რა ჩვენება მისცა ნიკოლოზ დავითაშვილმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ?

ელისო კილაძე

გასული წლის 2 დეკემბერს კიევში ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. დავითაშვილი „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილით „ჰილტონიდან“ გასვლისას გაიტაცეს. გამოძიების ინფორმაციით, ის მძღოლის გვერდით იჯდა და უკანა სავარძელში მსხდომებმა ესროლეს, ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ჭაში ჩააგდეს. მკვლელობის შემდეგ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს დავითაშვილი იცნობდა. სასტუმროს კამერების ჩანაწერებით გაირკვა, რომ მამაკაცებს ის რამდენიმე წუთი ელაპარაკება და ტერიტორიას მათთან ერთად ტოვებს.

უკრაინელი სამართალდამცვლები მკვლელობაში ქართულ კვალს არ გამორიცხავენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩეჩნები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ.

რა აკავშირებდა ნიკოლოზ დავითაშვილს დავით კეზერაშვილთან?

2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდის საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი წლების განმავლობაში მფარველობდა ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს. ბიზნესმენები კეზერაშვილზე მისი დის ქმრის, მეირი ჯანაშვილის მეშვეობით გავიდნენ. იმნაძეს ეთილის სპირტი უკრაინიდან შემოჰქონდა. უწყების ინფორმაციით, მფარველობის სანაცვლოდ კეზერაშვილმა, საერთო ჯამში, 12 334 683 დოლარი მიიღო.

როგორც ირკვევა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავითაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე დაიბარეს და მან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიებას რამდენიმე  ჩვენება მისცა, _ დეტალურად აღწერა სპირტის კონტრაბანდის სქემა და მასში მონაწილე ფიგურანტების ვინაობაც დაასახელა.

 ამ ბრალდებებში კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა.სამაგიეროდ, დამნაშავედ ცნო მისი სიძე,მეირი ჯანაშვილი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაცით, კეზერაშვილი ხელისუფლებასთან პავლე კუბლაშვილის მეშვეობით დალაგდა, სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ ფულს არც მედიაში ჩადებდა და არც _ პოლიტიკაში.

„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ნიკოლოზ დავითაშვილის  ჩვენებები.

პირველი ჩვენება ნიკოლოზ დავითაშვილმა გამოძიებას 2013 წლის 31 იანვარს მისცა, სადაც მან განმარტა, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, 15 წლის განმავლობაში, იმყოფებოდა რუსეთში და ჩართული იყო სპირტის ბიზნესში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მამამისის ძველმა მეგობარმა, ზურაბ ბაკაშვილმა, იგივე „ნუღლამ“, რომელიც ჩართული იყო სპირტის ბიზნესში, მას დახმარება სთხოვა. 2004 წელს დავითაშვილი საქართველოში დაბრუნდა და  საკონიაკე სპირტის გამოხდა დაიწყო კასპის ქარხანაში. 2004 წელს „ნუღლა“ და დავითაშვილი დააპატიმრეს, რამდენიმე ხანში კი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. „ნუღლა“ მძიმე ავადმყოფი იყო და სიმსივნით მალევე გარდაიცვალა, დავითაშვილი კი ფინანსების გარეშე დარჩა. მან   ახალი ბიზნესის აწყობა სცადა და დახმარება სთხოვა იოსებ იმნაძეს. მათ შექმნეს შპს „ნესკო ჯგუფი“ და საწარმოს დამფუძნებლად გააფორმეს ალექსანდრე იუკუბოვი. ამავე კომპანიით დაიწყეს სპირტის ბიზნესი. იაფიანი ხორბლის სპირტის მოძიება თავდაპირველად ნავთლუღის ბაზარში სცადეს, მაგრამ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ უკრაინიდან ხორბლის სპირტის შემოტანა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე  შიდა ბაზარზე ყიდვა. აღნიშნული საქონელი ისე უნდა შემოსულიყო, რომ მისგან ფიქტიურად დამზადებულიყო სხვა საქონელი სხვა საწარმოს მიერ და ამ საწარმოს სახელით განეხორციელებინათ მისი ფიქტიური რეალიზაცია, ხოლო რეალურად აღნიშნული ხორბლის სპირტი მიეწოდებოდა შავ ბაზარზე სხვა საწარმოს, რომელიც ახორციელებდა კონიაკის სპირტისა და ღვინის სპირტის შერევას. ამის შემდგომ გავიდოდა ექსპორტზე. ამ სქემის რეალიზაციას სჭირდებოდა გავლენიანი მფარველი საბაჟოზე. სწორედ ამ დროს დავითაშვილი და იმნაძე საერთო ნაცნობმა გია პარლაგაშვილმა დაპატიჟა თავისი შვილის იუბილეზე, სადაც  მიწვეული იყო ასევე შოთა კეზერაშვილი და მეირი ჯანაშვილი, დავით კეზერაშვილის მამა და სიძე. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით დალაგდა სიტუაცია დავით კეზერაშვილთან. იოსებ იმნაძე და ნიკოლოზ დავითაშვილი მეირი ჯანაშვილის მეშვეობით შეუთანხმდნენ დავით კეზერაშვილს, რომ ერთ ლიტრ ეთილის სპირტში, ფიქტიური ოპერაციის გატარებაში, 0,3 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ. დავითაშვილმა უკრაინაში 240 ტონა ეთილის სპირტი შეიძინა, საქართველოში საცდელად ჩამოიტანა და საცდელ პარტიაში ფინანსურ პოლიციაში $72 000 გადაიხადა.

