ლაშა ჩხარტიშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტებთან ანგარიშსწორების ახალი ეტაპი დაიწყო“

შორენა მარსაგიშვილი

საქართველოს შესაძლოა, მალე ახალი პოლიტპატიმრები შეემატოს. საოცნებო ხელისუფლებამ რამდენიმე ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმეები განაახლა. გიგი უგულავას ისევ ძიუდოისტის ცემის გამო ედავებიან; დავით კირკიტაძეს რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი გაუხსენეს; ლაშა ჩხარტიშვილს კი ადვოკატის გაგუდვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

რას უკავშირდება ოპოზიციონერებზე აღძრული საქმეები? ვის შეშინებას ცდილობს ივანიშვილი? რატომ მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგომა? _ ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ლაშა, ბოლო პერიოდში ოპოზიციამ რამდენიმე აქცია გამართა სოციალურ თემაზე. ამის პარალელურად, საქმეები განაახლეს გიგი უგულავას, თქვენი და დავით კირკიტაძის წინააღმდეგ. ეს უბრალო დამთხვევაა?

_ ეს პირდაპირ კავშირშია ოპოზიციის გააქტიურებასთან. რუსმა ოლიგარქმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორების ახალი ტალღა ააგორა. ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკური რეპრესიებისა და აღვირახსნილი პროპაგანდის გარდა აღარაფერი დარჩენია. ეს პროპაგანდა ჩრდილოკორეულ მასშტაბებს უახლოვდება, თუ არ გაუტოლდა კიდევაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას უტიფრად ძარცვავს. იმდენად უსინდისოები არიან, რომ ეპიდემიაც კი სათავისოდ გამოიყენეს და ადამიანები შიმშილით და ვირუსით სიკვდლილისთვის გაწირეს. არც მანამდე ულხინდა ქვეყანას, მაგრამ პანდემიამ საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა.

საქართველოს მოსახლეობა მცირდება არა მხოლოდ მათ მიერ ქვეყნის დატოვების ხარჯზე, არამედ სიკვდილიანობის გამოც. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ გენოციდთან. ამის შესახებ ლეიბორისტებმა ჰააგის სასამართლოსაც კი მივმართეთ. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ივანიშვილის ხელისუფლება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება საკუთარი ხალხისთვის მოწყობილი გენოციდის გამო.

ის, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს, არაა უცოდინარობისა და არაკვალიფიციურობის ბრალი, ეს არის მიზანმიმართული გენოციდი. ივანიშვილსა და მის პრემიერებს ჰქონდათ ამოცანა, რომ ვირუსის დახმარებით შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და ეშოვათ რაც შეიძლება ბევრი ფული. ამას ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ეს არის კატასტროფა.

ამ კატასტროფას ემატება სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფა. ინფლაციის დონით მეთექვსმეტე ადგილზე ვართ. ტარიფები და გაზრდილი ფასები ცალკე გვახრჩობს. ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინათ ტყუილად არ გვითხრა, ქვეყანა დატოვეთო. მისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე და რაკი ჩვენ საკუთარი ნებით არ მივდივართ სხვა ქვეყნებში, გვიწყობს გენოციდს. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს სხვა ქვეყანაში ისტუმრებს, ნაწილს _ იმქვეყნად.

_ ძალიან მძიმე რეალობაში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ ოპოზიცია არაფერს აკეთებს.

_ ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არაფერს აკეთებს. ჩვენ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ოპოზიცია ვიბრძვით ქვეყანაში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელია და იგი ცდილობს, როგორმე გაგვაჩეროს. იმისთვის, რომ გაგვაჩეროს, ორი გზა აქვს: ან უნდა დაგვაპატიმროს, ან შეგვაშინოს. ჩვენ აქტიურები ვართ და, აქედან გამომდინარე, ვერ შეგვაშინა, ვერც მომავალში შეგვაშინებს. მართალია, ჩვენ ვერ შეგვაშინა, მაგრამ სხვები შეიძლება შეაშინოს. ამ ქვეყნის მოქალაქეები იფიქრებენ, რომ თუ ქუჩაში გამოვლენ პროტესტის გამოსახატავად, ისინი შეიძლება დააკავონ. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

გიგი უგულავა ჩემი მეგობარი არ არის. მასთან, როგორც თბილისის მერთან, ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდა. სხვა საკითხების გამო მის წინააღმდეგ მართლა უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, მაგრამ გიგი უგულავასთვის იმის დაბრალება, რომ ძიუდოისტი სცემა, სამარცხვინოა. არ მესმის, როგორ არ რცხვენია ან სასამართლოს, ან პროკურატურას, ანდა იმ ძიუდოისტს? ძიუდოისტი რომ ხარ და თან _ ჩემპიონი, როგორ უნდა ამტკიცო, რომ გაგლახეს?!

