შეთანხმდებიან თუ არა „ოცნება“ და „ნაციონალები“ სააკაშვილის განთავისუფლებაზე?
შორენა მარსაგიშვილი
გასული კვირის მთავარი სასაუბრო თემაც შერიგება იყო. „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ სჭირდება დღეს ქვეყანას თანხმობა. ამ თანხმობის ხათრით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სულ უკან წაიღეს, რაც კი სალომე ზურაბიშვილზე ცუდი ჰქონდათ ნათქვამი. კარგად თუ დააკვირდებით, ყოფილი ხელისუფლება ძველი შემართებით და რიხით აღარც ბიძინა ივანიშვილს გმობს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის ფარული გარიგებაა.
ერმანეთში შეიძლება რაღაც დოზით მორიგდნენ.
მაგრამ შიდაპარტიულ ფრონტზე მძიმე მდგომარეობა აქვს მოქმედ ხელისუფლებასაც და ყოფილსაც. ორივეგან პარტიის თავმჯდომარის შეცვლა დგას დღის წესრიგში. დანარჩენ პარტიაში განსაკუთრებული არაფერი ხდება… ან რა უნდა მოხდეს, როცა მათ პოლიტიკური პულსიც აღარ ესინჯებათ. ერთადერთი პარტია, რომელიც კიდევ ფეთქავდა, „საქართველოსთვის“ იყო, მაგრამ მათი ლიდერი, გიორგი გახარია, ისეა გამქრალი პოლიტიკური ველიდან, სულიკოს შეშურდება.
პრეზიდენტის ჩიჩილაკფართის ზღაპრები
შერიგების იდეა ეპატაჟურმა და არაორდინალურმა სალომე ზურაბიშვილმაც აიტაცა. მან პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური პარტიებისთვის საზეიმო მიღება მოაწყო. ამ მიღებაზე „ნაციონალური მოძრაობაც“ იყო მიწვეული. მიწვევა ყოფილმა ხელისუფლებამ შეურაცხყოფად მიიღო, ერთი ამბავი ატეხა, _ ეს როგორ გვაკადრეს და გაგვიბედესო?! ამ საყოველთაო გმობიდან რამდენიმე საათში ყველამ ერთხმად შეცვალა დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამოკეტილმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ადეკვატური შეფასებები მოუწონა.
სალომე ზურაბიშვილმა ადეკვატურის ტიტული იმის გამო დაიმსახურა, რომ მიღებაზე თქვა, ამდენი ჯახი და უბედურება გვეყოფა, დროა, შევრიგდეთ და დავლაგდეთო. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ მიმართულებით ბევრს იმუშავებს და როცა საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურება, მშვიდად წავა პოლიტიკიდან.
„ნაციონალების“ მსგავსად სალომე ზურაბიშვილი კიდევ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ შეაქო. ისინი მიღებასაც ესწრებოდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არც მიღებაზე მისულან და არც მერე გადარეულან სალომეს ადეკვატურობით. ლეიბორისტულ პარტიაში სალომე ზურაბიშვილის მიღებას „პრეზიდენტის ჩიჩილაკფართის ზღაპრები“ უწოდეს. ქართველ მშრომელებს არც შერიგების სჯერათ და არც იმის, რომ პრეზიდენტს ქვეყნის დამშვიდება სურს. ლეიბორისტები ეჭვობენ, რომ საქმე რაღაც დიდ გარიგებასთან გვაქვს.
ამ გარიგებაზე საზოგადოების ნაწილიც ბევრს საუბრობს. ბოლო დროს განვითარებვული პროცესები ეჭვის საბაბს ნამდვილად იძლევა. ყველა თქვენგანს კარგად ახხოვს, თუ რა კატეგორიულ უარს ამბობდა სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე. აცხადებდა, ამას როგორ გავაკეთებ, თვალწინ სულ ირინა ენუქიძის სახე მიდგასო. სანდრო გირგვლიანის დედა სალომე ზურაბიშვილს აღარ გახსენებია, როდესაც სააკაშვილი საყოველთაო შერიგების ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტმა ეს იდეა დაუყოვნებლივ აიტაცა და სანამ თავისთან ოპოზიციას უხმობდა, პატრიარქს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შერიგების თემაზე ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილამდე ილია მეორეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. როგორც ამბობენ, დეგნანიც შერიგების თემაზე საუბრობდა,
რომელსაც ოფიციალურად არც „ნაციონალები“ ადასტურებენ და არც_ „ქართული ოცნება“. მხარეები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის ემზადებიან, შეწყალება კი პრეზიდენტის უფლებაა. როგორც სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა. ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა, პატრიარქმა სთხოვის ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტი შეიწყალეო. ზურაბიშვილი სულიერ ლიდერს უარს ვერ ეტყვის და სააკაშვილს შეიწყალებს.
ამას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში, ბუნებრივია, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება. განსაკუთრებული ბუნტი რომ არ იყოს, მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ მალე სააკაშვილი შეიძლება, გარეთ გამოვიდეს. ეს გამართლდება იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების გარეშე შერიგება არ იქნება. ეს ულტიმატუმი „ნაციონალებს“ უკვე წამოყენებული აქვთ.
ულტიმატუმს აყენებს ხელისუფლებაც: ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ „ნაციონალებთან“ შერიგებას, თუ ყოფილი ხელისუფლება ცოდვებს საჯაროდ მოინანიებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, მიიჩნევს, რომ „ნაციონალებს“ შერიგება თუ უნდათ, პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. ამას ამბობს კაცი, რომელიც სულ ახლო წარსულში მამალი „ნაციონალი“ იყო. და როგორც ყოფილი ხელისუფლების წეარმომადგენლები ამბობენ, ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა ხოლმე მიშა მაგარიას. „ნაციონალებზე“ ასეთ ტონალობაში თალაკვაძეს აქამდე არ უსაუბრია, მაგრამ ამჯერად მისი კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება და ცდილობს, ივანიშვილს თავი მოაწონოს.
განიხილება სააკაშვილის ციხიდან გამოშვების კიდევ ერთი ვარიანტი: მესამე პრეზიდენტს შესაძლოა, სასჯელი გადაუვადონ და საზღვარგარეთ გაუშვან სამკურნალოდ. ექიმების მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაფიქრებელია.
მმართველი პარტიის მხარდამჭერები თითქმის შეეგუენ იმ აზრს, რომ მესამე პრეზიდენტი მალე გამოვა ციხიდან. „ქართული ოცნების“ დაბალ რგოლებში დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილთან ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.
მეოცნებეებში ეჭვები მესამე პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში დაბრუნებამაც გააჩინა. მმართველ პარტიაში თითქმის დარწმუნებული არიან, რომ თემურ ალასანია ივანიშვილთან დასალაგებლად ჩამოვიდა.
საოცნებო ინტრიგები
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამაყად აცხადებენ, რომ არჩევნებს 2024 წელსაც მოიგებენ და ბევრად უკეთესს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე 2020 წელს. თუმცა ყველაზე კარგად თავად იციან, რომ ეს არარეალურია. „ქართულ ოცნებაში“ ისეთი ამბები ტრიალებს, შესაძლოა, პატია 2024 წლამდე ჩამოიშალოს, ან ივანიშვილმა ჩამოშალოს.
რამდენიმე დაჯგუფებად დაყოფილი „ქართული ოცნება“ ახლა გავლენების სფეროების გადანაწილებაზე ჩალიჩობს. პრემიერის პოსტისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის. ეს დაახლოებით იმ ამბავს ჰგავს, მონადირეები ჯერაც მოუნადირებელ დათვის ტყავს რომ ინაწილებენ. „ქართულ ოცნებაში“ ყველამ იცის, თუ რა ხასიათი აქვს ბიძინა ივანიშვილს, _ მას შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს ცუდ ხასიათზე გაეღვიძოს და პრემიერი შეცვალოს. „ოცნებაში“ ელოდებიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მალე შეიცვლება და ყველა კლანს თავისი კანდიდატი ჰყავს გამზადებული. იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ პრემიერის შერჩევაში ივანიშვილი არავის აზრს არ გაითვალისწინებს.
ყველაზე უცნაური ისაა, რომ ღარიბაშვილის ერთ-ერთ შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე მოიაზრება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და მისი გადადგომა ბევრს საეჭვოდ მოეჩვენა. გასულ კვირას გადამდგარი ტიკარაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ამან ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. ილია მეორე სხვა დროსაც შეხვედრია თანამდებობიდან გადამდგარ პირებს, მაგრამ მხოლოდ იმათ, რომლებიც საპატრიარქოსთან იყვნენ დაახლოებულნი. ტიკარაძე კი საპატრიარქოსთან დიდი სიახლოვით არასდროს გამოირჩეოდა.
გაჩნდა ეჭვი, რომ ივანიშვილი ტიკარაძის პრემიერად დანიშვნას აპირებს და პატრიარქმა ყოფილ მინისტრს გზა დაულოცა. პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე თავად ტიკარაძემაც გააკეთა კომენტარი. მან დაადასტურა, რომ პატრიარქმა გზა დაულოცა. ყოფილ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, საითკენ მიდის ეს გზა.
„ქართულ ოცნებაში“ ბევრია დარწმუნებული, რომ ეს გზა ტიკარაძეს პრემიერობამდე მიიყვანს. მერა რა, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე გაბრაზებულია. როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო გვიყვება, ივანიშვილი ტიკარაძეს მიხეილ სააკაშვილის გამო გაუწყრა. ტიკარაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან უნდა გადაიყვანონ.
ამის გამო ივანიშვილმა ტიკარაძეს შენიშვნა მისცა. ეს ამბავი გაიგო ღარიბაშვილმა და შერისხულ მინისტრს დაუძაბა. ტიკარაძეც არ დარჩენილა ვალში და მათ შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ყველაფერი ტიკარაძის გადადგომით დასრულდა. ტიკარაძემ, მართალია, თანამდებობა დატოვა, მაგრამ თავისი სამუშაო კაბინეტიდან არ გამოსულა.
_ ტიკარაძე ძალიან გამომწვევად იქცევა. არ ტოვებს სამუშაო კაბინეტს. ყველანაირად ცდილობს, ირაკლი ღარიბაშვილს წონასწორობა დააკარგვინოს. ის თავს ძლივს იკავებს, _ აღნიშნავს „ქრონიკა+“-სთან ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო.
მართალია, ივანიშვილის ძველებური მხარდაჭერა დაკარგა, მაგრამ ტიკარაძე ახლა საქართველოში აშშ-ის ელჩთან მეგობრობით იწონებს თავს. „ქართულ ოცნებაში“ ყველამ იცის, რომ დეგნანთან ტიკარაძეს კარგი ურთიერთობა აქვს. დეგნანი ვერ იტანს ირაკლი კობახიძეს და ივლისიდან მოყოლებული მოითხოვს, რომ ივანიშვილმა ის შეცვალოს. „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა, დეგნანის რეკომენდაციით, ტიკარაძე დანიშნოს მთავრობის მეთაურის პოსტზე.
მართალია, ივანიშვილი მასზე ისევ გაბრაზებულია, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნდა _ ეკა ტიკარაძე მისი ერთგულია და, ბევრისგან განსხვავებით, მის ზურგს უკან არაფერი გაუკეთებია.
ხელისუფლებამ ვერაფრით მოახერხა ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის შერჩევა. იმედია, ამ კვირაში მაინც იპოვიან ვინმეს. მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ. ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა ლევან რატიანს. ირაკლი ღარიბაშვილი მას ლობირებდა, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი კანდიდატურა თენგიზ ცერცვაძის წყალობით დაიბლოკა. თენგიზ ცერცვაძე ივანიშვილთან დაახლოებული პირია. გავრცელებული ინფორმაციით, ცერცვაძეს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ოლიგარქმა დავით სერგეენკო მოხსნა ჯანდაცვის მინისტრობიდან.
სამედიცინო წრეებში ამბობენ, რომ ცერცვაძეს თავისთვის უნდა მინისტრის პოსტი. ისიც გემახსოვრებათ, როგორ დაეტაკა ის შარშან ეკა ტიკარაძეს, თავისი პირობებიც წამოაყენა და თანამდებობიდან წასვლითაც იმუქრებოდა. რატიანის კანდიდატურის დაბლოკვა მარტო მისი დამსახურება არაა, „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ მას ივანიშვილი კარგი თვალით არ უყურებს. მიზეზი მისი ზეამბიციურობაა. ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე რეკომენდაცია არჩილ თალაკვაძეს გაუწია. „ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ მინისტრის პოსტზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პოეტ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. თუ მართლა გახდა ჯანდაცვის მინისტრი, მერე ნახეთ კორონაზე ლექსები.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს კანდიდატურაც განიხილება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ივანიშვილს წასულების დაბრუნება უყვარს. ესეც არ იყოს, სერგეენკოს მიმართ საზოგადოებას აგრესია არ აქვს. როდესაც პანდემია გამწვავდა და ექიმები აღარ ჰყოფნიდათ, სერგეენკო მოხალისე რეანიმატოლოგად მუშაობდა. როგორც ამბობენ, ის ბრწყინვალე რეანიმატოლოგია.
წასულების უკან დაბრუნება ვახსენეთ და თუ გარკვეულ ძალებს დავუჯერებთ, ოლიგარქი პრემიერად გიორგი გახარიას დაბრუნებას აპირებს. წლების წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ღარიბაშვილს დააბრუნებდა მთავრობის მეთაურად, მაგრამ დააბრუნა. ამ ლოგიკით, არც პარტია „საქართველოს“ ლიდერად ჩამოლაბორანტებული გახარიას გაპრემიერება უნდა გავიკვირვოთ. ეს ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა გააჟღერა, რომელიც ივანიშვილთან შორს არ არის. ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას გმობა შეწყვიტა და თავად ყოფილი პრემიერიც სადღაც გაუჩინარდა.
პრემიერობისთვის კარგა ხანია, კახა კუჭავაც ემზადება. მას ამ პოსტის დაკავებას მანამდე უწინასწარმეტყველებდნენ, სანამდე პარლამენტის სპიკერი გახდებოდა. მთავრობის მეთაურის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის კანდიდატურაც განიხილება.
ამ პოსტის დაკავების მწვავე სურვილი წვავს ირაკლი კობახიძეს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღარიბაშვილი გზიდან ჩამოიშოროს. ივანიშვილთან მასზე ათასი ჭორ-მართალი მიაქვს. ბუმბულის გარჩევით არც ირაკლი ღარიბაშვილია დაკავებული. ისიც ხვდება ივანიშვილს და მასაც მიაქვს ოლიგარქთან ამბები. ყველაზე ხშირად კობახიძეზე ესაუბრება.
ბოლო შეხვედრაზე მან ივანიშვილს სთხოვა, რომ კობახიძე პარტიის თავმჯდომარეობიდან გაუშვას. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ზაფხულიდან მოყოლებული ითხოვენ კობახიძის გადაყენებას. ამბობენ, რომ ის დედის გავლენის ქვეშაა და საშინლად ურევს სიტუაციას.
ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი კობახიძის გადაყენებას ჯერ არ თანხმდება, მაგრამ პარტიის პოლიტსაბჭოს შეცვლის ნებართვა გასცა. ღარიბაშვილის ფრთა იმედს არ ტოვებს, რომ მალე „ქართული ოცნება“ კობახიძის დიქტატურისგან განთავისუფლდება. თქვენ იცინეთ და კობახიძე მართლა დიქტატორივით იქცევა. მოითხოვს, რომ პარტიაში ყველა უნდა დაეთანხმოს მის აზრს.
მელიას დილემა
პარტიის თავმჯდომარის თემაზე „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დიდი გაწევ-გამოწევაა. „ქართული ოცნებისა“ არ იყოს, აქაც რამდენიმე დაჯგუფებაა. რამდენიმე დაჯგუფებისთვის ნიკა მელიას თავმჯდომარეობა მიუღებელია და ისინი არჩევის დღიდან ცდილობენ, ნიკა მელიას პრობლემები შეუქმნან. აქამდე ამას ჩუმად აკეთებდნენ, ბოლო დროს კი ღია ბრძოლა გამოუცხადეს.
ავრცელებენ ხმებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მას დასანახად ვერ იტანს და მისი შეცვლა სურს. ამბობენ, არაფერს აკეთებს ყოფილი პრემიერის დასახსნელადო და ა. შ. გასულ კვირას მის წინააღმდეგ საინტერესო ინტრიგა დახლართეს. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილმა ციხიდან დაიბარა, სასწრაფოდ გადააყენეთ მელია და მის ადგილზე ლევან ხაბეიშვილი დანიშნეთო.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ერთ გუნდში მოიაზრებიან და ვიღაცა შეეცადა, ამით მათ შორის შუღლი ჩამოეგდო. ეს ვიღაც, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ვანო მერაბიშვილია. მერაბიშვილს დღემდე ვერ მოუნელებია, მელიამ მაჟორიტარად კენჭისყრის უფლება რომ არ მისცა და სიიდან რამდენიმე ადამიანი ამოუგდო.
დაახლოებით ერთი თვის წინ „ნაციონალებში“ ვიღაცებმა დაიწყეს კამპანია, რომ პარტია ვანო მერაბიშვილმა უნდა ჩაიბაროს. მერაბიშვილის თავმჯდომარეობის თემა ბევრს არ მოეწონა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მერაბიშვილმა ჩამოიტყუა სააკაშვილი საქართველოში.
ნიკა მელიას საყოველთაო-სახალხო გმობაში მაია ორჯონიკიძე და თაკო ჩარკვიანიც ჩაერთვნენ. ისინი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს იმის გამო გმობენ, რომ სიტუაციას არ ამწვავებსო. არადა, სიტუაციის გამწვავებით თაკო ჩარკვიანი იმუქრებოდა, ხან რუსთაველზე გაწოლით გვაშინებდა, ხანაც ლაშქარს აგროვებდა მიშას დასახვედრად.
მგმობელები კამპანიას კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ, საქმეში მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩარეულიყო. მან ციხიდან მოიწერა, რომ მელიაზე თავადასხმები სუსის ნარატივიაო. ამის შემდეგ ამ მხრივ ცოტა დაწყნარდა ეს მიმართულება. დიდი ალბათობით, მელიას ლანძღვა ამ კვირაში განახლდება.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა და ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ აქცია ხალხმრავალი არ გამოვიდა, ვიღაცები ისევ ნიკა მელიაზე შეეცდებიან ჯოხის გადატეხას და მას დააბრალებენ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებას. მართალია, სააკაშვილი მელიას გამოესარჩლა, მაგრამ მათ შორის კარგი ურთიერთობა არ არის. მელიას დღემდე არ მოუნახულებია მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავი უნდა მოგიყვეთ: ალბათ ყველას გემახსოვრებათ მიშა ქარელი და მისი ეპატაჟური რუსული, აი, ის, ქარელი რუსებს რომ ეუბნებოდა, _ ტანკი განბაჟუიწე, ი პატომ პრიხაძიწეო. ეს მიშა ქარელი 2008 წელს გააპარეს საქართველოდან. ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია ხშირად მართავდა აქციებს. ერთ-ერთი აქციის დროს „ნაციონალებმა“ კონტრაქცია გამართეს. ეს ის პერიოდია, გადატრიალებაზე რომ საუბრობენ, ვითომ ზილით შემოჰყავთ რუსი სპეცრაზმელები და ა. შ. მიშა ქარელიც რევანშისტებს შორის მოიაზრება. და ამ დროს სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგზე ასეთი პლაკატი გამოჩნდა: „მიშა ქარელი შენთან არის“.
მიშა ქარელი შენთან არისო… და მოვარდა სოდი, კუდი, გაიგდეს ვიღაცები წიხლქვეშ, კარგად სცემეს და რა გაირკვა, _ ქარელის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული „ნაციონალები“ უცხადებდნენ მიშას მხარდაჭერას. უბრალოდ, პლაკატზე მძიმის დასმა დაავიწყდათ: „მიშა, ქარელი შენთან არის“ _ ასე რომ დაეწერათ, არც ხელისუფლებას გაუსკდებოდა გული და არც მიშას მხარდამჭერები გაილახებოდნენ. აი, რა მნიშვნელობა აქვს პუნქტუაციას. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს: _ ისწავლე, ისწავლე მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდეო; მძიმე რომ გადმოვსვათ, მივიღებთ: ისწავლე, ისწავლე, _ მამაშენივით ვირი არ გამოხვიდეო.
ისევ „ნაციონალებში“ არსებულ ინტრიგებს და დაპირისპირებებს დავუბრუნდეთ. აქ მარტო ნიკა მელიას არ ებრძვიან. გარკვეულმა ძალებმა წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავასაც აუგორეს შავი პიარი. არ მოგესმათ, „ნაციონალების“ ნაწილმა ააგორა ოპოზიციონერი მერის წინააღმდეგ შავი პიარი. ავრცელებენ ჭორებს, რომ გია ხარჩილავა ახალაიების კლანის წარმომადგენელი იყო.
როგორც გაირკვა, ამ ჭორს ზაზა გოროზიას ფლანგი ავრცელებს, რომელიც, თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილის ფრთაა და ახალაიებთან ყოველთვის დაპირისპირებული იყო. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილს ზაზა გოროზიას ჩასმაც უნდოდა „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში, მაგრამ ნიკა მელიამ და ახალგაზრდებმა ეს აღარ დაუშვეს. მათი განცხადებით, საარჩევნო სიაში ისედაც ბევრი ოდიოზური ფიგურა იყო.
საყოველთაო შერიგებაზე ინიციატივით გამოსული „ნაციონალები“ ჯერ თავად უნდა შერიგდნენ, მაგრამ ეს უფრო ძნელად წარმოსადგენია, ვიდრე მათი და „ნაციონალების“ შერიგება. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ეს ორი ძალა დიდი ხანია, რაც შერიგებულიც არის და მორიგებულიც.
ზემოთ თემურ ალასანია ვახსენეთ და საქართველოში მისმა ჩამოსვლამ „ნაციონალებიც“ დაძაბა. პარტიაში ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა ალასანია გააკონტროლებს. სააკაშვილს, როგორც არასდროს, ახლა სჭირდება პარტიაში ერთგული კაცი. საეჭვოა, ალასანიამ პარტიაში სიარული დაიწყოს, მაგრამ რაღაცების დალაგებას რომ მოახერხებს, ფაქტია.