ნიკა ჩიტაძე: „თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყო, ეს მესამე მსოფლიო ომი იქნება“
ნენე ინჯგია
გასულ კვირას საპარლამენტო ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიციის თქმით, ამის საფუძველი გახდა „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, თქვა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფის ინტერესი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. საბოლოოდ, რეზოლუციის ტექსტში რუსეთი და რუსული აგრესია ნახსენები არ არის.
რაზე მეტყველებს აღნიშნული ფაქტი? ატარებს თუ არა „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას? რა საშიშროების წინაშე დგას საქართველო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში?
„ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრება:
_ ბატონო ნიკა, ვითარება უკრაინასა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბულია და ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო რადიკალური ნაბიჯები იდგმება. რამდენად დიდი ალბათობაა იმისა, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს?
_ შესაძლებელია, რამდენიმე ვარიანტი განვიხილოთ: 1. პესიმისტური სცენარის მიხედვით, არსებობს შანსი, რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ის, რომ პუტინის აზრით, დღეს დასავლეთი დასუსტებულია. დასუსტებაში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის მოკავშირეებთან ერთად მოუწია ავღანეთის დატოვება, რაც, ფაქტობრივად, ითვლება დასავლეთის დამარცხებად. აქედან გამომდინარე, რუსეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთი არ არის ისეთი ძლიერი, მით უმეტეს, როცა ფაქტია: უკრაინის საზღვრებთან რუსეთს ჰყავს განთავსებული 100 000-კაციანი კონტინგენტი და არა დასავლეთის ქვეყნებს. დასავლეთმა თუ სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინელებს, კონტინგენტის გადმოსასროლად დიდი ხანი დასჭირდება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, _ რატომ შეიძლება სურდეს პუტინს ომი? პუტინის აზრით, ფაქტობრივად, პოსტსაბჭოთა სივრციდან თუ ბალტიისპირეთს არ ჩავთვლით, უკრაინა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მისი გავლენის სფეროში არ არის მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ასევე მხარს უჭერს სეპარატიზმს აღმოსავლეთ უკრაინაში, ხელისუფლება მაინც ვერ შეიცვალა და რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკური გუნდი ვერ მოვიდა უკრაინის სათავეში. საქართველოში რუსეთმა მიაღწია მიზანს, _ იმის გარდა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია, დღეს აქ რუსეთისთვის მისაღები ხელისუფლებაა. უკრაინაში კი რუსეთს, შესაძლოა, ხელისუფლების შეცვლა სურდეს. 2. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორი რატომაც შეიძლება რუსეთს უკრაიანსთან ომი სურდეს, არის ის, რომ აცნობიერებს, თითქოს, ევროპა ეკონომიკურად დამოკიდებულია ენერგეტიკული თვალსაზრისით მასზე, რადგან 200 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხორციელდება ყოველწლიურად. სხვა ფაქტორებიც შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ეს არის ძირითადი ფაქტორები, რატომაც შესაძლოა, რუსეთს ომი სურდეს.
მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება განვიხილოთ, თუ რატომ შეიკავებს რუსეთი თავს ამ ნაბიჯისგან: მიუხედავად რუსეთის გარკვეული სურვილისა, რომ ომი დაეწყო, დაინახა დასავლეთის მხრიდან სიმტკიცე და დასავლეთმაც გადასცა მნიშვნელოვანი შეიარაღება უკრაინას. მათ შორის, უკრაინის არმიის განკარგულებაშია დიდი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ასევე 2 ათასზე მეტი ყუმბარმტყორცნი, გარდა ამისა, მართვადი რაკეტები და მათი გამშვები დანადგარები. ამ ყველაფერს ემატება დასავლეთის სიმტკიცე! დასავლეთი გააქტიურდა, რადგან იგი უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს. უკვე განიხილება საკითხი, რომ რუსეთი გამოვიდეს „სვიფტის“ საბანკო სისტემიდან, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთის საბანკო სისტემასა და ეკონომიკას დიდ პრობლემას შეუქმნის. გარდა ამისა, ყატართან მიმდინარეობს საიდუმლო მოლაპარაკებები, რომ ყატარიდან ევროპაში გაიზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ომი არ დაიწყოს. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინი დილემის წინაშეა. ერთი მხრივ, თუ დაიწყებს ომს, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, იმ ტიპის პრობლემები შეექმნება, ანუ ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის. ომი გაიწელება, შესაბამისად, რუსეთი მიიღებს ახალ ავღანეთს და თუ პუტინი ომს არ დაიწყებს, ეს ჩაითვლება დასავლეთის გამარჯვებად პუტინის პრესტიჟის შელახვად. პრინციპში, პუტინი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას, ამიტომაც არსებობს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, ფართომასშტაბიანი ოპერაციები არ დაიწყოს, მაგრამ რუსეთმა გააძლიეროს სეპარატისტების მხარდაჭერა დონეცკისა და ლუგარსკის ოლქებში, _ ეს იქნება ამ შემთხვევაში უფრო შესაძლო ქმედება რუსეთის მხრიდან. ამას დაემატება კიბერშეტევები უკრაინის წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, ეს სამი ძირითადი სცენარი შეიძლება განვიხილოთ და თითოეულის გამართლება, რაღაც საფუძველზე არის დაფუძნებული იმ მიზეზებზე, რაც მოგახსენეთ. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ომი დაიწყო, ეს ფაქტობრივად ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. ეს არ იქნება ომი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს იქნება ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, _ ღმერთმა დაიფაროს! თუმცა გამორიცხული არაფერია და რაც გითხარით პირველი ვარიანტი, არსებობს შესაძლებლობა, რომ ომი დაიწყოს.