_ ძიუდოისტსაც გააჩნია. ამხელა მოზვინულ ძიუდოისტს უგულავა კი არა, ჰალკიც ვერ სცემდა.

_ საბჭოთა კავშირშიც კი რცხვენოდათ ხოლმე ასეთი ბრალდებების წაყენება, მაგრამ ესენი არაფერს აღარ ერიდებიან. დათო კირკიტაძეს რაც შეეხება, მისი ამბავი განსხვავებულია. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მაღალი წარმოდგენის არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ დავით კირკიტაძეს რუსთავში მაღალი რეიტინგი აქვს. სხვა შემთხვევაში, ის „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებდა. დავით კირკიტაძემ „ქართულ ოცნებას“ რუსთავში რამდენჯერმე მოუგო არჩევნები.

_ „ქართული ოცნება“ ძალიან გაამწარა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერის არჩევამ. კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენა სწორედ ამ ფაქტს დაემთხვა.

_ ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იტანდეს დავით კირკიტაძეს. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და გადაწყვიტა, ამ ფორმით გაანეიტრალოს ის. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ეს ინციდენტი რამდენიმე თვის წინ მოხდა და ახლა გაახსენდათ. თქვენს მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, როგორ დაესხნენ თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს. იმის ნაცვლად, რომ თავდამსხმელები დაესაჯათ, საკუთარი ოფისის დამცველებს წარუდგინეს ბრალი. დავით კირკიტაძის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ლევან ხაბეიშვილის ამბავს მახსენებს.

_ რომელ ამბავს გახსენებთ, ირაკლი ზარქუამ რომ უჩივლა, ლევან ხაბეიშვილმა სასტიკად მცემაო?

_ ეს იყო ნამდვილი კომედია. როდესაც ინციდენტი მოხდა, ლევან ხაბეიშვილიც და ირაკლი ზარქუაც თბილისის საკრებულოს წევრები იყვნენ. საკრებულოს კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, „ქართული ოცნების“ ოთხი წევრი თავს დაესხა ლევან ხაბეიშვილს. მათ შორის იყო ირაკლი ზარქუაც. საბოლოო ჯამში, ლევანს წაუყენეს ბრალი.

_ ხაბეიშვილს წაუყენებდნენ ბრალს, აბა, თავისიანებს ხომ არ დასჯიდნენ?

_ აბსოლუტურ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. ამ ქვეყანაში თავდაცვა დანაშაულად ითვლება, თავდამსხმელს კი პასუხს არავინ სთხოვს.

_ არც მთლად ეგრე მარტივად არის საქმე. თავდამსხმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ სთხოვენ პასუხს, თუ ის ხელისუფლებას წარმოადგენს. აბა, სცადეთ და დაესხით თავს ვინმეს, ნახავთ, თუ არ დაგსჯიან.

_ ოპოზიციონერი თუ დაესხა თავს ხელისუფლების წარმომადგენელს, ეს, ცხადია, დასჯადია. ხელისუფლების წარმომადგენელი თუ დაგვესხა თავს, აქეთ ჩვენ წაგვიყენებენ ბრალს. მე არავის დავსხმივარ თავს და ისე აღმიძრეს საქმე. სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს, ასე რომ მოხდა. საკვირველი ისაა, აქამდე რომ არ მოუვიდათ თავში აზრად ამის გაკეთება.

უკვე 20 წელია, რაც ვიბრძვი, ვაპროტესტებდი ყველანაირ უსამართლობას, ვიბრძოდი გარემოს დაცვისთვის. ბრძოლა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დავიწყე. ხელისუფლებისთვის ძალიან მიუღებელი ვარ. მიუღებელი ვარ იმის გამო, რომ გარემოს დაცვის საკითხებზე მკაფიოდ ვუპირისპირდები ყველას. განსაკუთრებულად ვებრძვი ჰესომანიას. ამას, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციონერი არ აკეთებს.

_ ჰესომანიის წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის დიდი ნაწილი თავს არიდებს. რატომ იქცევიან ასე?

