კახა კუკავა: „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე კისერს წაამტვრევინებს“

შორენა მარსაგიშვილი

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით, ოპოზიციას შანსი არ აქვს, ხელისუფლება არჩევნების გზით დაამარცხოს. კუკავასვე აზრით, ერთადერთი, ვინც შეიძლება ოპოზიციას დახმარების ხელი გაუწოდოს, ირაკლი კობახიძეა.

რა არის ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი? როგორ ეხმარება ირაკლი კობახიძე ოპოზიციას? რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ მისგან? _ ამის შესახებ კახა კუკავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ კახა, ირაკლი კობახიძე იმუქრება, რომ როცა დრო მოვა, ისეთ ინფორმაციას გააჟღერებს, რომელიც გიორგი გახარიას პოლიტიკურად გაანადგურებს. თქვენი აზრით, რა იცის კობახიძემ ყოფილ პრემიერზე?

_ როგორ გითხრათ, ეს ხელისუფლება და კონკრეტულად კობახიძე ძალიან მეწვრილმანეები არიან, კისერს წაიტეხენ. იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან 5:0 წააგო და არაფრის თავი არ აქვს, მათთვის ერთადერთი ხსნა ახლა არის ირაკლი კობახიძე. გასულ წლებში არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ წაიმტვრია კისერი ხელისუფლებამ ცარიელ ადგილას. დღეს ოპოზიციას ირაკლი კობახიძეზე დიდი მოკავშირე არ ჰყავს.

არ გამიკვირდება, რომ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიაზე რაღაც ინფორმაცია და მასალა ჰქონდეს. ეს მასალა კრიმინალის ნიშნებს რომ შეიცავდეს, თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოაგდებდნენ. დასკვნის გაკეთება კობახიძის ნაბჟუტურებიდან შემიძლია. კობახიძეს ერთხელ წამოსცდა, გახარიამ ვიღაც ქალთან ერთად მარიხუანა მოწიაო.

_ მარიხუანა არა, კოკაინი გაასინჯაო.

_ მოკლედ, რაღაც ნივთიერება გაასინჯაო. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს უცხოელი პიარანალიტიკოსები. მათთან ერთად იმსჯელეს, თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოექვეყნებინათ თუ არა ეს კადრები გახარიას გასაშავებლად. უცხოელების რჩევით არ გამოაქვეყნეს.

_ რატომ?

_ ამ კადრების გამოქვეყნება „ოცნებას“ უფრო ბევრ მინუსს მოუტანდა, ვიდრე _ პლუსს. კობახიძემ ხომ იცის ეს და ვერ ისვენებს, ცმუკავს.

_ რა აცმუკებს?

_ კომპრომატი რომ აქვთ და ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, რა ქნას, არ იცის. ჩემი აზრით, ამ კომპრომატის გამოქვეყნების იდეას ივანიშვილიც უჭერს მხარს.

_ ივანიშვილს კომპრომატების გამოქვეყნება უყვარს.

_ უყვარს რომელია! ივანიშვილმა ისეთი რაღაც იკადრა, რაც არც შევარდნაძეს უკადრია და არც _ მიხეილ სააკაშვილს.

_ ზემოთ თქვით, რომ ოპოზიციას უფრო დიდი მოკავშირე არ ჰყავს, ვიდრე კობახიძეაო და რით გამოიხატება ეს?

_ „ქართული ოცნება“ მეათე წელია, ხელისუფლებაშია და ამ პერიოდის მანძილზე რაც კი მასშტაბური კრიზისები დაემართა, არცერთი იყო ოპოზიციის მიერ შექმნილი. ორი სერიოზული კრიზისი ჰქონდათ: „გავრილოვის ღამე“ და „დათუნა სარალიძის საქმე“. ამ ორმა ამბავმა გამოიწვია ხელისუფლების სერიოზული რყევა. არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ოპოზიციის სტრატეგიის შედეგი. ორივე შემთხვევაში ცარიელ ადგილას წაიმტვრია კისერი ხელისუფლებამ. პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვის ჩასმა იყო ირაკლი კობახიძის ტინგიცი და მეტი არაფერი. იგივე მოხდა დათუნა სარალიძის საქმეზეც. ამ საქმეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან, უცბად აქციეს პოლიტიკურად, რადგან ვიღაცას ხელი დააფარეს.

