ზაზა სარალიძე: „ჯერ მოკლეს და მერე შეურაცხყოფას აყენებდნენ“

ზუკა ნემსაძე

2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მე-11-კლასელები ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე, ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზევე დაიღუპა. დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა და მასშტაბური აქციებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, 4 წელი გავიდა.

2021 წლის პირველ დეკემბერს დათუნა სარალაძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მისი შვილის საქმეში ბრალდებულების შეწყალება მოსთხოვა:

„რახან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად, ხომ?! ხმა აღარ უნდა ამოვიღო, ხომ?! რახან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ?! ვაი, მართლა, თქვენს პატრონს, საით მიაქანებთ საქართველოს, თქვე საცოდავებო. ზუსტად ამის მსხვერპლი არის ჩემი შვილი, მეტი არაფრის. ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი, მეტმა არაფერმა, _ თქვა ზაზა სარალიძემ და განაგრძო, _ მე დღეს ის ბიჭები მეცოდება სულყველა. მე ბოლო სასამართლო სხდომაზეც დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი, პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის შემდეგ მაინც უნდა აპატიო. რატომ? დღესვე ვაპატიებ. რატომ ვიტანჯო 15 წელი თავი? განა, მე ის ბავშვები და მათი მშობლები არ მეცოდებიან?! ბოლო სასამართლო სხდომაზე პირდაპირ ვთქვი, _ ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან ყველა-მეთქი. გამოუშვან კალანდიაც. გამოუშვან ეს ბიჭიც, არ მიუსაჯონ. აღარ არიან ჩემთვის მკვლელები მნიშვნელოვანი. სიმართლე ითქვა. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე. ზაზა სარალიძეს რას ეტყვიან, აღარ მაინტერესებს, მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ფხაკაძეს, გუგუშვილსა და ფიფიას, სანამ ცოცხალი ვიქნები, არაფერს ვაპატიებ. ღარიბაშვილი და გომელაური კი არა, ვინც გინდათ, ისინი მოდით, ვინც გაგეხარდებათ. არავის გაპატიებთ ჩემი შვილისა და ცოლის ხელახალ ცრემლებს“, _ განაცხადა სარალიძემ

„ქრონიკა+“ თემაზე ვრცლად სასაუბროდ ზაზა სარალიძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო ზაზა, 4 წლის წინათ მომხდარი ამბის გახსენებით დავიწყოთ: 4 წელი გავიდა ამ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თქვენს ოჯახს დაატყდა და უცებ ეს ყევლაფერი მთელი საქართველოს ტკივილად გადაიქცა.

_ ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია და დღესაც არ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოვალ ამ მდგომარეობიდან.  

_ დიდხანს გაგრძელდა, ბატონო ზაზა, პროტესტი, მაგრამ, ერთ დღესაც, საპროტესტო აქციები შეწყდა. თქვენ საუბრობთ ამ პროტესტის შეწყვეტის მიზეზებზეც. რატომ შეწყვიტეთ აქციები?

_ ეს არაერთხელ მითქვამს: ჩემს ოჯახში იყო ისეთი პატარა ნიუანსი, რომ აღარ შეიძლებოდა ქუჩაში ჩემი დგომა.

_ რა ნიუანსი?

_ იმ დონეზე ვიყავი გადასული ჭკუიდან, ალბათ, მონსტრად ვიყავი ჩამოყალიბებული და მარიამმა, ჩემმა შვილმა, მითხრა: _ თქვენ მხოლოდ ერთი შვილი გყავდათ?! იმის შემდეგ აქციისკენ აღარ გამიხედავს, აღარც მაინტერესებდა, ვინ რას იტყოდა, რა ტალახს მესროდნენ.

ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ამას, მაგრამ უნდა გამოვცლოდი აქციებს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ დღის წესრიგში ექცეოდა, პოლიტიკა კი ჩემი საქმე არ არის, მე პოლიტიკა არ მადარდებს. ჩემი პოლიტიკა ჩემი ოჯახია, ჩემი შვილები, მეუღლე, დედა, ანუ ჩემი გლეხური ოჯახი.

_ ანუ ძირითადი მიზეზი ქუჩიდან სახლში წასვლისა იყო თქვენი შვილი მარიამი?

_ რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მარიამმა, რომ მე ქუჩაში აღარ ვმდგარიყავი. ახლა რომ ძველ ინტერვიუებს ვუყურებ, იმ შეტაკებებს პოლიციასთან, ფაქტობრივად, ჩემი თავი დაკარგული მქონდა _ ვეღარ ვცნობდი. არ ვიცი, ალბათ, მონსტრად ვიყავი ჩამოყალიბებული.

_ ალბათ დედის, მამის, ბებიის სიმწრის მიუხედავად, მარიამმა ყველაზე მეტად განიცადა ეს ამბები, რადგან ასეთი რამ გითხრათ.

_ რა თქმა უნდა, ეს მისთვის ყველაზე მტკივნეული ამბავი იყო, მარიამმა, ფაქტობრივად, არა მარტო ძმა, არამედ ოჯახის წევრებიც დაკრგა, რომლებიც 24 საათი ქუჩაში იდგნენ და შვილის სიკვდილს აპროტესტებდნენ.

_ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ თქვენს განცხადებას შევეხოთ. პირველ დეკემბერს 4 წელი გავიდა ამ საშინელი დღიდან. თქვენ გამოხვედით ინიციატივით და პრეზიდენტს მიმართეთ, რომ შეიწყალოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებდა თქვენი შვილის საქმეში. რამ გიბიძგათ ამისკენ და 4 წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი გეთქვათ?

_ ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული მაქვს, უბრალოდ, პირველ დეკემბერს ველოდებოდი. მინდოდა, დამემთხვია ამ დღისთვის. ეს პრინციპული საკითხი იყო ჩემთვის.

როდესაც ბოლო ბრალდებული მენაბდე დააკავეს, მის სასამართლო პროცესზე მოსამართლეს პირდაპირ მოვუწოდე, გაეთავისუფლებინა იგი. პროკურორსაც დავუფიქსირე ჩემი აზრი, რომ მე ვაპირებდი მიმართვას სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ გაეთავისუფლებინა ეს პირები. ძალიან დიდი ხნის წინ მიღებულია ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, ამ დღეს ველოდებოდი, მაგრამ სიტუაცია აირია.

სხვანაირად მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ბოლოს ასე გადავწყვიტე.

_ ყველას განთავისუფლებას ითხოვთ? როგორც ვიცი, მართლმსაჯულების ცალკეული წარმომადგენლების საკითხში კატეგორიულად პრინციპული ხართ და მათ დასჯაზე ისევ აპელირებთ.

_ დიახ, ყველას განთავისუფლებას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილის საქმეში მონაწილეობდა. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივმართე, რომ გამონახოს ყველანაირი ბერკეტი, რათა ეს პირები გაათავისუფლოს… გარდა იმ პირებისა, რომლებმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს ჩემს ოჯახს ამ ტრაგედიის შემდეგ.

_ რა ზიანზე საუბრობთ, ბატონო ზაზა?

_ პროკურორსა და გამომძიებელზე ვსაუბრობ, რომლებმაც აურ-დაურიეს ყველაფერი. ამით არა მარტო ჩემი ოჯახი დააზარალეს, არამედ _ დანარჩენიც. მთელი საზოგადოება დააზიანა ამ ორმა პროკურორმა და, სიმართლე გითხრათ, ქართველი ერი როგორ იტანს ასეთ პროკურორებსა და გამომძიებლებს, არ მესმის!

_ ადვოკატებთან თუ გქონდათ კომუნიკაცია? რამდენად შესაძლებელია და არსებობს თუ არა იმის ბერკეტი, რომ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე  პრეზიდენტმა შეიწყალოს დამნაშავეები?

_ კომუნიკაცია არავისთან მქონია და არავისთან კონსულტაცია არ გამივლია ამ საკითხის შესახებ. ეს არის, უბრალოდ, ჩემი გადაწყვეტილება.

_ თქვენი ოჯახი თანხმა იყო?

_ დიახ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს ოჯახთან მქონდა კონსულტაცია, რომ ვაპირებდი ამ ნაბიჯის გადადგმას.

_ როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

_ ყველამ მომიწონა ეს ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანულადაც ეს ყველაფერი მიზანშეწონილია. ჩვენ ვაპატიებთ მათ ყველაფერს.  

_ მაგრამ კანონი ხომ სხვა რამეს ითხოვს?

_ არ ვაპირებ იმას, რასაც კანონი მავალდებულებს, რომ 15 წელი დავტოვო ეს ბავშვები ციხეში. არ ვაპირებ, 15 წელი თავი ვიტანჯო. აი, ეს არის ჩემი განცხადება, რაც გავაკეთე და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩათვალეთ, უდიდესი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან და უდიდესი ტვირთი მოვხსენი ჩემს ოჯახს. 

_ ბატონო ზაზა, თქვენი ოჯახი ამ საშინელ ბრძოლაში გვერდით გედგათ. ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, როგორ მიიღო ეს იდეა, როცა გააცანით?

_ მათი გადაწყვეტილებაც თავიდანვე ეგ იყო. დასაწყისიდან, 4 წლის წინათაც, ამ აზრზე იყვნენ.

_ მაშინ აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს განცხადება?

_ იმიტომ, რომ მე ვერ ვპატიობდი მხოლოდ იმას, რომ ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჯერ მოკლეს და მერე შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგას არ ვაპატიებდი არავის, სანამ სიმართლეს არ იტყოდნენ.

_ სიმართლე ნათქვამია დღეს?

_ კი, სიმართლე ყველას ვათქმევინე! მე რასაც ვამბობდი, ყველაფერი დადასტურდა.