კახა კუკავა: „მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ“

შორენა მარსაგიშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ტონი შეცვალა. პუტინის მონის სტატუსს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ აღარ ატარებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას არც სალომე ზურაბიშვილის ადეკვატურობის სჯერა და არც შერიგების იდეით არის აღფრთოვანებული.

რა გარიგებამდე მიგვიყვანს შერიგებაზე დაწყებული საუბარი? რა შემთხვევაში გამოდის ბევრი ხალხი ქუჩაში? რას თხოულობს მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ? _ ამის შესახებ კახა კუკავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ სალომე ზურაბიშვილმა შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამის გამო მიხეილ სააკაშვილის ქებაც კი დაიმსახურა. თქვენ რას ფიქრობთ შერიგებაზე?

_ შერიგება ძალიან კარგია, მაგრამ არ მჯერა, რომ ხელისუფლებას თანხმობის მიღწევა სურდეს. ვიღაცებს ამის სჯერა, ნეტარ არიან მორწმუნენი. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ჩიხში მომწყვდეულ სუბიექტს ჰგავს, რომელიც ხავსს ეჭიდება. სააკაშვილისთვის, მისი ოჯახისთვის და ახლო გარემოცვისთვის ნომერ პირველი ამოცანა გახდა პატიმრობიდან თავის დაღწევა. ცოტა უცნაური იყო სააკაშვილის მიერ გაკეთებული საქებარი განცხადება პრეზიდენტის მიმართ იმ ფონზე, როდესაც მისი პარტია სალომე ზურაბიშვილთან მიღებაზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა.

მიშას განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი დაიწყებს სალომეს ქებას, რასაც თანმიმდევრულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ჯერ კიდევ გუშინ ყოფილი ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს კაბიან ორჯონიკიძეს და ФСБ-ს (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური _ Федеральная служба безопасности, _ რედ.) აგენტს უწოდებდა. ახლა რა ხდება? მოსწონს „ნაციონალებს“, ФСБ-ს აგენტი თანხმობასა და შერიგებაზე რომ ლაპარაკობს? ძალიან არათანმიმდევრულია ოპოზიციის პოლიტიკა. ამის ბრალია, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. დღეს ერთს ამბობენ და ხვალ _ სხვას, საზოგადოებას მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. არ შეიძლება, გუშინ აგენტს ეძახდე ადამიანს და მეორე დღეს მას ტაში დაუკრა. ტაშს უკრავენ რის გამო, _ შერიგებაზე რომ ისაუბრა? არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს ამის გაკეთება. ის ყურადღების მიქცევას ცდილობს.

_ მხოლოდ ერთი სიტყვის გამო თუ შეცვალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამოკიდებულება, ხვალ ბიძინა ივანიშვილმაც რომ თქვას შერიგებაზე რამე, მის ქებასაც დაიწყებენ.

_ ამ ლოგიკით, მართლა დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ქებას. ტერმინი შერიგება ბევრმა გააკრიტიკა და მეც მათ რიგებში ვარ. შერიგება შეიძლება ბავშვების, შერიგებით შეიძლება დამნაშავე და მდაზარალებული შეაროგო. პოლიტიკურად ამ პროცესს ჰქვია თანხმობა. ამ დროს ორივე მხარე რაღაცას თმობს. ძალიან არ მომეწონა ირაკლი კობახიძის განცხადება. მან უკვე რამდენჯერმე თქვა, დამნაშავემ უნდა დატოვოს პოლიტიკური პროცესიო. თუ მე სწორად ვთარგმნი, კობახიძემ პირობა დააყენა, სააკაშვილს იმ შემთხვევაში გავათავისუფლებთ, თუ ის დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებასო.

_ ამბობთ, რომ ოპოზიციის აღარ სჯერა ხალხს. მართლა ძნელია, ახლა ვიღაცას დაუჯერო, მაგრამ რაღაცის გამო მაინც ხომ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში? გაზრდილი ფასები მაინც გააპროტესტონ. ან კრიმინალი არ აწუხებთ?

_ ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ამას თავისი წინაპირობები აქვს. ხალხის გამოყვანა ადვილი არ არის. როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდიოდა, ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა. ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო სერიოზული ოპოზიციური გუნდი, თავისი ლიდერებით. იყო სერიოზული მესიჯბოქსი. არ მინდა, ვინმეს პერსონალური შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ჩანან, სერიოზულ ნდობას არ იწვევენ ხალხში.

გავიხსენოთ, როდის გამოდიოდა ბევრი ხალხი ქუჩაში: 2012 წელს ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავდა პროტესტს. ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არ ყოფილა. მან მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოუყარა თავი. ეს სპექტრი მანამდეც არსებობდა, მაგრამ 2010-2011 წლებში ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. 2007-2009 წლებში ბევრი ადამიანი იდგა ქუჩაში, რადგან ოპოზიცია სერიოზული ხალხით იყო წარმოდგენილი. ამ აქციების აქტიური მონაწილე ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს ოპოზიცია ძალიან არასერიოზულად და არაკვალიფიციურად უდგება ამ საკითხს. პერსონალიებს არც ამჯერად დავასახელებ, მაგრამ ოპოზიციური არხები ყოველდღიურად ისეთ პოლიტიკოსებს ტირაჟირებენ, რომლებზეც ფსიქოც კი არ გაიცემა. უკიდურესად არასერიოზული ადამიანები საუბრობენ დღეს ოპოზიციის სახელით.

მნიშვნელოვნად დგას თემატიკის პრობლემაც. აშკარაა, რომ ვიღაცამ იმაზე დადო ფსონი, რომ მიშას გარშემო მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, რომ მიშა არის ეროვნული გმირი. ასე ამბობენ, არაფერს ვამატებ.

