უნდა შევიდეს თუ არა კერძო კაპიტალი ციხე-სიმაგრეებში?
მაკა მოსიაშვილი
„პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ… ელისაშვილი არის, საბჭოთა ტერმინს ვიხმარ, „მდიდარი კაპიტალისტების“ დაფინანსებული ტიპური „გავლენის აგენტი“ პარლამენტში.
იმის მაგივრად, ამ ძეგლების სახელმწიფოს შემოსავლის წყაროდ ქცევაზე ისაუბროს ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე ხელის შეწყობაზე, რომ მიხედონ და ტურიზმის ობიექტებად აქციონ, ეს სუბიექტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის რეალურად გაყიდვას ითხოვს და ვისზე?..
ფული თურქებს ან ირანელებს ან არაბებს აქვთ და ჩვენი წინაპრების სისხლდანთხეული ციხეები პირად საკუთრებაში უნდა გადაეცეთ…“ _ ასე გამოეხმაურა ისტორიკოსი, მკვლევარი, პროფესორი თენგო სიმაშვილი ალეკო ელისაშვილის ინიციატივას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაძლო იჯარით გაცემაზე.
ინიციატივა „მოქალაქეების“ ლიდერს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტს მალე წარედგინება:
„ციხე-ქალაქები, ციხე-დარბაზები, კოშკები, რომლებიც ათასობით არის საქართველოში, განადგურების პირასაა. როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი, ანონსად ვამბობ, რაზეც საგაზაფხულო სესიაზე მექნება მოხსენება და ახლავე შემიძლია ვთქვათ, რომ კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხე-სიმაგრეებში, ყველა განადგურდება.
თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, კერძო კაპიტალი უნდა შევიდეს. შეიძლება ეს ძალიან გრძელვადიანი იჯარები იყოს. ასეა მთელ დასავლეთ ევროპაში. ახლა რასაც ვუყურებ, ჩეხეთშია ციხე-სიმაგრეები გამოტანილი გასაყიდად, იტალიაში არაჩვეულებრივი პროგრამაა, სადაც 1 ევროდ აძლევენ 9-წლიანი იჯარით და კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ავსტრიაში, შოტლანდიაში, ინგლისში ძალიან პრესტიჟულია ციხე-სიმაგრეში ცხოვრება.
ყველაზე მოვლილი ობიექტებიდან, რომელთა იჯარით გაცემის წინააღმდეგი ვიყავი და აქვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვნანობ მაშინდელ ჩემს პოზიციას, რადგან უცოდინარობით მომივიდა, ორს დავასახელებ: ეს არის შატო-მუხრანი, ივანე მუხრანბატონის მემკვიდრეობა, რომელიც იყო განადგურებული და კერძო კაპიტალის შედეგად არის ახლა ასეთი მოვლილი.
ასევე წინანდლის მამულის გასხვისების წინააღმდეგი ვიყავი. აბა, შეხედეთ, ახლა როგორ გამოიყურება წინანდალი, შედიხარ და გიხარია, ქართველი რომ ხარ, ისეთი განვითარებაა. ყველაზე კარგად რეაბილიტირებული ძეგლია, ყველაზე მოვლილია. გარდა ამისა, კაპიტალის შესვლის შემთხვევაში უამრავი ადამიანი დასაქმდება და პირველი არის ის, რომ გადარჩება ძეგლი. ფიზიკურად ჩვენ ამდენი ფული არ გაგვაჩნია.
3088 ციხე-დარბაზი, ციხე-ქალაქი და კოშკია საქართველოს ტერიტორიაზე. ამის მოვლას ეხუმრებით?! მილიონ-ნახევარი ლარი სჭირდება, გაამრავლეთ ეგ რიცხვი 3088-ზე. შვეიცარია რომ ვიყოთ და ავსტრია ერთად აღებული, ამას ვერ ვიზამდით, მაგრამ იქ ძალიან პრესტიჟულია და ჩვეულებრივი ამბავია კერძო საკუთრება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ცხვირს არ შეგაყოფინებს. სადღაც სასტუმროა, სადღაც გალერეაა, სადღაც მუზეუმია და რაც მთავარია, ეს არის ერთადერთი გზა. ოღონდ მე ამას სიყვარული მალაპარაკებს და ვინც გამოვა და დაიწყებს გულზე მჯიღის ცემას, სათითაოდ წავიყვან ყველა ლოკაციაზე, მათგან განსხვავებით, დღე და ღამე დავდივარ უკვე წინასწარ პრევენციულად, კრიტიკოსებს ვუპასუხებ.
