რატომ ჩამოვიდა საქართველოში თემურ ალასანია?
ელისო კილაძე
კვირაზე მეტი გავიდა, რაც თემურ ალასანიამ საქართველო დატოვა, მაგრამ ამ დრომდე არ ცხრება აჟიოტაჟი საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ. თხზავენ და იგონებენ ათასნაირ ჭორ-მართალ ვერსიასა და ვარაუდს, თუ რატომ ჩამოვიდა და რატომ წავიდა ასე მოულოდნელად საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე ანგარიშგასაწევი ფიგურაა. ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს და მერეც. კარიერული დიპლომატი დიდი გავლენებით დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვის საინტერესო მოთამაშე იყო, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში.
სწავლობდა მოსკოვში, მოღვაწეობდა გაეროში, იცნობს პრეზიდენტებს, მუშაობდა მათ კონსულტანტად, აქტიურად იყო ჩართული პირველი მაიდნის დროს უკრაინაში განვითარებულ პროცესებში, თან ახლდა ვიქტორ იუშენკოს საქართველოში, იდგა „ვარდების რევოლუციის“ ავანგარდში, იყო მიხეილ სააკაშვილის აქტიური თანამოაზრე და მრჩეველი… მაგრამ თითქმის არასოდეს ერეოდა საკადრო საკითხებში.
იმის მიუხედავად, რომ გაეროში განიარაღების დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, ბრალს სდებდნენ იარაღით ვაჭრობაში ერიკ გუდისთან ერთად. ამ თემის შესახებ ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიამ „ქრონიკა+“-ს 2019 წელს მისცა: „ერიკი ჩემი მეგობარია უკვე 40 წელია. ამერიკის მოქალაქემ იარაღით ივაჭროს, იცით, როგორი წარმოუდგენელი ამბავია და რამდენი პროცედურის გავლა სჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მიღებას? ამერიკა არ არის საქართველო, რომ ვინმემ ხელისუფლების ინტერესს მიღმა შეძლოს არალეგალური იარაღით ვაჭრობა.
2005 წლიდან 2011 წლამდე, რაც პენსიაზე გავედი, შევითავსე კიდევ ერთი საინტერესო კომიტეტი, რომელსაც ჰქვია „მშვიდობის მშენებლობის კომიტეტი“. იგი ორმაგ დაქვემდებარებაშია: გენერალურ ასამბლეასაც ექვემდებარება და _ უშიშროების საბჭოსაც. ეს კომისია კვირაში ორჯერ ატარებს სხდომებს ან მინისტრის ან მინისტრის მოადგილეების დონეზე. ამ კომიტეტის ძირითადი საქმიანობაა კონფლიქტების პრევენცია. მთელი ჩემი ცხოვრება იმას მოვანდომე, რომ განიარაღება გამხდარიყო საერთაშორისო რეალობის მუდმივი კონსტანტა და ახლა მაბრალებენ იარაღით ვაჭრობას. არ მიყვარს ციტატები, მაგრამ ამ შემთხვევაში კონსტანტინე გამსახურდიას მოვიშველიებ: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანს შეიძლება დააბრალო, არის ის, რის წინააღმდეგაც იგი მთელი ცხოვრება იბრძოდა. სწორედ ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში“, _ აცხადებდა თემურ ალასანია „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საქართველოში დედის დაკრძალვაზე არ ყოფილა. მაშინ მას დელიკატურად აუხსნეს, რომ მისი ჩამოსვლა პრობლემებსა და დაპირისპირებას გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტის დაკავების შემდეგ. საზღვარზე პრობლემები არ ჰქონია, ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოვიდა. თუმცა ქართული მართლმსაჯულება დახვდა სიურპრიზით: 2017 წელს უკრაინულ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებული ჩანაწერის გამო გამოკითხვაზე დაიბარეს. მართალია, არც მას და არც მიხეილ სააკაშვილს არ მიუმართავს გამოძიებისთვის, მაგრამ, როგორც გაირკვა, პროკურატურამ დამოუკიდებლად იზრუნა და გამოძიება კერძო კომუნიკაციის დარღვევის ფაქტზე დაიწყო. მეოთხე წელია, არც მომსმენის ვინაობაა გარკვეული და არც საუბრის ამტვირთავის, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინულ „ვიკილიქსს“ ქართული სპეცსამსახური მართავდა _ სუსის უფროსის მაშინდელ მოადგილე სოსო გოგაშვილს სპეციალური ჯგუფიც კი ჰყავდა უკრაინაში გაშვებული, რომელიც აქედან გზავნიდა უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს და შემდეგ იგი უკრაინულ „ვიკილიქსზე“ ქვეყნდებოდა.
თემურ ალასანიამ გამოძიების კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უპასუხა. კითხვები ძირითადად ეხებოდა საუბრის შინაარსს, ანუ აპირებდა თუ არა იგი „სნაიპერსკი ვინტოვკის“ ყიდვას და მილიონი დოლარის გადახდას ქილერისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოკლავდა? ამ კითხვებს თემურ ალასანია იუმორით პასუხობს, _ მთელი მსოფლიოს განიარაღების საკითხებს ვკურირებდი, შესაბამისად, ისიც ვიცი, იარაღი სად იყიდება. ასეთი გულუბრყვილო ვარ, რომ თან „სნაიპერსკი ვინტოვკას“ ვეძებდი, თან _ ქილერს და პარალელურად ჩემს გეგმებზე მიხეილ სააკაშვილს სკაიპით ან ლიფტში ვუყვებოდი?
გამოკითხვის დასრულების მერე მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ნოდარ მელაძის „შაბათს“, სადაც საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
მას არ დაუმალავს, რომ სამშობლოში დის გასამხნევებლად და მესამე პრეზიდენტის პატიმრობის გამო ჩამოვიდა, რომ მისი ამოცანაა შესაფერისი გარემოს მოძებნა და სააკაშვილისთვის უცხოეთში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული კურსის გატარება.
ის ამაყობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაბრუნებულიყო სამშობლოში; ამბობს, რომ მიშამ მის გარშემო ყველა მითი დაამსხვრია, _ აღმოჩნდა, რომ არც მშიშარაა, არც რისკებს მოერიდა და არც ციხის შეეშინდა. იცოდა თუ არა, რომ დაიჭერდნენ? ცხადია, იცოდა. ჩამოვიდა იმიტომ, რომ ქვეყანა უკიდურეს ჭაობში იმყოფებოდა და ამ პროცესების გულგრილად ყურება არ უნდოდა. მოელოდა თუ არა ციხეში არაადამიანურ მოპყრობას? ცხადია, იცოდა, რომ მას წითელი ხალიჩით არ დახვდებოდნენ, მაგრამ ის, რაც მსოფლიომ იხილა, როგორ გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში, როგორ ათრიეს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, 51 დღე იშიმშილა და ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის რეაბილიტაციის კურსს.
თემურ ალასანიას პატიმარ დისშვილთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს, ის ვერც სააკაშვილის დაბადების დღეს დაესწრო _ საქართველოდან მოულოდნელად გაემგზავრა.
და მაინც, რატომ ჩამოვიდა თემურ ალასანია საქართველოში?
არაოფიციალური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში „ქართული ოცნების“ სერიოზული თავის ტკივილია და ისინი ქვეყნიდან მისი გაყვანის ფორმებზე ფიქრობენ, თან ისე, რომ საკუთარი მომხრეები არ გააბრაზონ. ასეთი გზა ან სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალებაა, როცა რისხვა მეხუთე პრეზიდენტს დაატყდება თავს, ან სააკაშვილის ევროპაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და სრული რეაბილიტაციისთვის. იმის გამო, რომ არც ერთი და არც მეორე ამოცანის გადაწყვეტა „ოცნებას“ დამოუკიდებლად არ შეუძლია, დახმარებისთვის სააკაშვილის ოჯახს მიმართა. პირველი შეხვედრა ეკატერინე ტიკარაძესა და გიული ალასანიას შორის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, ამ შეხვედრის მერე სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ახლა კი მისი თავისუფლების საკითხი დგას დღის წესრიგში.
მართალია, ამ ეტაპზე საიდუმლოდ რჩება, ვის შეხვდა თემურ ალასანია საქართველოში, მაგრამ ეს რომ მოქმედი პრემიერი არ იქნებოდა, ცხადზე ცხადია, რადგან ირაკლი ღარიბაშვილზე თავად ივანიშვილმა გვითხრა, _ რაც გინდათ, ის დაარქვითო. ანუ მას არათუ მსოფლიო პოლიტიკაში, საკუთარ პარტიაშიც კი არაფერი ეკითხება. შეთქმულების თეორიებს რომ არ გამოვეკიდოთ, ამ საკითხს ჩვენც ღიად ვტოვებთ და მხოლოდ ლოგიკას გავყვებით: შაბათს ალასანიას ჰქონდა მაღალი რანგის შეხვედრა; კვირას მეზობელ რესპუბლიკაში გაემგზავრა და ასევე ოფიციალური შეხვედრები გამართა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, _ დიაგნოზი ინტოქსიკაციაა. ამის შემდეგ მან რამდენიმე დღე დაყო თურქეთში და ამერიკაში გაემგზავრა.
„საქართველოდან ერთი ჩანთით წავედი. საზღვარზე გაკვირვებულებმა მკითხეს, _ დაბრუნებას აპირებთ? მე თანხმობა განვუცხადე. გზაში კიდევ ერთი გამოკითხვის მოთხოვნა დამეწია ფულის გათეთრების საქმეზე. როგორც გავარკვიე, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის, „რიჟას“ ჩვენების გამო, რომელიც ორ ტრანშად 500-500 ათასი დოლარის გადარიცხვას იბრალებს. გამოკითხვაზე მისვლა ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ შევძელი. დისტანციუად ყველა კითხვას ვუპასუხებ. სასამართლოში მივალ, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები“, _ უთხრა თემურ ალასანიამ „ქრონიკა+“-ს.
ამ ეტაპზე ის მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს ამერიკაში. საუბრების თემა ისევ მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლებაა. ევროპელი ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღონ. „ქართული ოცნება“ ამ სქემაზე თანახმაა, ოღონდ გარანტიებს ითხოვს, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის განცხდებას გააკეთებს, რაც სრული უტოპიაა. ასეთ პირობაზე მესამე პრეზიდენტი არასოდეს დათანხმდება. „ოცნებაში“ ეშინიათ, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, მას პრეზიდენტი ზელენსკი შეიწყალებს და ამით ცხრაწლიანი ბუას ისტორიაც დასრულდება. 7 ნოემბრისა და პიჯაკების საქმე კი ისეთი თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ წარმოუდგენელია, ყველაზე არაკეთილსინდისიერმა მოსამართლემაც კი მასზე სააკაშვილის ბრალეულობა დაადასტუროს და მას მიუსაჯოს.
ამის შემდეგ სააკაშვილს უფლება აქვს, სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მიმართოს და ქართულ პოლიტიკასაც დაუბრუნდეს.
ბოლოს და ბოლოს, გაზაფხული ახალი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად საუკეთესო დროა და ვერც „ქართული ოცნება“ დარჩება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში. ვადამდელი არჩვენების იდეას ოპოზიციის ნაწილი, მართალია, არ ემხრობა, მაგრამ საბოლოოდ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზად მხოლოდ ეს ვარიანტი რჩება.
ფაქტი ერთია: არც მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებულა საქართველოში იმიტომ, რომ პოლიტიკურ პენსიაზე გავიდეს და არც ირაკლი კობახიძეს აქვს იმის რესურსი, კიდევ ოთხი წელი მართოს ქვეყანა.
ამასობაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილის საქმეში მხარედ ჩართო. დენისოვა საქართველოში მომდევნო კვირაში ჩამოდის და ხელისუფლებას ზელენსკის მესიჯებს ჩამოუტანს, პროცესების განვითარებას კი ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. ფაქტი ერთია _ სააკაშვილს ქართულ ციხეში ექვსი წლის გატარება არ და ვერ მოუწევს.