ფრაგმენტი დავითაშვილის ჩვენებიდან:

„2007 წლის იანვრის დასაწყისში დავით კეზერაშვილმა მეირი ჯანაშვილის შუამავლობით, ამჯერად უკვე თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თავისთან დაიბარა იოსებ იმნაძე. საუბარი ეხებოდა მოცემული სქემით ბიზნესის სავარაუდო გაგრძელებას. იოსებ იმნაძემ საუბრის შინაარსი მომიყვა, კერძოდ, მან მითხრა, რომ სპირტის ბიზნესი უნდა გაგრძელებულიყო იმ სქემით, რაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და პრობლემა არ შეგვექმნებოდა. ამავე საუბრის დროს კეზერაშვილის კაბინეტში შევიდა ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე, რომელთანაც შეთანხმებული იყო ეს საკითხი და ასევე შეთანხმებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შეთანხმებული თანხა კეზერაშვილთან მიჰქონდა მეირი ჯანაშვილს. 2007 წლის მაისის ბოლოს მეირი ჯანაშვილი მოვიდა ჩემთან ოფისში, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის გამზირზე და მითხრა, რომ პირობები იცვლებოდა და ამიერიდან ერთ ლიტრ სპირტში 0,6 აშშ დოლარი უნდა გადაგვეხადა. 2008 წლის იანვრის დასაწყისიდან კვლავ შეიცვალა პირობები მეირი ჯანაშვილის მხრიდან, რომელმაც გვითხრა, რომ ამიერიდან მფარველობა დაგვიჯდებოდა 0,7 აშშ დოლარი. აღნიშნული ფასი შენარჩუნდა თითქმის ბოლომდე, თუმცა იყო სამთვიანი ინტერვალი, _ აგვისტოს ომის შემდგომ და მსოფლიო კრიზისის დროს ჩამოიყვანეს ისევ 0,6 დოლარზე“.

