მურმან დუმბაძე: „სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს“
შორენა მარსაგიშვილი
გასულ კვირას საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი სტუმრობდა. ბატონი დუდა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და მისი განთავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ის თავის ქართველ კოლეგას ესაუბრა. ეს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ დამალა. პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, დარწმუნებულია, რომ დუდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ ჩამოვიდა. დუმბაძეს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.
რა აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ მესამე პრეზიდენტს ზურაბიშვილი შეიწყალებს? რატომ შეცვალა მეხუთე პრეზიდენტმა ტონი? გამოიღებს თუ არა პროტესტი შედეგს? რა გზას უნდა დაადგეს ოპოზიცია? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მურმან დუმბაძე ესაუბრება:
_ ბათუმი ისევ ვერ ახერხებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. ბატონო მურმან, როდემდე გაგრძელდება ეს გაურკვევლობა?
_ ბათუმის საკრებულოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხმები 17/17-ზეა. თავიდან 19/17-ზე იყო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიიდან გადაიბირა ერთი ახალგაზრდა დეპუტატი. ამის მიუხედავად, ოპოზიცია უპირატესობას ინარჩუნებდა, 18 დეპუტატი ჰყავდა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა ნუგზარ ფუტკარაძე, მისი სიკვდილი ხელისუფლების კისერზეა. დღეს ხმები 17/17-ზეა. 2 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდება და ამის შემდეგ გადაწყდება საკრებულოს თავმჯდომარის ბედიც.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შეარჩია კანდიდატი. იგი ისეთი ადამიანია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობს, იგი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა აჭარის მთავრობაში. მას უფრო კარგად ეხერხება დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობა. ამ დარგს კურირებდა წლების მანძილზე. ძალიან კარგი საჯარო მოხელეა, მაგრამ არის ყველა ხელისუფლების ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი.
_ ოპოზიცია მას ნუგზარ ფუტკარაძის შვილს დაუპირისპირებს? გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათე ფუტკარაძის კანდიდატურის დასახელებას აპირებს.
_ საუბარი ნამდვილად არის მათე ფუტკარაძეზე, მაგრამ განიხილება უამრავი სხვა ვარიანტიც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ქართული ოცნება“ მოუთმენლად ელოდება ამ არჩევნებს. საკრებულოს სხდომებს შლიან, რომ თავმჯდომარის არჩევის საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციას არ ხვდება, კაბინეტში არ შედის. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბათუმის საკრებულო არ ფუნქციონირებს. 2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ გაირკვევა, თუ ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე. ახლა ყველაფერს ერთი დეპუტატი წყვეტს.
მოკლედ რომ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ის კაცი აღმოჩნდა, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენებით მიღებული შდეგები არ ცნო. არ ცნო იმ კაცისგან განსხვავებით, რომელიც დღეს ციხეშია გამოკეტილი. მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს აღიარა წაგება და მოიქცა, როგორც დემოკრატიული მმართველი.
ყველაფერს გააკეთებს „ქართული ოცნება“, რომ რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები მოიგოს. ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ მათ ქართველ ამომრჩეველზე. დარწმუნებული ვარ, ბათუმელები და რუსთაველები სათანადო პასუხს გასცემენ მოძალადე ხელისუფლებას. განსაკუთრებული მოტივაცია ბათუმელებს აქვთ. იმ უბანზე, სადაც შუალედური დაინიშნა, ნუგზარ ფუტკარაძემ არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და ნუგზარის ამომრჩეველმა ახლაც ოპოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი. მჯერა, რომ ასეც მოხდება. ახლა ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერა ამ რეჟიმის მსხვერპლის, ნუგზარ ფუტკარაძის სულის პატივისცემაა.
_ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიება რა ეტაპზეა? დაადგინეს რამე?
_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საქმე არცერთი ნაბიჯით წინ არ წასულა. გამოძიება რომ სდომოდათ, აქამდე გამოიძიებდნენ. ძალიან ბევრი მასალა და მტკიცებულება არსებობს, ყველაფერი ზედაპირზეა. ნუგზარი ამათ გამო გარდაიცვალა, მასთან მოლაპარაკებებს ასლან აბაშიძისდროინდელი პოლიციის თანამშრომლები აწარმოებდნენ.
_ ისინი რატომ აწარმოებდნენ ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს?
_ ნუგზარიც მაშინ მუშაობდა პოლიციაში და ერთმანეთს იცნობდნენ. ისინი ნუგზართან მოსალაპარაკებლად დავით რიჟვაძემ გაუშვა. რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაურის მამაა და, ფაქტობრივად, ის განაგებს აჭარას, ის აგვარებს ყველაფერს. დავით რიჟვაძე სააკაშვილის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო. იგი ცნობილი და გამორჩეული მარბიელი ზონდერი გახლდათ.
_ მისი მარბიელობის ამბავი ყველასთვის ცნობილია, _ 2011 წლის 21 მაისს ის ხელმძღვანელობდა ბათუმში ოპოზიციის აქციის დარბევას.
_ ამ დარბევას ნამდვილად რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. მას ბევრი სხვა აქცია აქვს დარბეული. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ის სააკაშვილის ხელისუფლების ცნობილი და გამორჩეული მარბიელი იყო. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძის საქმე არ გამოიძიოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ყველა დაისჯება, ვინც ნუგზარ ფუტკარაძე სიკვდილამდე მიიყვანა.
_ ზემოთ თქვენ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ახსენეთ, რომელთანაც ოპოზიციას არ უშვებენ, მაგრამ თავად რატომ არ დადის სამსახურში? ეშინია თუ რა ხდება?
_ არჩილ ჩიქოვანიც ცნობილი მარბიელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში, ახლა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანია. სამსახურში იმიტომ არ დადის, რომ ეშინია, შემთხვევით შეიძლება ოპოზიციასთან მოუწიოს შეხვედრა. თუმცა მის სიმშვიდეს პოლიციის კორდონი იცავს. ვფიქრობ, რომ არჩილ ჩიქოვანი ასეთ დამალვას 2 აპრილამდე გააგრძელებს, მერე ან ოპოზიციისკენ გადაიხრება სასწორი, ან _ „ქართული ოცნებისკენ“. მგონია, რომ ამ არჩევნებზე მკაცრად დამარცხდება „ქართული ოცნება“, ბათუმი მოძალადე ხელისუფლების წარმომადგენელს არ მისცემს ხმას.
_ წინა იტერვიუში ოპოზიციას მოუწოდებდით, რომ ერთდროულად რამდენიმე ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართოს აქციებიო. ოპოზიცია უკვე აქტიურად იყენებს ე. წ. დუმბაძის მეთოდს და რამდენჯერმე გაიმართა ასეთი აქციები. მოიტანს შედეგს ეს აქტივობა?
_ ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ასეთი ლოკალური აქციები საჭიროა. ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციამ დაიწყო აქციების მოწყობა, მაგრამ ეს არასაკმარისია. მხოლოდ ასეთი აქციებით ხელისუფლებას ვერაფერს ვაიძულებთ. „ქართულ ოცნებას“ უფრო მძიმედ უნდა ჰქონდეს საქმე. ჩვენ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს. მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოებში 500-ზე მეტი დეპუტატი ჰყავს. 500 დეპუტატი ცოტა არაა! 500 დეპუტატი სერიოზული ძალაა! 500-ს დეპუტატს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია!
_ მაინც, რისი გაკეთება შეუძლია 500-ს დეპუტატს?
_ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, უფრო ხშირად უნდა გაიმართოს აქციები. ათკაციანი აქციის გამართვაც შეიძლება. ხელისუფლება უნდა შევაწუხოთ და დავღალოთ. რაც უფრო ხშირად გაიმართება აქციები, მით მეტად დაიღლება ხელისუფლება. ეს დაღლა ნამდვილად გამოიღებს შედეგს. ოპოზიცია, ალბათ, უფრო აქტიური იქნებოდა, მაგრამ გლობალურმა პროცესებმა ცოტა შეგვიშალა ხელი.
