მუზეუმიდან გატანილი და პროკურატურისთვის გადაცემული ექსპონატების ნუსხა, რომელსაც კულტურის სამინისტრო არ ასაჯაროებს
თამარ როსტიაშვილი
1990-2004 წლებში საქართველოს მუზეუმების ფონდებიდან 128 ექსპონატია დაკარგული, რომელთაგან 47-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 128-ვე ექსპონატი პროკურატურის ნუსხაშია შეტანილი, მაგრამ არსებობს დაკარგული ხელოვნების ნიმუშების სია, რომლის შესახებაც სამართალდამცველმა ორგანოებმა არაფერი იციან. მაგალითად, კულტურის სამინისტროს მიერ შედგენილი 2001-2006 წლებში გაუჩინარებული 300-დან 500 ექსპონატამდე.
იმავე წლებში კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავდა მსოფლიოში აპრობირებული ინტერპოლის დოკუმენტი, რომელიც ეხება საიდენტიფიკაციო მაჩვენებლების მიერ დაკარგული ექსპონატის ძიების პრაქტიკასა და მეთოდიკას.
მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 თებერვლის #10 განკარგულებით, რომელიც დღესაც მოქმედებს, საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იცავს საგანძურისა და მნიშვნელოვანი ობიექტების უძრავ და მოძრავ ქონებას.
სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიხედვით, ჩამოყალიბდა რეესტრი, სადაც შევიდა ყველა მოძრავი და უძრავი ძეგლი, თითოეული მათგანი უნდა იყოს აღრიცხული და ინფორმაცია უნდა ინახებოდეს კულტურის სამინისტროში. თუმცა, პრაქტიკულად, რეესტრის არარსებობის გამო, ამჟამინდელმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ აუდიტის ანგარიში მოითხოვა, შემდეგ კი პროკურატურას შესამოწმებლად და ხელახალ ექსპერიზაზე გადასცა საქართველოდან გასული ექსპონატების სია. ამ სიას კულტურის სამინისტრო არ ახმოვანებს, თუმცა „ქრონიკა+“ მას სრულად წარმოგიდგენთ.
მანამდე დავძენთ, რომ ქვეყნიდან საგამოფენოდ გასული ექსპოზიციების ნაწილი უკან კი ბრუნდებოდა, მაგრამ ბრუნდებოდა არასრულად. ერთ-ერთმა პირველმა ამაზე ხმაური ატეხა პროფესორმა ალეკო ცინცაძემ. ეროვნულ მუზეუმში დაცულ, საგამოფენოდ არაერთგზის გასულ და იმ მომენტისთვის ნიუ-იორკიდან დაბრუნებულ ძვ.წ.აღ-ის V საუკუნის კუს ყელსაბამს 12 ბურთულა აკლდა _ ნაცვლად 94-ისა, ადგილზე 82 ბურთულა დათვალეს. ამას არავინ შეიმჩნევდა, რომ არა ანთროპოლოგი, რომელმაც წინა წლებში გამოცემული ანთოლოგია მოიპოვა, სადაც კუს ყველა ბურთულა _ 94-ვე _ ადგილზე აქვს. ვერსად მიაგნო პროფესორმა ვერც ამ დანაკლისის აღრიცხვის ფაქტს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, კუს ყელსაბამის ფასი – 35 მილიონი დოლარია. აქ საუბარია იმაზე, რომ 94 ბურთულის გარეშე ნივთს ეკარგება თავისი მნიშვნელობა.
„ეს მზის კალენდარია! 94 ბურთულასთან ერთად ყელსაბამი ატარებდა ინფორმაციას საქართველოში არსებულ უძველეს მზის კალენდარზე, მაღალი ცივილიზაციის მატარებელი და მაღალი დონის მაჩვენებელი ქურუმთა იმდროინდელი კასტისა საქართველოში. ვისაც ეს გულზე ეკიდა, ის განსაკუთრებული ვინმე იყო, მზის შვილი“, _ განმარტავს დანაკარგის მოთხოვნის განცხადებაში ალეკო ცინცაძე.
გამოძიება ამ საკითხის შესახებ არ დაწყებულა, ვინაიდან ეროვნული მუზეუმის ფონდის მცველების განცხადებით, დანარჩენი ბურთულები დაჭყლეტილია და ისინი ფონდში ინახებაო.
დაახლოებით ამ პერიოდში, 2005 წელს, კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვით N5-011/დ 2005 წლის აპრილში ჰამბურგის ხელოვნების სახლის სარესტავრაციო ცენტრში იგზავნება ლუკას კრანახ უფროსის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რეისდალის „პეიზაჟი“. ორივეზე ამ ორი ექსპონატის ქვეყნიდან გატანის 8-თვიანი ნებართვაა გაცემული.
