როგორ გადაიქცა ელგუჯა გოცირიძე ტყიბულელი კონიაკების დამტარებლიდან მინისტრების გადამყენებლად?

ელგუჯა გოცირიძის აღზევებული პოლიციელები და დატერორებული ექიმები _ როგორი უნდა იყოს სამედიცინო შპიონაჟის სქემა?

თამარ როსტიაშვილი

ელგუჯა გოცირიძის აღზევება ტყიბულიდან იწყება, როდესაც მკვეთრი აქცენტის მქონე ახალგაზრდა მოსკოვში კონიაკებით დადიოდა… პროფესორებთან. ვინ არ დადიოდა მაშინ ხელდამშვენებული საბჭოთა კავშირის ცენტრში, მაგრამ ჩაჩავას კლინიკაში მოხვედრას, სწორედ, იმ ცენტრის მესვეურებს უნდა უმადლოდეს.

როგორც გახდა იგი საკავშირო სახელის მქონე კლინიკის აქციონერი 1990-იან წლებში? ამაზე არჩილ კბილაშვილმა, 2013 წელს, გენპროკურორის პოსტზე მოსვლისთანავე, აღძრა სისხლის სამართლის საქმე. თავისი ნებით ეს არ გაუკეთებია, „ჩაჩავას“ მედპერსონალმა და აქციონერებმა შეიტანეს პროკურატურაში სარჩელი. კბილაშვილმა კარგად იცოდა, რომ ელგუჯა გოცირიძე „ნაციონალური“ ხელისუფლების ფავორიტი იყო და ადეიშვილის კანტორის მაღალჩინოსანთა მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ზუსტად 4 წელი დასჭირდა გოცირიძეს, რომ სიტუაცია შეეცვალა და „ნაციონალების“ ფავორიტობა „ოცნების“ ფავორიტობით შეეცვალა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიამ მაქსიმალური თანხა მხოლოდ ერთი პირისგან მიიღო _ 60 ათასი ლარი ჩარიცხა ჩაჩავას კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა გოცირიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ #50 (ტყიბული-თერჯოლა) საარჩევნო ოლქშია წარდგენილი მაჟორიტარად. ფაქტობრივად, თანხა საკუთარ თავს ჩაურიცხა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული მილიონი ლარის დიდი წილი მისი ორივე კლინიკის ექიმებზე მოდის: ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების სამედიცინო პერსონალმა, რიგითმა ექიმებმა 700-1200-ლარიანი ხელფასით, ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6 000-7000 ათას ლარამდე შესწირეს.

ეს პუბლიკაცია ღუდუშაურის საავადმყოფოს თემით გვინდა დავიწყოთ, რომელიც გოცირიძეს „ნაციონალებმა“ მისცეს, „ოცნებამ“ კი გოცირიძეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის პარალამენტის დეპუტატის სკამი უბოძა.

***

მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან მედი“ ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ახალი მფლობელი გახდა, ვითარება კლინიკაში კარდინალურად შეიცვალა. დიდად დალხენილი მდგომარეობა „ღუდუშაურს“ არც წინა ხელმძღვანელობის დროს ჰქონია, მაგრამ მაშინდელი პრობლემები, ძირითადად, ფინანსურ გარღვევებსა და სახელფასო დავალიანებებს ეხებოდა. ამჟამად კი ამას დაემატა პირდაპირი ტერორი, შპიონაჟი და ძალადობა.

„ჯორჯიან მედის“ უკან იდგა ელგუჯა გოცირიძე _ ჩაჩავას ინსტიტუტის, გურამიშვილის სახ. ბავშვთა სამკურნალო ცენტრისა და რესტორან „ამბასოდორის“ მფლობელი. მისი მოსვლისთანავე ღუდუშაურის ეროვნულ ცენტრში, ფაქტობრივად, იგივე სცენარი გათამაშდა, რაც, თავის დროზე, ჩაჩავას ინსტიტუტში ხდებოდა _ მაღალკვალიფიციური კადრების გადინება, ჩამოქვეითება, დამცირება და მორალური ძალადობა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გიორგი გუმბერიძესთან საუბრისას ბევრი დეტალი გაირკვა „ღუდუშაურის“ სათავეში ელგუჯა გოცირიძის მოსვლის თაობაზე.

„ღუდუშაურის“ მედპერსონალი არ მალავდა იმ ფაქტს, რომ მათი კლინიკის შესყიდვისა და ხელოვნურად გაკოტრების უკან იდგა ფრანგ ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ინტერესები. სწორედ იმ ქებურიასი, რომელმაც პარლამენტის შენობა იყიდა.

ჩაჩავას კლინიკის დირექტორისა და რესტორან „ამბასადორის“ მეპატრონის, ასევე თემქის საავადმყოფოსა და ღუდუშაურის კლინიკის მფლობელ ელგუჯა გიცირიძეს პარიზში თავისი რესტორანი ჰქონდა გახსნილი. ბუბა ქებურია სწორედ იქ გაიცნო.  ელგუჯა გოცირიძეს რესტორნის წილში ეს უცნობი სოხუმელი ბიზნესმენი ჰყავდა შემოყვანილი. პირველად სწორედ ელგუჯა გოცირიძემ გააცნო ბუბა ქებურია  ქართველ პოლიტიკოსებს _ კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. დავით ბაქრაძის ცოლი მაკა მეტრეველი ელგუჯა გოცირიძემ ჯერ თავისი ბიზნესის პიარად დანიშნა, ხოლო შემდეგ პლასტიკური ქირურგიის კლინიკაც გაუკეთა „ჩაჩავას“ გვერდით. გოცირიძე-ქებურიას შეხვედრა ჯერ გაცნობითი ხასიათის, შემდეგ კი საქმიანი იყო და 2009 წელს შედგა. სწორედ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქებურიასთვის პარლამენტის შენობის მიყიდვის თაობაზე. ამხელა ინვესტორის შემოყვანისთვის, რა თქმა უნდა, ელგუჯა გოცირიძესაც უნდა მიეღო თავისი სასაჩუქრე ბონუსი და ეს ბონუსი გამოდგა ღუდუშაურის საავადმყოფო.

ამის შემდეგ ელგუჯა გოცირიძე აყალიბებს კომპანია „ჯორიან მედის“ თავისი შვილის სახელზე და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე ყიდულობს ღუდუშაურის საავადმყოფოს 6,67 მილიონ ლარად. ამ ფასში შედიოდა მანამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 29 378 010 აქცია, საავადმყოფოს გარემონტებული და სრულად აღჭურვილი 8-სართულიანი შენობა და 62 093 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ახლა, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ აქციები, 8-სართულიანი კაპიტალურად გარემონტებული შენობა, შიგნით განთავსებული რამდენიმე მილიონიანი აპარატურა და მხოლოდ მიწის ფასი ვიანგარიშოთ. ლუბლიანის ქუჩაზე 1 კვ.მ. მიწის კომერციული ღირებულება 2011 წელს გახლდათ 200-220 დოლარი, მუნიციპალური (საკრებულოს მიერ დადგენილი) ღირებულება კი _ 120 ლარი. „ნაციონალურმა“ მთავრობამ გოცირიძისთვის დაუშვა გამონაკლისი (თუმცა რომელი კანონის ფარგლებში, დღემდე გაურკვეველია) და მიწის 1 კვ.მ ღირებულება 50 დოლარამდე დაუყვანა. მაშასადამე, ღუდუშაურის კლინიკის შემთხვევაში ლუბლიანის ქუჩაზე მდებარე 62 093 კვ.მ. მიწა მას უნდა ეყიდა (50 დოლარზე გადაანგარიშებით) 3 100 000 დოლარად, რაც, ფაქტობრივად, იმ დროისთვის შეადგენდა 6 მილიონ ლარს. ეს მხოლოდ მიწის ფასი. ზემოდან უნდა დამატებოდა საავადმყოფოს შენობა თავისი აღჭურვილობით. არადა, გოცირიძემ მხოლოდ 6 მილიონი გადაიხადა და ღუდუშაურის კლინიკა იყიდა მიწის ფასად. არც შენობა, არც აპარატურა და არც აქციები მისთვის არავის უანგარიშია.