_ ორივე შემთხვევაში ოპოზიცია გამოდიოდა გამარჯვებული, მაგრამ ბოლომდე ვერ გაქაჩა.

_ ვერ გამოიყენეს ეს ამბები. ძალიან უცნაური სიტუაცია გვაქვს საქართველოში. ოპოზიციის მთავარი მოკავშირე ხომ კობახიძეა, მაგრამ მერე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს ოპოზიცია გამოასწორებს ხოლმე. დათუნა სარალიძის ამბავზე ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ბოთლი ესროლეს თავში და ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ გასცეს. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში გამოსული თბილისელები ფურთხებ-ფურთხებით წავიდნენ სახლებში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ ოპოზიციამ ხელისუფლება გადაარჩინა. დაახლოებით იგივე მოხდა „გავრილოვის ღამესაც“.

_ სარალიძის ამბავს კვირიკაშვილის პოსტი შეეწირა; „გავრილოვის ღამის“ გამო კი კობახიძეს დაატოვებინეს სპიკერის თანამდებობა.

_ მერე რა? ამით ოპოზიციამ ვერაფერს მიაღწია. გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტის გამო გადააყენა პრემიერის პოსტიდან. ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერობიდან ააბრძანეს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ადგილზე ჩადგეს. არაფერი შეცვლილა. ის მუხტი, რომელიც დაუპირისპირდა ხელისუფლებას, ოპოზიციამ არათუ ვერ გამოიყენა, არამედ ჩააცხრო და ხელისუფლება გადაარჩინა.

_ ეს შემთხვევითობაა თუ შეგნებულად გაკეთდა?

_ დღეს ოპოზიციას აქვს ასეთი თეზა, რომ მისი ერთადერთი ლიდერი არის მიშა სააკაშვილი, ის წამებულია და ყველა მის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილის აზრით, დღეს მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება უნდა იყოს. ეს არის მთავარი სტრატეგია, როგორც ოპოზიციის, ასევე ოპოზიციური მედიის.

ჩემთვის აშკარაა, რომ ამ სტრატეგიას საზოგადოების მიზერი უჭერს მხარს. სანამ ეს სტრატეგია არ შეიცვლება, მანამდე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს. ერთადერთი გამოსავალი ფორსმაჟორია. ერთხელ ეკა ბესელიამ თქვა და გავიმეორებ, _ შეიძლება, ირაკლი კობახიძემ ცეცხლი წაუკიდოს პარლამენტს. ორჯერ უკვე წაუკიდა.

_ სამობითააო, ამბობენ და იზამს მესამედაც?

_ ისე ცმუკავს, რომ გააკეთებს.

_ ზემოთ თქვით, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგია სააკაშვილის განთავისუფლება და მისი უპირობო ლიდერად აღიარებააო. ასეა, ვითომ? არის მოსაზრება, რომ სააკაშვილის ადგილის დაკავება დავით კეზერაშვილს სურს, რომელმაც სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ პოზიციები სერიოზულად გაიმყარა.

_ მაგათგან დისტანცირებული ვარ და კულუარულ ინფორმაციებს არ ვფლობ. გარედან თუ შევხედავთ, არ ჩანს, რომ სააკაშვილის ჩაჩოჩება უნდათ. ტვ „ფორმულა“ არის დავით კეზერაშვილის. „ფორმულას“ ტვ „პირველთან“ ერთად აქამდე შუაშისტური პოზიცია ეკავა და ახლა ისინიც იზიარებენ იმ თეზას, რომ მიშა არის ცოცხალი წმინდანი. აწი რა მოხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენიმე თვეა, იმ ტრენდზე ზიან, რომ სააკაშვილი არის ოპოზიციის უპირობო ლიდერი. მარტო ამ სისულელის პროპაგანდირებით რომ იყვნენ დაკავებულები, კიდევ რა უჭირს, დავით ბერძენიშვილი ან ვინმე თუ შეეწინააღმდეგებოდა ამ მოსაზრებას, ადგილზევე ჩაქოლავდნენ ხოლმე. დაჰყვიროდნენ, _ როგორ ბედავ ამის თქმას?! როგორ შეიძლება, ღამე დაიძინო, სანამ მიშა ციხეშია?! და ა. შ.

