გია ხუხაშვილი: „შერიგებისა თუ ჩხუბის დამკვეთი ყოველთვის ხალხია“

ნენე ინჯგია

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 16 დეკემბერს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა.

საახალწლო მიღებაზე, რომელზედაც პოლიტიკური პარტიები იყვნენ მიწვეული, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველაფერი საწყის ეტაპზეა და მას ჯერ ჩამოყალიბებული გეგმა არ გააჩნია. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე, ვინაიდან წინაპირობები გააჩენს პოლარიზაციისა და დაპირისპირების საფუძველს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს.

რამდენად რეალისტურია შერიგების პროცესი? არის თუ არა საზოგადოების დაკვეთა რეალური შერიგება? რა შემთხვევაში დათმობს ძალაუფლების შენარჩუნების მანკიერ ბერკეტებს ივანიშვილი?

„ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული საახალწლო მიღება, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არის თუ არა „შერიგების“ დასაწყისი?

_ სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა. საკმაოდ მიახლოებული იყო იმ რეალობის აღწერასთან, რაც ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ ვითარების აღწერა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ. ეს არის რეალობა, რომელზედაც მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ ლაპარაკობს, სხვებიც საუბრობენ. მათ შორის შეიძლება, ასეთ საკითხებზე ნაწილობრივ მეც მაქვს საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური წონა საკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ ვითარების აღწერის ფარგლებზე რაღაც პროცესი დაიწყოს, აქ საჭიროა კონკრეტული გეგმა და სერიოზული, საკმაოდ კარგი გაგებით აგრესიული პოლიტიკური გეგმა. ეს პოლიტიკური გეგმა უნდა ეფუძნებოდეს არა პირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყებას, არამედ მოლაპარაკებებისთვის საფუძვლის მომზადებას.

_ რა არის საჭირო ამ საფუძვლის მოსამზადებლად?

_ შერიგებისთვის საფუძველი რომ მომზადდეს, პირველ რიგში, საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს სამართლიანობის დამკვიდრების განცდა. ჩვენ შეიძლება დღეს ვთქვათ, რომ დავივიწყოთ, რაც გუშინ იყო და ერთმანეთს შევუნდოთ, ვაპატიოთ ა. შ., მაგრამ იმის გარანტიებიც უნდა გვქონდეს, რომ მომავალში ეს უსამართლობა აღარ განმეორდება. ამის გარანტიები არ ჩანს, რადგან როგორც წინა ხელისუფლება ძალადობდა საზოგადოებაზე, ასევე ძალადობს დღევანდელი ხელისუფლებაც. თუ დღევანდელი ხელისუფლება არ შეცვლის თამაშის წესებს, მაშინ რა აზრი აქვს ამ შერიგებას, რომელიც ცოტა ხანში ისევ ჩხუბით დასრულდება? ანუ ხელისუფლებაში უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ ყველამ ერთად უარი ვთქვათ სამომავლოდ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, პოლიტიზებულ ძალოვან სისტემაზე, ტოტალურ მოსმენებზე, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ნომენკლატურულ კაპიტალიზმზე, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი ფინანსური ნაკადები ხელისუფლების კონტროლქვეშ არის და ა. შ., თუ ჩვენ ეს ყველაფერი არ დავამკვიდრეთ და პროცესი ვაქციეთ მხოლოდ პოლიტიკური ელიტის ე. წ. შერიგებად და რაც მათ შორის გარიგება იქნება რეალურად და არა უმეტეს ამისა, შერიგებაც ვერ მოხდება, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მიშამ და ბიძინამ ხელი ჩამოართვან ერთმანეთს, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ორად გახლეჩილი საზოგადოება შერიგდეს, _ არა პოლიტიკური ელიტა, არამედ საზოგადოება. პოლიტიკოსებსა და, მათ შორის, როგორც ჩანს, პრეზიდენტსაც აქვს ილუზია, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთმანეთში რაღაც ტიპის მორიგება საზოგადოებრივ განწყობასაც შეცვლის. ეს ასე ვერ იქნება. რეალურად, ჩვენ არა პოლიტიკოსები, არამედ ორი სიმბოლო უნდა შევარიგოთ: მაგალითისთვის ავიღოთ სანდრო გირგვლიანის ხსოვნისადმი პატივისცემა და მაკო გომური, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებშია დაზარალებული. მათი შერიგება შეიძლება მოხდეს მხოლოდ დამნაშავის აღიარებით, მონანიებით, მეორე მხრიდან პატიებით და მხოლოდ ამ ბაზაზე შეიძლება რაღაც დაფუძნდეს. იმის ილუზია არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკოსებს, რომ ისინი თუ იტყვიანმ საზოგადოებაც გაჰყვება მათ. ეს ასე არ არის. შერიგებისა თუ ჩხუბის დამკვეთი ყოველთვის ხალხია და არა _ პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები ხალხის ნებას ასრულებენ. თუ ხალხს დარჩა ეს უსამართლობის განცდა, დღეს რაც არ უნდა ხელი ჩამოართვან ერთმანეთს, ხვალ ისევ საჩხუბარი ექნებათ. ეს არის პრობლემა და პროცესი უნდა წაიყვანონ ასეთი სისტემური მიდგომით და არა მხოლოდ კეთილი სურვილებით, რაც შეიძლება ყურისთვის სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ აბსოლუტურად უნაყოფოა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლიტიზებულ სასამართლოზე და ყველა იმ მანკიერ სისტემურ მიდგომაზე, რითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს. „ქართული ოცნება“ არის კი მზად იმისთვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას?