_ ვერ გეტყვით, ალბათ, აქვთ რაღაც თავისი ინტერესები. ჩემი აზრით, ჰესომანიის უკან იმალება ყველაზე დიდი კორუფციული გარიგებები. ვიღაცები გარემოს განადგურების ხარჯზე შოულობენ მილიონებს. სამწუხაროდ, ზოგიერთს მხოლოდ ახლა გაახსენდა ბიტკოინები და ჰესები. ეს არის ძალიან ცუდი რამე, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ეს სამხედრო ოკუპაციაზე ბევრად უარესია. ეკოლოგიური ოკუპაცია ძალიან ბევრ უბედურებას მოუტანს ქვეყანას.

ჰესების მომხრეები ამბობენ, რომ სინათლე ხომ გვინდა და ამიტომ ჰესები უნდა აშენდესო. მცირე და საშუალო ზომის აშენების წინააღმდეგი არც მე ვარ. სამწუხაროდ, ახლა ჰესები იმისთვის სულაც არ შენდება, რომ ხალხს სინათლე ჰქონდეს. ჰესომანია პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის ბიტკოინებთან.

მსოფლიო ბანკმა რამდენიმე წლის წინათ თქვა, _ საქართველო ენერგოდამოკიდებული ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც ბიტკოინების წარმოება დაიწყოო. თბილისთან ახლოს, გლდანის მიდამოებში, გაჩნდა საწარმო, რომელიც არ იხდის გადასახადებს, ასაქმებს ძალიან ცოტა ადამიანს, სამაგიეროდ, მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც _ თბილისის მოსახლეობის 2/3.

ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილი მდიდრდება, ქვეყანა კი, ენერგოდანაკლისის გარდა, არაფერს იღებს. ენერგოდანაკლისის აღმოსაფხვრელად ელექტროენერგიის ნაწილს აზერბაიჯანში ვყიდულობთ, ნაწილს _ რუსეთში. ამ ენერგიის შესყიდვაშიც ივანიშვილის ნათესაობაა ჩართული. ამ ფონზე უსირცხვილოდ გვეუბნებიან, ჩვენ რომ ენერგოდამოუკიდებლები გავხდეთ, დამატებითი ჰესები უნდა ავაშენოთ და დავტბოროთ საქართველოო. ეს ჩაკეტილი წრეა, საიდანაც, სამწუხაროდ, ვერ გამოვდივართ.

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ხარჯზე ჩუმად და არალეგალურად აწარმოებენ ბიტკოინებს. ვნახეთ, ხომ, რაც ხდებოდა გორის კულტურის სახლში? _ თანამდებობის პირს მაინერები ჰქონდა დაყენებული კულტურის სახლში და ორი წლის მანძილზე აწარმოებდა ბიტკოინებს. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო იხდიდა.

_ როგორც ამბობენ, საქართველოში სხვაგანაც არის ასეთი არალეგალური საწარმოები.

_ ძალიან ბევრია ასეთი არალეგალური საწარმო. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი საწარმო მიერთებულია ჭიათურმანგანუმზე. არალეგალური საწარმოები მიერთებულია ჰესების სათავო ნაგებობებზე.

_ ეს დადასტურებული ინფორმაციებია?

_ დადასტურებული არ არის, მაგრამ სერიოზული ეჭვი არსებობს. დადასტურებული ინფორმაციაა, რომ სვანეთში აწარმოებენ კრიპტოვალუტას და ამას მოსახლეობა სულაც არ აკეთებს. მოსახლეობამ დაიფიცა, რომ მაინერებს არ ამუშავებდნენ.

_ თქვენ გჯერათ ამ ფიცის?

_ ვინც დაიფიცა, 99% არ აწარმოებს ბიტკოინებს. სვანებს ფიცთან დაკავშირებით სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. სვანი ხატზე რომ დაიფიცებს, იმას შეასრულებს კიდევაც. მე კარგად ვიცნობ აქაურებს და მჯერა მათი. მოსახლეობისგან განსხვავებით, ხატზე არ დაუფიციათ არც ბიძინა ივანიშვილს, არც ვიქტორ ჯაფარიძეს და არც კაპიტონ ჟორჟოლიანს.

_ რომც დაეფიცათ, გასაკეთებელს მაინც გააკეთებდნენ.

