ვახტანგ კალოიანი: „ღარიბაშვილმა და ტიკარაძემ თანამდებობები უნდა დატოვონ!“
ვანო პავლიაშვილი
კორონაპანდემიიდან ორი წლის შემდეგ მსოფლიომ 21-ე საუკუნის ჭირის მართვა, ასე თუ ისე, ისწავლა. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში კოვიდით გარდაცვალება შემცირებულია. საქართველო კი ე. წ. სიკვდილის რუკაზე ლამის პირველ ადგილზეა. მართალია, თავის დროზე, ე. ი., პანდემიის პირველ ეტაპზე, ჩვენი „მუშკეტერები“ გვარწმუნებდნენ, რომ „ოცნების“ მთავრობა კოვიდს იდეალურად მართავდა, თან ისე იდეალურად, რომ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები ამ მხრივ ტრენინგებს ლამის ჩვენს მაღალჩინოსნებთან გადიოდნენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ბოლო სერიაში აღმოჩნდა, რომ „კოვიდის კარგი მენეჯმენტი“ ჩვეულებრივი მითი და „ფეიკი“ იყო.
რისთვის დასჭირდა „ოცნებას“ ამ მითის შექმნა? _ სხვადასხვა ვერსიით, კორონა მმართველი გუნდისთვის კორუფციის შესანიშნავ წყაროდ იქცა. ჰოდა, ახლა, როგორც კულუარებში ამბობენ, მთავრობას კორონის სამართავად ფული აღარ აქვს. ამასთან, დასავლელი პარტნიორები, თურმე, დაჟინებით ითხოვენ, ღარიბაშვილის კაბინეტმა დეტალური ანგარიში წარადგინოს იმ მილიონებიდან, რაც პანდემიის სამართავად გავლენიანმა უცხოურმა ორგანიზაციებმა, მინიმუმ, გრანტის სახით მოგვცეს, რა როგორ დაიხარჯა, მაგრამ ვინაიდან პანდემიის აუდიტი არ არსებობს, „ოცნებას“ ამ ანგარიშის წარდგენა უჭირს. ამიტომ, კულუარული მონაცემებით, სწორედ ეს თემა გახდება საბაბი, რის გამოც პრემიერმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ თანამდებობა მხოლოდ პრემიერმა კი არა, ჯანდაცვის მინისტრმაც უნდა დატოვოს. ამასთან, კალოიანი პრემიერყოფილ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და პირდაპირ ამბობს, რომ აგრესიულ ანტივაქსერულ ჯგუფებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მინიმუმ, სულიერი კაშირი არსებობს.
ისე, სიტყვამ მოიტანა და დაკვირვება ცხადყოფს, რომ ანტივაქსერები მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში რუსეთიდან იმართებიან. ყოველ შემთხვევაში, ანტივაქსერობა, როგორც მკვლევრები ამბობენ, წმინდა რუსული ნარატივია.
„საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია აქტიურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის სტრატეგიული ინტერესების არეალში ხვდებიან. ამ მხრივ კი არც საქართველოა გამონაკლისი… რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც პირდაპირაა მიმართული სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სამედიცინო კუთხითაც. ერთი მხრივ, რუსეთი ამ გზით ცდილობს, უნდობლობა, პოლარიზაცია და ქაოსი გააღვივოს უცხო ქვეყნებში, რაც პოლიტიკური რისკების შემცველია ამ საზოგადოებებისთვის. მეორე მხრივ კი ჯანდაცვის უწყებებისა და მედიცინისადმი უნდობლობის გაჩენამ ხალხში შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ კრიზისულ რეალობაში საქართველოს ჰქონდეს მწყობრი სტრატეგია ამგვარ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ჯანდაცვის უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისადმი უნდობლობის ზრდა“, _ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ კვლევაში, თუმცა ჩვენი ხელისუფლება მსგავს კვლევებსა და ანგრიშებს, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევს. შესაბამისად, გვაქვს რეალობა, როცა კოვიდით დღეში ათობით ადამიანი იღუპება და ამ ფონზე უმაღლესი თანამდებობის პირები ლამის ღია ანტივაქსერულ კამპანიას ეწევიან.
ერთი სიტყვით, რატომ ვერ მართავს „ოცნება“ კოვიდპანდემიას და რატომ არ ატარებს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკურ აუდიტს? _ „ქრონიკა+“ რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანს ესაუბრა:
_ ბატონო ვახო, მსოფლიომ კორონის მართვა, ასე თუ ისე, ისწავლა. ყოველ შემთხვევაში, პაციენტები აღარ იღუპებიან. ჩვენ კი სიკვდილობის კუთხით მსოფლიოში, მგონი, პირველ ადგილზე ვართ. რა გვჭირს? ჯადო გვაქვს?
_ ჯადო კი არ გვაქვს, არამედ მეცნიერებსა და მსოფლიო გამოცდილებას ვაქცინაციისა თუ კლინიკური მართვის კუთხით არ ვენდობით.
_ რატომ?
_ საერთოდ, ეპიდემიის მართვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა განმსაზღვრელი ვაქცინაციაა. იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი შეამცირეს, კარდინალური საკითხი, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია იყო, ანუ ამ ქვეყნებში აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
რაც შეეხება კლინიკურ მართვას, ჩვენი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არასტანდარტიზაციაა.
_ ეს რას ნიშნავს?
_ გვაქვს კლინიკები, სადაც კარგად მკურნალობენ, მაგრამ ასევე გვაქვს კლინიკები, სადაც სასურველია, რომ პაციენტებს უკეთ მართავდნენ. შედეგებიც არათანაბარი სწორედ ამიტომაა.
_ რაკი კლინიკები ვახსენეთ, ერთ თემას შევეხები: არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ მსოფლიო სტანდარტით, კლინიკებში შიდა ინფექციის ათი პროცენტია, ასე ვთქვათ, დაშვებული, თუმცა საქართველოში, როგორც ამირან გამყრელიძემ გვითხრა, შიდა ინფექციები ნულამდეა დასული, რაც, თურმე, აბსურდია. შესაბამისად, არსებობს ვერსია, რომ კოვიდიანი პაციენტი კლინიკაში სხვა სენითაც ავადდება და სწორედ ეს ხდება გარდაცვალების საბაბი. ასეა?
_ სტანდარტიზაციაში სწორედ ეს ვიგულისხმე.
_ კლინიკები შიდა ინფექციას, თურმე, იმიტომ არ ადასტურებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ერთ კოვიდიან პაციენტზე გამოყოფილ 20 თუ 22 ათას ლარს ვეღარ მიიღებენ…
_ ამ საკითხს ასე შევხედოთ.
_ როგორ, ბატონო ვახტანგ?
_ ჩვენ, ანუ სახელმწიფოს, კოვიდის სამკურნალო პროცესის კლინიკური აუდიტი არ ჩაუტარებია. საერთოდ, მსოფლიო პრობლემაა, რომ ზოგიერთი ფაქტი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით რეალურად არ აისახება.
_ რას გულისხმობთ?
_ ვთქვათ, როცა მონაცემებს ავსებ, რაღაც შეიძლება, არ მიიჩნიო პრობლემად. კლინიკური აუდიტი კი სწორედ ის გზაა, რომლითაც პრობლემის ობიექტივიზაციასა და მის ციფრებში გამოხატვას ახერხებ, მაგრამ აუდიტის დასკვნა არც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე დევს და არც _ სხვაგან. ამიტომ არ ვიცით, სამკურნალო პროცესი როგორ მიდის, რა პრობლემებია და გარდაცვალების მიზეზი, ძირითადად, რა ხდება.
სხვათა შორის, ეს მხოლოდ კოვიდს არ ეხება. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკურ აუდიტს, სამწუხაროდ, ათწლეულებია, არ ატარებს. მართალია, მუდმივად გვპირდება, აი, ჩავატარებო, მაგრამ რეგულირების სააგენტო, რომელსაც კლინიკური აუდიტი ევალება, ამ საკითხზე არ მუშაობს და შეკვეთას არც პროფესიულ ასოციაციებს აძლევს.
_ კლინიკური აუდიტი მიზანმიმართულად არ ტარდება, რომ რამე მაქინაციები არ გამოვლინდეს?
_ ეს უფრო უპასუხისმგებლო არაპროფესიონალიზმია, ანუ მმართველ გუნდში, ჯერ ერთი, ცოდნა დიდად არ აქვთ და მეორეც, თუ აქვთ, წინა პლანზე უპასუხისმგებლობის კომპონენტია წამოწეული.
ერთი სიტყვით, პრობლემის ობიექტივიზაცია გვჭირდება. ამის გარეშე პრობლემის მოგვარების გზას ვერ დავსახავთ. ჩათვალეთ, რომ ახლა ოთახში თვალახვეულები დავდივართ და რაღაცას ხელის ცეცებით ვეძებთ და ეს მაშინ, როცა ყველა კონკრეტული რგოლი აუდიტირიზებული უნდა იყოს, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ამ აუდიტს დასჯის მიზანი უნდა ჰქონდეს. პირიქით, აუდიტი იმიტომ უნდა ჩატარდეს, რომ პრობლემები ვიპოვოთ და მერე მათი ობიექტივიზაცია მოვახდინოთ.
_ მესმის, მაგრამ იგივე კოვიდმართვას ფინანსური აუდიტიც არ აწყენდა, ანუ პანდემიის დაწყებისთანავე, გემახსოვრებათ, სპეცფონდი შეიქმნა, სადაც მილიონობით ლარი ჩაირიცხა, თუმცა არ ვიცით, ეს ფული როგორ დაიხარჯა. ასევე იმ გრანტებისა თუ დახმარებების ბედიც არ ვიცით, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან მივიღეთ.
_ ამ თემაზე საჯარო უწყებებში არაერთი კითხვა გავაგზავნეთ, თუმცა ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.
_ რატომ, სახელმწიფო რას ასაიდუმლოებს?
_ სხვათა შორის, სახელმწიფო აუდიტმა ე. წ. კოვიდის ხარჯები შეისწავლა და ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა.
_ კერძოდ?
_ მაგალითად, ვაქცინაციაზე ცოტა თანხაა დახარჯული, გარკვეული ხარჯები კი არამიზანმიმართული იყო, მაგრამ ყველაფერ ამაზე ხელისუფლებას რეაქცია და რეაგირება არ ჰქონია.
_ უცნაურია…
_ 2022 წლის ბიუჯეტით, ჯანდაცვის ბიუჯეტს 380 მილიონი ემატება და ეს თანხა, ძირითადად, კოვიდპაციენტების მოვლაზეა გაწერილი. არადა, ვაქცინაციის ორგანიზებით, ჯერ ერთი, სიცოცხლეს გადავარჩენდით და, მეორე, ამ ხარჯს, მინიმუმ, ავცდებოდით.
_ რა ხარჯს?
_ ამხელა თანხა იმ პაციენტების მკურნალობაზე უნდა წავიდეს, რომლებიც აცრით, უბრალოდ, საავადმყოფოს ასცდებოდნენ და, სიცოცხლის გადარჩენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამით თანხაც დაიზოგებოდა.
ერთი სიტყვით, „ევროპული საქართველო“ კოვიდთანხების ხარჯვაზე მუდმივად აკეთებს აქცენტს, მაგრამ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს.
_ ბატონო ვახო, იზიარებთ ეჭვს, რომ კოვიდპანდემიამ ხელისუფლებას კორუფციისთვის ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა?
_ ამ სპეკულაციებში შესვლა არ მინდა.
_ რატომ?
_ მთავარი პრობლემა ინფორმაციის არქონაა.
_ ანუ?
_ ამ ხელისუფლების პირობებში კორუფციაზე ეჭვი გასაკვირი სულაც არ არის, მაგრამ ამაზე მტკიცებით საუბარი ძნელია, რადგან არ ვიცით, ეს ხარჯები სად წავიდა _ ვთქვათ, პოლიტიკურ აგიტაციაში, კოორდინატორებსა თუ მხარდამჭერებში.
_ მტკიცებულებების გარეშე საუბარი, გეთანხმებით, არასერიოზულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, კოვიდკორუფციაზე ეჭვი, მგონი, არცთუ უსაფუძვლოა, არა?
_ რა თქმა უნდა, უსაფუძვლო არ არის, მაგრამ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო რამის მტკიცება შეუძლებელია.
ისე, ეს თანხები შეიძლება, კორუფციულად კი არა, არაგონივრულად დაიხარჯა, რასაც არაეფექტიანი შედეგი მოჰყვა.
_ ისე, კულუარებში ხმა დადის, „ოცნებას“ კოვიდის სამართავად ფული აღარ აქვსო. ამასთან, დასავლელი პარტნიორები, თურმე, ითხოვენ, ანტივაქსერი პრემიერი გადააყენეთო. მოკლედ, ბატონო ვახო, როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტი და ასევე პოლიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, კოვიდი შეიძლება, იმის საბაბი გახდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს?
_ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობდეს, თანამდებობა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა კი არა ეკატერინე ტიკარაძემაც უნდა დატოვოს!
ისე, ქალბატონი ტიკარაძის ბოლო ინტრვიუ ნახეთ?