2006 წელს კიევში გამართული ქართული კულტურის დღეების აღსანიშნავად, უკვე ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განკარგულებით, ფიროსმანის 35 ტილო წაიღეს. სამთვიან ნებართვის დოკუმენტს აქაც კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი აწერს ხელს, საიდანაც ჩანს, რომ ფიროსმანის 35-ვე ტილო 41.3 მილიონ დოლარად დააზღვიეს. წულუკიანი დღეს სწორედ ამ ტილოების ექსპერტიზას მოითხოვს და იტალიიდან ჩამოჰყავს სპეციალისტები. მისი მოსაზრებით, სამი თვე სრულიად საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ყველას თუ არა, ნამუშევრების ნაწილის მაღალპროფესიონალური კოპირება მოხდარიყო. საკითხი დღეს ასე დგას, _ კიევში გასული ფიროსმანის ტილოებიდან უკან დაბრუნებულ ვარიანტებში ყველა ორიგინალია თუ არა?!
ისევ ნიკა ვაჩეიშვილის მიერ ხელმოწერილი ნებართვით, 2006 წლის 25 მაისიდან ზუსტად ერთი წლის ვადით გერმანიის ვესტფალიის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიგზავნა ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული სამი არქეოლოგიური ნივთი: ნუკლეუსი, ჩოპერი და ანატკეცი. ხოლო 2006 წლის 27 ივნისიდან 6 თვის ვადით ბონის რეგიონულ მუზეუმში გამოფინეს დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა. ამ ნებართვას უკვე ხელს აწერს კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, რომლის მამაც გერმაინიაში ელჩი გახლდათ.
2007 წელსვე ნიკა ვაჩეიშვილი ხელს აწერს ნებართვას, რომლის მიხედვითაც, 2007 წლის 26 თებერვლიდან 2008 წლის პირველ სექტემბრამდე გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში ეროვნული მუზეუმის 83 ექსპონატი გავიდა გამოსაფენად. 83-ვეს დაზღვევის თანხა წარმოადგენს 51 100 000 დოლარს. გატანილი ექსპონატების ნუსხაში შევიდა ვანში აღმოჩენილი საგანძური. მათ შორის, ძვ. წ. აღ-ის IV ს-ის ჩიტებიანი გულსაბნევი, ძვ. წ. აღ-ის V ს-ის დიადემა, ორი რომბისებური ფირფიტა ცხოველთა ბრძოლის სცენით, ძვ. წ. აღ-ის V ს-ის ყელსაბამი კუს ფორმის საკიდებით და მძივებით.
უკვე 2007 წლის 29 ივლისს დავით ლორთქიფანიძეს ფიროსმანის 35 ტილო თურქეთში გააქვს „ქართული სეზონის“ ფარგლებში სტამბულის პერა-მუზეუმში სამი თვით.
იმავე წლის ოქტომბერში კი ვაშინგტონში, სმითსონიანის არტურ მ. საკლერის გალერეაში გააქვს 58 ექსპონატი მუზეუმის კოლხური საგანძურიდან. ისევ სამი თვით.
2007 წლის 3 ნოემბრიდან 2008 წლის 31 მაისამდე ინგლისში გავიდა ფიროსმანის „მეთევზე“ და ირაკლი გამრეკელის „კაცი მასა“.
2008 წლის 21 იანვრიდან 6 თვით გავიდა დიმიტრი ერმაკოვის 16 ფოტო-ალბომი „ნიდერლანდების ფოტო-მუზეუმში“ გამოსაფენად.
2008 წლის 11 მარტს ქართული საგანძურის გამოფენამ ვაშინგტონიდან გადაინაცვლა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში, სადაც ექსპოზიციას დაემატა 2007 წელს ვანში აღმოჩენილი ძვ. წ. აღ-ის II-I საუკუნეების ბრინჯაოს ჭრაქი და ბრინჯაოს სასაკმევლე.
ამავე წლის 20 ივნისს პარიზის მონპარნასის მუზეუმში გაიმართა ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა _ გაიტანეს 26 ტილო და 6 აფიშა 4 თვის ვადით.
2008 წლის 24 ივლისს ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმში რომაული პერიოდის გამოფენაზე ეროვნული მუზეუმიდან გაიტანეს რომაულ თემატიკასთან დაკავშირებული 4 ექსპონატი. 2008 წლის 3 ივლისს 15 ნოემბრამდე ვადის ნებართვით გატანილ იქნა ვერცხლის თასი არმაზისხევიდან, ანტინოეს გამოსახულებიანი ტონდო, ფორტუნას გამოსახულებიანი ტონდო, წვერიანი კაცის გამოსახულებიანი და ასპარუგის გამოსახულებიანი ოქროს ბეჭედი.