2009 წლის ბოლოს მეირი ჯანაშვილსა და იოსებ იმნაძეს შორის სიტუაცია დაიძაბა. იოსებ იმნაძეს შემოუთვალეს, რომ მისი კუთვნილი წილები უნდა დაეთმო. წილის დათმობის სანაცვლოდ მას 1 000 000 აშშ დოლარი შესთავაზეს, მის ნაცვლად კი წილში ჩაჯდა კეზერაშვილის სიძე, მეირი ჯანაშვილი. 2011 წლისთვის მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ უკრაინიდან შემოტანილი ეთილის სპირტი საკმარისი არ იყო, ამიტომ დავითაშვილი და ჯანაშვილი შპს „გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას“ ესტუმრნენ. საწარმოს დამფუძნებლები დავით ფანჯიკიძე და მიხეილ გუგბერიძე მათ წინადადებას დასთანხმდნენ. გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება ყაზახურ საწარმო „კანტემირთან“, რის მიხედვითაც საწარმოს შემოჰქონდა მელასა გადამუშავების რეჟიმით, რის შედეგადაც იღებდნენ ეთილის სპირტს, ხოლო შემდეგ აღნიშნული ეთილის სპირტი გადიოდა ყაზახეთში წითელი ხიდის გავლით, თუმცა რეალურად ეს სპირტი მიდიოდა ვაზიანში მდებარე მათ ქარხანაში.

დავითაშვილის ჩვენების თანახმად, მეირი ჯანაშვილს თანხა გადაეცემოდა ჯერ თამარ მეფის გამზირზე მდებარე ოფისში, შემდეგ _ ვაზიანის ტერიტორიაზე, ხანდახან თანხა მისთვის მიუტანიათ რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია „თამარა დაიმონდშიც“. ჯამში, მეირი ჯანაშვილმა კეზერაშვილისთვის გადასაცემად 12 000 000 აშშ დოლარი წაიღო.

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ნიკოლოზ დავითაშვილი უკვე პირადად ხვდებოდა კეზერაშვილს პიქსელის შენობაში მდებარე ოფისში. ის ასევე ადასტურებდა, რომ იცნობს ფინანსური პოლიციის უფროს დავით ქარსელაძეს.

08.02.2013

ფრაგმენტი ჩვენებიდან:

„2007 წლის იანვრის თვეში მეირი ჯანაშვილმა მომცა სგპ წითელი ხიდის მებაჟის ტელეფონის ნომერი და მითხრა, რომ აღნიშნული პირი გაფრთხილებული იყო ჩვენ მიერ განსახორციელებელი ფიქტიური ოპერაციების შესახებ. მე მეირი ჯანაშვილის მიერ გადმოცემული ტელეფონის ნომერი გადავეცი ალექსანდრე იუკუბოვს, რომელიც აწვდიდა მას შპს „განთიადის“ ფიქტიური ოპერაციის შესახებ მონაცემებს. 2007 წლის დეკემბრის თვეში მეირი ჯანაშვილმა ერთ-ერთი შეხვედრისას გადმომცა მობილური ტელეფონის ნომერი 599 63444… და მითხრა, რომ ეს იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან ლაფანაშვილის ტელეფონის ნომერი, ასევე განმიმარტა, რომ ლევან ლაფანაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც ჩვენ მიერ წარმოებულ სპირტის ბიზნესთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს აგვარებდა საბაჟო ორგანოებთან. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩემი მობილური ნომრით 57748644… დავუკავშირდი მობილურ ნომერზე 59963444… ლევან ლაფანაშვილს. ტელეფონზე საუბრისას ჩვენ გავეცანით ერთმანეთს, ვუთხარი, რომ ვიყავი ნიკოლოზ დავითაშვილი, ასევე ვუთხარი, რომ მისი ტელეფონის ნომერი მომცა მეირი ჯანაშვილმა და ვუკავშირდებოდი        სპირტის ბიზნესის საკითხზე. საუბრისას მან მითხრა, რომ ჩვენი საქმიანობის ირგვლივ ინფორმირებული იყო და ამიხსნა, რომ ხსენებული ბიზნესის შესახებ საბაჟო ორგანოებთან რამე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებლად დავკავშირებოდი მას.