_ დამეთანხმებით, რომ არსებული სიტუაცია დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გათვალისწინებით?
_ რუსეთი, გარკვეულწილად, შეეცდება, რომ საქართველოზე ზეწოლა გაზარდოს. მათ შორის, ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს საქართველოში პრორუსული ძალების წახალისებასთან. პრინციპში, „ქართული ოცნება“ რუსეთისთვის მისაღები ძალაა, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული პრორუსული ძალები გააქტიურდნენ ოპოზიციაზე ზეწოლისთვის, რომელთა უკანაც „ქართული ოცნება“ იდგება. რა თქმა უნდა, მმართველი ძალა ამას უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ჯგუფები არსებობს. თითქოს ვითომ რელიგიური ჯგუფები, ვთქვათ, იგივე ვასაძის პარტია და სხვები. ამ ჯგუფებს გამოიყენებენ შიდა არეულობისთვის, ოპოზიციაზე ზეწოლის მოსახდენად, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეირყეს, როგორც ეს მოხდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს. ასევე საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელია კიბერშეტევები. ამ ყველაფერს კი დაემატება საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რამდენიმე ადგილას უკვე ამის მცდელობა ჰქონდა რუსეთს, იგივე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან ეცადნენ ამას. ასევე იქნება საქართველოს რუსეთზე, გარკვეულწილად, ეკონომიკური დამოკიდებულება, რადგან ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ტრანზიტის უდიდეს ნაწილს საქართველო რუსეთთან ახორციელებს. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი არის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. საქართველოში წარმოებული ღვინის 60%-ზე მეტი რუსულ ბაზარზე რეალიზდება: 2021 წელს საქართველომ სულ 109 მილიონი ბოთლი ღვინო აწარმოა, რომლის 60% სწორედ რუსულ ბაზარზე რეალიზდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ყოველთვის დააშანტაჟებს საქართველოს. შეიძლება, პირდაპირი განცხადება არ იყოს, მაგრამ დააშანტაჟებს იმით, რომ ბაზარს ნებისმიერ დროს ჩაკეტავს საქართველოსთვის. შესაძლოა, შანტაჟი იყო ანაკლიის პორტის პროექტის შემთხვევაში, როცა იგი ჩაიშალა. ასევე ნამახვანჰესის მშენებლობაც, რომელიც პრორუსული ძალების გააქტიურების შედეგად ჩაიშალა. ეს არის ძირითადი საფრთხეები, რაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ემუქრება. ყველაზე უარესი კი შეიძლება იყოს ის, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდეს და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტოს და საქართველო ხერხემალში გადატეხოს. შესაძლოა, რუსეთს არც დასჭირდეს თბილისში შემოსვლა.
_ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები?
_ რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები რეზოლუციაში, _ როდესაც იქ საუბარია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, მის სუვერენიტეტსა და ა. შ., არ არის ნაჩვენები, კონკრეტულად ვინ ემუქრება უკრაინას. არ ჩანს, რომელი სახელმწიფო ემუქრება უკრაინას. თავდაპირველად იყო განცხადებები, რომ რუსეთი რეზოლუციის პროექტში მოიაზრებოდა, მაგრამ შემდეგ ეს შეიცვალა და რუსეთი საერთოდ ამოიღეს. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა დაურეკა „ოცნების“ ხელმძღვანელობას და უთხრა, რომ რეზოლუციის ტექსტიდან რუსეთი ამოეღოთ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ვიღაც რუსეთის ინტერესებს ლობირებს „ქართული ოცნების“ შიგნით და ფაქტია ისიც, რომ რეზოლუციაში თავიდან რუსეთზე უნდა ყოფილიყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ რეზოლუციის ტექსტში არ არის იგი ნახსენები. ეს უკავშირდება შიშს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ. ვიმეორებ, ეს არის დაშანტაჟების შიში, რომ რუსეთი საქართველოსთვის ეკონომიკურ ბაზარს ჩაკეტავს და საოკუპაციო ხაზს კიდევ უფრო გადმოსწევს. ფაქტობრივად, ქართულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს, არავინ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს ომი გამოვუცხადოთ. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ეს არგაღიზიანების პოლიტიკა კი არა, კაპიტულანტური პოლიტიკაა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილი რომ აცხადებდა, საქართველომ დაიწყო ომიო, თითქოს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პროვოკაციის შედეგად შემოვიდა რუსეთის ჯარები საქართველოში. ივანიშვილს არ სჯეროდა, რომ რუსეთის ინტერესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის უკვე კაპიტულანტური პოლიტიკა და არა არგაღიზიანების. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება არსებობს. საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, თავისი მოკავშირეების დახმარებით, დიპლომატიური არხებით ცდილობს, რომ გარკვეულწილად თავიდან აიცილოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საინფორმაციო ხასიათის საფრთხე, _ ეს არის არგაღიზიანების პოლიტიკა, მაგრამ მეორე არის კაპიტულანტური, როცა რუსეთისთვის სასარგებლო და მაამებელი განცხადებები კეთდება, მაგალითად ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, პირველმა საქართველომ დაბომბა ცხინვალი და, ფაქტობრივად, რუსეთს ამართლებენ, თან აცხადებენ, რომ ოკუპაციის შედეგი არის წინა ხელისუფლების პროვოკაციები, რომელიც თითქოს მათ მოაწყვეს. კაპიტულანტური არის პოლიტიკა, როცა საქართველოში აღარ ხორციელდება სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, მაგალითად ისეთი, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელსაც შეეძლო 40-დან 100 მილიონამდე ტონა ტვირთის გადამუშავება ყოველწლიურად; ან იგივე ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერება, რითაც საქართველომ დაკარგა, დაახლოებით, 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია; გარდა ამისა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მეტად დასუსტდა „ქართული ოცნების“ ხელში; ასევე შეფერხდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციაზე ზეწოლა მიმდინარეობს. შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ სურდეს თავისი ძალაუფლების განმტკიცება, მაგრამ, საერთო ჯამში, აღნიშნული რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ირიბად რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. „ქართული ოცნება“ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს, როდესაც ზეწოლას ახორციელებს ოპოზიციაზე; აპატიმრებს მესამე პრეზიდენტს; დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს… და ეს ყველაფერი ქმნის კაპიტულანტურ პოლიტიკას. არ აქვს მნიშვნელობა, ამას შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად. მაგალითად, შეგნებულად აცხადებენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი… ან შესაძლოა, გაღიზიანებული იყო ღარიბაშვილი და ამ ფონზე პასუხი გასცა ევროპარლამენტარებს, რომ მათ კრიტიკული შენიშვნა გამოხატეს ქართული ხელისუფლების მიმართ, _ ამ ყველაფრით საქართველო დასავლეთს შორდება, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება თუ არა, მაინც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო. თქვენი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკა მიზანმიმართულია?
_ ძირითადად ეს არის მიზანმიმართული, მათ შორის, განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო! რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ვერც აცნობიერებენ, ისე ამბობენ. თავად უნდათ ძალაუფლების გამყარება და აშინებენ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში კი ირიბად რუსეთს უახლოვდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების დაკნინებით შორდებიან დასავლეთს. გავიხსენოთ 5-6 ივლისის მოვლენები, კორცხელის ინციდენტი, 2015 წელს განხორციელებული თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობის“ 19 ოფისზე ერთდროულად.
_ გასულ კვირას NDI-ის („ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“) კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, შემცირებულია პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი და მოსახლეობის 40%-ზე მეტისთვის არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. რაზე მიანიშნებს კვლევის შედეგები და რამ განაპირობა მოსახლეობის ნიჰილიზმი?
_ ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ აგიტაციით, პროპაგანდით, რომელმაც „ოცნებისთვის“ მოიტანა შედეგი და არა საქართველოსთვის. ვგულისხმობ იმას, რომ 10 წლის განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ შეგნებულად ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციას, მათ შორის, ციხის კადრებით, ამბობდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სისხლიანი რეჟიმი იყო და ა. შ., ამან, გარკვეულწილად, იმუშავა და ბუნებრივია, საქართველოს მოსახლეობის ნაწილს არ სურს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში ან ოპოზიცია მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რადგან ოპოზიცია, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება. თავიდან ეს რიტორიკა კარგად მუშაობდა და „ოცნების“ რეიტინგმაც მოიმატა. მაგალითისთვის დაგისახელებთ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 54% მიიღო, ორ თვეში კი აგიტაცია-პროპაგანდის შედეგად მათმა რეიტინგმა 63%-ს მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 6 თვის შემდეგ 60%-ზე მეტი მიიღო. გარკვეულწილად, „ოცნებას“ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან გამოაჩინა თავისი თავი, რომ ის ვერ თუ არ აპირებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, ამიტომ „ოცნების“ რეიტინგი დაეცა წლების განმავლობაში და ახლა მინიმუმდეა დასული: 2013 წლის დასაწყისში 60%-ს აჭარბებდა, დღეს კი 24%-ია, ანუ ჩვენ დავინახავთ, რომ „ოცნება“ ბევრს არ უნდა, მაგრამ, ამავე დროს, აგიტაცია-პროპაგანდის შედეგად, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, ვხედავთ, რომ ხალხს არ უნდა არც „ნაციონალური მოძრაობა“. 40%-ზე მეტს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას უჭერს მხარს. მაგალითად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ გამოცხადდა ხმის მისაცემად. ეს არის რეალობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი წარმოაჩინა, როგორც არაპროგრესულმა და ანტიეროვნულმა ძალამ და ხალხს არ უნდა „ოცნება“, მაგრამ ბევრს არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“. ერთია „ოცნების აგიტაცია-პროპაგანდა, მეორეა რას უპირისპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს. ფაქტია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაუპირისპირა თავისი საინფორმაციო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მათი მმართველობის 9 წლის მანძილზე შეცდომები იყო, შეიძლება, მათ შორის, ციხეებშიც ხდებოდა რაღაც, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ბევრი კარგი კეთდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჭორების გასაფანტად არ იმუშავა, მას მოსახლეობისთვის უნდა აეხსნა, რომ თუ ციხეში ვიღაცას სცემდნენ, ვერ მტკიცდება ის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბადრაგს ურეკავდა და ვინმეს ცემას უკვეთდა. იგივე ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე მოსახლეობას უნდა შეახსენონ ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს დასკვნა და ა.შ, ბევრი თემის ასახსნელად არ იმუშავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შესაბამისად, ის აგებს საინფორმაციო პოლიტიკას. იგივე 7 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და გადადგა, მაშინ, როცა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს, ვინც დარბევისა და მოსახლეობისთვის ტყვიების სროლის ბრძანება გასცა, ის დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ იმუშავა. 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვიყავი შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან, რომელიც მაშინ პარტიის გენერალური მდივანი იყო. ის ექსპერტთა ჯგუფს შეგვხვდა _ დაახლოებით, 10 ექსპერტი ვიყავით. იმის შემდეგ არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, რომ მოესმინათ ჩვენი მოსაზრება. გარკვეულწილად, ჩვენც და მოსახლეობასაც უნდა მოგვისმინონ. მე პირადად მოსახლეობის ნაწილი ვარ. რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მოუსმინონ, ვინ რა უკმაყოფილებას გამოთქვამს, ვინ რას იტყვის და ა. შ., რადგან კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტაბილური ელექტორატი შეინარჩუნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
_ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ახსენეთ და ამ ვითარებაში თითქოს უკრაინას მისთვის აღარ სცალია. გარდა ამისა, აღარ არის მისი პატიმრობა მთავარი თემა. ამ გადმოსახედიდან, საქართველოში მისი დაბრუნება შეცდომა იყო?
_ პირადად წინააღმდეგი ვიყავი საქართველოში მისი ჩამოსვლის. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდი მის ჩამოსვლას, ოღონდ არა ამ ეტაპზე. ყოველთვის ვაცხადებდი, რომ უნდა შექმნილიყო შესაბამისი წინაპირობა, რომ დაბრუნებულიყო. ეს წინაპირობა ჯერ არ იყო და თან, გარკვეულწილად, უკრაინაში თავისი მოღვაწეობით ბატონ მიხეილს დამარცხებული ჰყავდა „ქართული ოცნება“. ის იდევნებოდა საქართველოში და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დასრულდა, მაგრამ რეალურად პირიქით იყო, _ ბატონი ზელენსკი მას ენდო, მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა. გარდა ამისა, ბატონ მიხეილს იწვევდნენ სხვადასხვა ფორუმზე, სხვადასხვა ქვეყანაში, ყველგან ჩანდა და ამით მას დამარცხებული ჰყავდა „ქართული ოცნება“. ამიტომაც, გარკვეულწილად, წინაპირობა უნდა ყოფილიყო მისი დაბრუნებისთვის. ვგულისხმობ საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას, რაზედაც ვისაუბრე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კუთხით უნდა იმუშაოს.
საბოლოო ჯამში, დღეს პრობლემაა, რომ უკრაინას იმდენად არ სცალია მიხეილ სააკაშვილისთვის. სამწუხარო რეალობა გვაქვს. რუსეთს, რა თქმა უნდა, უხარია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის.