გზა დიადემიდან _ ემიგრაციამდე _ რა ხდება, როცა ხელისუფლება პროფესიონალს ბლოკავს?!

გიორგი საკარული

გზა დიადემიდან _ ემიგრაციამდე. იულია მორგუნოვა, საქართველოში პირველი პლუს ზომის მოდელია. მან შეძლო და საქართველოში სილამაზის საერთაშორისო კონკურსიდან „ Top of the World Plus Size “ საქართველოს გვირგვინი ჩამოუტანა. იულია კონკურსზე საკუთარი ხელით შექმნილი ეროვნული სამოსით წარდგა, რამაც ლატვიაში ერთხმად აღიარებინა ყველას, რომ ქართველი კონკურსანტი საუკეთესო ეროვნული სამოსით იყო წარმოდგენილი.

სამოდელო სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, იულიას პროფესიულ ცხოვრებაში სირთულეები და წინააღმდეგობები დაიწყო.

რატომ უბლოკავდა პროექტებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება? როგორ იხსენებს კონკურსს, რომელშიც ვიცე მისის ტიტული მოიპოვა? რას გეგმავს ემიგრაციაში მყოფი დიზაინერი?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს დიზაინერი იულია მორგუნოვა ესაუბრება:

_ მე ვიყავი პირველი, ვინც საქართველოს გვირგვინი ჩამოუტანა საერთაშორისო კონკურსიდან. ეს კონკურსი ჩატარდა ლატვიაში 2014 წელს. კონკურსს ჰქვია: Top of the World Plus Size “.

_ როგორ აღმოჩნდით ამ კონკურსში?

_ სანამ ამ კონკურსში მონაწილეობას მივიღებდი, ჩემი საქმიანობით ვიყავი დაკავებული. დიზაინერი ვარ და ამ სფეროში აქტიურად ვმოღვაწეობდი. მქონდა ჩემი სახელოსნო. პირველი ფასჰიონ წეეკ რომ ჩატარდა, ბევრ გოგონას რეკომენდაცია მე გავუწიე, იმიტომ, რომ მათთან ვმეგობრობდი. 2011 წელს ღონისძიებების საუკეთესო ორგანიზატორი გახლდით. 2013 წელს „ Kids fashion week georgia “-ს გრანპრის მფლობელი გავხდი, 2015 წელს კი საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე მიმიწვიეს ჟიურის წევრად. სწორედ ამ ფესტივალზე გავიცანი საერთაშორისო კონკურსის რამდენიმე ორგანიზატორი. მათ შორის კი „ Miss Universe “-ს დამფუძნებელი მეგი სავოვა. ეს ქალბატონი ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მასთან ძალიან პოზიტიური და მეგობრიული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დღემდე ვმეგობრობთ. გარდა ამისა, ამ საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და მათ შემომთავაზეს, საქართველოდან ამ კონკურსის ნაციონალური დირექტორი ვყოფილიყავი, ამას ბიზნესის თვალსაზრისით ფრანშიზა ჰქვია, ანუ მომცეს კონკურსის ფრანშიზა. ამავე ფესტივალზე მითხრეს, რომ გარეგნობა ხელს გიწყობს, მეზობელ ქალაქში კონკურსი ტარდება და მონაწილეობა მიიღეო. ჩემთვის ეს ცოტა არასერიოზული იყო, რადგან ჟიურის წევრი ვიყავი და უცებ კონკურსანტი გავხდი. ეს ძალიან მოულოდნელი იყო და თამაშის სახე ჰქონდა, ამიტომ არასერიოზულად მივიღე.