_ ბოლო დროს ასე მძაფრად აღარ იცავენ სააკაშვილს.

_ ბოლო ერთი თვეა, მართლა იკლო მიშას დაცვისა და მისი ლიდერად წარმოჩენის ხარისხმა. ალბათ მიხვდნენ, რომ ასე არაფერი გამოვა. აქციებზე 300 კაციც კი ძლივს გამოჰყავთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე იმ ტრენდზე იჯდა ოპოზიცია, რომ მიშა არის მთავარი თემა. ეს ხდებოდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ. ეს მეორე ტური იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცას შეეძლო ეფიქრა კიდევაც, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა ჩააწყო.

_ რა ჩააწყო ივანიშვილმა?

_ სააკაშვილის ჩამოსვლა. მეორე ტურის წინ მარტო სააკაშვილზე ლაპარაკი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედიოდა.

_ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და ზოგი ამტკიცებს, რომ მიშას ჩამოსვლა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყოო.

_ პოლიტიკაში მართლაც ყველაფერი მოსულა, მაგრამ რაკი დეტალები არ ვიცი, ამაზე არ ვილაპარაკებ.

_ იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვიღაცებმა ჩამოიტყუესო. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ბევრი ფაქტორის გამო დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. ერთ-ერთი ფაქტორი ნიკა მელიაზე ეჭვიანობა იყო. მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ის სტრატეგია, რაც დღეს ოპოზიციას აქვს, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ძვრას ვერ უზამს. დღეს ივანიშვილი ხელისუფლებას სააკაშვილის ფაქტორით ინარჩუნებს. როგორც ირაკლი კობახიძეა ოპოზიციის მთავარი მოკავშირე, ასევე მიხეილ სააკაშვილია „ქართული ოცნების“ დამხმარე რგოლი. სააკაშვილს შეიძლება სულაც არ უნდა, რომ „ოცნების“ მთავარი მოკავშირე იყოს, მაგრამ ასე გამოსდის. ამის მიზეზი ის არის, რომ მას არ ჰყავს თავისი გუნდი.

_ სააკაშვილს არ ჰყავს თავისი გუნდი?

_ არ ჰყავს. მე არ ვეთანხმები და ვაპროტესტებ იმ მოსაზრებას, რომ „ვარდების რევოლუცია“ სააკაშვილმა მოაწყო და შემდეგ ის ივანიშვილმა შეცვალა. ერთსაც და მეორესაც გვერდით ჰყავდა გუნდი და სერიოზული პოლიტიკური მოკავშირეები. მე გუნდში ე. წ. ხელისბიჭებს არ ვგულისხმობ. სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც გვერდით ედგნენ ლიდერები, ყველა მათგანს თავისი სერიოზული ბიოგრაფია ჰქონდა. დღეს სააკაშვილს გუნდი აღარ ჰყავს. დღეს მას ჰყავს პარტიული სტაფი. ერთადერთი კაცი, ვისაც მაგ მოძრაობაში ლიდერობის პოტენციალი ჰქონდა, ნიკა მელია იყო, რომელიც ჩაკლეს.

_ რას ნიშნავს, ჩაკლეს?

_ პარტიიდან აგდებენ. გუნდის არყოლა ძალიან დიდი მინუსია. მარტო პარტიული სტაფით დიდ ორთაბრძოლას ვერ მოიგებ. სააკაშვილს გუნდში 4 ან 5 პოლიტიკური ლიდერი რომ ჰყოლოდა, ასეთ სერიოზულ შეცდომებს არ დაუშვებდა.

_ ნიკა მელიაზე თქვით, პარტიიდან აგდებენო. რატომ აგდებენ? ტვ „იმედმა“ ის ვითომ სკანდალური ჩანაწერი რომ გაუვრცელა?