ამის შემდეგ, იცით, რა გააკეთა ელგუჯა გოცირიძემ? ღუდუშაურის შეძენისთანავე საავადმყოფოს კუთვნილი ტერიტორიის 8 ჰექტარი  გაყიდა ოთხ მილიონ ლარად (მოგვიანებით, მასზე ლეილა მესხის კორტები და სტადიონი აშენდა). ამით კლინიკაში გადახდილი თანხის ნახევარზე მეტი ამოიღო. საავადმყოფოს კუთვნილი მიწის სოლიდურ თანხად გაყიდვის შემდეგ ღუდუშაურის 8-სართულიანი შენობა-ნაგებობის ჯერი დადგა და მასაც სარფიან კაპიტალდაბანდება მოუძებნა ტყიბულელმა. მან ღუდუშაურის კლინიკა მთელი თავისი აქტივებით ჩადო „პროკრედიტ ბანკში“ 22 მილიონ ლარად. ეს იყო იმხელა თავხედობა მისი მხრიდან, რომ პროცედურამდე თუ ამ პროცედურის შემდეგ კლინიკა თავისი ნებით დატოვა ღუდუშაურის მთავარმა ბუღალტერმა და ფინანსისტმა და პირდაპირ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. კლინიკაში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა.

მამუკა ცუხიშვილი იმ დროს „პაციენტთა და მედიცინის მუშაკთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტი გახლდათ. სწორედ მან გააკეთა ღია განცხადება იმის შესახებ, რომ ღუდუშაურის კლინიკა იყო ბოლო ფლაგმანი, რომელიც ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ვის და რამდენად მიაყიდეს 6 მილიონ  ლარად დაახლოებით ერთი წლის წინ, ეს იყო გასარკვევი. სამი მილიონი დოლარი ორსართულიანი აგარაკი ღირდა წყნეთში. ამხელა ტერიტორია თავისი მიწებითა და სრულად აღჭურვილი შენობით როგორ უნდა გაყიდულიყო იგივე ფასად? თან, „ღუდუშაურს“ ჰქონდა ვალები _ 22 054 274 ლარის დებიტორული და 4 140 002 ლარის კრედიტორული დავალიანება. სულ 26 მილიონი! ამ დავალიანების დიდი ნაწილი სახელმწიფომ გოცირიძეს ჩამოაჭრა. ისმის კითხვა, რატომ?

გოცირიძემ მოსვლისთანავე დაიწყო ცვლილებები, _ დეპარტამენტები გააუქმა. მაგალითად, ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტებს ჰქონდათ 5-6 განყოფილება _ ზოგადი ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ბავშვთა, მოზრდილთა ტრავმა, ორთოპედიული განყოფილება და ა. შ. გოცირიძე როგორც კი მოვიდა, განაცხადა, რომ ამხელა არ მინდა, პატარ-პატარა უნდა გავაკეთოო. არადა, ქირურგიულმა დეპარტამენტმა აგვისტოს ომის დროს 840 დაჭრილს ისე გაუკეთა ოპერაცია, არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ჰქონია. ეს დეპარტამენტი დაშალა და წამყვანი, ძალიან ცნობილი ექიმები და პროფესორები იძულებული გახადა, წასულიყვნენ, მათ შორის, პროფესორი ბაადურ ზემლიცკი _ ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „მედიკლაბში“ გადავიდა. იგი მსხვერპლი გახდა იმისა, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა, _ ღუდუშაური იღუპება, კადრების სერიოზული გადინებააო. ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგე, პროფესორი ვაჟა მარსაგიშვილი, „კარაპს მედლაინში“ გადავიდა, ვაჟა გაფრინდაშვილი,  უცნობილესი ტრავმატოლოგი და წამყვანი სპეციალისტი კი _ „მედიკლაბში“, ლევან ნაჭყებია _ ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ასევე წავიდა „მედიკლაბში“. ნაწილი ექიმებისა გადავიდა „ნიუ-ჰოსპიტალში“ _ პროფესორი გიორგი გურგენიძე თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა, ზაზა მეტრეველი _ ღუდუშაურის  ანესთეზიოლოგიურ-რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელი კი მცხეთის საავადმყოფოს მთავარ ექიმად დაინიშნა. ზაზა მეტრეველს გაჰყვნენ მისი რეანიმატოლოგებიც. წავიდა უძლიერესი რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე, ქიურგი ნუკრი ლომინაძე. მიზეზი თითოეულ ექიმს თავისი ჰქონდა. წონიანი ფიგურები ყველა გაყარა. წავიდა ის ხალხი, ვისაც სიტყვა ეთქმოდა, ვისაც ღირსება ჰქონდა, ვისაც შეპასუხება შეეძლო. სულ, დაახლოებით, 30-მდე ექიმი 6 თვეში.

მსხვერპლი #1 იყო ვაჟა გაფრინდაშვილი. როგორც კი ოფიციალურად მოვიდა გოცირიძე, მან განაცხადა, რომ თუ ადრე ოპერაციაში ქირურგი იღებდა 200 ლარს, ახლა აიღებდა 100 ლარს. ამის მერე გაფრინდაშვილმა აიღო ათდღიანი უხელფასო შვებულება; დეკემბრის ბოლოს, კერძოდ 29 დეკემბერს ჩატარდა საერთო კრება. კრებას ესწრებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოს თითქმის ყველა ექიმი და იქ ყველას მიეწოდა ხელმოსაწერად კონტრაქტები, რომლებიც 24 ნოემბრის თარიღით იყო გაფორმებული. ანუ გოცირიძემ მათ შესთავაზა დეკემბრის კონტრაქტზე ხელის მოწერა, მხოლოდ ნოემბრის თარიღით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ექიმებს შორის იყო საუბარი, რომ დავეთანხმოთ, ვნახოთ, რა იქნება, ალბათ უჭირსო. იმ ხელშეკრულებაში იყო ასეთი პუნქტი, რომ ხელფასს ექიმი აიღებდა ან გამომუშავებით, ან ფიქსირებულად. ვაჟა გაფრინდაშვილმა ამ გრაფაში ჩაწერა, რომ თანახმა იყო ფიქსირებულ ხელფასზე. თუმცა მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე პასუხი არ მიუღია, 3 იანვარს კი ის გავიდა შვებულებაში. თებერვლამდეც რომ არ მიიღო პასუხი, დაწერა განცხადება წასვლაზე, რაზედაც უთხრეს, რომ წადი, მაგრამ შვებულების ფულს არ მოგცემთო, _ „ლოხები“ ხომ არ ვართ, შვებულების ფულს რას გვთხოვო? წავიდა ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლოში და მოიგო კიდეც პროცესი.

2003 წელს, როდესაც პირველად გაიხსნა ღუდუშაურის საავადმყოფო, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიაციალურ პრეზენტაციას ესწრებოდნენ აშშ-ისა და იაპონიის ელჩები. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის დაფუძნება განხორციელდა საქართველოსა და ამ ორი ქვეყნის სახელმწიფოთა მიერ გაღებული დაფინანსების საფუძველზე. ეს იყო დახმარება ქართველი ხალხისათვის და იგი უნდა მომსახურებოდა მოსახლეობას სახელმწიფო სუბსიდირებისა და ურგენტული დაფინანსების ფარგლებში. ელჩები სიტყვითაც გამოვიდნენ და მათი ყველაზე მთავარი თხოვნა იყო, რომ არ გაეხადათ ღუდუშაურის კლინიკა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში ყველაზე უკეთ გარემონტებულად და აღჭურვილად ითვლებოდა, ელიტარულ კლინიკად. იმ თანხებთან შედარებით, რაც, თავის დროზე, საქართველოს, აშშ-ისა და იაპონიის მთავრობებმა აქ ჩადეს _ დაახლოებით 15 მილიონი დოლარი, 2011 წელს ელგუჯა გოცირიძის მიერ გადახდილი 6 მილიონი ლარი მიზერი ჩანდა.

