მეთოჯინე, რომელიც ბავშვებისთვის უფასო წარმოდგენებს დგამს, შენობის გარეშეა

გიორგი საკარული

თავისი არსებობის მანძილზე თბილისის ეთნიკური სურათი გამუდმებით იცვლებოდა. მოსახლეობის შემადგენლობისა და პოლიტიკური რეჟიმების ცვლა საუკუნეების მანძილზე პირდაპირ აისახებოდა ქალაქის ყოფასა და ტრადიციებზეც.

ტფილისის მცხოვრებლები, ძირითადად, იყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, თავად-აზნაურობა, მათი ყმები, თავისუფალი მოქალაქეები _ ვაჭრები და ხელოსნები. მათი უმეტესობა ქალაქურ სავაჭრო და სახელოსნო გილდიებში, ანუ ჰამქრებში იყო გაერთიანებული. ის ქალაქი, რომელიც ყოველთვის გმოირჩეოდა თავისი უდიდესი ტრადიციებით, დღეს, გარკვეულწილად, მივიწყებას, მიეცა და თუკი ვინმეს, განსაკუთრებით ტურისტებს, ეს ქალაქი მოსწონთ, ძველი თბილისის შემორჩენილი არქიტექტურისა და იერსახის დამსახურებაა.

თბილისური ტრადიციებისა და პერსონაჟების გაცოცხლებას ცდილობს მარნეულში მცხოვრები მხატვარ-დიზაინერი და „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, არმენ ჰოვანესიანი, რომელიც ქმნის სხვადასხვა პერსონაჟს, მინიატურებს, ვისთან ერთადაც დადის ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში და წარმოდგენებს უფასოდ მართავს.

„ჩემს ნამუშევრებში გაცოცხლებულია ძველი თბილისური თემები: ყარაჩოღელები, ლამაზმანები, კინტოები, _ ისტორიები, რითაც ვამაყობთ და მოვდივართ დღემდე. მინდა, ჩემი თეატრის მეშვეობით ვაჩვენო ახალ თაობას ის ძირძველი თბილისი და თბილისური ტრადიციები, როგორიც იყო წლების წინათ. ეს საინტერესოა არა მხოლოდ ბავშვებისთვის ან დიდებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. საქართველო არ არის მხოლოდ ხინკლის ან ხაჭაპურის ქვეყანა, ეს არის დიდი ისტორიის მატარებელი ქვეყანა“, – გვითხრა არმენ ჰოვანესიანმა. 

თოჯინების თეატრზე მეოცნებე მხატვარი დაბა შაუმიანში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ ერევანში გაემგზავრა, მიიღო უმაღლესი განათლება და ისევ საქართველოში დაბრუნდა. ამბობს, რომ მისი სურვილია, სამშობლოს იმ კუთხით გამოადგეს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და რომელი საქმეც ყველაზე მეტად უყვარს.

„პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. სწავლის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რით უნდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს _ საქართველოს, რა კუთხით რა უნდა გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, რეგიონში, სადაც მე ვცხოვრობ, ძალიან რთული სიტუაციაა კულტურული ღონისძიებების მხრივ… აქ საზოგადოება სხვანაირად ფიქრობს, ცხოვრობს, ჩემი შეხედულებები კი მისგან ძალიან განსხვავდება“, _ ამბობს მხატვარი.

საქართველოში დაბრუნებულმა მუშაობა დაიწყო თბილისში, სომხური კულტურის ცენტრში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მას სამსახურის დატოვება მოუწია, რადგან თბილისიდან მარნეულში სიარული ყოველდღიურად პრობლემას წარმოადგენდა.

„სომხურის კულტურის ცენტრში ვმუშაობდი, სადაც ცხოვრობდა ჰოვანეს თუმანიანი. იგი გახლავთ ცნობილი მწერალი, როგორც აკაკი წერეთელი. ის ფართოდაა ცნობილი, როგორც ავტორი სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადისა და ზღაპრისა“, _ დასძინა მან.

ზღაპრებს თავად წერს, გმირებს იგონებს, აკეთებს და შემდეგ წარმოდგენებს მართავს. თვითნასწავლი არტისტი ახლა იმაზე ოცნებობს, მისი დაუჯერებელი ზღაპარი ნამდვილ თეატრად გადააქციოს, რომელიც მრავალეთნიკურ რეგიონში კულტურული ხიდის როლს შეასრულებს კავკასიელ ერებს შორის.