კონკურში 30 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მე კი თავიდან არასერიოზულად მივუდექი ამ კონკურსს. თან, ნოემბერი იყო, მე მზე და გარუჯვა მინდოდა, ამის გამო ხშირად ვაცდენდი რეპეტიციებს, ამიტომ ჩემზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ Miss Universe “-ს (ზოგადად, ასეთ კონკურსებში სახელით არ მოგმართავენ, იმ ქვეყნის სახელს გეძახიან, რომელსაც წარმოადგენ კონკურსზე) უეჭველად ნაყიდი აქვს ეს კონკურსი, ამიტომაც არის არხეინადო. საბოლოოდ კი კონკურსზე ორი ტიტული ავიღე: მის ექსტრავაგანტობა და მის მეგობრობა. 2016 წელს Pლუს ში-ზე ქალბატონებმა რევოლუციური განაცხადი გააკეთეს: _ ძირს სტანდარტები, ჩვენც ლამაზები ვართ! ქალბატონმა ქრისტინა ლინდენბლატმა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია, გადაწყვიტა, ჩაეტარებიან კონკურსი „ Top of the World Plus Size “. ქალბატონმა ქრისტინამ მთხოვა, _ წარმომადგენელი დელეგატი მინდა საქართველოდანო. ქასთინგი გამოვაცხადე როგორც „Facebook-ით“, ასევე ტელევიზიითაც, თუმცა ქართველებს, როცა ნორმალურ წონაზე არიან, მაშინ არ უნდათ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა და განსაკუთრებით დიდი ზომის გოგოებს არ ენდომებოდათ და მეც, შესაბამისად, არავინ შემეხმიანა, ამიტომ გადავწყვიტე, თავად მიმეღო მონაწილეობა.

_ გასაგებია, რომ ქართველმა გოგონებმა არ გამოთქვეს კონკურსში მონაწილეობის სურვილი. საინტერესოა, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, თავად მიგეღოთ მონაწილეობა?

_ მთელი ცხოვრება წონასთან მქონდა პრობლემა: ხან ვხდებოდი, ხან ვიმატებდი, ამიტომაც გადავწყვიტე, თავად ვყოფილიყავი ამ კონკურსის მონაწილე. იმისთვის, რომ კონკურსით გათვალისწინებული პარამეტრები დამეკმაყოფილებინა, წონაში მომატება დამჭირდა, _ მოვიმატე 10 კგ-ზე მეტი. იმ პერიოდში „როველსის“ პროდიუსერი ვიყავი, უკრაინაში მომიწია წასვლა და მანდ იმდენს გვაჭმევდნენ, რომ წონაში მომატება არ გამიჭირდა. რეალურად, თითქმის ყველა ქალი ცდილობს წონაში დაკლებას, მე კი პირიქით გავაკეთე, გავრისკე, ყველაფერში უკუღმართი ვარ, მათ შორის, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

_ გარდა იმისა, რომ წონაში მოიმატეთ, რა ტიპის მომზადება დაგჭირდათ კონკურსისთვის?

_ ვარჯიშის შემდეგ თუ წონაში დაკლება გინდა, არაფერს ჭამ, მე კი პირიქით ვაკეთებდი, _ სწორედ ვარჯიშის შემდეგ ვჭამდი, წონაში რომ მომემატა. კარგი ფორმები მაქვს, როცა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, შურით სკდებიან (იცინის). 

_ ძალიან ბევრ ქალს, მათ შორის, მოზარდებსაც აწუხებთ წონის პრობლემა და ზოგი მათგანი ამას ძალიან განიცდის. თქვენი პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა. რას ეტყოდით მათ?

_ ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ბუნებრივად ხართ, იმიტომ, რომ ყველაფერი ტვინიდან მოდის. როცა ვაიძულებთ საკუთარ თავს, დიეტაზე ვიყოთ, პირველი ორი თვე გვაქვს შედეგი, თუმცა შემდეგ ტვინს რაც აკლდება, იასკეცებს, ამიტომაც ასეთ დროს შესაძლოა, ორმაგად მოიმატო. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა ტვინზე. ქალბატონებსა და მოზარდებში, ადრე თუ გვიან, დადგება ის წუთი, როცა მიხვდებიან, რომ საკუთარი თავი მიიღონ და უყვარდეთ ისეთი, როგორებიც არიან. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა აღნიშნა კიდეც, შენ გაქვს სურვილი და ოცნება, რომ წონაში დაიკლო, მაგრამ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ის, თუ რისთვის გინდა, _ ეს არის ნამდვილად შენი ოცნება, თუ გინდა, ამით დააკმაყოფილო საზოგადოება. ეს ორი სხვადასხვა მიზანია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ადამიანებს ეკონომიურად ძალიან უჭირთ. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი სწორად და ხარისხიანი პროდუქტებით იკვებება, ის არასდროს იმატებს წონაში, ის სეგმენტი იმატებს წონაში, რომელიც არასწორად იკვებება. მე რესტორატორი ვარ და კარგად ვიცი კვების თემა.