გოცირიძემ „ღუდუშაურის“ დირექტორად მოსვლისთანავე დანიშნა იოსებ ბრეგვაძე. ამ უკანასკნელმა ამ სამსახურამდე ცოტა ხანი იმუშავა ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ გადავიდა ჯანდაცვის სამინისტროში. გოცირიძის მოსვლის შემდეგ კლინიკური დირექტორი (გენერალური დირექტორის მოადგილე) გახლდათ ზაზა მეტრეველი _ „ღუდუშაურის“  რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც, სულ რაღაც, ხუთი თვე იმუშავა ამ პოსტზე, შემდეგ დაწერა განცხადება და წავიდა. მეტრეველის მერე გოცირიძემ ღუდუშაურის კლინიკური დირექტორად თავისი კურსელი, ქირურგი ავთანდილ მეგრელაძე გადმოიყვანა „არამიანციდან“. სამი თვის შემდეგ მეგრელაძემაც დაუწერა განცხადება და წავიდა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო გოცირიძესთან მუშაობას. რაც შეეხება ზემოხსენებულ სოსო ბრეგვაძეს, იგი წლების განმავლობაში იყო დაკავებული მედპერსონალის დათხოვნით და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დაქვეითების ბრძანებებზე ხელმოწერის ან ფაქსიმილეს დასმით – ამიტომაც შეინარჩუნა გოცირიძის ფავორიტი დირექტორის პოსტი.

2012 წელს ღუდუშაურის საავადმყოფოს თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა. როგორც ისინი შემდეგ იხსენებდნენ, ელგუჯა გოცირიძე მათ პირდაპირ არ ათავისუფლებდა, არამედ ჯერ ნიველირებას უკეთებდა მათ პროფესიულ საქმიანობას. მაგალითად, იმის თქმის მაგივრად, რომ მე და შენ იდეურად ვერ ვეწყობით ერთმანეთს, გადასარევი ექიმი ხარ, მაგრამ წადი. არა, ჯერ უნდა აუცილებლად დაემცირებინა, ღირსება შეელახა, „ჩამოელაბორანტებინა“ და ბევრად დაბალი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მქონე ადამიანი დაესვა მის ადგილზე.

ამ მიზეზით დატოვეს ღუდუშაურის კლინიკა და წავიდენ ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ კილაძე, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ზემლიცკი, რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა მეტრეველი, პროფ. გიორგი გურგენიძე, თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ა. შ., ექიმებსა და ექთნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ვაჟა გაფრინდაშვილისა და ვაჟა მარსაგიშვილის წამოსვლას. შექმნილი ვითარების გამო ღუდუშაურიდან პირველები წავიდნენ ძალიან კარგი ბავშვთა ორთოპედები _ მერაბ ვარძუკაშვილი და ზურაბ ბერუაშვილი. მათ წასვლასთან ერთად „ღუდუშაურში“ დაკნინდა ბავშვთა ორთოპედიაც. არადა, ღუდუშაურის სახ. ეროვნული ცენტრი იმიტომ ერქვა ამ საავადმყოფოს, რომ ოთარ ღუდუშაურს სკოლა ჰქონდა შექმნილი, სადაც ზრდიდა სპეციალისტებს. სწორედ ეს სპეციალისტები გაყარა ელგუჯა გოცირიძემ ერთი-მეორეს მიყოლებით. სულ დაივიწყა ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტების ნახევარზე მეტი, 2011 წელს დასავლეთ საქართველოში ავტობუსი როცა გადაბრუნდა და პატარა ბავშვი ჩამოიყვანეს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი კიდურით, ცხრა საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციას ერთდროულად აკეთებდნენ ტრავმატოლოგები, ბავშვთა ორთოპედები და ანგიოქირურგები, რომლებიც ნერვს ნერვზე აკერებდნენ. ასე შეუნარჩუნეს პატარას კიდური. მაშინ, როდესაც თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა და იქიდან ბავშვები ჩამოგვიყვანეს, უმეტესობას კიდურები ამპუტირებული ჰქონდა. არ იწვალეს თურქმა ექიმებმა, 9 საათი არავინ დადგა მაგიდასთან. ეს არის სწორედ მრავალპროფილური საავადმყოფოს უპირატესობა და ასეთი სკოლა დააქცია ელგუჯა გოცირიძემ.

