გაერთიანდებიან თუ არა კეზერაშვილი და გახარია?

შორენა მარსაგიშვილი

გასულ კვირას ქართული ეკონომიკა ჩახარშვას გადაურჩა, _ ეკონომიკის მინისტრობიდან გაათავისუფლეს ნათია თურნავა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, ჩვენი ეკონომიკა დუღსო. მდუღარე მინისტრს რომ თანამდებობიდან უშვებდნენ, ამის შესახებ „ქრონიკა+“ გასულ წელსაც წერდა. 2021 წლის ბოლოს თურნავამ მედიას ამ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი მოხსნის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, ვანო ჩხარტიშვილი ამჯერადაც შეუნარჩუნებდა პოსტს. ამჯერად ვანო ყოვლისშემძლე არ გამოდგა და თურნავა გაუშვეს.

ეკონომიკის მინისტრად კი ლევან დავითაშვილი დანიშნეს, რომელსაც მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. ეკონომიკის მინისტრობა თურნავას პირველ მოადგილე ოთარ დანელიას სურდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა სხვანაირად გადაწყვიტა. დანელიას ბიზნესომბუდსმენობა ხვდა წილად. რაც შეხება უკვე ეკონომიკის მინისრტ ლევან დავითაშვილს, მან ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი: არც სოფელი აუყვავებია და ვერც ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლით გვასახელა. სამაგიეროდ, ისტორიას დარჩება კლასიკად ქცეული მისი სიტყვები, _ ფაროსანა პროტეინების წყაროა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში კიდევ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება. დავით ზალკალიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია _ მას ან გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს, ან _ ილია დარჩიაშვილი.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ ბოლო დროს ივანიშვილი თეა წულუკიანის მუშობითაც უკმაყოფილოა. ოლიგარქს არ მოსწონს, როგორ უხეშად დაერია კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს მინისტრი. გახდება თუ არა ეს წულუკიანის შცვლის საბაბი, ძნელი სათქმელია, რადგან ივანიშვილი ხშირად ცვლის გადაწყვეტილებებს. ასე მაგალითად, მას თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარეობიდან გაშვება, მაგრამ ისევ შეეცვალა განწყობა და მის კარზე პარტიის თავმჯდომარემ რაღაც გავლენები დაიბრუნა. ახლა თუ საარჩევნო მისიასაც წარმატებით გაართმევს თავს, ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, პრემიერობასაც კი გამოჰკრას ხელი.

გამოცდა კობახიძისთვის

2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება. ამ არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. რუსთავის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში განცდილი კრახის შემდეგ მმართველი პარტია რევანშისთვის ემზადება.

ბათუმში 2 აპრილს საკრებულოს წევრი უნდა აირჩიონ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი წარადგინა. გასულ წელს ნუგზარ ფუტკარაძემ ამ ოლქში არჩევნები დიდი უპირატესობით მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატს. არჩევნებიდან ცოტა ხანში ნუგზარ ფუტკარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ფუტკარაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ამ ტრაგედიაში ხელისუფლებაა დამნაშავე. მათი მტკიცებით, „ოცნების“ წარმომადგენლები ფუტკარაძეზე ზეწოლას ახორციელბდნენ. მას სთხოვნენ, რომ დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“ და გამხდარიყო დამოუკიდებელი დეპუტატი.

არჩევნების შდეგების მიხედვით, 35-კაციან საკრებულოში 19 კაცი ოპოზიციამ გაიყვანა და 16 _ „ქართულმა ოცნებამ“. გასაგები იყო, თუ ვისი კანდიდატი გახდებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. „ოცნება“ ამის დაშვებას არ აპირებდა და სანამ პირველი სხდომა გაიმართებოდა, მანამდე შეუდგა საქმეს. პარტია „საქართველოდან“ ერთი კაცი გადაიბირეს. მეტის გადაბირება ვეღარ შეძლეს. ნუგზარ ფუტკარაძე რომ არ გარდაცვლილიყო, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი გახდებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების სანაცვლოდ ფუტკარაძეს ფულიც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. პრინციპულობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ბედი 2 აპრილის არჩევნებით გადაწყდება. თუ ოპოზიციონერი მოიგებს არჩევნებს, საკრებულო ოპოზიციური იქნება, თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, მათ მხარეს იქნება უპირატესობა და ისინი აირჩევენ მათთვის სასურველ კანდიდატს.

ირაკლი კობახიძეს სერიოზული მისია აქვს შესასრულებელი სენაკსა და ზუგდიდში. ბათუმის საკრებულოს მსგავსად აქაც ვერ ირჩევენ საკრებულოების თავმჯდომარეებს. „ოცნება“ ცდილობს, ამ ორ მუნიციპალიტეტში თებერვლის ბოლომდე ჩაშალოს თავმჯდომარის არჩევნები. ასეთ შემთხვევაში იქ საკრებულოს ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

ირაკლი კობახიძე არ მალავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სენაკის საკრებულოში უმრავლესობა „ქართული ოცნების“ იყოს.

„ჯერ არ ჩანს უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა, როგორც კი იგი გაჩნდება, მაშინვე მივიღებთ მონაწილეობას სენაკის საკრებულოს სხდომაში. ჩვენი მიზანია საკრებულოში უმრავლესობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ზუგდიდს, ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იყოს უმრავლესობის მუშაობის შესაძლებლობა. როგორც კი ამას დავინახავთ, მონაწილეობას მივიღებთ საკრებულოს სხდომაში“, _ განაცხადა კობახიძემ.

ამ მიზნით ოპოზიციის წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ზოგს ემუქრებიან, ზოგსაც აშანტაჟებენ, მაგრამ ჯერ ვერავის გადაბირება მოახერხეს. თუ გავითვალისწინებთ, როგორ მოახერხა კობახიძემ პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, წესით, არც საკრებულოს წევრების გადაბირება უნდა გაუჭირდეს.

გასულ წელს, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, მათთან მოლაპარაკებებს ირაკლი კობახიძე აწარმოებდა. კობახიძემ გასულ კვირას აღიარა, _ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმის შემდეგ შევძელით და ოპოზიცია პარლამენტში შევიყვანეთო.

ამ ტაქტიკური ნაბიჯების წყალობით იყო, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ივანიშვილმა კინაღამ კობახიძე დანიშნა პრემიერად, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა.

ამ კრახს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, კობახიძე ყველა სხვა მიმართულებით გამარჯვებულია. მან შეიყვანა პარლამენტში ოპოზიცია, არჩევნებზეც გამოიჩინა თავი, ახლა სენაკის, ბათუმისა და ზუგდიდის საკითხებსაც თუ მოაგვარებს, კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ივანიშვილის კარზე. „ოცნების“ შემქმნელი კობახიძეზე ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი „კომსომოლაა“, მაგრამ საარჩევნო საკითხები ძალიან კარგად იცის.

შუალედურ არჩევნებს თუ არ ჩავთვლით, დიდი ალბათობით, საქართველოში არჩევნები 2024 წლამდე აღარ ჩატარდება. 2024 წლამდე „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერზეც არ აპირებს მსჯელობას. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს საკითხი საჩქარო არ არის.

„ყველამ იცის, რომ 2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, პირველ რიგში, იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით, რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, _ აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

აშკარაა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მმართველი პარტია საერთოდ გამორიცხავს. ამ თემაზე ოპოზიციაც აღარ ლაპარაკობს ბევრს. ერთი შეხედვით შეგუებულები არიან, რომ 2024 წლამდე და შესაძლოა, შემდეგაც „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლების სათავეში. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული პტროტესტი სოციალურ თემაზე ჯერ ეფექტიანი არ არის. ხალხი ქუჩაში გამოსვლისგან მაინც თავს იკავებს. ოპოზიციამ იმდენჯერ მოატყუა საზოგადოება, რომ ასეთი დამოკიდებულება სავსებით ბუნებრივია.

სხვებთან შედარებით უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, საზოგადოება და ოპოზიცია ბრძოლისთვის მზად უნდა იყვნენ.

ნიკა მელიას აზრით, არც ხალხმა და არც ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. მელიასთვის მთლად დამაჯერებელი არ არის კობახიძის განცხადება, რომ არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება. მას კარგად ახსოვს, გავრილოვის ღამის შემდეგ როგორ ყვიროდა ირაკლი კობახიძე, პარლამენტის სპიკერის პოსტს არ დავტოვებო, მაგრამ გადადგომა მოუწია.

„ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება საათ-ნახევრით ადრე მახსოვს, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგებოდა. ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათ-ნახევარში გადადგა. ამიტომ რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის. რამდენადაც მზად ვიქნებით ცვლილებებისთვის, იმდენად სწრაფად დადგება ის დღე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება შესაბამისი ბრძოლა, ეს იქნება საარჩევნო თუ სხვა ტიპის. საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტულ მოსაზრებებს. პირადად ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი კობახიძეს საარჩევნო თემების გარდა კიდევ ერთი მისია აქვს: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაასუსტოს. მისი აზრით, ქვეყანაში პოლარიზების ხარისხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება, რომ ერთ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ გაქრება. მისი გათვლებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან შესაძლოა, ახლო მომავალში გაქრეს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მმართველ ძალას შეუძლია, რომ 2024 წლამდე პრინციპულად დაასუსტოს ეს პოლიტიკური ძალა და ამ მიმართულებით პროცესებს, არჩევნების შემდეგ, სწორი ტენდენცია აქვს.