ვერანაირი ბიუჯეტი ვერ ეყოფა იმ ციხე-სიმაგრეებისა და კოშკების შენახვას. სახელმწიფოს ვალდებულებაა ის, მე რომ იჯარით გადმოგცემთ, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტი უნდა შეითანხმოს და მუდმივი ზედამხედველობა ახორციელოს, _ მე რომ იქ კოშკი მოგეცი, კორპუსი არ ამიშენო და კორპუსი არ ჩამიდგა ციხე-სიმაგრის ეზოში. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ კერძო კაპიტალის შესვლა არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ შეთანხმება და ზედამხედველობა უნდა მოხდეს“, _
განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საინტერესოა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული სხვადასხვა დარღვევისთვის ბოლო რამდენიმე წელიწადში სამასზე მეტი გაფრთხილება აქვს გაცემული. ამ გაფრთხილებებიდან მხოლოდ რამდენიმე გაიცა სასულიერო პირებზე.
სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედსა და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ისინია განლაგებული;
ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და ეკლესიასთან შეთანხმებით განისაზღვრება;
კანონით სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.
ესაა ნაწილი შეთანხმებისა, ე. წ. კონკორდატის, რომელიც 2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას შორის დაიდო. კონკორდატმა საპატრიარქოს მთელი რიგი პრივილეგიები მიანიჭა, თუმცა პრივილეგიებთან ერთად საპატრიარქო ვალდებულია, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ითანამშრომლოს და კანონის ფარგლებში დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურები და საპატრიარქო ისტორიულ-კულტურული ფასეულობისთვის ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ და, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ისტორიული მნიშვნელობის ძეგლთან მიმართებით იქნება მიღებული, არქიტექტურული თუ სხვა სახის, შეთანხმებული და ნებადართული უნდა იყოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ.
„ქრონიკა+“ ესაუბრება ისტორიკოსს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრ იმედა კევლიშვილს:
_ გამოიწვევს თუ არა ელისაშვილის ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უკმაყოფილებას?
_ მე არ ვუყურებ ეკლესიას, როგორც ერთიან ორგანიზმს, _ ვიღაც უკმაყოფილო იქნება, ვიღაც _ არა. თუმცა რაც შეეხება ელისაშვილის ინიციატივას, ეს ძალიან სწორი იდეაა და მხარს ვუჭერ მას. ცოტა ადრეც რომ გაეკეთებინათ, უკეთესი იქნებოდა. იყო ამის მცდელობაც, მაგრამ მაშინ საზოგადოებრივი აზრი გახდა მიზეზი ხელის შეშლისა. თუმცა რასაც ამბობს ელისაშვილი, მაგალითად, წინანდალზე, ზუსტია. არაჩვეულებრივად არის შენარჩუნებული.
ჩვენ გვაქვს ციხე-სიმაგრეები, რომლებიც დანგრევის პირასაა, როდის დაინგრევა, კაცმა არ იცის. სახელმწიფოს ამის თანხები არ გააჩნია და მართლა სჯობია მათი იჯარით გაცემა. მაგალითად, ბაღვაშების ციხე-დარბაზი ავიღოთ _ განადგურებულია და ტყეშია ჩაკარგული… იმას თუ ვინმე გააკეთებს, მადლობის მეტი რა გვეთქმის! ახლა ნარიყალაზე რა ხდება, მეფის სასახლე და მისი მდგომარეობა როგორია!.. თუ ამაში კერძო კაპიტალი ჩაერთვება, მართლა ერთადერთი გზაა დღევანდელ საქართველოში, რომ ეს ძეგლები გადავარჩინოთ…
განსხვავებულად მსჯელობს პროფესორი თენგიზ სიმაშვილი:
_ ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, თუ ძეგლებს გავცემთ იჯარით, შევძლებთ კი მათ გაკონტროლებას, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა არ დაიკარგოს?!
_ ალეკო ელისაშვილი, რომელიც წარადგენს ამ ინიციატივას, ამბობს, რომ თუ კერძო კაპიტალი არ შევიდა ციხე-სიმაგრეებში, ციხე-დარბაზებში, კოშკებში, ციხე-ქალაქებში ისინი განადგურდება. აქ არ არის საუბარი სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რაც აპრიორი არათუ ეჭვს ბადებს, არამედ პირდაპირ შემიძლია გითხრათ: ეს ნიშნავს, რომ მას კონკრეტულად მიზანი აქვს და მიზანმიმართულად საუბრობს ისეთი ადგილების შესახებ, რომლებიც ტურისტული პოტენციური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის.
_ კონკრეტულად?
_ ალეკო ელისაშვილი აპრიორი არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არამედ კონკრეტულად ციხე-სიმაგრეებზე საუბრობს, რომლის გახმოვანებაც, როგორც ჩანს, მას ან სთხოვეს ან დაავალეს. იგი ლობისტია შესაბამისი კერძო მსხვილი ფინანსური ლობისტების.
ის ამბობს, გაზაფხულის სესიაზე უნდა შევიტანო ეს საკითხი და ძგლების შენარჩუნება მხოლოდ კერძო კაპიტალს შეუძლიაო. მას ძალიან არასწორად მოაქვს მაგალითად იტალიაში რაღაც პროგრამა და ვალდებულებები, რომ 1 ევროდ აძლევენ ციხე-სიმაგრეს და ა. შ. ელისაშვილი არ ითვალისწინებს, რომ ევროპული სახელმწიფოები საკმაოდ ძლიერია თავისი საკანონმდებლო ბაზით და იქ დაცულია სახელმწიფოსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერესები. საქართველოში ეს შეუძლებელია.
ხმამაღლა ვამბობ, რომ აუცილებლად დაეკარგება ამ ძეგლებს კულტურული მნიშვნელობა, რადაგან რამდენი ძეგლიც კი მე მინახავს საქართველოში კერძო პირის ხელში მოქცეული, თითქმის ყველა მათგანის ავთენტიკურობა დაკარგულია. მეტიც: ავიღო 2012 წელს ყბადაღებული ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თელავში, სადაც ისტორიული მემკვიდრეობის სახლების ავთენტიკურობა თითქმის ყველასი დაიკარგა.
არსებობს კერძო საკუთრებაში ძეგლები, რომლებიც მართლაც ინგრევა და რეალურად რომ ვთქვათ, ეს ინგრევა იმის გამო, რომ მეპატრონეს შეიძლება ძალიან დიდი ფული ჰქონდეს, მაგრამ მის ინტერესებში ძეგლის ავთენტიკურობის შენარჩუნება არ შედიოდეს, რადგანაც ამ ძეგლის ადგილზე მას სურს ჰქონდეს ფართო პროფილის სასტუმრო მრავალი ნომრით. _ ჩვენი ძეგლების დიდი ნაწილი საპატრიარქოს ბალანსზეა. ეს ხომ არ აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ხვალ, მაგალითად, გრემის მონასტრის გარშემო არსებული ტერიტორია, სადაც ძეგლებია, ჩამოვართვათ და ამით ეკლესიას ვაგრძნობით: „შენ უნდა გაიწიო“…
_ რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქოს ბალანსზეა ძეგლების ნაწილი, ციხე-ქალაქებზე, სადაც ეკლესიაა, ალბათ, ეს ტერიტორიაც ექცევა. გეთანხმებით იმ მოსაზრებაზე, რომ, აი, მაგალითად, გრემის მონასტრის გარშემო არსებული ტერიტორიები ჩამოერთვას ეკლესიას და კერძო პირები არიან დაინტერესებულნი, რომ იქ თავისი ინტერესები გაატარონ. რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია, თუმცა ეჭვი, რომ შესაძლებელია, საპატრიარქოს „მსუყე ლუკმა“ კერძო კაპიტალმა წაართვას, თავისთავად ჩნდება. მეტიც: ვიცი, რომ კერძო ინვესტორს თელავის ერთ-ერთ სოფელში უნდოდა ტერიტორიის „აღება“, სადაც ციხე-კოშკია შემორჩენილი, მაგრამ შემდეგ უარი თქვა, იმიტომ, რომ იქ ახლოს ეკლესიაა და პრობლემა შემექმნებაო.
რეალურად რომ ავიღოთ, მე არ მივესალმები კერძო პირების ხელში ციხე-სიმაგრეებისა თუ ციხე-კოშკების გადაცემას.
ხმამაღლა ვამბობ იმასაც, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული ჩვენი მომავლის წინაშე. დღეს თუ არა ხვალ სახელმწიფო აუცილებლად მიაქცევს ამ ძეგლებს ყურადღებას და ჩემი აზრი არის ასეთი: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მთელი უფლებების დელეგირება უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტებზე, რომლებმაც უნდა მიხედონ მათთან არსებულ ძეგლებს, გარკვეული თანხები უნდა გამოიყოს ამისთვის და ეს ძეგლები უნდა იქცეს ტურისტული პოტენციალის ასამაღლებელ გასაძლიერებელ წყაროდ.