იმავე წლის 3 სექტემბერს საფრანგეთში, ქალაქ ვეზლეს ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 ტილო გაიტანეს გამოსაფენად სამი თვის ვადით.
2008 წლის 9 ოქტომბრიდან 2009 წლის 29 მარტამდე ლონდონში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში „ბიზანტია 330-1453“ გამოიფინა XII-XIII საუკუნეების ვანის სახარება, 1195 წლის წყაროსთავის სახარება და XII-XIII საუკუნეების ტბეთის სახარება.
2008 წლის 2 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 იანვრამდე ქართული საგანძურის გამოფენამ აშშ-დან გადაინაცვლა ინგლისში, კემბრიჯის ფიცვილიამსის მუზეუმში. გატანილია 141 ექსპონატი, მათ შორის, ძვ. წ. აღ-ის IV ს-ის სასაფეთქლეები ჭვირული საკიდით, ჩიტების გამოსახულებებითა და მოძრავად დამაგრებული ძეწკვებით, იმავე ეპოქის ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი, 43 ფოთლისებური საკიდისგან და 84 მილაკისგან შემდგარი ყელსაბამი, ძვ. წ. აღ-ის III ს-ის ძეწკვი, რქიანი ირმების თავებით და მინის მძივებით, ძვ. წ. აღ-ის II-I სს-ის ბრინჯაოს ტორსი, ძვ. წ. აღ-ის IV ს-ის მინის მძივი. 141 ექსპონატის დაზღვევის თანხა შეადგენდა 60 მილიონ დოლარს.
2008 წლის 5 ნოემბერს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ჩაიტანეს თრიალეთის ვერცხლის თასი და ოქროს ჰექტორალი ხუთი თვით.
2008 წლის 18 დეკემბრიდან 2009 წლის 15 ივნისამდე ფიროსმანის ტილოები გაიგზავნა ვილნიუსში, ლიტვის სამხატვრო მუზეუმში გამოსაფენად.
2008 წლის 29 დეკემბერს ლოს-ანჯელესის პოლ გეტის მუზეუმში გაემგზავრა ძვ. წ.აღ-ის II ს-ის არწივისა და განიმედის გამოსახულებით შემკული ბრინჯაოს სამპატრუქიანი ჭრაქი, ასევე ეროსის სკულპტურიანი ბრინჯაოს სამპატრუქიანი ჭრაქის თავსახური. ორივე ექსპონატმა ამერიკაში დაჰყო 9 თვე.
2009 წელს 8 აპრილიდან 10 აგვისტომდე ვასილი კანდინსკის ორი ნამუშევარი _ „სურათი წრით“ და „შავი შტრიხი II“, პარიზის ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გაიტანეს. ამ ორი ტილოს საქართველოდან გატანაზე ლორთქიფანიძემ სამინისტროს 2009 წლის 25 აგვისტოსაც მიმართა ნიკა რურუას ხელმოწერილი ბრძანებით. კანდინსკის ტილოები ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში 2009 წლის 8 სექტემბრიდან 2010 წლის 31 იანვრამდე იყო გამოფენილი.
2009 წლის 21 სექტემბერს საქართველოდან საფრანგეთში ერთი თვით გაიტანეს ბ. რამინაშვილის 2 ფერწერულ ნამუშევარი, ო. ტიმჩენკოს, ჯ. შონიას, ზ. ბაჩანაშვილის, ტ. კანტიძის თითო ნამუშევარი, საავტორო რელიეფები, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების ნამცეცები (4 ცალი). გასატანი კულტურული ფასეულობის გასწვრივ მითითებულია _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორულ მუზეუმში დაცული ოქროს ნივთების 3 ნამცეცი და თსუ-ს ექსპედიციის მიერ სოფელ აწყურში მოპოვებული ერთი ოქროს ნამცეცი.
2009 წელსვე, ნიკა რურუას ნებართვის საფუძველზე, ლუვრის მუზეუმში გაიგზავნა კოლხეთში მოპოვებული ოქროს ნიმუშების ფრაგმენტები.
2009 წლის 13 ოქტომბერს სტოკჰოლმის გამოფენაზე „მედეა საქართველოდან _ აღმოჩენები ანტიკური კოლხეთიდან“ ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან არქეოლოგიური მასალა გავიდა. 2009 წლის 27 ოქტომბერს კი შვედეთში გადაინაცვლა ექვსი თვით. სულ გავიდა 151 ექსპონატი, რომლთა შორის იყო ძვ. წ.აღ-ის IV ს-ის II ნახევრის თავსაბურავის ოქროს სამკაული და ამავე პერიოდის ოქროს ყელსაბამი.
2009 წლის ჰოლანდიაში გავიდა ცნობილი ზეზვას თავის ქალასა და ქვედა ყბის ნაწილები 27 ნოემბრიდან 2010 წლის 28 თებერვლამდე.
2010 წლის მაისში ესპანეთში, სევილიის არქეოლოგიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „არგონავტების ოქრო“, რომელზეც წარმოდგენილ იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის კოლექცია. ექსპოზიცია მოიცავდა 6 სამარხიდან მოპოვებულ ნივთებს, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. აღ-ის VII-I საუკუნეებით. ესპანეთში გაიგზავნა ეროვნული მუზეუმის 82 ექსპონატი.
აღნიშნულ ექსპონატებს შორის იყო ყელსაბამი ვერძისთავებიანი საკიდებით, დიადემა ორი რომბისებური ფირფიტით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველთა ბრძოლა, სუდარის სამკაული ვარდულებითა და ვოლუტებიანი ორნამენტით შემკული სამკუთხა საკიდებითა და მილაკებით შედგენილი, საყურე „ბიპირამიდული„ საკიდით, ვარდულათი, ცვარათი, არწივის გამოსახულებიანი ფირფიტები, ზურგშეზნექილი სამაჯურები ლომის თავების, ხბოს თავებისა და ჯიხვის თავების გამოსახულებებით, სხივანა სასაფეთქლეები, ფირფიტები სფინქსის გამოსახულებით, ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი, იხვის ფორმის ფირფიტები, თავსამკაული შედგენილი მხედრებისა და ჩიტების ფორმის საკიდისგან, ოქროს სანელსაცხებლე და ა. შ.
2010 წლის 13 ივლისს ფლორენციის პიტის სასახლეში გამოფენაზე გავიდა სამი ექსპონატი _ ძვ. წ.აღ-ის III ს-ის II ნახევრის თიხის ტოლჩა, თიხის ზიარი ჭურჭელი და ძვ. წ.აღ-ის V ათასწლეულის თიხის ქილა. მითითებული იყო 2011 წლის 15 მაისი.
2010 წლის 31 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ შპაიერის პფალცის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „ამორძალები, მითიური მეომრები“, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპონატები. სიაში შესული იყო ძვ. წ.აღ-ის VIII-VII საუკუნეების ექვსი ძეგლი: ბრინჯაოს მახვილი, სარდიონის მძივები, ბრინჯაოს სამაჯური (ორი ცალი), თიხის ქოცო და თავის ქალა.
სულ, 2001-2010 წლებში, საქართველოს მუზეუმებიდან, მათ შორის, ეროვნული მუზეუმიდანაც, 300-მდე ნივთი დაიკარგა. დაკარგულთა ნუსხაში 2006 წელს და შემდგომ დაკარგული ნივთებიც მოხვდა.
გაუჩინარებული ექსპონატების უმეტესობა უძველეს პერიოდს განეკუთვნება. მათ შორისაა: ბრინჯაოს ხანის ნივთები, გულსაკიდები, ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ოქროს სამკაულები, გიშრისა და სარდიონის მძივები, ხანჯლები, ეროვნული სამოსი, ჭურჭელი, ხატები, ხის ბუტაფორული ვიოლინო სარკითა და ფიგურებით, თუჯის დაფა პეტრე დიდის ხელის გამოსახულებით, დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი, ხის ყუთი წმინდანის გამოსახულებითა და ასობით მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და მატერიალური ღირებულების ნივთი.
ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, სად დაიკარგა ან რა ფასად გაიყიდა ძვ. წ. აღ.-ის IV–III საუკუნეების ოქროს ბეჭედი აყიყის თვლით ან იმავე პერიოდის უთვლო ოქროს ბეჭედი? ვის კოლექციაში შევიდა 273 ექსპონატი, რომელიც საქართველოს მუზეუმებიდან 2003 წლიდან იწყებს გაქრობას და ეს პროცესი დღემდე გრძელდება? ტყუილად აქვს იმედი თეა წულუკიანს, რომ ამ პროცესს შეაჩერებს.
კიდევ ერთი დეტალი! _ 2011 წელს, მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ცხადაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში პირველად და უკანასკნელად არის აღიარებული მუზეუმიდან ექსპონატების დაკარგვის ფაქტი _ დოკუმენტს ხელს აწერს დავით ცხადაძე, თუმცა იქვე პროკურატურის პასუხიც არის მოყვანილი:
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განიხილა თქვენი 2010 წლის 12 აპრილის წერილი და გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო მოთხოვნილი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ მოგვეპოვება“.