„არსებული პოლარიზაციის მთავარი მიზეზი არის ის, რომ რიგით მეორე პოლიტიკური პარტია საქართველოში თავის დროზე სჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს და მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, იქცნენ სისტემურ მოთამაშეებად ამ პოლიტიკურ ველზე. სწორედ ამიტომაა, რომ მათი ყველა მედიასაშუალებიდან ვუყურებთ სიძულვილისა და სიცრუის ყოველდღიურ გენერირებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, რთულია, რომ საზოგადოებას შეუქმნა დადებითი განწყობა პოლიტიკის მიმართ, რადგან ყველა ამის ნაწილია და ყველა ამ ქვაბშია მოხარშული მის თვალში.

დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ იმის რესურსს, რომ ისინი გახდებიან კეთილშობილი მოთამაშეები ამ პოლიტიკურ სისტემაში, ამიტომ პოლარიზაციის შემცირების გასაღებიც და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღებიც არის ერთადერთ რამეში, _ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დასუსტდეს, უნდა დასუსტდეს პრინციპულად და არსებითად, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავისი განშტოებით და აქეთკენ მივდივართ. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, რომ ისინი არიან მოშლილები და დასუსტებულები, სააკაშვილი _ მათი ბელადი, არის ციხეში. რა თქმა უნდა, ტენდენცია და მიმართულება არის სწორი, მთავარია, რომ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ.

„ნაცმოძრაობის“ დასუსტებაში არის ქართული პოლიტიკისა და ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღების გასაღები, მათ შორის, ეს ტელევიზიები რომ სიცრუესა და სიძულვილს აღარ უნდა ავრცელებდნენ, ამისი გასაღებიც არის „ნაცმოძრაობის დასუსტებაში“. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაცმოძრაობა“, მით უფრო ნაკლები იქნება სიცრუე და სიძულვილი“, _ განაცხადა ჟრნალისტებთან კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება და გაქრობა მარტო იმიტომ არ უნდა, რომ ისინი პოლარიზების ხარისხს მაღლა სწევენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „პალიტრანიუსთან“ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება პატარა და ჯანსაღ პარტიებს განვითარებაში ხელს უშლის.

„ამ ხალხმა ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდები მოიპარა, ახლა ამ მილიარდებს აბანდებენ პოლიტიკაში, რისი რესურსიც არცერთ სხვა ოპოზიციურ პარტიას არ აქვს. ზუსტად მაგიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი მოცემულობა: ერთი მხრივ არის ეს მმართველი პარტია, რომელსაც აქვს თავისი რესურსი და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ჩვენი კამპანიის დაფინანსება, არ გვაქვს ფინანსური პრობლემები და გვაქვს შესაბამისი მოცემულობა ამ პოლიტიკურ სისტემაში; ხოლო აქეთ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც მოპარული ფულით თავს ინარჩუნებს და თავის შენარჩუნების ნაწილია ის, რომ ისინი იღებენ 500 ათას ხმას არჩევნებში. ამ ვითარებაში არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს წარმატების საშუალება, ამიტომ იღებენ ისინი 500 ათას ხმას. როგორც კი ვინმე გამოჩნდება, თავისი მედიასაშუალებებისა და ფულის წყალობით, ეგრევე ახერხებენ მათ უკანა პლანზე გადაწევას, მარტივი მოცემულობაა.

„ქართული ოცნება“ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, რომ ოპოზიცია გაჯანსაღდეს, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და მთლიანად დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციისა და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენს ქვეყანაში“, _ აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

კეზერაშვილის კარტი

„ქართულ ოცნებაში“ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მათ მესამე პრეზიდენტთანაც გაუადვილდებათ ბრძოლა და _ „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მმართველი პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალაში ვიღაც-ვიღაცებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. არაა გამორიცხული, ახლო მომავალში რამე განხეთქილება ვიხილოთ.

გასულ კვირას მთავარი სალაპარაკო ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი იყო, სადაც ის საუბრობდა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო, რადგან მის მხარდასაჭერად დასავლეთი ხმას არ ამოიღებდა. არადა, რეალურად ეს არ ყოფილა ფარული ჩანაწერი. მელია რამდენიმე ათეულ ადამიანს ღიად ესაუბრებოდა. ასე იყო თუ ისე, ამან პარტიაში სიტუაცია დაძაბა. ის ხალხი, ვისაც მელიას მიმართ რაღაც ბოღმა ჰქონდა, მის გადადგომას ითხოვს. თუმცა ჯერ ეს საკითხი ღიად არავის დაუყენებია. „ქართული ოცნების“ წევრები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ მელია პარტიიდან დემარშით აპირებს წასვლას. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, მელია არსად წასვლას არ აპირებს. ახლა ყველანი მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ელოდებიან. მესამე პრეზიდენტს მელიას ე. წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილს თუ დავუჯერებთ, სააკაშვილმა ეს ჩანაწერი რომ მოისმინა, გადაირია და გაბრაზებულმა ტელეფონი დაამტვრია. ექსპერტის მტკიცებითვე, სააკაშვილი იგინებოდა და ნიკა მელიას განადგურებით იმუქრებოდა.

