მიხეილ სააკაშვილის „ძალის გამოღვიძება“ წიგნის დახლიდან გააქრეს

ნენე ინჯგია

მესამე პრეზიდენტის წიგნი, „ძალის გამოღვიძება“, გასულ კვირას წიგნის დახლიდან გაქრა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ. უფრო მეტი დეტალის გასარკვევად „ქრონიკა+“ გიორგი ჩალაძეს ესაუბრა:

_ როგორც ვიცი, საუბარი არის „ბიბლუსზე“. ახლა მიმდინარეობს კომუნიკაცია იმის თაობაზე, თუ სად არის წიგნი. მარაგი, რომელიც მათ წაღებული ჰქონდათ, თუკი ეს ამოყიდულია, უნდა თქვას კომპანიამ. და თუკი მარაგი არ არის ამოყიდული, მაშინ რატომ არ დევს დახლზე წიგნი? ორივე შემთხვევაში, როცა წიგნზე მოთხოვნა არის და წიგნის მაღაზია ასე იქცევა, ეს არის უკვე 1937 წელი, _ შემდეგი შეიძლება იყოს ჯაზის მოსმენის აკრძალვა, რის მერეც, ალბათ, მოგვთხოვენ, რომ საღამოს 9 საათზე ყველანი სახლში ვიყოთ და სინათლეები ჩავაქროთ, რომ უბნის ინსპექტორმა არ მოგვაკითხოს! და ეს მაშინ, როცა შეუძლიათ, „ქართული ოცნების“ წევრებმა საკუთარ მეუღლეებს ტყეები აჩუქონ. ეს არის არჩეული გზა! ფაქტია, _ მომხმარებლის მოთხოვნის მიუხედავად, კონკრეტული ქსელი ამბობს, რომ მათ წიგნი არ აქვთ, მაშინ, როცა დადასტურებულია, რომ ამ მაღაზიას რამდენიმე ასეული ეგზემპლარი დამალული აქვს. წიგნის მაღაზია, რომელიც უნდა იყოს განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და აზროვნების, განვითარების ეპიცენტრი, პირიქით _ გონებაშეზღუდულობასა და პოლიტიკურ ჩარჩოებს აწესებს.

ჩალაძე „ბიბლუსის“ პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, წიგნის მაღაზია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა:

_ სხვა შეფასება, უბრალოდ, სიბეცე იქნება, რადგან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. მიშა სააკაშვილის წიგნი ძალიან მოთხოვნადი იყო, განსაკუთრებით იმ გადაცემის შემდეგ, რომელმაც ყველანაირი რეიტინგი მოხსნა. დიახ, სადაც მიშა სააკაშვილი დადებით კონტექსტშია მოხსენიებული, რეიტინგი მიფრინავს კოსმოსში და ვინც მას უაზროდ, დაუმსახურებლად აქილიკებს და ცუდად ექცევა, მათი რეიტინგი 2%-ს ქვემოთ ჩადის. ეს ეხება ყველას, განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს, იგივე მოუვა წიგნის მაღაზიასაც. მაშინ, როცა წიგნის მაღაზია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა და ლიტერატურის მალავს, ამ შემთხვევაში მათ კარგი არაფერი უწერიათ. ეს არის მთავრობის მაამებლად გაკეთებული.

ასრულებს თუ არა „ქართული ოცნების“ დაკვეთას ბიბლუსი, ამ კითხვის საპასუხოდ ჩალაძე ამბობს:

_ ამას დაკვეთით აკეთებს თუ თვითნებურად, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის დისკრიმინაცია, რომ მთავრობას აამოს და მიშა სააკაშვილის სახე და მისი წიგნი საზოგადოებამ არ იხილოს, თუმცა ეს არის დროებითი და აუცილებლად ჩაივლის.

საზოგადოების მხრიდან წიგნზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ხელმისაწვდომობა ნაკლებია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ჩალაძე ამბობს, „ბიბლუსი“ პოლიტიკურ დისკრიმინაციას ეწევა, თუმცა მათთვის, ვისაც წიგნის შეძენა სურს, ალტერნატიული გზა გამოჩნდა:

_ მას შემდეგ, რაც არ აღმოჩნდა წიგნის მაღაზია იმ სიმაღლეზე, რომ ლიტერატურის თავისუფლად გაყიდვა შეძლოს და ცენზურას არ დაექვემდებაროს, ბაზარზე შეგვიძლია ინდივიდუალური მომწოდებლები ვნახოთ, მაგალითად, ნიკოლოზ გაბელაია. ძალიან კარგი ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ამ წიგნის რამდენიმე ასლი ჰქონდა შეძენილი და ამის გაყიდვა დაიწყო. ეს არის ჯანსაღი პროცესი, როცა ადამიანები ცენზურას არ ექვემდებარებიან და ავრცელებენ საზოგადოებისთვის საინტერესო ლიტერატურას. ყველას გვახსოვს ის, რაც კულტურის სამინისტროში ვნახეთ: კონკურსების გაუქმება, ასევე ავტორებისა და მუსიკოსების დემარში სამინისტოს ცენზურის გამო, ახლა ვხედავთ წიგნის მაღაზიის მეშვეობით ცენზურას. ვერ წარმოვიდგენ, ბიზნესს არ უნდოდეს ფულის გაკეთება, განსაკუთრებით ისეთ მოთხოვნად პროდუქტზე, როგორიც ახლა მიშას წიგნია. როცა კერძო ბიზნესი უარს ამბობს შემოსავალზე, ამას ვერაფრით ახსნი თუ არა: 1. ეშინიათ და ექვემდებარებიან ცენზურას; 2. ეშინიათ სხვადასხვა ბერკეტის, რომელიც შეიძლება მათ წინააღმდეგ გამოიყენონ, ამიტომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევიან. ვიმეორებ: ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს თვითნებურად გადაწყვიტეს, თუ დააშინეს. „ქართული ოცნება“ წერს ყალბ ისტორიას, სადაც მიშა სააკაშვილს არ აქვს ადგილი. დიდი დრო არ უწერია ყალბ ისტორიას. მაქვს ინფორმაცია და მინდა დავაანონსო, რომ ძალიან მალე ქართული საზოგადოება ახალ წიგნს იხილავს, რომელიც უფრო მეტი სიკაშკაშით, მტკიცე რეალობით აღწერს მიშა სააკაშვილის, როგორც პუტინის ტყვის, პატიმრობას საკუთარ სამშობლოში ქართველებისვე ხელშეწყობით. წიგნს მიშა სააკაშვილი ციხეში წერს და დარწმუნებული ვარ, იგი მალე იხილავს დღის სინათლეს. მჯერა, რომ ექსპრეზიდენტი თავად გამართავს ამ წიგნის პრეზენტაციას და მის მკითხველს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ავტოგრაფიან წიგნს არ დავაყვედრით.

ვინ არის აღნიშნულის ინიციატორი და რატომ ვერ მოხვდა გასაყიდი წიგნების ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წიგნი, ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ „ბიბლუსს“ დაუკავშირდა.

როდესაც ავუხსენით, რა გვაინტერესებდა, ოპერატორმა მაშინვე სხვაგან გადაგვამისამართა:

_ „ბიბლუსის“ მენეჯერს როგორ დავუკავშირდე?

_ რა სახის კითხვა გაქვთ?

_ მაინტერესებს, რატომ არის დასაწყობებული მიხეილ სააკაშვილის წიგნი „ძალის გამოღვიძება“ და რატომ არ ჩაეშვა იგი გასაყიდად?

_ ჩვენს ოფისთან დაგაკავშირებთ და ისინი შეძლებენ, თქვენს კითხვას უპასუხონ.

ამის შემდეგ ვრეკავთ კონკრეტულ ნომერზე, რომელიც „ბიბლუსის“ ოპერატორმა მოგვაწოდა, თუმცა „ბიბლუსის“ ოფისის ნაცვლად „მედია პალიტრაში“ აღმოვჩნდით.

კითხვა ამ შემთხვევაშიც უცვლელად დავტოვეთ, _ რატომ არის დასაწყობებული მიხეილ სააკაშვილის წიგნი და რატომ არ ჩაეშვა იგი გასაყიდად?

_ „ბიბლუსმა“ გადმოგრთოთ აქეთ? „პალიტრაში“ გადაგამისამართებთ და იქ იკითხეთ.

_ აბა, ახლა სად ვრეკავ?

_ ეს არის მიმღები და მე გადაგრთავთ „პალიტრა L“-ში.

რამდენიმე წუთით ლოდინის შემდეგ ზარი გაწყდა. ისევ ვრეკავთ „მედია პალიტრაში“ უკვე თხოვნით, რომ პრესსამსახურის ნომერი მოგვცენ, პასუხი მეტად უცნაური აღმოჩნდა.

_ არავინ მპასუხობს, იქნებ, დამეხმაროთ მენეჯერის ან პრესსამსახურის ნომრით.

_ დისტანციურ მუშაობაზე არიან გადასულები და, ალბათ, უკვე წავიდნენ. პრესსამსახურის ნომერს ვერ მოგცემთ, კონფიდენციალურია.

_ გიკავშირდებით მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-დან, ჟურნალისტი ვარ და პრესსამსახურის ნომერი მიუწვდომელია? _ აქ უკვე დუმილია და საქმეში ერთვება ვინმე პაპუნა, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, უნდა მომცეს თუ არა პრესსამსახურის ნომერი. პაპუნაც ეუბნება, რომ არ უნდა მომცეს (ეს საუბარი ისე მიმდინარეობს, რომ ყურმილის გადადება დაავიწყდათ და ჩვეულებრივ ისმის საუბარი), ზარი ისევ ითიშება.

ამის შემდგომ რამდენჯერმე ვეცადეთ დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებს აღარავინ პასუხობს.

ფაქტია, რომ „ბიბლუსი“ კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს და განმარტებებს არ აკეთებს.

უფრო მეტი წიგნის შესახებ

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნში ვკითხულობთ: „ვუძღვნი უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ ყველა უკრაინელსა და ქართველს, საქართველოსთვის დაღუპულ ქართველსა და უკრაინელს“.

წიგნის ქართულენოვანი ვერსია საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნში ექსპრეზიდენტი თავად საუბრობს თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ, იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე. წიგნში ასევე არის საუბარი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, არამედ წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისთვის. უახლოეს მომავალში წიგნი საქართველოში გაიყიდება.

მანამ, სანამ „ძალის გამოღვიძება“ კვლავ დაუბრუნდება დახლებს და მკითხველი შეძლებს მის შეძენას, გთავაზობთ მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მესამე პრეზიდენტის წიგნიდან.

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე, ამონარიდი წიგნიდან

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მერე ჭორები არ წყდებოდა. მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრია, დეტალები მოყვა მხოლოდ წიგნში „ძალის გამოღვიძება“:

„ერთხელ ჩემთან ჟვანიას ცოლი მოვიდა და მეუბნება: „მე თქვენ არ გადანაშაულებთ, მაგრამ ვიცი, რომ ზურაბს, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ჰქონდა ფული და მე დაბრუნება მინდა ფულის ნაწილის მაინც“. ვუპასუხე, რომ მეც პოლიტიკოსი ვიყავი, მაგრამ ფული არ მქონდა. ამაზე მითხრა, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჟვანიას რამდენიმე მილიონი დოლარი მისცეს. მან მცველზე მიიტანა ეჭვი. ამის შემდეგ ნინო ჟვანიასთან ურთიერთობის სურვილი გამიქრა და, მგონი, აღარც შევხვედრივარ. 2012 წელს ივანიშვილმა ჟვანიას ძმა საარჩევნო სიაში შეიყვანა. სწორედ მაშინ ააგორეს ვერსია, რომ ზურაბი მე მოვკალი, _ თურმე, მას საფერფლე ვესროლე, თუმცა არ ვეწევი და არც საფერფლეები მაქვს კაბინეტში. კარგი, _ ვუთხარით ჩვენ, _ თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ჟვანია საფერფლითაა მოკლული, ექსჰუმაცია ჩაატარეთ. მათ ეს არ გააკეთეს, ვინაიდან მშვენივრად იცოდნენ, რომ ეს სიმართლე არ იყო“, _ წერს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი წიგნში „ძალის გამოღვიძება“ საუბრობს 2008 წლის ომის დროს გავრცელებულ ფოტოზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ომის დროს მუდმივად პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი. იმ დაძაბულ ვითარებაში ვეღარ გავაკონტროლე, როდის იყო კამერა ჩართული და როდის _ არა. ჩემს კაბინეტში ერთ-ერთ მომენტში, როდესაც ჰალსტუხს ვღეჭავდი, ეტყობა, ოპერატორმა გადამიღო და ამას მოაბეს დამაკნინებელი ვერსიების წყება. ვინც ჩემ მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი, იმათაც დაიჯერეს, თითქოს რაღაც ძალიან რთული სატელეფონო საუბარი მქონდა.

ახლა ნამდვილად არ მახსოვს, ვის ველაპარაკებოდი, რადგან სატელეფონო კავშირები არ წყდებოდა, არ წყდებოდა მკაცრი საუბრები და ასეთ სიტუაციაში ხშირად შეიძლება მოეშვა, მით უმეტეს, როცა ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩნდები, რუსეთმა კი ეს კადრი, როგორც ჩასაფრებულმა, ძალიან მოხერხებულად და აქტიურად გამოიყენა BBC-ის დახმარებით“, _ წერს მიხეილ სააკაშვილი წიგნში „ძალის გამოღვიძება“.