_ სილამაზის კონკურსს რომ დავუბრუნდეთ, რა სირთულეები ახლდა მას თან?

_ პირველი სირთულე ის გახლდათ, რომ პლუს ზომის სამოსი საერთოდ არ იშოვება. ჩემი პლუსი იყო ის, რომ მე დიზაინერ ვარ და აბსოლუტურად ყველა სამოსი თვითონ შევქმენი კონკურსისთვის. ლატვიაში პრესაში ყველა წერდა, რომ საუკეთესო ეროვნული სამოსი მე მეცვა და იგი თავად შექმნაო. საბოლოოდ კი ამ კონკურსზე პირველი „ვიცე მისის“ ტიტული მოვიპოვე.

_ ასეთი ტიპის კონკურსებს ხშირად აქვს პოლიტიკური დატვირთვა. ეს თუ იყო შესამჩნევი და ელოდით გამარჯვებას? რამდენად ემოციური დღე იყო?

_ 25 კონკურსანტიდან ორი რუსეთიდან იყო, _ ერთი მის რუსეთი, მეორე კი მის ციმბირი. გარდა ამისა, კონკურსზე რუსეთი და უკრაინა ებრძვიან ერთმანეთს დიადემის მოსაპოვებლად. ამ ქვეყნებს ყოველთვის აქვთ კარგი დაფინანსება, მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ამ კონკურსზე მათ გვირგვინი არ აუღიათ. გრანპრი აიღო სინგაპურმა, ხოლო პირველი დიადემა მე ავიღე, მეორე _ ლატვიამ, მესამე _ ბელარუსმა. ეს ისეთი პოლიტიკური ომი იყო, რომ პირდაპირი კონფლიქტი მქონდა რუსეთის ნაციონალურ დირექტორთან, მაგრამ იმდენად ვიყავი მზად, რომ გამკლავება შევძელი. მართლაც, ეს იყო უხილავი ფსიქოლოგიური ომი, სადაც საქართველომ გაიმარჯვა. ძალიან ამაღელვებელი წამი იყო, როცა საქართველოს დროშა გავშალე. შემდეგ პრიზებზეც მეკითხებოდნენ. ეს პრიზები საერთოდ დამავიწყდა. იმავე ღამეს ვარშავაში მივფრინავდი. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო დროშის გაშლა, იმდენად საამაყო, რომ სიხარულისგან ვბღაოდი. პირველ გვირგვინს ნამდვილად არ ველოდი.

_ თქვენ, რეალურად, ამ კონკურსზე საქართველოს სახე იყავით. ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა გარკვეული მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური?

_ ძალიან საწყენია, რომ საქართველოში არც სამოდელო და არც სილამაზის კონკურსების სფეროს არც ერთმა მთავრობამ არ მიაქცია ყურადღება. ინვესტიციები და დაფინანსება ამ კუთხით არ ხდება. მერიაში პროექტი რომ შეიტანო, არ დაგიფინანსებენ. სპორტი ხომ ფინანსდება, ამ სფეროს რატომ არ აქცევენ ყურადღებას?! კონკურსზე წასასვლელად ფული მეზობლისგან ვისესხე. 2008 წლიდან ამ სფეროში ვარ, როგორც უკვე აღვნიშნე, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს არასდროს მქონია პროტექციები, ახლა რომ ნეპოტიზმია, ხდება ეს შეიძლება, მაშინაც იყო, მაგრამ მე არ შემხებია, რადგან ყველა ჩემი პროექტი, რომელიც მერიაში შევიტანე, აბსოლუტურად შეისწავლეს და დაამტკიცეს. ასეთი უამრვი პროექტი იყო. სხვათა შორის, ბორჯომის ტყე-პარკი მე უნდა გამეხსნა, როგორც ღონისძიებების საუკეთესო ორგანიზატორს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, 2012 წელს მთავრობა შეიცვალა და ეს პროექტი ჰაერში დარჩა. მანამდე, 2010 წელს, სამეგრელოში ძალიან დიდი პროექტი მქონდა, ასევე 2011 წელს წყალტუბოში, _ ეს ყველაფერი იყო იმ მთავრობის ხელშეწყობით. ჩემი ბოლო პროექტი კი 2014 წელს ლევან ხაბეიშვილმა დაამტკიცა. ამ პროექტის სახელწოდება გახლდათ „ბავშვები მშვიდობისათვის“, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ პროექტის არსი იყო, რომ ბავშვები ჩემი გაკეთებული თექით უკრაინის დროშის ფერებში გამოდიოდნენ. პროექტი მშვიდობის ხიდზე ჩატარდა.

