სამხედრო ჰოსპიტალიდან გაშვებულების საქმე სასამართლოში გაგრძელდება
თამარ ოქრუაშვილი
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან განთავისუფლებული თანამშრომლების საქმე სასამართლოში გაგრძელდება. რამდენიმე კვირის წინ დაწესებულებიდან, მიზეზის აუხსნელად, 20-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. გაშვების მოტივი არცერთ მათგანს არ განუმარტეს.
განთავისუფლებულების ნაწილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა. უმეტესობა ამბობს, რომ მათი მოხსნის მიზეზი პოლიტიკურია. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მაშინვე მიმართა ჰოსპიტალის ადმინისტრაციას. ისინი ითხოვდნენ მიზეზს, თუ რატომ გაუშვეს ხალხი შეუტყობინებლად სამსახურიდან, ასევე შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლის განმარტებას და იმ თანამშრომლების მუშაობის ისტორიას, რომლებიც უმუშევრები დატოვეს.
ჰოსპიტალის კურიოზული პასუხი მიიღო ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა და სარჩელისთვის მზადებაც დაიწყო. როგორც იურისტი ამბობს, განთავისუფლებულების ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილს კი უთხრეს, რომ ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, ერთის შემთხვევაში მიზეზი არ დამალეს და განუმარტეს, რომ იგი მისი მეუღლის ოპოზიციური განცხადებების გამო გაათავისუფლეს:
„ამ წუთში ვამზადებ ამ სარჩელებს, დასაბუთება მოგვივიდა, რომ ხელშეკრულება დაუმთავრდათ და მაგიტომ გავათავისუფლეთო, სხვა დასაბუთება არაფერი აქვთ, შესაბამისად, წარვადგენთ სასამართლოში. ეს ადამიანები მუდმივ თანამშრომლებად ითვლებოდნენ და მითითება იმაზე, რომ ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და მაგიტომ გაათავისუფლეს, პირდაპირ ნიშნავს, რომ უკანონოდ არიან განთავისუფლებულები. მათ ყოველწლიურად უახლებდნენ ხელშეკრულებას, მაგრამ კანონი ამბობს, რომ სამჯერ რომ დაგიდებენ ერთწლიან ხელშეკრულებას, უვადო თანამშრომლად ითვლები, მაგრამ ესენი ისევ აგრძელებენ ვადის დადებას, რადგან ბერკეტი ჰქონდეთ, რომ ნებისმიერ დროს გაუშვან თანამშრომელი და სათქმელი ჰქონდეთ ის, რასაც ახლა ამბობენ. ოთხ სარჩელს გავამზადებ. როგორც მოგვწერეს, 11 კაცი გავუშვითო, თუმცა თანამშრომლები მეუბნებიან, ნაწილი დააბრუნესო. მათი ვინაობის გამხელის უფლება არ მაქვს, პირდაპირ არაფერი უთქვამთ, თუმცა ერთს უთხრეს, შენმა მეუღლემ კრიტიკული კომენტარი რომ გააკეთა მთავარ არხზე, აბა, რა გეგონაო? არიან ისეთებიც, რომლებიც მოხსნის მოტივად ასახელებენ მათი ახლობლების გადასვლას „ოცნების“ ექსმაღალჩინოსან გახარიას პარტიაში“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ლექსო მერებაშვილმა.
განთავისუფლებული კონტინგენტი მუშაობდა ადმინისტრაციაში, სამედიცინო სერვისების რეგისტრაციასა და სახიფათო ნარჩენების პასუხისმგებლობის განყოფილებაში.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სარჩელი საპასუხოდ ისევ ჰოსპიტალს გადაეგზავნება, შემდეგ კი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება. სამხედრო ჰოსპიტალიდან გაუშვეს დირექტორიც, რომელიც მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეზე ტორტის მირთმევის გამო დასაჯეს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „რეჟიმი სახეს აჩვენებს“.