_ ეს ჩანაწერი არაფერ შუაშია. ნიკა მელიას აგდებენ იმ კურსის გამო, რომელიც მან აირჩია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს კურსი პირველმა გრიგოლ ვაშაძემ აირჩია. ვაშაძეს ნიკა მელიამდე ეკავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი. ამ კურსს მე საჯაროდ ვუჭერდი მხარს.

_ რა კურსზე საუბრობთ?

_ გრიგოლ ვაშაძემ და მელიამ დაინახეს ის ჭეშმარიტება, რომ ივანიშვილის რეიტინგი 45%-ს არ აღემატება, „ნაციონალების“ კი 20-25% იყო. ჩვენი საზოგადოების 30% გახლდათ ნეიტრალური, რომელიც არც იქით იხრებოდა და არც _ აქეთ. ამ ფონზე ვაშაძემ და მელიამ თქვეს, რომ „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ჩაიდინა ბევრი დანაშაული და დაუშვა შეცდომა. ამის გარდა მათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიღეს ბევრი ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის ოპონენტი იყო და მას რუსეთის აგენტს ეძახდნენ. ერთ-ერთი მათგანია მურმან დუმბაძე.

_ გუბაზ სანიკიძეც არ უნდა დავივიწყოთ, სააკაშვილს ყველაზე მეტად ეგ აგინებდა.

_ გუბაზ სანიკიძეც მიიღეს. ის ადრე კი აგინებდა სააკაშვილს, მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ ერთადერთი ლიდერი მიშაა. გრიგოლ ვაშაძისა და ნიკა მელიას მოქმედებებმა თავისი შედეგი გამოიღო.

_ რა შედეგი გამოიღო?

_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეიტინგი, ფაქტობრივად, გააორმაგა. ეს ყველაზე კარგად საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა. ასეთ შედეგს არავინ ელოდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს კურსი შეიცვალა. კურსის ცვლილება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდა კარგად.

_ რატომ შეიცვალა ეს კურსი?

_ ნიკა მელიაზე დაიწყო ეჭვიანობა.

_ რატომ დაიწყო მელიაზე ეჭვიანობა?

_ ვიღაცებს გაუჩნდათ შიში, რომ ნიკა მელია გახდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. დაიწყო საუბრები იმაზე, რომ მიშას ხათრით აძლევს ხმას ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ა. შ. მოკლედ, „ნაციონალებმა“ შეცვალეს კურსი და დაბრუნდნენ თავის ფუნდამენტურ პოზიციებზე. ეს ცვლილება თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამ შედეგს ჩვენ ვნახავთ უახლოეს არჩევნებზე.

_ რა იქნება შედეგი?

_ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც ჰქონდა 2018 წლამდე, ეს უკეთეს შემთხვევაში მოხდება. არ გამოვრიცხავ, რომ კლებაც იყოს.

_ როგორი იქნება ნიკა მელიას მომავალი? დარჩება იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“?

_ ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას ადგილი არ არის.

_ ფიქრობთ, რომ წამოვა პარტიიდან?

_ დიდი ხანია, ნიკა მელიასთან კონტაქტი არ მქონია. არ ვიცი, როდის წამოვა იქიდან _ ერთ თვეში თუ ერთ წელიწადში, მე იმას ვხედავ, რომ იქ მელიას ადგილი არ არის. ის დღეს საკმაოდ ჩიხურ მდგომარეობაში იმყოფება, საიდანაც გამოსვლა იოლი საქმე ნამდვილად არ არის.

_ ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას შესაძლო თანამშრომლობაზე რას ფიქრობთ? ვიღაცები ამბობენ, რომ შეიძლება მათ შორის ალიანსი გაფორმდეს.

_ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომენტი. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი გახარია და მელია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შეკრავდნენ ალიანსს. ამის გაკეთება უფრო ნიკა მელიას უნდოდა.

_ რატომ არ გააკეთა?

_ საკუთარ პარტიაში არ ჰქონდა ის წონა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. თეორიულად ის ამ ალიანსის მიმართულებით მიდიოდა.

_ ის კი მიდიოდა, მაგრამ გახარიას სურდა მასთან ალიანსის გაფორმება?

_ გახარიას ზუსტად რა უნდოდა, არ ვიცი, მაგრამ ნიკა მელიას პოზიცია აშკარად ჩანდა. მას იმის წარმოჩენა სურდა, რომ ოპოზიცია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის. გახარიას დაემართა ის, რაც ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ემართება ხოლმე _ მან არარეალისტურად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები. სააკაშვილის მსგავსად არც ყოფილ პრემიერს ჰყავს საკუთარი გუნდი. მასაც მხოლოდ სტაფი ჰყავს. არადა, პოლიტიკური გუნდი არის აუცილებელი ატრიბუტი დიდ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში. პარტიული სტაფი გუნდს ვერასდროს შეცვლის.

_ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც ივანიშვილს ჰყავს პოლიტიკური გუნდი.

_ კი ბატონო, არც ივანიშვილს ჰყავს გუნდი და პოლიტიკურად ისიც გაკოტრებულია.

_ ამის მიუხედავად, ის ოპონენტებს ყველა ბრძოლას უგებს.

_ იმიტომ უგებს, რომ მას გუნდის შემცვლელი ჰყავს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი. სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, ივანიშვილი პოლიტიკურად სერიოზულად გაკოტრდება. 

_ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება. იზიარებთ არ მოსაზრებას?

_ არსებული სიტუაციაში არ ჩანს იმის ალბათობა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამასთან, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ აქ ფორსმაჟორი მოხდება. ჩეხოვს აქვს ნათქვამი, _ თუ სპექტაკლის პირველ მოქმედებაში კედელზე კიდია თოფი, ის აუცილებლად გავარდება ფინალში. ფორსმაჟორის შესაქმნელად უამრავი წინაპირობა არსებობს. გაჭირვებაზე არაფერს ვამბობ, რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყანაში სულ გაჭირვებაა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ უამრავი ადამიანი გარბის საქართველოდან. ეს გაჭირვება, ხალხის ქვეყნიდან გაქცევა, კობახიძის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ აპირებენ რაღაც იონავრონ, რაც აუცილებლად გამოიწვევს მოკლე ჩართვას. მეორე რისკი არის ამერიკა.

_ რას გულისხმობთ?

_ „ქართული ოცნება“ დღეს აუყირავდა ამერიკელებს და ეს ამ ეტაპზე მათ ვაშინგტონმა შეარჩინა, მაგრამ გლობალურ პოლიტიკაში ხომ იცით, როგორც ხდება _ ეს აყირავება რომელიღაც ოქმში ჩაიწერა. დარწმუნებული ვარ, ამ აყირავებას რაღაც მოყვება.

_ ახლა რატომ შეარჩინეს?

_ ისეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, რომ საქართველოსთვის არ სცალიათ, მაგრამ ეს დროებითია. ხელისუფლების ადგილზე არც ასეთი თავდაჯერებული ვიქნებოდი და არც _ ცინიკური. დღეს არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2010 წლის მოვლენებს. მაშინ სერიოზული ოპოზიციური აქციები იმართებოდა, მაგრამ ეს საპროტესტო მუხტი ჰაერში გაიფანტა. 2010 წლის მერის არჩევნებზე გიგი უგულავამ სამჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტმა ირაკლი ალასანიამ. ყველა გრძნობდა და, მათ შორის, მიშაც, რომ ისინი ლეგიტიმურები აღარ იყვნენ. ეს მიშას ბღავილზეც ეტყობოდა. სადღაც წელიწად-ნახევარში ისინი დაემშვიდობნენ ხელისუფლებას.

ის პრინციპი, რაც ფინანსურ ბაზარზე მოქმედებს, მოქმედებს პოლიტიკურზეც _ თუ არის მოთხოვნა, არის მიწოდება. ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე უკვე გაჩნდა იმის მოთხოვნა, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალებიც“ მოშორდნენ აქაურობას. მოთხოვნა უდავოდ არსებობს, უბრალოდ, ჯერ არ არის ის გუნდი, რომელიც ამ მოთხოვნას შეასრულებს. მოთხოვნა-მიწოდების კანონი გულისხმობს იმას, რომ ეს ძალა აუცილებლად გამოჩნდება.

_ საიდან გამოჩნდება?

_ საიდან არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდება.