პაატა დავითაია: „მოუწევთ აფხაზებს ჩვენთან ერთად რუსების წინააღმდეგ ბრძოლა“

შორენა მარსაგიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები იზრდება. აფხაზები უკვე ღიად გამოდიან რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. 21 დეკემბერს სოხუმში გამართული საპროტესტო აქცია ამის გამოვლინება იყო. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია, აცხადებს, რომ ეს განწყობები კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, აფხაზების პროტესტი რომ არა, აფხაზეთი დღეს უკვე რუსეთის შემადგენლობაში იქნებოდა.

რა ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში? შეძლებენ თუ არა აფხაზები ე. წ. დამოუკიდებლობის დაცვას? რას ამბობდა აფხაზთა ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსებზე? მოგვიწევს თუ არა აფხაზებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პაატა დავითაია ესაუბრება.

_ ბატონო პაატა, 21 დეკემბერს სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებში შეჭრაც კი სცადეს. რამ ააღელვა ეს ხალხი? რა პროცესები ვითარდება ოკუპირებულ აფხაზეთში?

_ ჩვენ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე არაერთხელ გვისაუბრია და ვიცით, რომ ეს უკმაყოფილება ერთი და ორი დღის არ გახლავთ. ეს უკმაყოფილება დიდი ხანია, რაც გროვდება. მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ე. წ. პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში უძრავ ქონებას იყიდიან, აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღბენ.

აფხაზი მებრძოლები, რომლებიც 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ აფხაზეთის გასათავისუფლებლად, უცბად გებულობენ, რომ რუს ფულიან ბიძიებს ეძლევათ უფლება, აფხაზეთში მიწები შეიძინონ და აფხაზურო პასპორტები მიიღონ. რუსებს რა ჯანდაბად უნდათ აფხაზური პასპორტები?! _ მათთვის მთავარია, აფხაზეთში არსებული ქონება ჩაიგდონ ხელში. ასლან ბჟანიამ რუსებს ამის შესაძლებლობა მისცა.

უძრავი ქონების არააფხაზებზე გასხვისების თემა აფხაზებისთვის ძალიან მტკივნეულია. ისინი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ხალხის განწყობა იცოდნენ და ამის გაკეთება აფხაზთა ვერც ერთმა ე. წ. პრეზიდენტმა ვერ გაბედა.

_ მათ შორის ვერც რაულ ხაჯიმბამ გაბედა, რომელიც კრემლის დასმული იყო ამ თანამდებობაზე.

_ ის რაც რაულ ხაჯიმბამ ვერ გაბედა, გაბედა ასლან ბჟანიამ და ამას აფხაზებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მეომრები მიხვდნენ, რომ საბოლოოდ კარგავენ დამოუკიდებლობას და ქუჩაში გამოვიდნენ. აფხაზებს სხვა მიზეზიც ჰქონდათ უკმაყოფილების გამოსახატავად. ეს უკმაყოფილება ენერგოპოლიტიკას უკავშირდება. მოგეხსენებათ, აფხაზეთი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ღებულობდა დენს. ისინი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიდნენ, ამიტომ მათ დაიწყეს მაინინგი და ბიტკოინის მოპოვება. ამით ისინი დიდ ფულს შოულობდნენ.

როდესაც ენგურჰესს პრობლემები შეექმნა, მისი რეაბილიტაცია დაიწყო, გადაწყდა, რომ აფხაზეთი დენს რუსეთიდან მიიღებს. ამაში მათ რუსებს ფული უნდა გადაუხადონ. რუსებმა შეუტიეს მაინინგის ამოღებას. ამან ე. წ. მეომრებს ფული დააკარგვინა.

უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული შეთანხმება გახდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსული და აფხაზური ძალოვანი სტრუქტურები გაერთიანდა. ამ ძალოვანებს არ აინტერესებთ აფხაზი მეომრების „ბლატაობა“ და დაერივნენ მათ.

_ „ბლატაობაში“ რა იგულისხმება?

_ დადიოდნენ იარაღით, მათ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. ძალოვნების ინტეგრაციის შემდეგ კი დაიწყო მათი კანონის ჩარჩოებში მოქცევა _ იარაღის ამოღების პროცესი.

რეალურად, ის, რაც დღეს აფხაზეთში ხდება, არის მეომრების გამოსვლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას დაემატა ინალ არძინბა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ დაინიშნა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად. ყველას ესმის, თუ რისთვის დასვა ის კრემლმა.

_ თქვენ დაახლოებით ერთი წლის წინათ „ქრონიკა+“-სთან თქვით, რომ კრემლი ინალ არძინბას აფხაზეთში რამე თანამდებობაზე დასვამდა.

_ ნამდვილად ასე გახლდათ. უკვე ერთი წლის წინათ იყო ჩემთვის ცნობილი, რომ კრემლი მის მიერ გამოზრდილ ინალ არძინბას აფხაზეთში გადმოისვრიდა. ინალ არძინბა იმიტომ მოვიდა აფხაზეთის ხელისუფლებაში, რომ ნიადაგი მოამზადოს ამ ტერიტორიის ანექსიისთვის. ამას აფხაზები ძალიან კარგად ხვდებიან და განიცდიან. დაიწყო უკმაყოფილება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველად მოხდა, როცა აფხაზები ღიად გამოვიდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ისინი ასეთ ლოზუნგებს აფრიალებენ: „ჩვენ არ გავიყიდებით!“ „ჩვენს მიწას არ დავთმობთ!“.

_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობაა?

_ ეს პირდაპირ მიუთითებს აფხაზების ანტირუსულ განწყობებზე. ვისაც აღარ ახსოვს, იმათ შევახსენებ, რომ, თავის დროზე, სწორედ ასე იწყებოდა ქართველების წინააღმდეგ გამოსვლები.

_ რუსეთი ამ ამბავს, ალბათ, უყურადღებოდ არ დატოვებს.

_ რა თქმა უნდა და ამას მყისიერი რეაქციაც მოჰყვა. აქცია ჩატარდა 21 დეკემბერს და უკვე 23 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. აფხაზეთში ადრე არაერთი აქცია გამართულა, სამთავრობო შენობებში შეჭრაც უცდიათ, მაგრამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საქმეები არ აღძრულა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქმე ძალიან სერიოზულად არის. აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. დღეს აფხაზეთში საოცარი და უნიკალური პროცესი მიმდინარეობს: ყველაზე რადიკალური აფხაზი ხდება ჩვენი მომხრე.

_ რას გულისხმობთ?

_ ჩვენი არ იყოს, ამ რადიკალ აფხაზებსაც არ სურთ რუსეთის იმპერიის ქვეშ ყოფნა. ისინი რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან. სამწუხაროა, რომ დღეს ოფიციალურ თბილისს არანაირი ბერკეტები არ გააჩნია იმისთვის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. ბერკეტებს ვინ ჩივის, ოკუპირებული რეგიონების მიმართ პოლიტიკაც კი არ გვაქვს შემუშავებული.

ახლა აფხაზეთში ძალიან სერიოზული რამე ხდება და წესით, ამ სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ. ჯერჯერობით კიდევ გვაქვს აფხაზებთან შეხების წერტილები და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ისე არ იფიქროთ, რომ აფხაზებს ჩვენთან ერთად სურთ ცხოვრება. მათ ჩვენთან არ უნდათ, მაგრამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგიც არიან, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგი არიან. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, აფხაზებთან რაღაცაზე ვისაუბროთ. აფხაზები მიხვდნენ, რომ რუსეთს სიკეთე არ მოაქვს. რუსეთის იმპერიამ მათ მუჰაჯირობა მოუწყო, ჩვენ კი მათ თვითმყოფადობა შევუნარჩუნეთ. ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებს ეს ახსოვთ.

და ყველაზე მთავარი: ექსპერტებმა აფხაზურ მედიაში ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, ხომ არ დავიწყოთ ფიქრი საქართველოსთან მოლაპარაკებებზეო? ადრე ამის თქმას ხმამაღლა ვინ გაბედავდა?

_ ეს ექსპერტები აფხაზები არიან?

_ აფხაზები არიან. ისინი ღიად ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთი გვღუპავს. საზოგადოების ნაწილი ღიად საუბრობს თბილისთან მოლაპარაკებების საჭიროებაზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზებმა ნაბიჯი უკვე გადმოდგეს. ახლა ჩვენი ჯერია და ამ სიტუაციას ხელი უნდა შევუწყოთ. ეს ხელშეწყობა, სამწუხაროდ, არ არის. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია აფხაზეთის შესახებ.

_ აფხაზეთის თემაზე არც საზოგადოება გამოხატავს რამე ინტერესს, მარტო ხელისუფლებას ნუ დავადანაშაულებთ.

_ საზოგადოება ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობს მხოლოდ სუფრებზე სადღეგრძელოების სახით. ამის ნათელი მაგალითია „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევები. ამ კვლევებით ჩანს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღგენა რიგით მერვე საკითხია. სამაგიეროდ, აზერბაიჯანში ყველა კვლევის მიხედვით ყარაბაღი პირველ ადგილზე იდგა.

_ პირველ ადგილზე რომ იდგა, მაგიტომაც დაიბრუნეს ყარაბაღი.

_ რა თქმა უნდა. იქ ყარაბაღი იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი. ჩვენთან აფხაზეთზე არავინ საუბრობს. ამ დროს სოხუმში ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება. მახსენდება აფხაზთა ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრის სიტყვები. ეს ადამიანი ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. მან მითხრა, _ მოვა დრო, როდესაც აფხაზებსა და ქართველებს რუსების წინააღმდეგ ერთ სანგარში მოგვიწევს ჯდომაო. აუცილებლად დადგება ის დრო, როცა აფხაზები და ქართველები რუსების წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ.

ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ საქართველოში არავის აინტერესებს, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. აქ მთავარი ყურადღება „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირებისკენ არის მიმართული.