_ გააკეთებდნენ, აბა, რას იზამდნენ! მაგათ რისი რცხვენიათ. ხატზე დაფიცება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, რომ მაინერებს არა მოსახლეობა, არამედ მაფიოზები ამუშავებენ. ბიტკოინების თემას აქამდე პოლიტიკოსები არ ეხებოდნენ. ახლა ერთი-ორმა პარტიამ დაიწყო ამის შესახებ საუბარი.

_ როგორ გგონიათ, ეს თემა გახდება აქტუალური?

_ არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად სანდო და თანმიმდევრულები აღმოჩნდებიან პოლიტიკოსები ბიტკოინებთან დაკავშირებით. პოლიტიკოსებს, რატომღაც, არ სურთ გარევაჭრობის პრობლემებზე საუბარი.

_ გარემოვაჭრეების ბედი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს საერთოდ არ ადარდებს. თითქოს ისინი ადამიანები არ არიან და მათ არ აქვთ უფლებები.

_ სამწუხაროა, ასე რომ არის. გარემოვაჭრეების უფლებების დასაცავად თითქმის 15 წელია, რაც ვიბრძვი. ვიბრძვი იმისთვის, რომ გარემოვაჭრეების საქმიანობა იყოს კანონიერი და მათ აღარ დასდევდნენ. ცივილიზებული ქვეყანა არ არსებობს, სადაც გარევაჭრობა ნებადართული არ არის. ამ მხრივ არც საქართველო უნდა იყოს გამონაკლისი. ჩვენთან ტოტალური სოციალური კატასტროფა გვაქვს და აქ მით უფრო არ უნდა ებრძოდნენ გარემოვაჭრეებს. პირიქით, უნდა უხაროდეთ, რომ ადამიანმა რაღაც საქმე გამონახა.

იმის ნაცვლად, რომ გარემოვაჭრეებს დაეხმარონ და წაახალისონ, კალაძე მათ მორიგი ეგზეკუციით ემუქრება. პარლამენტს მოვუწოდე, განაახლოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჩემ მიერ არის მომზადებული. ეს პროექტი პარლამენტში 2014 წელს შევიტანე და ის ერთი მოსმენით არის მიღებული. შემდეგ ეს პროექტი თაროზე შემოდეს. გარემოვაჭრეებისთვის ერთი კვადრატული მეტრი ვერ გაიმეტა იმ ხალხმა, რომელიც ჰექტრობით ტყეებსა და მიწებს ითვისებს. ახლა უკვე მდინარეების კალაპოტებს მიადგნენ.

კალაძესაც, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც გარევაჭრობის მოწესრიგება არ სურდათ. მათ ეს ხალხი სხვა რამისთვის სჭირდებათ _ როგორც საარჩევნიო ხმებს, ისე უყურებენ. არჩევნების წლებში ვაჭრობის უფლებას აძლევენ, არჩევნებიდან არჩევნებამდე კი დევნიან, პრობლემებს არ უგვარებენ და ატერორებენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ: ამ ადამიანებს სასიკვდილოდ იმეტებენ. ეს ხალხი გარეთ იმიტომ დგას, რომ პურის ფული იშოვოს. ამ ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. მათთვის მთავარია, დამატებითი შემოსავალი იშოვონ.

კიდევ ბევრი საკითხის გამო ვუპირისპირდები ამ ხელისუფლებას და ამიტომ ვარ მიუღებელი მისთვის. ჩვენთან ოპონირების ნაცვლად, საქმის აღძვრა ურჩევნიათ ჩემზე, იმ იმედით, რომ იქნებ, როგორმე გამაჩერონ. ლეიბორისტებთან ოპონირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია.

_ რატომ გგონიათ, რომ არ შეუძლია?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დაგვაბრალებენ იმას, რასაც, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ.

_ რატომ ვერ დაგაბრალებენ, შერცხვებათ, ვითომ?

_ არ შერცხვებათ, მაგრამ უსაფუძვლო იქნება მათი ბრალდება. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ხელისუფლებაში, რომ რამე წამოგვაძახონ, ვერც აქციების დარბევას დაგვაბრალებენ და ვერც _ ხალხის წამებას.

_ სამაგიეროდ, „ნაცობას“ გაბრალებენ.

_ ზოგჯერ მაგასაც მაბრალებენ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთი რამის დაბრალება ძალიან უჭირთ. სხვა თუ არაფერი, „ნაციონალების“ ხელისუფლებას ცხრაჯერ ვყავარ დაპატიმრებული.