_ უკრაინის კრიზისს გულისხმობთ?
_ დიახ. ახლა მთელი მსოფლიო გადართულია უკრაინისკენ. ამ ქვეყნისკენ არის მიპყრობილი ჩვენი ყურადღებაც. იქ ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით უკრაინის მიმართ გამოვხატო ჩემი დიდი მხარდაჭერა. დღეს უკრაინაში მარტო უკრაინის ბედი არ წყდება, დღეს იქ საქართველოს ბედიც წყდება. მოხარული ვარ, რომ ქართველი დეპუტატები უკრაინაში ჩავიდნენ და პირადად გამოხატეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
მესმის, რომ უკრაინის მიმართ სერიოზული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ არც „ქართული ოცნება“ და საქართველოში მიმდინარე პროცესები დავივიწყოთ. ჩვენ ბევრად აქტიურები უნდა ვიყოთ. ხელისუფლების შეწუხების გარეშე არაფერი გამოგვივა. ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებში რომ არ შესულიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ რაც არის, არის. ახლა აქციებითა და ქუჩის პროტესტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, წამოვიდეს დათმობაზე.
_ თქვენ მიიჩნევთ, რომ ბოიკოტი საჭირო იყო?
_ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი გზა იმისთვის, რათა ხელისუფლება გვეიძულებინა, დათმობაზე წასულიყო. ახლა სიმართლე რომ გითხრათ, ბოიკოტმა აზრი დაკარგა.
_ ახლა რატომ აქვს ბოიკოტს აზრი დაკარგული?
_ ბოიკოტს მაშინ ჰქონდა აზრი, პარლამენტში არცერთი პოლიტიკური პარტია რომ არ შესულიყო. რაკი შევედით, ახლა ხელისუფლებას შიგნიდანაც უნდა ვებრძოლოთ და გარედანაც.
_ „ნაციონალებმა“ პარლამენტში დაბრუნება იმით გაამართლეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისიის შექმნა უნდა მოითხოვონ.
_ ამ კომისიის შექმნა აუცილებელია, მაგრამ ამის მიღწევა მარტივი არ იქნება. კომისიის შესაქმნელად საჭიროა 50 ხმა.
_ მოაგროვებს „ნაციონალური მოძრაობა“ 50 ხმას?
_ ვერ გეტყვით. თუ ვერ მოაგროვებს, ეს იქნება ძალიან ცუდი ამბავი. კომისიის შექმნა რომ ჩავარდეს, მერე ნახეთ „ქართული ოცნების“ სიცილი და ხარხარი. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვიმყოფებით. მოვუწოდებ ყველას, ვიაქტიუროთ, ნუ გავხდებით „ქართული ოცნების“ დასაცინი.
_ რამდენიმე კვირის წინ გუბაზ სანიკიძემ თქვა, ოპოზიციაში ნულების პარადიაო. ოპოზიცია, წესით, ამ იარლიყის მოშორებასაც უნდა შეეცადოს.
_ ამ იარლიყს მოვიშორებთ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას ვაიძულებთ.
_ გუბაზ სანიკიძის შეფასებაზე რას ფიქრობთ, მართლა ნულების პარადია ოპოზიციაში?
_ გუბაზ სანიკიძე გამოცდილი პოლიტიკოსია. ის პოლიტიკურ პროცესებში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. მან ბევრი ბრძოლა გამოიარა. ამ ბრძოლების ნაწილი შედეგიანი იყო, ნაწილიც _ უშედეგო. გუბაზს უნდა, რომ შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს. პოლიტიკაში შედეგები მალე არ დგება. ამას ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება. მონდომების შემთხვევაში პროცესების დაჩქარებაც შეიძლება. სანიკიძეც, ალბათ, ამას ფიქრობს და ამიტომ არის ოპოზიციაზე გაბრაზებული. ვერაფერს შევცვლით, რაც არის, ესაა. თუმცა ხვალ შესაძლოა, ბევრი რამე შეიცვალოს. შეიცვლება თუ არა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
ახლა ოპოზიციას მოუწევს გააქტიურება. რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები ტარდება. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნები ორივეგან მოიგოს. „ქართული ოცნება“ უკადრებელს იკადრებს, მაგრამ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ.
_ როგორც ამბობენ, „ოცნება“ ხელახალი არჩევნების დანიშვნას აპირებს ზუგდიდსა და სენაკშიც. საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევას ვერც იქ ახერხებენ.
_ სენაკსა და ზუგდიდში თებერვლის ბოლომდე თუ არ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. ხელისუფლება ახლა ცდილობს, ამ მუნიციპალიტეტებში უკვე არჩეული დეპუტატები გადაიბიროს. ამას თუ შეძლებს, აღარ გახდება არჩევნების ჩატარება საჭირო. მინდა იცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ მიზნის მისაღწევად დღე და ღამე მუშაობს.
_ მუშაობაში რას გულისხმობთ?
_ საქმის კეთებას, რა თქმა უნდა, არა. დეპუტატების შეშინებასა და გადაბირებას ცდილობენ. ამ ადამიანებს ვიღაცებს უგზავნიან. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ არაფერი დაიმალება. ძალიან ცუდად იქცევა „ქართული ოცნება“ და არ იქნება ურიგო, თუ ერთ დიდ აქციასაც მოვაწყობდით. ბიძინა ივანიშვილს აშინებს მხოლოდ ხალხი.
_ შეიძლება, უკვე ხალხიც აღარ აშინებს.
_ ხალხი აშინებს. პარტიების არ ეშინია. მისთვის სახიფათო მხოლოდ ქუჩაში გამოსული ხალხია.
_ პარტიების რატომ არ ეშინია?
_ იმიტომ, რომ მთელ რიგ საკითხებში ერთიანები და პრინციპულები ვერ აღმოვჩნდით. ივანიშვილი უნიჭო კაცი არ გახლავთ და იცის, რომ პარტიები საშიში არ არიან. საშიშია საქართველოს მოქალაქე. ბევრი ხალხი აიძულებს მას, წავიდეს დათმობებზე. 20 ივნისის დარბევის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. შეშინებული ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად იყო, შემდეგი არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით ჩაეტარებინა.
_ ეს განცხადება ნამდვილად გააკეთა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მისი დავალებით „ქართულმა ოცნებამ“ ეს ცვლილება ჩააგდო.
_ ბიძინა სიტყვის შემსრულებელი კაცი არ აღმოჩნდა, მაგრამ ხალხის პროტესტმა მაინც დაათმობინა რაღაცები და 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდა. რატომღაც, მგონია, რომ ახლა უფრო იოლად წამოვა ივანიშვილი დათმობაზე.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ივანიშვილის იმედგაცრუება. ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე სჯეროდა, რომ პუტინი უძლეველი იყო. 2012 წლამდე ძალიან ახლოს ვიყავი მასთან და არასდროს შემიმჩნევია, რომ ის პუტინით აღფრთოვანებული ყოფილიყო. ამის ეჭვი არც საარჩევნო ბლოკში მყოფ სხვა პარტიებს გასჩენიათ.
_ გიმალავდათ, რომ პუტინით აღფრთოვანებული იყო?
_ არასდროს გამოუხატავს აღფრთოვანება. მეტიც: ის მხარს უჭერდა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ნატოზე დიდად არ იყო გადარეული, მაგრამ ევროკავშირი მოსწონდა.
_ რით დაიმსახურა ევროკავშირმა მისი სიყვარული და მოწონება?