აღნიშნულის შემდეგ, როგორც მახსოვს, 2008 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკრაინის საბაჟოდან შემოვიდა წერილი, სადაც ითხოვდნენ შპს „ნაფარეული 21-ის“ მიერ დეკლარირებული საკონიაკე სპირტის დეკლარაციის მონაცემებსა და მისი ინვოისის იდენტიფიკაციას.  დამიკავშირდა ლევან ლაფანაშვილი, მივედი მასთან საგამოძიებო სამსახურის შენობაში. საუბრის დროს მან მითხრა, რომ ხომ არ მქონდა რამე პრობლემა? აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მზად იყო დასახმარებლად. მე ვუთხარი, რომ არ იყო არანაირი პრობლემა. ამის შემდეგ მე ლევან ლაფანაშვილთან ჩამომიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და ჩვენ ხშირად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს.

2009 წლის აგვისტოში ალექსანდრე იაკუბოვმა მითხრა, რომ ის მებაჟე რომელთანაც ხდებოდა ფიქტიური აღრიცხვის მოწმობების კონტროლიდან მოხსნა, აღარ მუშაობდა სგპ წითელლ ხიდზე და საჭირო იყო ახალი მებაჟის შერჩევა. აღნიშნულზე მე ვაცნობე მეირი ჯანაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ გაარკვევდა საკითხს და დაუკავშირდებოდა. დაპირების თანახმად, იმავე დღეს დამიკავშირდა ჯანაშვილი და მითხრა, რომ შევხვედროდი ლევან ლაფანაშვილს და იგი მოაგვარებდა ხსენებულ საკითხს. ლაფანაშვილმა ტელეფონზე მიკარნახა მობილურის ნომერი და მითხრა, რომ ხსენებული პირი იქნებოდა ის მებაჟე, რომელთანაც უნდა გაგვეგრძელებინა ყალბი აღრიცხვის მოწმობებთან დაკავშირებით ურთიერთობა.

ლევან ლაფანაშვილი სგპ წითელ ხიდზე აღრიცხვის მოწმობების ფიქტიურად მოხსნასთან დაკავშირებით მთლიანად იყო ინფორმირებული, რადგან სწორედ იგი აორგანიზებდა მებაჟე ინსპექტორების შერჩევას, რომლებიც შემდგომში გვიწევდნენ დახმარებას ხსენებული მოწმობების წარმოებაში“.

შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში

ფრაგმენტი ჩვენებიდან:

„შეხვედრაზე წავედით მე და სოსო იმნაძე შავი ფერის „Mერცედეს“-ის ტიპის ჯიპით. ავტომანქანა გავაჩერეთ თავდაცვის სამინისტროს გვერდით მდებარე რესტორან „ლორდის“ ავტოსადგომზე, სადაც გველოდებოდა მეირი ჯანაშვილი. გადავსხედით მის კუთვნილ ავტომანქანაში „Mერცედეს ML“, სახელმწიფო ნომრით LOL 002 და დავიძარით თავდაცვის სამინისტროს ჭიშკრისკენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას არავის მოუთხოვია რაიმე დოკუმენტაცია ანდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები.  შევედით შენობაში და ავედით იმ სართულზე, სადაც იყო მინისტრის კაბინეტი. მინისტრის კაბინეტში შესვლისას მივესალმეთ დავით კეზერაშვილს. აღნიშნულ შეხვედრაზე მე პირველად შევხვდი დავით კეზერაშვილს, მანამდე ვიცნობდი მას მხოლოდ სატელევიზიო გადაცემებიდან, თუმცა პირისპირ მხოლოდ იმ დღეს შევხვდით ერთმანეთს. ამის შემდგომ ჩვენ მივუსხედით სათათბირო მაგიდას. საუბარი წარიმართა სპირტის ბიზნესთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ ყველა საკითხი შეთანხმებული იყო ზემოთ და, შესაბამისად, შეგვეძლო ძველი პირობებით გაგვეგრძელებინა მუშაობა. ასევე მისი განმარტებით, საქმის კურსში იყო ფინანსთა მინისტრი. ცოტა ხნის შემდგომ დავით კეზერაშვილმა მის კაბინეტში არსებული ტელეფონიდან დაურეკა ჩემთვის უცნობ პირს და უთხრა, შესულიყო მასთან კაბინეტში. რამდენიმე ხანში შემოვიდა პიროვნება, რომელიც კეზერაშვილმა გაგვაცნო და გვითხრა, რომ ის იყო დავით ქარსელაძე, ფინანსური პოლიციის უფროსი. დავით კეზერაშვილმა მას უთხრა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მასთან მივიდოდა სამსახურში და რასაც ვეტყოდით, ის უნდა გაეკეთებინა. ამის შემდგომ მე, იოსებ იმნაძე და მეირი ჯანაშვილი გამოვედით მინისტრის კაბინეტიდან. შიგნით დარჩნენ დავით კეზერაშვილი და დავით ქარსელაძე. თუ რა საკითხზე ისაუბრეს მათ, ჩემთვის ცნობილი არ არის.