მათი წასვლის შემდეგ კლინიკაში შპიონაჟის კლასიკური სქემა დაფუძნდა. ელგუჯა გოცირიძეს იქ  ჰყავდა ერთი უცნობი ქალბატონი, ალინა ჩხეიძე, რომელიც გახლდათ წყნეთის ამბულატორიის გამგე, შეთავსებით კი მუშაობდა ღუდუშაურის კატასტროფის ცენტრში. გოცირიძემდე იგი კლინიკაში ავადმყოფთან არავის უნახავს _ იჯდა სადღაც მეორე სართულზე და იყო თავისთვის. ფაქტობრივად, არც არავინ იცნობდა და ასრულებდა სუფთა ადმინისტრაციულ სამუშაოს. პროფესორების წასვლის შემდეგ კი საავადმყოფოს დე ფაქტო მმართველი გახდა. მას კლასიკური შპიონაჟის მატა-ჰარის უწოდებდნენ, ვინაიდან დაშინებული ჰყავდა აბსოლუტურად ყველა _ სანიტრებიდან დაწყებული, დეპარტამენტების ხელმძღვანელებით დამთავრებული. ყველა გადაწყვეტილებას ღებულობდა წყნეთელი ალინა _ ვინ გაეშვა, ვინ დაეტოვებინა, რომელი ავადმყოფი რეანიმაციაში დაწოლილიყო, რეანიმაციიდან ვინ სად გადასულიყო და ა. შ. მაგალითად, რეანიმაციაში მკურნალობა ძვირი ღირდა. საკმარისი იყო, 2-3 დღეში ავადმყოფს ცოტა გამოეხედა თვალში, ალინა ჩხეიძე ცდილობდა გადაეყვანა შედარებით ნაკლებად ძვირად ღირებულ განყოფილებაში. სახლში ვერ გაუშვებდა, არ შეიძლებოდა, შესაბამისად, ხშირად გადმოჰყავდა თერაპიაში (საწოლდღის ღირებულება რეანიმაციასთან შედარებით თითქმის 8-ჯერ უფრო იაფი იყო). მაგალითად, რეანიმაციაში ერთ საწოლს რომ ჰყავდა ერთი ექთანი  თავისი დამხმარით, თერაპიას ჰყავდა ერთი ექთანი მთელ განყოფილებაზე. 10-ლარიანი ანტიბიოტიკი რომ დაენიშნა ექიმს ავადმყოფისთვის, პატაკი უნდა ჩაებარებინა მთავარი ექიმისთვის. ლარიანი და სამლარიანი უხარისხო მედიკამენტები კი, იცოცხლეთ, ძალიან ბევრი იყო. გოცირიძე ყველასგან ამას მოითხოვდა _ რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯულიყო, რათა თვითონ ზარალზე არ წასულიყვნენ. ექთნისა და ექთნის დამხმარის შრომა ხომ საერთოდ ნიველირებული გახლდათ. ეს გაუსაძლისი სიტუაცია იყო _ სულ წნეხი, სულ ენის მიტანა, სტრესი. დეპარტამენტის ხელმძღვანელებს სისტემატურად ჩასჩიჩინებდნენ, რომ სავსე თუ არ ჰქონდათ პალატა და ყველა საწოლი დაკავებული არ იქნებოდა, განყოფილებას დაუხურავდნენ.

2012 წელს კიდევ უარესი წნეხი დაიწყო – ექიმი თუ გამოიმუშავებდა გარკვეულ თანხას, დავუშვათ, 1400 ლარს, 300-400 ლარს აჭრიდნენ. მიზეზად უსახელებდნენ, რომ იმან არ გადმორიცხა, ამან არ გადაიხადა, შენ ამ ისტორიაში გარღვევა გქონდა და ა. შ. ჯარიმა, „შტრაფი“, ჩამოწერა _ როგორმე რომ ფული არ გადაეხადა ექიმისთვის. ჩხეიძის გარდა, გოცირიძემ საავადმყოფოში მოიყვანა ვინმე ცუცქირიძე, რომელიც თავის დროზე გახლდათ ჭიათურის მილიციის უფროსი. მისი ბრძანებით ჩამოუარეს სანიტრებს, გაფრთხილება მისცეს, გადაუყარეს საჭმელი და ჭურჭელი, რითიც ჩაის სვამდნენ. ექიმი რომ დაენახა ცუცქირიძეს, კომპიუტერთან ან ჟურნალის კითხვისას, მაშინვე პატაკი გამზადებული ჰქონდა ჩხეიძის ან გოცირიძის სახელზე. ცუცქირიძე და ჩხეიძე იყვნენ ელგუჯა გოცირიძის პირადი შპიონები.

გასაკუთრებით საინტერესოა პროფესორ გიორგი გურგენიძის „ღუდუშაურიდან“ წამოსვლის ისტორია: 2011 წელს რეანიმაციიდან გადმოიყვანეს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბაბუა. იგი ასაკოვანი კაცი გახლდათ, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი და ამასთან ერთად საკმაოდ მძიმე  მდგომარეობაში იმყოფებოდა. შექმნილი ვითარების გამო გურგენიძეს განყოფილებაში ჰყავდა მხოლოდ ერთი ექთანიმ პაციენტს კი მარტო პალატაში უმეთვალყურეოდ ვერ დატოვებდა, ანუ ეკუთვნოდა პოსტი (დამატებითი ექთანი), _ ასე ჰქვია 24 საათის განმავლობაში პაციენტის მომვლელს. პოსტი რომ გაეხსნა, იმას ფული უნდოდა და ამ ფულს ელგუჯა გოცირიძის ბრძანებით არავინ მისცემდა დამატებით ექთანს. თან ეს ავადმყოფი იყო უმწეო თავისი პოლისით. მერე რა, რომ ვიღაცის ბაბუა იყო? ვინაიდან და რადგანაც ოფიციალურად დაშვებული იყო კლინიკაში თავმდგმურის არსებობა, ხშირად სწორედ პატრონი ედგა ხოლმე თავზე თავის ავადმყოფს. ასე მოვიდა პაციენტის პატრონი. პროფ. გიორგი გურგენიძემ მას აუხსნა, რომ მორიგე ექიმი არის, ექთანიც ყველა მანიპულაციას შეასრულებდა, მაგრამ პაციენტს 24 საათი ვიღაცა უნდა დგომოდა თავზე. ამ ქალბატონმა, როგორც შემდეგ გამოირკვა, იქირავა ვიღაც (არა კლინიკის თანამშრომელი), რომ მამამისი მარტო არ დაეტოვებინა. როცა ცუცქირიძემ შეიტყო, თავმდგმურს პირადობის მოწმობა წაართვა, დაკითხვა მოუწყო და მთელი გამოძიება ჩაატარა. გამოძიების დასრულების შემდეგ ჩხეიძემ დაურეკა გოცირიძეს და მეორე დღესვე ეს მთელი საქართველოსთვის პატივსაცემი კაცი, ცნობილი ქირურგი, გიორგი გურგენიძე, დაიბარეს გოცირიძის კაბინეტში, გამოუცხადეს, რომ არის დაქვეითებული რიგით ექიმამდე. შესაბამისად, მან მაშინვე დაწერა განცხადება და წამოვიდა კლინიკიდან. იმ დროისთვის ღუდუშაურის  კლინიკას ჰქონდა გურგენიძის ოთხი თვის სახელფასო დავალიანება, რომლის მისაღებადაც, ფაქტობრივად, ერთი წელიწადი დასჭირდა პროფესორს სასამართლოში სიარული – ელგუჯა გოცორიძე ამ ფულს მას, უბრალოდ, არ აძლევდა.

„ღუდუშაურში“ მიმდინარე მოვლენებმა და იქიდან საქართველოში ყველაზე ცნობილი პროფესორების გაყრამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მირიან წიკლაურმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის იმდროინდელმა მოადგილემ, განაცხადა, რომ როდესაც კლინიკას ამდენი წამყვანი სპეციალისტი და ნამდვილი პროფესიონალი ტოვებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური მოვლენა. რომ ეს ფაქტი უნდა იყოს შესწავლილი და ამით უნდა დაინტერესდეს საზოგადოება და ხელისუფლება.

2011 წლის 30 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შეიკრიბა ყველა წევრი, რომ გაერკვიათ, ეს რა უბედურება ხდებოდა ღუდუშაურში?! როგორც ჩანს, ვერ გაარკვიეს, ვინაიდან ეს უბედურება დღემდე გრძელდება და ამან ჯანდაცვის მინისტრიც კი შეიწირა.