_ ზუსტად ეს არის პრობლემა, ამიტომ გახლავთ ეს შერიგების ინიციატივა ყალბი და არაპროდუქტიული. ხელისუფლებას არ აქვს ამის ნება, რომ დაამკვიდროს სამართლიანი თამაშის წესები. თუ სამართლიანი თამაშის წესები არ დამკვიდრდა, მაშინ რა შერიგებაზე ვსაუბრობთ? წარმოიდგინეთ, ორი ვიღაც ჩხუბობს, ამ დროს მესამე მოვიდა და ისე, რომ არ გაარკვია ჩხუბის მიზეზი, ამ ორს ძალით ხელი ჩამოართმევინა. როგორ გგონიათ, ეს რეალური შერიგება და კონფლიქტის პრევენციაა?! _ არ არის ასე, ეს არის კონფლიქტის მხოლოდ დაკონსერვების მცდელობა, რომელმაც შეიძლება პირიქით _ უარესი შედეგი გამოიღოს, რადგან პრობლემა პრობლემად რჩება. ქრონიკულ დაავადებას უნდა ძირეული მკურნალობა და არა სიმპტომური რეაგირება, როდესაც დროებით აყუჩებთ ტკივილს. დავუშვათ, კბილი გტკივათ, როცა დალევთ ტკივილგამაყუჩებელს, ამით პრობლემას ხომ არ ეშველება? _ კბილი ან ამოსაღებია, ან სერიოზულად სამკურნალოა. სალომე ზურაბიშვილი დღეს იდენტიფიცირებას ახდენს სწორედ ასეთ ტკივილზე, მაგრამ გვთავაზობს ტკივილგამაყუჩებელს და არა სისტემურ მკურნალობას. რა აზრი აქვს ასეთ პროცესს? _ არაფერი. კარგი, დავუშვათ, ერთი თვე გავჩერდებით, მერე?!

_ შეიძლება, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი და პრეზიდენტი მზად არიან შერიგების პროცესის დასაწყებად, მაგრამ საზოგადოება, თქვენი შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით, ამისთვის მზად არის?

_ საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არის დაზარალებული წინა ხელისუფლების პირობებში და დღემდე ეძებს სამართლიანობას. უკვე 9 წელი გავიდა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის არის დაზარალებული მოქმედი ხელისუფლებისგან და აგრეთვე ეძებს სამართლიანობას. შესაბამისად, სანამ არ გაჩნდება ეს სამართლიანობის განცდა, მანამდე საზოგადოება მუდმივად გახლეჩილი იქნება. რეალურად, მე შემიძლია დავივიწყო წარსულის ტკივილი იმ შემთხვევაში, თუ მექნება იმის გარანტია, რომ მომავალში ამ ტკივილს აღარ მომაყენებენ. მომავალში მაინც უნდა იყოს სამართლიანი წესები, რომ საზოგადოება გამთლიანდეს. შერიგება იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა იყოს, პირიქით, უნდა იყოს, მაგრამ არის საკითხები, რაც პოლიტიკური პროცესის მიღმა რჩება. ეს საკითხია, მაგალითად, სამართლიანი მართლმსაჯულება. წარმოიდგინეთ, ძალიან მკაცრი პოლიტიკური პროცესი მიდის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მათ შორის, აგრესიული პროცესიც, მაგრამ არავის აზრად არ მოსდის მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის რევიზია, რადგან ნდობა არის ინსტიტუციური წარმონაქმნი, რომელიც პოლიტიკის მიღმაა! ასევე არავის აზრად არ მოსდის, რომ პოლიციელი პოლიტიკურად უსწორდება ვიღაცას. ინსტიტუტების მოქმედებები უნდა იყოს პოლიტიკის მიღმა, ამ ფარგლებში შემდეგ უკვე პოლიტიკური კონკურენციაც უნდა იყოს… მაგრამ პრობლემა ზუსტად ის არის, რომ ეს ინსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში არ არის, ყველა ინსტიტუტი დამორჩილებულია არათუ ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ ერთ ადამიანს, მისი ნებით მოქმედებს, ემსახურება არა სახელმწიფოსა და ხალხს, არამედ ემსახურება ერთ პიროვნებას. ასეთ ვითარებაში სამართლიანობაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე ლაპარაკი, უბრალოდ, ზედმეტია, წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. მე უნდა ვიცოდე, რომ პოლიციელი მიცავს, ვიღაცა კი არ მართავს და, მათ შორის, თუ მე რაღაც უკმაყოფილების გრძნობა გამიჩნდება, ეს ჩემზე ძალადობისთვის კი არ იქნება გამოყენებული, არამედ მე, როგორც ამ ქვეყნის კანონმორჩილ მოქალაქეს, მიცავს. თუ ამის განცდა არ მექნა, არასდროს შევურიგდები ასეთ ხელისუფლებას.

_ საბოლოოდ, მივედით ივანიშვილამდე და როდესაც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება მისი პოლიტიკური ნება. რა შემთხვევაში შეიძლება მიიჩნიოს მან, რომ ეს მანკიერი სისტემა, რომლითაც ძალაუფლებას ინარჩუნებს, აღარ სჭირდება?

_ თუ ადამიანი სახელმწიფოს აყენებს საკუთარ თავზე მაღლა, ის ამ ინსტიტუციურ წესრიგს უნდა მიჰყვებოდეს და ინსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებისთვის უნდა იბრძოდეს. ივანიშვილს ამის ნება რომ ჰქონოდა, თავიდანვე გააკეთებდა. რის გამო წამოვედი იქიდან? ძალიან „თბილად“ ვიყავი, ფაქტობრივად, მეორე ადამიანი გახლდით ქვეყანაში. გახსოვთ, ეს რა პერიოდი იყო. ფიქრობთ, რომ მე რაღაც პირადი პრობლემა მქონდა? _ არანაირი, ათასი ზღაპარი გაავრცელეს ამაზე, რეალურად არანაირი პირადი პრობლემა არ მქონია. წამოვედი ზუსტად იმიტომ, რომ თამაშის წესების შეცვლის სურვილი აღარ იყო. ჩვენ ხომ იმ ტალღაზე მოვედით, რომ სისტემური ცვლილებები დაგვეწყო, იმ მანკიერი სისტემის დემონტაჟი და სამართლიანი, ცივილიზებული წესების დამკვიდრება! ამის სურვილი გაქრა, უპერსპექტივობა დავინახე და ეს გახდა ჩემი წამოსვლის მიზეზი. არც ძალაუფლება მაინტერესებდა და არც სხვა კეთილდღეობა. როდესაც დავინახე, რომ ბიძინას სისტემის დემონტაჟი კი არ უნდოდა, პირიქით _ მოსწონდა ეს სისტემა და სურდა, წაერთმია იგი მიშასთვის და თვითონ ემართა. აქ ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში შევედით ერთმანეთთან და შიგნიდან ჩემი რესურსი ამასთან საბრძოლველად არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ ამ მანკიერების მხილება გარედან გადავწყვიტე.

_ ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ უშუალოდ ხედავდით, როგორ გადმოიბარა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების მანკიერი სისტემა. ამ მდგომარეობაში რა უნდა მოხდეს, რომ შეწყვიტოს ივანიშვილმა მანკიერი სისტემის გამოყენება და სრულად დაანგრიოს ყველა ის ხინჯი, რითაც დღემდე ინარჩუნებს ხელისულებას?

_ ერთადერთი არის საზოგადოების ზეწოლა, რომელიც დღეს საკმაოდ ინდიფერენტულია, ესეც ამ ვითარების შედეგია. საზოგადოებას ბევრი პრობლემა გვაქვს, მათ შორის, სოციალური თემები და ა. შ. საზოგადოება ნიჰილიზმშია, მომავლის რწმენა აღარ არის, შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს კომფორტი, რომ შეინარჩუნოს ეს მანკიერება. მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია აიძულოს ხელისუფალი, რომ სახელმწიფო მმართველობის სისტემური რეფორმირება მოახდინოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაზე შარლ მიშელმა სამი რამ გვითხრა, რომ ევროინტეგრაცია მოხდეს: ეს არის კანონის უზენაესობა, მმართველობითი სისტემის მოწესრიგება და ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა, _ ამ მიმართულებებით არათუ უკეთესობა არ გვაქვს, რაღაც შემთხვევებში გაუარესებაც კი ჩანს. დავუშვათ, ავიღოთ იგივე კანონის უზენაესობა, რაც ხდება ამ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით _ ეს ხომ მარაზმია?! ხომ ყველას ესმის, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე პირველი დღიდან, სადაც გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო, არათუ ამ ეტაპებამდე უნდა მისულიყო! მეორე საკითხია მმართველობითი სისტემა, ჩვენ დღეს გვაქვს ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩრდილიდან მართავს ადამიანი ხელისუფლებას. ბოლოს მოლდოვაში იყო პლახატნიუკი და ისიც აღარ არის და დარჩა მხოლოდ ივანიშვილი. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არიან დიქტატორები, ბევრად უარესი რეჟიმებია, მაგრამ ეს დიქტატორები ინსტიტუციონალიზებულები არიან. მათ შორის, პუტინიც პრეზიდენტია და ა. შ., ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი კი მხოლოდ საქართველოშია დედამიწის ზურგზე, სხვაგან არსად არ არის და ამ უბედურებაში ვართ. რაც შეეხება მესამე თემას, ეს არის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა: მაკო გომური თავიდან ლამის ტერორისტად გამოაცხადეს, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს სრული აბსურდია, მერე ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ დაზარალებულად ეცნოთ, მაგრამ დაისაჯა ვინმე?! იდენტიფიცირება მოხდა, ვინ დაუყენა ამ პატარა გოგოს ცხოვრება თავდაყირა?! ამ ასაკში ახალგაზრდა გოგოსთვის თვალის დაკარგვა რას ნიშნავს, თქვენ ხომ კარგად გესმით! ფაქტობრივად, მისი სამყარო აბსოლუტურად თავდაყირა დადგა ამის გამო და ვინმე დაისაჯა?! ამ ვითარებაში ვართ, არც უფლებებია უზრუნველყოფილი, არც კანონის უზენაესობა გვაქვს და არც მმართველობითი სისტემაა ჯანსაღი, რაზე გვაქვს პრეტენზია?! ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ევროინტეგრაციაზე კიდევ ასი წელი, მაგრამ თუ ეს სამი მიმართულება არ მოწესრიგდა, საუბარი გაგრძელდება. ჩვენ ხშირად გვილაპარაკია ინტერვიუებში ამ თემაზე. მიშელმა თქვა, რომ ევროპული არჩევანი ეს არის ფასეულობითი და არა გეოგრაფიული არჩევანი. ჩვენმა ხელისუფლებამ გეოგრაფიულად ევროპა აირჩა იმიტომ, რომ იქ მეტი კეთილდღეობაა, მაგრამ მენტალურად არის რუსეთში. ჩვენს ხელისუფლებას სურს, რუსული მოდელით მართოს, მაგრამ ბოდიში ამ სიტყვისთვის და  ერთი ადგილი ევროპაში გაითბოს! მაგრამ ასე არ ხდება, ეს ორი რაღაც წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან _ ან იქ უნდა იყო თავფეხიანად, ან _ აქ.