_ ვინ ამბობს, რომ მიშა ეროვნული გმირია?

_ ნუგზარ წიკლაური და გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ეროვნულ გმირად აცხადებენ. ოპოზიციას ასეთი მესიჯბოქსი აქვს, რომ ეროვნული გმირი უნდა დავიხსნათ ციხიდან, რათა მან შემდეგ საქართველო გადაარჩინოს. ამ პლატფორმის ირგვლივ გაერთიანება შეუძლებელია. ამ მოწოდებაზე ხალხი ქუჩაში არ გამოვა, ეს არის შეუძლებელი. პირდაპირ გეტყვით, ეს პლატფორმა საზოგადოებას სასაცილოდ არ ჰყოფნის.

2003 წელს, 2007 წელს, 2012 წელს ხალხი იმიტომ გამოვიდა, რომ ოპოზიციის პლატფორმა ძალიან ახლოს იყო მათ განწყობებთან. ახლა გვეუბნებიან, რომ მიშას სახსრები აწუხებს და ამიტომ ის გორის ჰოსპიტალიდან უნდა დავიხსნათ. ამ მოწოდებით ქუჩაში არავინ გამოვა.

შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ საზოგადოებას ოპოზიციაში არც გადაჭარბებული ლიბერალური ხედვები მოსწონს. ოპოზიცია, რომელსაც ცისარტყელას დროშა უჭირავს და პატრიარქს უწოდებს რუსეთის ჯაშუშს, ვერასდროს მიიღებს ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

სააკაშვილი 2003 წელს ძალიან პოპულარული ლიდერი იყო. მეც კარგად მახსოვს, თქვენც გემახსოვრებათ და მკითხველსაც, როგორ დადიოდა მიშა მაშინ საპატრიარქოში. ის ყველანაირად ცდილობდა საპატრიარქოს მხარდაჭერის მიღებას. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ საპატრიარქო კარგია, არც მე ვარ მათი აპოლოგეტი, მაგრამ პოლიტიკურ თამასს აქვს თავისი წესები: ქვეყანაში, სადაც 90% ორთოდოქსი ქრისტიანია, იქ ეკლესიის გინების ფონზე ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვან. რაც არ უნდა იძახო, ავტორიტარული რეჟიმია დასამხობიო, საზოგადოება არ გამოგყვება.

_ ზემოთ თქვენ ირაკლი კობახიძის განცხადება ახსენეთ და მიგაჩნიათ, რომ მან წამოაყენა პირობა, რა შემთხვევაში გამოუშვებენ მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და „ნაციონალებს“ შორის რაღაც გარიგება მზადდება, თქვენც გჯერათ ამ ვერსიის?

_ ეს აშკარაა. ირაკლი კობახიძის განცხადებები პირდაპირ მეტყველებს ამაზე. გარიგებაზე კიდევ სხვა რაღაცებიც მეტყველებს და ამას ყველა ამჩნევს. სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი იმდენად მოუმზადებელია, რომ ეს ბევრ ეჭვს იწვევს. ეჭვს იწვევენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც მიშას საქმეს განიხილავენ. მე ჩემს ვერსიას გეტყვით, თუ რა მოხდება: სააკაშვილს დაუდგება გამამტყუნებელი განაჩენი ყველა საქმეზე, მაგრამ მას იმდენს მიუსჯიან, რამდენიც მოიხადა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ. ასეთი პრაქტიკა სამართალში არსებობს.

_ სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლება ცოტა არარეალურად ჟღერს.

_ ეს არის ერთ-ერთი სამუშაო ვერსია, რომელიც სააკაშვილისა და ივანიშვილის ემისრებს შორის განიხილება, ოღონდ კობახიძის პირით ხელისუფლება აყენებს პირობებს. მიშას იმ შემთხვევაში გამოუშვებენ, თუ ის პოლიტიკიდან და საქართველოდან წავა.

_ თქვენი აზრით, სააკაშვილმა საქართველო და პოლიტიკა უნდა დატოვოს?

_ მე მიხეილ სააკაშვილზე უკიდურესად ნეგატიური წარმოდგენა მქონდა, რომელიც დღემდე არ შემიცვლია. ამის მიუხედავად, მას ვერ მივუთითებ, რომ საქართველოდან წავიდეს. მართალია, ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მაგრამ ამ ქვეყნის შვილია. ეს პირადად მან უნდა გადაწყვიტოს. ერთ რამეში კი ღრმად ვარ დარწმუნებული, ის ხელისუფლებაში ვეღარასდროს მობრუნდება.

_ ამაში ასე ღრმად რატომ ხართ დარწმუნებული?

_ იმიტომ, რომ ეს ძალიან აშკარაა. ქვეყანაში, სადაც 15-20% გიჭერს მხარს და ამაზე სამჯერ მეტს სძულხარ, შეუძლებელია, ხელისუფლების სათავეში მოხვიდე. უმჯობესია, თუ ის თავისი პარტიის ახალგაზრდა ლიდერებს დაუთმობს გზას.

_ მაგალითად, ვის უნდა დაუთმოს გზა, ნიკა მელიას?

_ პირველ რიგში, ნიკა მელიას. პარტიის თავმჯდომარედ მისი მოსვლის შემდეგ „ნაციონალების“ რეიტინგი გაიზარდა. მელია არ ასოცირდება სისხლიან წარსულთან. ის ხშირად საუბრობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხალხთან ერთად იდგა. „ნაციონალებისთვის“ კარგი იქნება, თუ მათი თავმჯდომარე მელია იქნება.