დავით კეზერაშვილთან სპირტის ბიზნესის ე. წ. მფარველობის პერიოდში სულ დარეკილი მაქვს ორჯერ. მის მობილურის ნომერს ვერ ვიხსენებ. მე მას ვუკავშირდებოდი ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონოთ.

თავდაპირველად, შემოვიდა შეკვეთილი 240 000 ლიტრი, რაშიც მეირი ჯანაშვილს გადავეცით ხელზე 72 000 აშშ დოლარი დავით კეზერაშვილზე გადასაცემად. ამის შემდგომ შეკვეთილი გვქონდა მეორე ნაწილი, რომელიც შემოვიდა 2007 წლის 5 თებერვალს, რაოდენობით 240 ტონა, რომელშიც ასევე 72 000 აშშ დოლარი გადავუხადეთ დავით კეზერაშვილს მეირი ჯანაშვილის მეშვეობით. აღნიშნული 480 000 ტ ეთილის სპირტის მიღების შემდგომ, 2007 წლის 7 თებერვლიდან 2007 წლის 11 მაისის ჩათვლით, შემოვიტანეთ 2 445 065 ლიტრი ეთელის სპირტი, რაშიც მეირი ჯანაშვილის მეშვეობით დავით კეზერაშვილს გადავუხადეთ 773 522 აშშ დოლარი, ე. ი. სულ 2007 წლის 08 იანვრიდან 2007 წლის 11 მაისის ჩათვლით, მეირი ჯანაშვილის მეშვეობით, დავით კეზერაშვილს გადავუხადეთ 877 522 აშშ დოლარი. 2007 წლის მაისის ბოლოს დამიკავშირდა მეირი ჯანაშვილი. შევიტყვეთ, რომ დავით კეზერაშვილი აღარ იყო თანახმა ჩვენი ბიზნესის გაგრძელებაზე, რადგან მას არ აწყობდა ერთ ლიტრ ეთილის სპირტში 0,3 აშშ დოლარი. ამ პერიოდში იოსებ იმნაძე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, როგორც მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რა დროსაც დავუკავშირდი და ვუთხარი საქმის ვითარება. ამის შემდგომ იოსებ იმნაძე ჩამოვიდა და საუბრის მერე შევთანხმდით, რომ დავით კეზერაშვილისთვის შეგვეთავაზებინა 0,6 აშშ დოლარი. აღნიშნულ წინადადებაზე დავით კეზერაშვილი დაგვთანხმდა და 2007 წლის მაისის ბოლოდან 2007 დეკემბრის ბოლომდე ერთი ლიტრი ეთილის სპირტის ღირებულება იყო 0,6 აშშ დოლარი. 2007 წლის 8 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული გვაქვს ეთილის სპირტი 3 353 369 ლიტრი, რაშიც დავით კეზერაშვილს მეირი ჯანაშვილის დახმარებით გადავეცით 2 011 961 აშშ დოლარი. 2008 წლის იანვრის დასაწყისში კეზერაშვილმა მეირი ჯანაშვილის მეშვეობით შემოგვითვალა, რომ მისთვის გადასახდელი თანხა უნდა გაგვეზარდა 07 აშშ დოლარამდე. ჩვენ იძულებული გავხდით, დავთანხმებულიყავით და დაახლოებით რვა თვის განმავლობაში შემოტანილ სპირტზე დავით კეზერაშვილს ვუხდიდით 07 აშშ დოლარს. 2008 წლის 17 იანვრიდან 2008 წლის 25 ივნისის ჩათვლით შემოტანილ იქნა 2 203 646 ლიტრი ეთილის სპირტი, რაშიც მეირი ჯანაშვილის მეშვეობით დავით კეზერაშვილს გადავუხადეთ 1 542 552 აშშ დოლარი. 2008 წლის ზაფხულში კრიზისისა და საქართველოში მომხდარი მოვლენების გამო, იძულებული გავხდით, დაგვეკლო თანხა ერთ ლიტრ ეთილის სპირტზე (05 აშშ დოლარი), სანამ კრიზისი არ მორჩებოდა, რაზედაც დავით კეზერაშვილი დაგვთანხმდა. 2008 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით შემოტანილ იქნა 572 ტონა ეთილის სპირტი, რაშიც მეირი ჯანაშვილის მეშვეობით დავით კეზერაშვილს გადავუხადეთ 331 760 აშშ დოლარი. 2009 წლის დასაწყისში დავით კეზერაშვილმა კვლავ შემოგვითვალა მეირი ჯანაშვილის მეშვეობით, რომ კრიზისი დასრულდა და ერთ ლიტრ ეთილის სპირტში უნდა გადაგვეხადა 07 აშშ დოლარი, რომლის ღირებულებაც შენარჩუნდა 2012 წლის ბოლო შემოტანამდე. 2009 წლის 19 თებერვლიდან 2012 წლის 25 ივნისამდე შემოტანილი გვაქვს სულ 11 360 ათასი ლიტრი ეთილის სპირტი, რაშიც მეირი ჯანაშვილისთვის დავით კეზერაშვილზე გადასაცემად ხელზე მიცემული გვაქვს 7 952 000 აშშ დოლარი. 2007-2012 წლებში სულ გადამუშავების რეჟიმით შემოტანილია 19 890 000 ლიტრამდე ეთილის სპირტი. აღნიშნულ სპირტში მეირი ჯანაშვილის მეშვეობით დავით კეზერაშვილზე გადახდილია სულ 12 426 695 აშშ დოლარი. გარდა გადამუშავების რეჟიმით შემოტანილი ეთილის სპირტისა, შპს „გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ თავის ქარხანაში მელასასგან დამზადებულ ეთილის სპირტს, რომელიც ვითომდა უნდა გასულიყო ყაზახეთში, რეალურად ჩვენ გვაწვდიდა. შპს „გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის“ მიერ მოწოდებულ ერთ ლიტრ ეთილის სპირტში დავით კეზერაშვილს მეირი ჯანაშვილის მეშვეობით ვუხდიდით 06 აშშ დოლარს. სულ შპს „გურჯაანის სპირტისა და ალკოჰოლური კომპანიისგან“ მიღებული გვაქვს 1 950 000 ლიტრი ეთილის სპირტი, რაშიც დავით კეზერაშვილს მეირი ჯანაშვილის მეშვეობით გადავუხადეთ 1 365 000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, დავით კეზერაშვილისთვის მეირი ჯანაშვილზე გადაცემულ იქნა 13 791 695 აშშ დოლარამდე“.

ციფრები შთამბეჭდავია! შავ ბუღლტერიას 2007-2009 წლებში იოსებ იმნაძე და ნიკოლოზ დავითაშვილი ერთად აწარმოებდნენ. 2010-2012 წლებში შავი ბუღალტერია მეირი ჯანაშვილმა გადაიბარა. 2012 წლის დეკემბერში ის და ნიკოლოზ დავითაშვილი ერთმანეთს ისრაელში შეხვდნენ. ხელისუფლების  შეცვლის მერე ქვეყანა დავით კეზერაშვილმაც დატოვა.