_ ამ პროცესების პარალელურად კი უკვე მესამე თვეა, რაც მიხეილ სააკაშვილი მთავარი თემაა. მახსოვს, როცა სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, თქვენ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ივანიშვილის მიზანი სააკაშვილის მორალური განადგურება არისო. მას შემდეგ, თითქმის, ორი თვე გავიდა. როგორ ფიქრობთ, დეღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, მიაღწია ივანიშვილმა მიზანს?

_ სააკაშვილის განადგურება იოლი არ არის, მაგრამ უპერსპექტივოა ის, რაც დღეს ხდება, ყოველ შემთხვევაში, დიდი პერსპექტივა არ აქვს. პირველ ეტაპზე, სააკაშვილის გაფარჩაკების მცდელობა იყო, თუმცა არ გამოუვიდათ, ხელისუფლებას ტაქტიკურ დათმობებზე წასვლა მოუწია: გადაიყვანეს საავადმყოფოში, საჯარო გახდა მისი სასამართლო პროცესები. ეს თამაში ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა რა იქნება ხვალ და ზეგ, რა მანევრია, _ სერიოზული არაფერი. მორალურად განადგურებული არ არის სააკაშვილი, მაგრამ არც კარგ მდგომარეობაშია, რადგან დღესაც არასწორად იქცევა. აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ერთი მხრივ, შერიგებაზეა საუბარი, მეორე მხრივ კი, მოდი, დავიწყოთ და დავასრულოთ, _ ამ სტილშია საუბარი, რეალურად, მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები დღეს მის განთავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდნენ, არამედ _ სამართლიან მართლმსაჯულებას. როგორ უნდა უზრუნველყონ მის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულება, დღეს ამაზეა საფიქრალი. იმაზე კი არა, რომ უპირობოდ გაათავისუფლონ. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც ბრალს სდებენ რაღაც დანაშაულში, ის განთავისუფლებას კი არ უნდა ითხოვდეს (იმიტომ, რომ განთავისუფლება თავისთავად მის უდანაშაულობას არ ნიშნავს), არამედ უნდა ითხოვდეს თავისი რეპუტაციის გათეთრებას, რაც მხოლოდ სამართლიანი მართლმსაჯულებით შეიძლება. თუ ის მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა, მაშინ ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს დღეს პროცესი და არა უპირობო განთავისუფლების მოთხოვნით. დავუშვათ, რომ განთავისუფლდეს სააკაშვილი, ამით ვის _ რა. ვთქვათ, განთავისუფლდა სააკაშვილი: ვინც ფიქრობს, რომ ის დამნაშავეა, ისევ ასე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა; ვისაც ჰგონია, რომ ის უდანაშაულოა, იგივენაირად იფიქრებს მისი განთავისუფლების შემდეგაც. ყველა თავის აზრზე დარჩება, საზოგადოება ამით ვერაფერს მოიგებს. ერთი ადამიანის ჰუმანიტარული პრობლემა გადაწყდება, მაგრამ საზოგადოებრივ განწყობებს ეს ვერანიარად შეცვლის. ისევ სამ ნაწილად დარჩება საზოგადოება გაყოფილი: ერთი, რომელსაც სჯერა მისი უდანაშაულობის, მეორე რომელსაც სჯერა, რომ ის არის დამნაშავე და ციხეში უნდა იჯდეს, მესამე კი, რომელიც გაუგებრობაშია და ვერ აკეთებს დასკვნას, რადგან რეალურად არ იცის, რა ხდება და აინტერესებს. ეს მესამე ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი, საითაც ეს მესამე ნაწილი გადაიხრება, იქით იქნება სიმართლე. ამ მესამე ნაწილს კი არ აძლევენ იმ დასკვნის საშუალებას, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. მისი მომხრეები კი პირდაპირ ვთქვათ, რომ არ არის ამ ქვეყნის უმრავლესობა, ბევრნი არიან, მაგრამ არ არიან საკმარისი იმისთვის, რომ შეცვალონ პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში. რამდენი მცდელობა იყო და ხომ დავინახეთ, რომ ეს არ არის უმრავლესობა, ყველა არჩევნები და კვლევა ამას აჩვენებს. ვაბაკუნოთ ფეხები და ვიყოთ, სანამ ვაბაკუნებთ?! დაიღლებიან, ცოტა ხანი სახლში წავლენ, შემდეგ გამოვლენ და ისევ აბაკუნებენ ფეხებს, რა იცვლება ამით? _ არც არაფერი. ქუჩის აქციები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ ამ აქციებზე სწორი გზავნილები უნდა იყოს. ახლა მთავარ მოთხოვნად რომ იქცა სააკაშვილის განთავისუფლება, იმისთვის ჩამოდიოდა, რომ შემდეგ ჩვენ მისი განთავისუფლება მოგვეთხოვა?! არ ჩამოსულიყო და არ იქნებოდა ეს საკითხი. სხვა დღის წესრიგით ვიცხოვრებდით. ამ ქვეყანაში მხოლოდ სააკაშვილის წნევის გაზომვის პრობლემაა?! დღეში კოვიდით სამოც ადამიანამდე იღუპება. ხალხი, რომელსაც უნდა ეცოცხლა, იმათი სიცოცხლე სიცოცხლე არ არის?! ამ ქვეყანაში მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი?! საზოგადოება ვერ იცლის იმის თვის, რომ ხელისუფლება აკრიტიკოს კოვიდის ცუდი მართვისთვის, ტოტალური უმუშევრობისა და გაჭირვებისთვის. დილას ვიწყებთ სააკაშვილით და ვასრულებთ სააკაშვილით. ხელისუფლებასაც კომფორტი აქვს _ ურჩევნია, სააკაშვილზე ილაპარაკოს, ვიდრე იმ პრობლემებზე, რაზედაც პასუხები არ გააჩნია.

