნას, მალე დასრულდეს და სხვაგან არ დაიწყოს არეულობა), ძალიან ცდება. ჩვენ ამ წელს ბევრი რამის მომსწრე ვიქნებით, ბევრი გადალაგების, როგორც პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი საზღვრების კუთხით, ასევე ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.