ფრაგმენტი ჩვენებიდან:

„ისრაელში შეხვედრისას ჩემსა და მეირი ჯანაშვილს შორის შედგა საუბარი. ის დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო სპირტთან დაკავშირებით, რაზედაც ვუთხარი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან შემოსულები და სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა. მან იცოდა, რომ იოსებ იმნაძე იყო დაკავებული და მითხრა, რომ შეეცოდა, ვინაიდან ფაქტობრივად გაიწირაო ამის შემდგომ მე მასთან არავითარი შეხვედრა არ მქონია. საკონიაკე სპირტის რეალიზაციას ასევე ახდენდნენ შპს „რუჯი“ და შპს „გუგული“, თუმცა კონკრეტულად ამ საწარმოებში ვინ არიან დამფუძნებლები და დირექტორები, ჩემთვის უცნობია“.

ეს არის ნიკოლოზ დავითაშვილის ჩვენებების ნაწილი, რომელიც „ქრონიკა+“-ს სანდო წყარომ მას შემდეგ მიაწოდა, რაც ქოლცენტრების სკანდალში კეზერაშვილის გვარი გამოჩნდა. შვედური ყოველდღიური გაზეთი Dაგენს Nყჰეტერ-ი იყო პირველი, რომელმაც უკრაინაში ქოლცენტრებზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ქართული გვარები აღმოაჩინა.. დავით თოდუა თავდაცვის ექსმინისტრ კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია, ის ქართველი ებრაელია და ერთ-ერთმა თანამშრომელმა Mილტონ Gროუპ-ის უკან მდგომ პიროვნებად დაასახელა.  “მანდარინ პლაზას” სატელეფონო ცენტრში იგი ხშირი სტუმარია და თანამშრომლებმა იციან, რომ “მილტონ ჯგუფის” ერთ-ერთი მფლობელია. შვედური გამოცემის ცნობით, დავით თოდუას ბიზნესპარტნიორი ორ უკრაინულ კომპანიაში არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. თოდუა და კეზერაშვილი არიან უძრავი ქონებისა და სამშენებლო Pროჯეცტ Pანტნერს-ის თანამფლობელები, რომლის სათავო ოფისი კიევში Mილტონ Gროუპ-ის მეზობლადაა. მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე როგორც საქართველოში, ისე _ უკრაინაში.

უძრავი ქონების კომპანია თანამფლობელია სამშენებლო და საინჟინრო ფირმა Eლიტეკომფორტბუდ -ის, სხვა ქართველ ჩინოვნიკთან, კერძოდ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.ახლა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია. შვედური გამოცემა წერს, რომ კეზერაშვილს 2013 წელს ბრალი წაუყენეს 12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში უკრაინიდან ალკოჰოლის მასობრივ კონტრაბანდაზე საქართველოში თვალის მოხუჭვისთვის (ციტატა). საბოლოოდ ის გაათავისუფლეს ბრალდებებისგან, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუმცა აგრძელებს ცხოვრებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ოფიციალურად, კიევის სატელეფონო ცენტრი სხვა ქართველს, ირაკლი დადივაძეს ეკუთვნის, რომლის შესახებაც რაიმე ინფორმაციის მოპოვება შვედურმა გამოცემამ ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ასახელებს მათ მიერ უცხოელების მოტყუებით მიღებული თანხის რაოდენობას. 65 მილიონი ევრო, მართალია, კეზერაშვილი   სპირტის კონტრაბანდის საქმეში სრულად გამართლდა, განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა, ყადაღა აეხსნა კეზერაშვილის ქონებასა და ანგარიშებს, მაგრამ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნეს მისი სიძე მეირი ჯანაშვილი. ანუ მოსამართლეს თუ დავუჯერებთ, 13 მილიონ აშშ დოლარზე მეტი კეზერაშვილის სიძეს მიუთვისებია და ცოლისძმა გადაუგდია.

გამამართლებელი განაჩენი 2014 წელს გამოცხადდა. კეზერაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მთავარი მოწმე, ნიკოლოზ დავითაშვილი, კიევში ექვსი წლის შემდეგ მოკლეს. დაკავებულია ორი ჩეჩენი და ორი რუსი ქილერი. გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. მივა თუ არა კვალი დავით კეზერაშვილთან? _ დაველოდოთ!