_ ხელისუფლებისთვის ციხეში მყოფი სააკაშვილი ამ თვალსაზრისით კომფორტულია?

_ ჯერჯერობით კი და თუ არაკომფორტული იქნება, შესაბამისად მოიფიქრებს რამეს. ამ ეტაპზე სააკაშვილის ციხეში ყოფნით სარგებლობენ, ყოველდღე გამოდიან და ენაკვიმატობენ: ეძახიან სისხლიანს, მკვლელს, ვიღაც ამას უჯერებს, ვიღაც  _ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? სამაგიეროდ, არ უწევთ იმ კითხვებზე პასუხების გაცემა, რაზედაც პასუხები საერთოდ არ გააჩნიათ, ამიტომ, რა თქმა უნდა, სააკაშვილზე საუბარი ურჩევნიათ. ჩვენ ერთი ადამიანის ბედზე არ უნდა ჩავიკეტოთ, სახელმწიფოს აქვს სხვა ძალიან ბევრი პრობლემა. მე არ ვამბობ, რომ სააკაშვილი დავივიწყოთ,  მაგრამ ამ თემაზე ჩაკეტვით ჩვენ, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ვავნებთ. ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ ერთადერთ თემაზე, სამართლიან მართლმსაჯულებაზე, როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი მართლმსაჯულება ან მართლმსაჯულების ეფექტიანი კონტროლი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, _ ეს უნდა იყოს ამოცანა და არა ის, სააკაშვილი ციხიდან გამოვა თუ არა. უდანაშაულოა _  გამოვა, დამნაშავეა _ იჯდება, _ ეს არის სახელმწიფოებრივად მიდგომა, მაგრამ უდანაშაულოა თუ დამნაშავე, ეს ზუსტად უნდა დავადგინოთ. იმისთვის, რომ დავადგინოთ, საჭიროა სამართლიანი მართლმსაჯულება, ზედამხედველობა ამ მართლმსაჯულებაზე ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან. გასაგებია, რომ მურუსიძის სასამართლოს არ ვენდობით.