_ სიმართლე გითხრათ, ქალბატონი ტიკარაძის კი არა, სხვა „ქოცების“ გამოსვლებსაც სულ იძულებითი წესით ვისმენ ხოლმე…
_ ამ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების სტიმულაცია ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა დაეწყოთ, რითიც ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ, მაგრამ ჩვენი ვერტიკალი გამართული არ იყოო. ეს სწორედ ისაა, რაზედაც „ევროპული საქართველო“ გასული წლიდან ლაპარაკობს და ხელისუფლებას ეხვეწება, 60 წელს გადაცილებულთა სტიმულცია დაიწყეო. ქალბატონი ტიკრაძე კი მხოლოდ ახლა ამბობს, იმის გამო, რომ გაზაფხულიდან დეკემბრამდე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.
მოკლედ, პასუხისმგებლობას მხოლოდ ტიკარაძე და ღარიბაშვილი კი არა, სხვათა შორის, გახარიაც უნდა გრძნობდეს.
_ გახარია ხელისუფლებაში აღარაა.
_ დიახ, მაგრამ კოვიდის მართვაში გახარიას ცუდი როლი არ უნდა დაიკარგოს. სწორედ გახარიაა ერთ-ერთი პასუხისმგებელი, ვაქცინა დროზე რომ არ გვქონდა.
ერთი სიტყვით, ღარიბაშვილმა და ტიკარაძემ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კორონას გამო მაინც უნდა დატოვონ თანამდებობები!
_ რა ამის პასუხია, ბატონო ვახტანგ და, ჩვენი პრემიერი ანტივაქსერი რატომაა?
_ ფსიქოლოგიურ პლასტებში ჩასმა ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია: დღევანდელი ხელისუფლება არც სამედიცინო კანონებით მოქმედებს, არც მეცნიერების ბოლო მიღწევებს იყენებს და არც _ მსოფლიო გამოცდილებას.
_ რატომ?
_ ფაქტია, რომ ღარიბაშვილსა და ანტივაქსერულ ჯგუფებს სიმპათია ერთი მიმართულებით აქვთ. ვეჭვობ, რომ ეს პოლიტიკურადაა მოტივიებული.
_ ანუ?
_ საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ განწყობა უფრო კრიტიკულია.
_ მერე?
_ ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, ანტივაქსერი მოქალაქეები არ გააღიზიანოს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით იღებს.
_ ამომრჩევლის გულის მოგება გასაგებია, მაგრამ საქართველოში ფესვგამდგარი ანტივაქსერობა პირადად მე რუსული ნარატივი მგონია, ანუ მართალია, ვაქცინას ევროპაშიც აპროტესტებენ, მაგრამ ყველაზე მძლავრი ანტივაქსერული კამპანიები მაინც რუსეთშია. ჩვენს ხელისუფლებას კი, როგორც ოპოზიცია ამბობს, ჩრდილოეთური მიდრეკილებები ზომაზე მეტი აქვს.
_ ძალიან საინტერესოა „ლანცეტის“ ბოლო მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, რუსეთისა და ჩინეთის მიერ ორგანიზებულ ანტივაქსერულ კამპანიებს შორის კავშირი ძალიან დიდია.
სხვათა შორის, იგივე ევროპის ქვეყნებშიც აგრესიულ ანტივაქსერულ კამპანიებს რუსეთთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები ატარებენ. უბრალოდ, ჩვენსა და ევროპას შორის განსხვავება ისაა, რომ იქ ანტივაქსერები ათ პროცენტზე მეტნი არ არიან და თავისუფალი და ლიბერალური ღირებულებების საზოგადოება ჯანდაცვის მიღწევებსა და რეკომენდციებს იზიარებს. შესაბამისად, ამით საბოტაჟისგან თავს იცავს.
ჩვენთან კი ეს გავლენა, სამწუხაროდ, მეტია.
_ ამის მიზეზი რა არის?
_ ჯერ ერთი, პოსტსაბჭოთა სივრცე, ანუ პოსტტოტალიტარული საზოგადოება ვართ. მეორეც, ხელისუფლება არ მუშაობს და შესაბამისად, რუსული პროპაგანდაც ნოყიერ ნიადაგს პოულობს.
_ ანუ ხელისუფლებაც პრორუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშაა?
_ ყოველ შემმთხვევაში, ავტორიტარიზმისკენ მიდის. ავტორიტარიზმის მართვის სისტემა კი რუსეთსა და რუსულ გავლენებთან ყოველთვის ახლოსაა.
მოკლედ, საქართველოში აგრესიული ანტივაქსერული კამპანიის უკან, ძირითადად, რუსეთთან დაკავშირებული ხელისუფლება დგას. ყველაფერ ამის წინააღმდეგ იგი, მინიმუმ, არაფერს აკეთებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილს, „ალტ ინფო“ იქნება თუ სხვა პრორუსული ჯგუფი, ხელისუფლება მასთან მართალია, ირიბად, მაგრამ ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.
წეღანდელი თქმისა არ იყოს, მტკიცებით ფორმაში რამის თქმას მოვერიდები, მაგრამ ფაქტებზე დაფუძნებული საღი ვარაუდია, რომ ხელისუფლებასა და ანტივაქსერულ ჯგუფებს შორის ფარული სულიერი კავშირი არსებობს.
_ ბატონო ვახო, გეთანხმებით, რომ ვაქცინაციის დაკნინებით ხელისუფლება მრევლის გულის მოგებას ცდილობს, მაგრამ ერთია გაუგებარი: „ოცნება“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს და თუნდაც ელექტორატის ამ ნაწილისთვის ამ ეტაპზე „კოჭის გაგორება“ რისთვის უნდა?
_ გაიხსენეთ, როგორი იყო საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის პოლიტიკა არჩევნებამდე _ ამ მიმართულებით მოძრაობა, პრაქტიკულად, არ ყოფილა, მაგრამ როგორც კი არჩევნები დამთავრდა, წახალისება დაიწყო და იგივე მწვანე პასპორტიც შემოიტანა. არადა, ამ თვეების განმავლობაში ადამიანები იღუპებოდნენ. სწორედ ამაზეა ლაპარაკი და მეტი არაფერზე.
_ ორი მწვანე პასპორტიც, რომლიდანაც ერთი კოვიდგადატანილებზე უვადოდ შეიძლება, გაიცეს, ხალხის მოსათაფლადაა?
_ რა თქმა უნდა.
„ოცნება“ ცდილობს, რომ საზოგადოების ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ნაწილი არ გაანაწყენოს.
საერთოდ, ხელისუფლება საზოგადოებაზე დამოკიდებულის ზღვარზეა და არ უნდა, რომ კიდევ ერთი ჯგუფი გაუნაწყენდეს.
ერთი სიტყვით, აგრესიულად განწყობილი ანტივაქსერებისა და ხელისუფლების სულიერი ერთობა სახეზეა!
_ ბოლოს, ბატონო ვახტანგ, პანდემია რომ დაიწყო, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძეს ტაშს ვუკრავდით და მათ „მუშკეტერებიც“ კი დავარქვით.
_ იმ ჯგუფში, რომელიც ტაშს უკრავდა, არ ვყოფილვარ.
_ ტაში მეც არ დამიკრავს, მაგრამ ეს გმირი „მუშკეტერები“ დღეს ანტიგმირებად რატომ იქცნენ?
_ ვანო, იცით, რა დება?
_ რა?
_ ციფრებზე დაყრდნობილი რაციონალური შეფასება ყოველთვის საჭიროა.
_ ანუ?
_ საერთოდ, პანდემიის მართვა პოლიტიკური პროცესია, რომელსაც ვაჟკაცი და პასუხისმგებლიანი, ანუ ისეთი პოლიტიკოსები სჭირდება, რომელთაც არაპოპულარული გადაწყვეტილებების არ ეშინიათ. ამიტომ როცა რაციონალურ კითხვებს ვსვამდით და ვსვამთ, ემოციურ ფონზე გვპასუხობდნენ და გვპასუხობენ, აი, სისხლისმსმელები და მკვლელები ხართ, სხვისი აშენებული ქვეყანა არ გინდათო. არადა, პრობლემები ჰაერიდან კი არ მოგვქონდა, არამედ ყველაფერი ციფრებიდან ჩანდა.
_ ბატონო ვახო, სხვა რამ გკითხეთ და ეს რა შუაშია?
_ იმ შუაშია, რომ თავის დროზე აღფრთოვანების მიზეზი სწორედ ეს იყო და ახლა კრიტიკის მიზეზიც ესაა.
საერთოდ, ნორმალური არც მაშინდელი ზღვარგადასული აღფრთოვანება იყო დ არც ახლანდელი ზღვარგადასული, ზოგჯერ ამორალური ლანძღვაა ობიექტური.
კი ბატონო, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და გადაწყვეტილებებიც გვიან მიიღეს. ამ მხრივ კრიტიკა გასაგებია, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ის ზღვარდაგასული გინება, რასაც ახლა იგივე გამყრელიძის, ცერცვაძისა თუ იმნაძის მისამართით ვისმენთ, ჩემთვის ზუსტდ ისევეა მიუღებელი, როგორც ზღვარგადასული აპლოდისმენტები.
ჩვენ რაციონალური, ციფრებზე დაფუძნებული ანალიტიკა და ამის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები გვჭირდება! იქიდან თუ აქედან ექსტრემალურ მოძრაობებს სწორედ ასე ავიცილებთ!