_ გასაგებია, რომ მხარდაჭერა კონკურსზე წასვლის წინ არ გამოგიცხადეს, მაგრამ დიადემით რომ ჩამოხვედით, ამაზე თუ იყო გარკვეული გამოხმაურება?

_ არანაირი. ასეთ დროს ყველანი, ვისაც საქართველოს სახელი გაგვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები, ველოდებით, რომ ჩამოვალთ, წითელ ხალიჩას გაგვიშლიან და პრესკონფერენციას გავმართავთ. თქვენ დაწერეთ ჩემ შესახებ და ლიზა ვადაჭკორია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ თვალს მადევნებდა, მან მიმიწვია თავის გადაცემაში, კარგი ნიუსი გააკეთა, რის შემდეგაც მიმიწვია ნანუკა ჟორჟოლიანმა, კარგი საეთერო დრო დამითმო, სეზონის გახსნაზე ვიყავი მიწვეული.

_ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალიან აქტიური იყავით, ამან ხომ არ განაპირობა „ქართული ოცნების“ მხრიდან თქვენს წარმატებაზე სრული იგნორირება?

_ ძალიან გულღია და პირდაპირი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს ორივე მთავრობაში. როცა მე ამ მთავრობის რამდენიმე პროექტი შევიტანე მერიაში და ყველა დამიბლოკეს, ღიმილით მეუბნებიან, რომ მაშინ შენ ვარსკვლავი იყავიო, ახლა კი რეალურად დამჩაგრეს. ამან განაპირობა ის, რომ საქართველოდან წამოვედი. პროექტები ზედიზედ დამიბლოკეს, არადა, ეს ჩემი ცხოვრებაა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა, გარდა ამისა, ოჯახი უნდა შემენახა, შვილები, რომლებსაც მარტო ვზრდიდი. წარმოიდგინეთ, დედოფალი ჩამოდიხარ გვირგვინით და ყველგან გბლოკავენ. სამი უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული, ბოლოს დავამთავრე მენეჯმენტისა და მარკეტინგის ზედა რგოლის აკადემია, ჩემი ლექტორი აღფრთოვანებული იყო. ქართული არაა ჩემი ეთნო-ენა, მაგრამ სწორ სლოგანებს ვიმახსოვრებდი, საუკეთესო პრეზენტაციები მქონდა. ახლაც ვმეგობრობ ლექტორთან და ამ აკადემიის დამფუძნებელთან, ერთობლივი პროექტი გვაქვს, რომელიც ემიგრანტებს ეხება.

საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ სამოდელო სფეროდან სასტუმრო ბიზნესში მომიწია გადანაცვლება და დავიწყე Housekeeping-ის დეპარტამენტიდან. სამსახურში არ მიღებდნენ, _ ჩვენ გვახსოვხარ და იმ სტატუსიდან ახლა Hოუსეკეეპინგ-ის მენეჯერად როგორ წამოხვალო? სასტუმროს ბიზნესი ზუსტად Housekeeping -ის დეპარტამენტიდან უნდა დაიწყო, რადგან კარგად შეისწავლი ამ ბიზნესს. ფოოდ ანდ ბევერაგე ყველაზე მთავარი დეპარტამენტია სასტუმრო ბიზნესში, ამის შემდეგ 1 წელში ვიმუშავე განმუხურში, მაშინაც შეხება მქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვინაიდან სანდრა კენჭს იყრიდა 2019 წელს. ყოველთვის ვიყავი აპოლიტიკური, მაგრამ იმან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩემს საქმეს აქტიურად ვაკეთებდი, პოლიტიკასთან დამაკავშირეს. ძალიან დიდი გეგმები მქონდა, მე „Miss Georgia“-ს დამფუძნებელი ვარ და მინდოდა, ეს კონკურსი ჩამეტარებინა, _ ეს არის გათხოვილი ქალბატონების კონკურსი, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ვფიქრობ, რომ ქვეყანას მაინც დედა გადაარჩენს. ამიტომაც ამ პროექტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მერიაში შევიტანე. შევხვდი კალაძის მოადგილეს და, სამწუხაროდ, უარით გამისტუმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში გავლენიანი ხალხი იყო ჩართული და თითქოს, ხელს მიწყობდნენ, სინამდვილეში არაინირი ხელშეწყობა არ ყოფილა. ეს იყო ბოლო წვეთი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სელებრითი ხდება ან დიდი სიყვრულის ან დიდი სიძულვილის მსხვერპლი. ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო თანამდებობის პირი, რომლის მხრიდანაც ჩემი მისამართით განხორციელდა მუქარები. მისი ეს საქციელი აისახებოდა ჩემი შვილების მომავალსა და კარიერაზე, ამიტომ ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნიდან ჩემი წასვლისა.

_ რთული იყო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება?

_ ეს ყველაფერი უცებ მოხდა. ბანკიდან გამოვიტანე სესხი და ბილეთი ვიყიდე, თან არსებობისთვის გარკვეული თანხა მქონდა. საფრანგეთში მყავს მეგობარი, რომელიც ახლოს არის სამოდელო ბიზნესთან, მას შევთავაზე, _ სამოდელო სკოლა გავხსნათ-მეთქი. ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რივერაზე სამოდელი სკოლა გავხსენით. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ ყოფილა, ჩემს მეგობარს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და პრეფექტურაში შეიტანა მოთხოვნა, რომ სამოდელო სკოლის გახსნის უფლება მიეცათ. მე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეობის არმქონეს, ძალიან ბევრი ეტაპის გავლა მიწევს, ასე მარტივად არაფერი ხდება. თბილისში რომ ერთ დღეში შპს-ს გახსნი, აქ ასე არ ხდება, ამას სჭირდება ლოდინი. ჩვენ, ჯერჯერობით, სხვა ასოციაცია გვმფარველობს. წინ კიდევ რთული ეტაპები გვაქვს გასავლელი. შესაძლოა, საფრანგეთში ბიუროკრატიაა საბუთების მხრივ, მაგრამ როცა მოთხოვნაა მერიაში ნებისმიერი ასოციაციის მხრიდან, საფრანგეთის მთავრობა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ლოკაციას გაძლევს სრულიად უსასყიდლოდ. მაქსიმალური ხელშეწყობაა. მით უმეტეს, როცა გაიგეს, რომ საქმე ეხება მოდის ინდუსტრიას. ჩვენ გავხსენით არა სააგენტო, არამედ საბავშვო სკოლა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იურიდიულად საფრანგეთში ბავშვებზე სააგენტო იკრძალება. მას შემდეგ, რაც მეგი სავოვამ და ქრისტინა ლინდენბლატმა გაიგეს, რომ საფრანგეთში გადავედი საცხოვრებლად, ნაციონალური დირექტორის ფრანშიზა მომცეს, ოღონდ უკვე საფრანგეთიდან და იგივე მოღვაწეობა აქ უნდა გავაგრძელო. მთავრობა ხელს გვიწყობს. სხვათა შორის, გუშინ ნიცის მერთან გვქონდა შეხვედრა. ასევე ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მონაკოში ზაფხულში ჩავატაროთ ფესტივალი. ამ ფესტივალის ორგანიზატორები ჩვენ ვართ. წერილი გაგზავნილია პრინც ალბერტთან. ჩვენ ველოდებით ლოკაციას, როგორც კი დამტკიცდება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა მონაკოში.