„ზღაპრებს მე თვითონ ვწერ და სიმართლე გითხრათ, ამ ზღაპრების გაცოცხლება მინდოდა. შევქმენი კოლექციური თოჯინები, მაგრამ ეს თოჯინები ისე არ აცოცხლებდნენ ჩემს ზღაპრებს, როგორც მე მინდოდა და დავიწყე მარიონეტების კეთება. შევქმენი პატარა თეატრი, ვარჩევ ადგილებს, სადაც წარმოდგენებს გავმართავ და ნებისმიერი ბავშვისთვის და არა მარტო მათთვის, ის დღე არის დიდი დღესასწაული“, _ დასძინა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას მხატვარმა.

ფარაჯანოვი, ფიროსმანი, ფიდა, კინტოები, მადამ ჟერმენი, ფრანგი და არაბი პერსონაჟები მისი სახლის ბინადრები არიან. შვილებივით უვლის და საუკეთესო მეგობრობასაც სწორედ ისინი უწევენ.

„თოჯინები ცხოვრობენ ჩემს სახლში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმას, თუ რას ნიშნავს ისინი ჩემთვის. შვილებივით მყავს თითოეული მათგანი. კულისებში მხოლოდ მათ იციან ჩემი პრობლემების შესახებ და სირთულეებზეც მხოლოდ მათთან ვსაუბრობ. ზოგადად, არ მიყვარს პირადი პრობლემების თავს მოხვევა. ზღაპარს იმიტომ ვწერ, რომ მან დაგვავიწყოს ტკივილი, თუმცა არის გარკვეული სახის ტკივილი, რომელიც დევს ამ ზღაპრებში.

ჩემი სახლი ერთი დიდი სახელოსნოა, სადაც ვქმნი ამ ყველაფერს. მაქვს პატარა ოთახი, რომელიც მუზეუმივით არის და სპექტაკლებსაც ვმართავ ხოლმე. პანდემიის დროს ცოტა ვერიდები წარმოდგენებს, თორემ პანდემიამდე ძალიან ბევრ სპექტაკლს ვმართავდი, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრებოდა, მათ შორის ევროპიდან ჩამოსული ტურისტები“, _ ამბობს არმენა.

ტრაგიკომიკურ ზღაპრებს ძირითადად დიდებისთვის ქმნის მათ პრობლემებსა და ყოველდღიურობაზე. მისთვის ტრაგედიაა მაშინ, როცა კარგავს ერთ პერსონაჟს და ქმნის მომდევნოს.

„ჩემი ზღაპრები უფრო დიდებისთვისაა გათვლილი. ტრაგიკომიკურ ზღაპრებს ვწერ, რომელიც ადამიანთა პრობლემებს ეხება. ამ ზღაპრებში ნებისმიერი ამოიცნობს საკუთარ თავს. მსურს, რომ გავაკეთო ბევრი ახალი სპექტაკლი, შევქმნა ბევრი თოჯინა“, _ გვითხრა მხატვარმა.

კითხვაზე, ოცნებობს თუ არა იმ სამყაროზე, რომელიც მხატვარმა ამ ზღაპრებით შექმნა, არმენ ჰოვანესიანი გვპასუხობს:

„რა თქმა უნდა, მაგრამ ამ სამყაროში არ მინდა, რომ მხოლოდ მე ვიცხოვრო. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანებს ძალიან ეყვარებათ ერთმანეთი, იქნება ბევრი სიკეთე და ყველა გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს. მინდა, რომ მქონდეს ზღაპრის სახლი, თეატრი, პატარა სახელოსნო, ოთახი, შენობა, სადაც წარმოდგენებს გავმართავ“, _ დასძინა ჰოვანესიანმა.

არმენ ჰოვანესიანს არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული. ერევნის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში მეთოჯინემ წარადგინა 3 ნამუშევარი: თუმანიანის თოჯინა, რომელიც ხვდებოდა გამოფენის სტუმრებს; ჩაის დალევის ზღაპრული პროცესი, წარდგენილი იყო ზღაპრის სხვადასხვა პერსონაჟები, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ ჩაის მაგიდასთან და სამოვრით ჩაის სვამდნენ და საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე; თუმანიანის „ფარვანა“ _ ლეგენდის გმირის თოჯინა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ხელნაკეთი თოჯინებისა და ნივთების დამზადების შემსწავლელი კურსები, რომელსაც ხელმძღვანელობს ხელოვანი და არტისტი არმენ ჰოვანესიანი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მეთოჯინეს ამ დრომდე არ გააჩნია საკუთარი შენობა, ოთახი და, ზოგადად, რამე სახის ფართი, სადაც არმენ ჰოვანესიანს შესაძლებლობა ექნება, თავისი შემოქმედება უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს, კულტურის სფერო რეგიონი და განავითაროს და დაუვიწყარი ზღაპრული დღეები აჩუქოს ბავშვებს.