ასე იყო თუ ისე, მელიას ფარულმა ჩანაწერებმა დიდი სკანდალი ვერ გამოიწვია.  „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაცილებით უფრო რთულად არის საქმე: ვიღაცები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ ზედმეტ ტვირთად აწევთ და მისგან როგორმე უნდა განთავისუფლდნენ.

ყველასთვის აშკარაა, რომ სააკაშვილის თემაზე სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. არავის უჩნდება სურვილი, რომ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი პატარა აქცია მაინც მოაწყოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალების“ რაღაც ფრთა დავით კეზერაშვილის გარშემო ერთიანდება.

წლების წინათ დავით კეზერაშვილი „ევროპული საქართველოს“ დამფინანსებლად მიიჩნეოდა. მათი გზები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიყარა, რადგანაც „ევროპულმა საქართველომ“ სათანადო შედეგი არ აჩვენა. ახლა, როგორც ამბობენ, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის წევრებთან“ და კიდევ რამდენიმე პარტიასთან მუშაობს.

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მალე, კეზერაშვილის დავალებით, რიგი ოპოზიციონერები ღიად გაემიჯნებიან მიხეილ სააკაშვილს.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, უკვე ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს, ციხიდან ეს უფრო და უფრო უჭირს. მით უმეტეს, აშკარად ჩანს, იქ მოუწევს ყოფნა, შესაბამისად, კი გვერდზე გაწევა. სხვათა შორის, მელიას ბოლოდროინდელმა თითქოსდა გაურკვეველმა, მაგრამ მკაფიო განცხადებებმაც ეს დაადასტურა.  იკვეთება, რომ კეზერაშვილსაც მობეზრდა ტყუილად და ჰაერზე ფულის ხარჯვა და შესაძლოა,  „ნაცებს“, ელენე ხოშტარიას, ზურა-გირჩსა და სხვა პარტიებს მოსთხოვოს, ღიად გაემიჯნონ სააკაშვილს“, _ აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

ამ ადამიანს ზოგჯერ ძალიან სასაცილო და დაუჯერებელი მოსაზრებები აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიკოლეიშვილი რეალობისგან დიდად არ არის აცდენილი. თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოდის ხმები, რომ დავით კეზერაშვილი პარტიაზე გავლენების მოპოვებას ცდილობს. საამისოდ ფული მას ბლომად აქვს.

„ქართული ოცნება“ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობს გიორგი გახარიასა და „ნაციონალების“ თანამშრომლობაზე. „ნაციონალებთან“ რა გითხრათ, მაგრამ სანდო წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ გახარია და დავით კეზერაშვილი შესანიშნავად თანამშრომლობენ. პირველად მათი თანამშრომლობა გასულ წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე შედგა. ამბობენ, რომ ისინი დღემდე ურთიერთობენ და არაა გამორიცხული, მათი ერთობლივი პროექტიც ვიხილოთ.

დავით კეზერაშვილი პოლიტიკაში ჯერ ღიად არ ჩნდება. სადღაც არის მიმალული გიორგი გახარიაც, რომელიც დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს და ამის გამო მას მზეთუნახავიც კი შეარქვეს. მისი თანაპარტიელები ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერი მედიისთვის გნცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. გასულ კვირას გიორგი გახარია სამეგრელოში იყო ჩასული და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. რაზე იყო საუბარი, არავინ აკონკრეტებს.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, გიორგი გახარია ისევ ცდილობს ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ივანიშვილი მასთან საუბარზე მაინც უარზეა. თუმცა რაღაც დონეზე მათ კომუნიკაციები აქვთ. შუამავლის ფუნქციას ზოგჯერ ვანო ჩხარტიშვილი ასრულებს.

ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და ვნახოთ, რა სიურპრიზს მივიღებთ ამჯერად. კეზერაშვილი და გახარია კი არა, შეიძლება, სააკაშვილი და ივანიშვილი გაერთიანდნენ. გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის მთავარ უბედურებად მესამე პრეზიდენტს ასახელებდა. სამაგიეროდ, ახლა ფიქრობს, რომ მასშია მხოლოდ ხსნა. დაველოდოთ და ვნახოთ.