_ ისე, რა უხერხულია, „ოცნება“ „ნაცობას“ რომ დააბრალებს სხვას, თავად სულ „ნაცები“ არიან.

_ თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არის იმდენი „ნაცი“, რამდენიც _ „ქართულ ოცნებაში“. სხვათა შორის, ხალხმა მათ „ლურჯი ნაცები“ დაარქვა. „ოცნების“ წევრებს „ლურჯ ნაცებს“ ეძახიან, „ნაციონალებს“ _ „წითელ ნაცებს“. „ლურჯმა ნაცებმა“ კორუფციასა და ხალხის გაღატაკებაში „წითლებს“ ბევრად აჯობეს.

_ ძალადობის მხრივ როგორაა საქმე?

_ რაც შეეხება ძალადობასა და რეპრესიებს, აქ თითქმის გაუტოლდნენ ერთმანეთს. ბოლო სამი წელია, ძალადობასა და რეპრესიებზე დგას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟმი.

_ მანამდე არ იყო ძალადობა ამ ხელისუფლებიდან?

_ ასეთი აღვირახსნილი ძალადობა არ ყოფილა. მანამდე ცდილობდა, რაღაცნაირად სახე შეენარჩუნებინა. ჩემთან მიმართებით ძალიან გადააჭარბა.

_ რა მხრივ გადააჭარბა? „ნაციონალების“ დროს  უფრო ბევრჯერ ხართ დაკავებული.

_ „ნაცებმა“ უფრო ბევრჯერ დამაკავეს, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ უკადრებიათ. ყველა ასეთი ერთპარტიული და ავტორიტარული რეჟიმი, საბოლოო ჯამში, მიდრეკილია ძალადობისკენ. ბოლოს რეპრსიების გარდა, აღარფერი რჩებათ. როცა ხალხს პურს არ აძლევ და სანახაობაც ყალბია, ძალადობისა და რეპრესიების გარდა სხვა არაფერი გრჩება. დარწმუნებული ვარ, რომ „ქოცები“ ასე დიდხანს ვერ გასტანენ.

_ მეათე წელია, უკვე ხელისუფლებაში არიან და სადაც აქამდე გაატანეს, კიდევ გაქაჩავენ რამდენიმე წელიწადს.

_ ახლა ძალიან გადააჭარბეს და ვეღარ გასტანენ დიდხანს. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა შერჩეს, რაც გააკეთა. ჩვეულებრივ გენოციდს უწყობენ მოსახლეობას. ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება კოვიდით, რამდენიმე ათეული _  შიმშილით და უწამლობით, ამასობაში ვკარგავთ ტერიტორიებს, ვკარგავთ ტყეებს, რომელსაც მთავრობის წევრები ისაკუთრებენ. ვკარგავთ კულტურულ მემკვიდრეობას. საყდრისი ხომ აგვიფეთქეს, გელათს გვინადგურებენ და ახლა ლამისაა, ალავერდში გახსნეს სასტუმრო.

ხალხს ვკარგავთ, კულტურულ მემკვიდრეობას ვკარგავთ, ტერიტორიებს ვკარგავთ, ეკოსისტემებს გვინადგურებენ, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება! მეტი აქტივობაა საჭირო. მარტო პოლიტიკოსების აქტივობას არ ვგულისხმობ, საჭიროა მოსახლეობის აქტივობაც. საზოგადოება უნდა იყოს აქტიური. უმრავლესობაც, ოპოზიციაც და სასულიერო პირებიც ფესვებს იღებენ საზოგადოებიდან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სწორი მიზნების ირგვლივ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ბრძოლა. ჯერ თავდაცვითი ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ.

_ რა თავდაცვითი ბრძოლა?

_ ამ ხელისუფლებისგან რომ დავიცვათ თავი. ადამიანებს სახლებს უნგრევენ ამ ყინვაში; გარემოვაჭრეებს დევნიან; ტარიფებს აძვირებენ! ჯერ ეს უნდა ავლაგმოთ და მერე გადავიდეთ შეტევაზე. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ დათმობაზე წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ოღონდ არჩევნებს იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ის სამართლიანად ჩატარდება. ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოში არჩევნები, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა. რაც ტარდებოდა, არჩევნები არ ყოფილა. სასურველია, რომ არცერთი ძალა არ მოვიდეს პარლამენტში უბრალო უმრავლესობითაც კი. კოალიციური მმართველობა გადაარჩენს ამ ქვეყანას. მიხარია, რომ ხალხიც გააქტიურებულია და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი.