ლია მუხაშავრია: „შერიგება“ მორიგი პოლიტიკური ტრიუკია“

ნენე ინჯგია

პოლიტიკური პროცესი კრიზისშია, ამ ვითარებაში კი ბოლო პერიოდში ეროვნული შერიგების საკითხი სულ უფრო აქტუალური გახდა.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე განაცხადა: „მაქვს ამბიცია, დავეხმარო ამ ქვეყანას, რათა დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“.

რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში? მზად არის თუ არა საზოგადოება ამ პროცესისთვის და რა როლი აქვს საპატრიარქოს, რომელიც ამ დრომდე დუმს?

„ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ-ერთ ლიდერ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ლია, რა პერსპექტივა აქვს ეროვნული შერიგების საკითხს იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ? შესაძლოა თუ არა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით?

_ ძალიან მინდა, რომ როგორმე შერიგების პროცესი დაიწყოს და მკვდარი წერტილიდან დაიძრას, მაგრამ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი _ მეჩვენება, ეს არის მორიგი პოლიტიკური ტრიუკი. პოლიტიკური კრიზისი ისე გაღრმავდა, რომ, მგონი, ჩიხში შევედით. ვისაც ეს საკითხი ახლა უკვე უდავოდ მიაჩნია, რომ აქ არის ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისი და თითქმის გამოუვალი სიტუაცია, შეიძლება ფიქრობს, რომ ამ თვალთმაქცობითა და ოინით ოდნავ მაინც განიმუხტოს სიტუაცია, რაც არა მგონია, რომ გამოვიდეს, რადგან ყველა ვერ აცნობიერებს კრიზისის სიღრმესა და სახიფათო ნაწილს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც შერიგება, კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი, დათმობა, პატიება ძალიან შორს დგას ჩვენგან. საერთოდ, შერიგებისკენ მოწოდება უნდა გააკეთოს იმან, ვისი პირდაპირი საქმეც არის. ჩვენს ქვეყანაში უახლესი ისტორიის გამოცდილება ყოველთვის გვეუბნება, რომ შერიგებისკენ, პატიებისკენ ყველაზე ნაკლებად პოლიტიკოსები არიან მიდრეკილნი. ეს უნდა იყოს ეკლესიის, სასულირო ორგანიზაციების ინიციატივა და ისინი უნდა იყვნენ ამ საკითხში აქტიურები, _ სხვანაირად ეს შეუძლებელია. მე კი ძალიან მინდა შერიგების პროცესის დაწყება, მაგრამ გული მეუბნება, რომ ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ არის გულწრფელი და არ არის საზოგადოებაში საკმაოდ მომწიფებული ამის მოთხოვნა.

_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტი მის განცხადებაში არ არის გულწრფელი?

_ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან განსხვავებით, როცა პრეზიდენტი მიდის უცხოეთში შეხვედრებზე, მას უფრო კარგად ესმის, იქ რას ეუბნებიან, ვიდრე ამათ, რადგან ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსები ძალიან ჯიქურები არიან და საერთოდ ვერ ითვალისწინებენ, რას ნიშნავს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ევროპულად, მოზომილად და ცივილიზებულად გაკეთებული რეკომენდაციები. ამ თვალსაზრისით მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო ადეკვატური უნდა იყოს, მაგრამ ვერც მის მხარეს ვხედავ გულწრფელობას ამ ნაწილში, რადგან პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების ინსტიტუტს, პრაქტიკულად, აუქმებს, მისი გულწრფელობა საყოველთაო შერიგების პროცესში მეჩვენება, რომ მთლად სანდო არ უნდა იყოს.

_ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გულწრფელად სურს შერიგების პროცესის დაწყება, მისი პოლიტიკური რესურსი ამისთვის საკმარისი იქნება?

_ პრეზიდენტი და, ზოგადად, გავლენიანი პოლიტიკოსი თუ რაღაცას დაისახავს მიზნად და დარწმუნებულია, რომ ეს მიზანი მისაღწევია და სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, მის ხალხსა და პირადად მასაც, მან შეიძლება ასეთი მიზანი განახორციელოს, თუმცა ამას სჭირდება სხვა ტიპის პრეზიდენტი, სხვაგვარი პოლიტიკური ნება, აქტივობა და ენერგიულობა, ვიდრე ეს დღეს შეიძლება ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, თორემ შეუძლებელი არაფერია. მე მომწონს, რომ ეს იდეა გაჟღერდა მაინც, თუმცა ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ამ იდეის გაჟღერება, მაგალითად 2012 წელს,კოჰაბიტაციაზე უფრო ადეკვატური იქნებოდა და თუ სრულად ვერ განხორციელდებოდა, რაღაც მარცვლები მაინც დაითესებოდა, რომ ამ საზოგადოებაში ეს პოლარიზაცია ასეთი უკიდურესი ფორმით არ ყოფილიყო დღეს გამოხატული. სიძულვილი, ძალადობა და ძალმომრეობა არ ყოფილიყო ასე ფესვგადგმული, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლაც თუ არ დავიწყებთ აქეთკენ სვლას, კიდევ უფრო დავაგვიანებთ და უფრო გაუარესდება ის გარემო და ატმოსფერო, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს არავისთვის არის კარგი. გაბოროტებული ადამიანი საკუთარ თავსაც ვნებს და სხვებსაც. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება არავის უნდა, მაგრამ ამას სანამ ყველა გააცნობიერებს, შეიძლება ყველანი ამ სიძულვილში ჩავიხრჩოთ, ხანდახან ასეთი სურათია ჩემ თვალწინ.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ზურაბიშვილმა შეწყალების ინსტიტუტი, პრაქტიკულად, გააუქმა. მან თქვა, რომ არა და არასდროს შეიწყალებს სააკაშვილს. არსებობს თუ არა რეალური შანსი, რომ მან ეს სიტყვები უკან წაიღოს?

_ სამწუხაროდ, ამის დიდი ალბათობა არ არის. მე არ მოველი, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის მდგომარეობაში, ასაკსა და იმ აქტივობებით, რომლითაც აქამდე მოვიდა, თავზე ხელი აიღოს და ისეთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგას, რომ სააკაშვილი თავისი ინიციატივით შეიწყალოს და არ მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ მას ეს დაუკვეთოს, ამიტომ ეს ყველაფერი თვალთმაქცობად უფრო მეჩვენება, ვიდრე გულწრფელ სურვილად. თუმცა ძალიან კარგია, რომ მედია ამაზე აქცენტს აკეთებს. თქვენ შეგიძლიათ, რომ გააღვივოთ ნაპერწკალი და კეთილი ნების ადამიანების ხმები ამ მიმართულებით უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანოთ და შეიძლება, ამან გამოიწვიოს საზოგადოებაში ასეთი აზრის გამყარება და კონსოლიდაცია ამ თემის გარშემო.

_ შერიგების პროცესისთვის მზაობა საზოგადოებაში მოუმწიფებელიაო, აღნიშნეთ. რა ქმნის თქვენი ასეთი პესიმიზმის საფუძველს?

_ ჩემი პესიმიზმის საფუძველს პანდემია ქმნის, რადგან პანდემიამ იზოლაციაში მოგვაქცია ყველა. მე სოფელში ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ შეგვიძლია ეზოდან ეზოში ერთმანეთს მივესალმოთ, ესეც კი არ ხდება, რატომღაც, ადამიანები ძალიან დაცალკევდნენ. ადამიანური გრძნობების, შერიგებისა და ურთიერთგაგების სურვილები უფრო მეტად ჩნდება, როცა ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, ერთმანეთის ემოციებს ვგრძნობთ და განვიცდით. პანდემიის ფონზე, ეს კიდევ უფრო ნაკლებია, ამიტომ მგონია, რომ ხალხში შერიგების იდეა საერთოდ არ იღქმება, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ. ინტერნეტითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, ჰუმანიზმისკენ გარდატეხა და ადამიანური გრძნობების უპირატესობა ვერ მოხდება, სამწუხაროდ. თუ, რა თქმა უნდა, რელიგიური ორგანიზაციები არ იქნებიან აქტიურები და ღმერთის სახელით არ განვითარდება აქეთკენ მოძრაობა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ჩვენი ეკლესია ამ მიმართულებით უფრო საწინააღმდეგოს ამკვიდრებს, ვიდრე შერიგება, პატიება და კაცთმოყვარეობაა.

_ კონკრეტულად, რა ფორმით უნდა ჩაერთოს ეკლესია?

_ საპატრიარქო არა მხოლოდ მოწოდებით უნდა გამოვიდეს, არამედ ინიცირება უნდა გააკეთოს, რომ ყველა კონფესია და მათი წარმომადგენლები შეიკრიბონ, საშობაოდ ან საახალწლოდ, შეთანხმებულად გამოაცხადონ, რომ შერიგება ყველას უნდა და ეს ღვთისა და ერის ნებაა. ასეთი მოძრაობა თუ დაიწყება, მგონია, რომ ამას მოჰყვება შედეგები. ამ წამოსროლილმა იდეებმა პოლიტიკოსებისგან, როდესაც საპატრიარქო და რელიგიური ორგანიზაციები ამას ღიად მხარს არ უჭერენ, არა მგონია, საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდროს.

_ თუ შერიგების პროცესი რეალურად არ დაიწყო, მაშინ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ვერაფერს კარგს ვერ ვფიქრობ, რადგან, მგონი, გაზაფხულამდე გაიყინება ყველა პროცესი. ახალ წლამდე საერთოდ მკვდარი სეზონი გვაქვს, მერე იანვარი მიჰყვება ხოლმე ამას და თებერვალ-მარტში ისინიც კი, რომლებიც დღემდე ვერ ხედავენ, რა ცუდ მდგომარეობაში და როგორ პოლიტიკურ კრიზისში ვართ, შეიძლება, ცოტათი გონს მოვიდნენ. ამასობაში ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები უფრო მიხვდებიან, რომ კონსოლიდაციისა და მართლაც თანხმობის მიღწევის გარეშე არაფერი გამოვა. საერთოდ, ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა მხოლოდ პესიმისტური პროგნოზი შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ვერაფერს საიმედოს ვერ გეტყვით.

_ თქვენ ინტერვიუს დასაწყიში თქვით, რომ შერიგების პროცესი მორიგი ტრიუკია. ოპოზიციას აქვს ბერკეტი, რომ ისევ პოლიტიკურად გაცურებული არ დარჩეს მმართველი გუნდისა და პრეზიდენტისგან?

_ მგონია, რომ ოპოზიციას ბერკეტები და მექანიზმები არ გააჩნია. ახლა შეიძლება, აქამდე სრულიად უცნობი, აპოლიტიკური, ახალგაზრდული მოძრაობა გამოვიდეს წინა პლანზე და იმათ შემოგვძახონ ისე, რომ გამოვფხიზლდეთ და გონს მოვიდეთ, რადგან ახლა არ მეგულება არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის მხარეს, ვინმეს ჰქონდეს ნდობის ისეთი მაღალი მანდატი, რომ მოწოდებაზე გაერთიანდეს და ამ მოწოდების ქვეშ ერთიანი მოქმდების მხარეს დაიძრას ყველა. კრიზისი და ჩიხი სწორედ იმიტომ არის, რომ ყველა დაცალკევებული, გაოგნებულია და ამ გაოგნების მდგომარეობაში მაინცდამაინც არ ჩანს ლიდერი, რომელსაც ყველასთვის მისაღები იდეა აქვს, რომლის გარშემოც გაერთიანდება პოლიტიკური ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი _ საზოგადოებაც გაჰყვება ამას. ეს არის ახლა პრობლემა, რადგან ჩვენ, პოლიტიკოსებს, რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს, მგონი, საკუთარი პოლიტიკური კარიერა უფრო აინტერესებთ, ვიდრე საერთო ეროვნული მიზანი. ბუნებრივია, ამას ხვდება საზოგადოებაც და შესაბამისი განწყობაც უჩნდება. მართლა მინდა, რომ რაზედაც ვისაუბრეთ და ასეთი პესიმისტური დამოკიდებულება გამოვხატე, არ გამართლდეს. როგორც ჩანს, დავიღალე, მომავალ წელს 60 წლის ვხდები, 30 წელი პროფესიული ბრძოლა, პირადი, საქვეყნო ეს ყველაფერი ღლის ადამიანს. ძალიან დიდი იმედით ვუყურებ ახალგაზრდებს, ახალ თაობას და იმედი მაქვს, რომ მათ შორის გამოჩნდებიან ის ლიდერები, რომლებიც ჩვენც გაგვამხნევებენ და თავის თაობას წარუძღვებიან უკეთესი მომავლისკენ. მჯერა ამისი. ახლა სულ ისმის პესიმისტური ნოტები, რომ მართლაც ღვთისმშობლის ანაბარად ვართ დარჩენილი. როცა რამდენჯერმე მეც ძალიან პესიმისტურად განწყობამ დამრია ხელი, სასულიერო პირებს ვკითხე, ერთი-ორს, ვისაც ვენდობი, პატივს ვცემ, _ რამ გადაგვარჩინა, ამდენი ცოდვის მატარებელი ხალხი და ქვეყანა ვართ-მეთქი. _ ერთი-ორი წმინდანი ყველა დროში გვყავდა და ახლაც გვყავსო, _ მითხრეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სიწმინდე, ნამდვილი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე მართლაც არის, უბრალოდ, იმდენი ტალახი, ჭუჭყი და ცუდი რამ დაგროვდა, რომ აღარ ჩანს. ამ მტვრისა და ტალახის მოცილება გვჭირდება, თორემ ბაჯაღლო, სიწმინდე და სიკეთე არის. ამისთვის მე ახლა ვერ ვხედავ ჩემში ძალასა და ენერგიას, მაგრამ ძალიან მინდა, წარმატება ვუსურვო მას, ვისაც აქვს ეს ენერგია, სურვილი, მოწოდება და შეუძლია ამის გაკეთება.