_ დასავლეთი ივანიშვილს არ სძულს. მოგეხსენებათ, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა. მისი შვილებიც დასავლეთში ცხოვრობენ. ქონების დიდი ნაწილიც დასავლეთში აქვს დაბანდებული. რუსეთისკენ ივანიშვილი 2014 წელს გადაიხარა.
_ რა ამბის მერე გადაიხარა რუსეთისკენ?
_ 2014 წელს პუტინმა ყირიმი მიიერთა. ამან ბიძინა ივანიშვილზე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა და მიიჩნია, რომ ვლადიმირ პუტინი უძლეველი პიროვნებაა. თითქმის დანამდვილებით ვიცი, რომ მხოლოდ ამიტომ გადაიხარა პუტინის მხარეს. ის დარწმუნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მომრევი არავინ არის. ახლა ამ გადახრას აშკარად ნანობს. მანაც კარგად დაინახა, რომ დედამიწა შეცვლილია და პუტინს ყველაფერი აღარ გაუვა.
_ იმის თქმა გინდათ, რომ პუტინისკენ გადახრილი ივანიშვილი დასავლეთისკენ გადმოიხრება?
_ არ გამოვრიცხავ, რომ გადმოიხაროს. ივანიშვილი ჭკვიანი და პრაგმატული კაცია და ის გადაიხრება იქითკენ, საითაც არის ძალა.
_ ფიქრობთ, ახლა ძალა დასავლეთისკენაა?
_ ფაქტია. პუტინმა ვერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მას სურდა. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ წავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მსოფლიო ასე ღიად რომ დასდგომოდა გვერდით საქართველოს, ახლა ყირიმიც უკრაინის იქნებოდა და სხვაგვარ რეალობაში ვიცხოვრებდით. როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მსოფლომ გადაწყვიტა, სათანადო რეაგირება მოეხდინა პუტინის ქმედებებზე. პუტინმა უკან დაიხია და მჯერა, რომ ივანიშვილიც უკან დაიხევს. ახლა რეალობა შეცვლილია. ვფიქრობ, რომ ცოტას თუ ვიაქტიურებთ, აუცილებლად მივიღებთ შედეგს.
_ შედეგს მივიღებთო, ამბობთ და რა არის თქვენთვის შედეგი?
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება.
_ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ არც ვადამდელი არჩევნები იქნება და სააკაშვილიც ბოლომდე მოიხდის სასჯელს.
_ „ქართული ოცნება“ ბევრ რამეს ამბობდა, მაგრამ შემდეგ პოზიციების შეცვლა მოუწია. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე მოხდება. დედამიწა ძალიან შეიცვალა, პუტინი, რომლის დიდი იმედიც ჰქონდა ივანიშვილს, ისეთი ძლევამოსილი აღარაა. ივანიშვილი მოერიდება დასავლეთთან დაპირისპირებას და რაღაც დათმობებზე აუცილებლად წავა. ამას თავისი ნებით არ გააკეთებს, ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ თუ გაჩერებულები ვიქნებით, არც დასავლეთი ამოიღებს ხმას. დასავლეთი უკვე გააქტიურდა ამ მიმართულებით და ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ.
_ დასავლეთის გააქტიურება რით გამოიხატება?
_ ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. ასეთი მწვავე კრიტიკა სხვა დროს არ მოგვისმენია. პოლონეთის პრეზიდენტ დუდას ვიზიტი საქართველოში ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოში სააკაშვილზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა.
_ ამაზე მას საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია.
_ არის მომენტები, როდესაც რაღაც საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობენ. დარწმუნებული ვარ, ის მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა საქართველოს ხელისუფლებას და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს.
_ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „არა და არასოდეს“.
_ ამას ამბობდა, ახლა ასეთი კატეგორიული აღარაა. მედიასთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს პოლარიზაციას შეუწყობს ხელსო. „არა და არასოდეს“ აღარ უხსენებია. მჯერა, რომ შეწყალება იქნება და მჯერა, რომ დუდა აქ სააკაშვილის საკითხზე სასუბროდ იყო ჩამოსული.