_ როგორ შეეგუეთ საფრანგეთში ცხოვრებას?

_ მაღაზიაში, როგორც მუზეუმში, ისე შევდივარ და შევისწავლი ფასებს. ამბობენ, საფრანგეთი უძვირესი ქვეყანა არისო, ჩემი აზრით კი საქართველოზე ძვირიანი ქვეყანა არ არსებობს. ქართულ პროდუქტზე ის ფასი, რაც საქართველოშია, არ უნდა იყოს. საფრანგეთში ხარისხიანი პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ სადაც არ უნდა შეხვიდე, ბარსა თუ მაღაზიაში, აუცილებლად ღიმილით გესალმებიან, თავიდან შოკირებული ვიყავი, მითხრეს, რომ მეც უნდა გავუღიმო. ამ მოკლე პერიოდში იტალიაში მიმიწვიეს. ახალ წელს იტალიაში მომიწია სიმღერამ. აღნიშნეს, რომ ჩემზე უკეთესი მომღერალი სანაპიროზე არ არსებობს, ასევე მიმიწვიეს სანრემოს ფესტივალზე, რომელიც თებერვალში ჩატარდება. რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. არ მაქვს ამბიცია, რომ ფესტივალზე ვიმღერო, რადგან არ ვარ პროფესიონალი მომღერალი. ჩემი საცხოვრებლიდან 25 წუთში მონაკოში ვარ, სადაც აბსოლუტურად სხვა განზომილებაა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა და თბილისსა და ბათუმზე ლამაზი ქალაქი არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენს მთავრობას საკუთარი ხალხი არ უყვარს. საქართველო სიყვარულის ედემია, თბილისი კი სიყვარულის ქალაქი. არ შეიძლება, რომ მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა ეკონომიკურ ზღვარზე იცხოვროს, ადამიანები კი არ ცხოვრობენ არსებობენ, მართლა ძალიან განვიცდი. მე პირადად ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანი ემიგრანტი გავხდებოდი. ჩემი შვილები, რომლებსაც არასდროს უნდოდათ საქართველოდან წამოსვლა, მეუბნებიან, დედიკო, ოღონდ შენ ფესვები გაუშვი და ჩვენც უნდა წამოვიდეთო. მე ზუსტად ვიცი, რომ აქ ცეცხლს ავანთებ, უკვე ჩემზე საუბრობენ, ჭორები დადის. საფრანგეთს არ აქვს დიასპორა, ვფიქრობ, რომ შევქმნი მას. რესტორატორი და გასტრონომი ვარ, აქ არის ქართული რესტორანი, მინდა ქართული საღამოები მოვაწყო და ასევე პოპულარიზაცია გავუწიო ქართულ სამზარეულოს. ჩემი ქვეყნის პატრიოტი იმ დონეზე ვარ, რომ მართლა მწამს, როდესმე ისეთი მთავრობა გვეყოლება, რომელსაც ეყვარება ქართველი ხალხი.

_ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

_ არ ვგეგმავ. მირჩევნია, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრო და აქედან მოვუტანო ბევრი სიკეთე ჩემს საქართველოს. მე შრომა მიყვარს, არასდროს მიცხოვრია ვინმეს ხარჯზე. ხან ვის მირიგებდნენ, ხან _ ვის. ჩემთვის პრიორიტეტია ნდობა და სიყვარული. არის კატეგორია, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას ირჩევს. არსებობენ ასეთებიც. ჩემთვის სიამოვნებაა ჩემი შრომა. სხვათა შორის, აქაც გადავეყარე ისეთ თაყვანისმცემელს, რომელმაც ასევე მუქარა დაიწყო ჩემი მისამართით და ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. როგორც ჩემი ახლობელი იტყოდა, სილამაზე არის ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც ღირსეულად უნდა ატარო, ეს ყველას არ შეუძლია. მჯერა, სიყვარული გადაარჩენს დედამიწას. მიუხედავად იმისა, რომ წლები მემატება, უფრო და უფრო მწამს სიკეთის და ვცდილობ, ყველგან დავთესო იგი.