რომან გოცირიძე: „სააკაშვილი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ უკრაინაში დაბრუნებულიყო“
ნენე ინჯგია
„მე წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, _ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო… მე არ მინდა ვიყო მკვდარი თევზი და ჩვენ არავინ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი… ამიტომ _ მოქმედება“, _ ეს სიტყვები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელსაც დაკავებიდან მე-60 დღეს, 29 ნოემბერს წარმოთქვა. მიხეილ სააკაშვილს პირველად მიეცა საშუალება, ქართველი ხალხისთვის საჯაროდ მიემართა.
სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წარმატებულ წარსულზე, მძიმე აწმყოსა და სამომავლო შანსებზე, დაახლოებით, საათზე მეტ ხანს ლაპარაკობდა.
სააკაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ უკანონოა მისთვის გამოტანილი ყველა განაჩენი და ყველა ბრალდება, მათ შორის, „2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობით დაშლის“ საქმის შესახებ, რომელსაც უკავშირდებოდა 29 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესიც.
პატიმარი ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ 7 ნოემბრის მოვლენებიც რუსეთის გეგმების ნაწილი იყო და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც, 14 წლის წინ, ამ გეგმის მთავარი ფიგურანტი გახლდათ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დაშლის ოპერაციას მთლიანად შს მაშინდელი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა და პრეზიდენტი დირექტივებს არ გასცემდა. ხოლო იმისთვის, რაც მოხდა, საფასური მან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით გადაიხადა.
ბრძოლის რა გზას ირჩევს და რა კონკრეტული გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“? აგრძელებენ თუ არა საპროტესტო აქციებს და რამდენად რეალურია სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი?
ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ რომან გოცირიძეს ესაუბრა:
_ ბატონო რომან, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საჯარო მიმართვა გააკეთა, საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო იყო, რომ მან სათანადოდ არ მოიხადა ბოდიში. თქვენ როგორ შეაფასებთ სააკაშვილის მიმართვას?
_ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მარტივად ახსნა, თუ რას ნიშნავს ბოდიშის მოხდა თავისუფალი ადამიანის მიერ და რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული სასამართლოს წინ ბოდიშები ახდევინო ადამიანს, თუნდაც იმ შეცდომებზე, რასაც თავადაც აღიარებს. მან ძალიან ნათლად ახსნა ეს. ბოდიშის მოხდა და მსგავსი ულტიმატუმების წაყენება სასამართლო პროცესზე არის პოლიტიკური სასამართლო პროცესის ერთ-ერთი ხრიკი, რომ საკითხი გადაიყვანონ სამართლებრივი კუთხიდან პროპაგანდისტულ კუთხეში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის საქმეები, რომლებიც არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. პოლიტიკური დევნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის მიმართ დაწყებული პროცესის მიზანი არის პოლიტიკური და არა კანონიერების დადგენის მცდელობა. ასე რომ, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება მთელ მსოფლიოში. მათ შორის, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც, რომ ჩვენ ვართ ახლა პოლიტიკური პროცესის მომსწრენი. მისი ორი გამოსვლა პროცესზე, როგორც პირველი ასევე მეორე, იქ გამართული კამათი პროკურორებს, მოსამართლეებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ სასამართლო პროცესის რეალურ სახეს. არც მიხეილ სააკაშვილსა და არც არავის ილუზიები არ აწუხებდა იმის თაობაზე, რომ ამ სასამართლოზე ის ვინმეს დაუმტკიცებდა თავის სიმართლეს. წინასწარ არის გადაწყვეტილება მიღებული, ისიც კი იციან, რამდენს მიუსჯიან ამ საქმეებზე, თუმცა ესეც დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იაქტიურებს ოპოზიცია, მთლიანად საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები. შეიძლება მიუსაჯონ 6 წელზე ნაკლები ან კიდევ მეტი, იმ შემთხვევაში, თუ მათ ვერ იგრძნეს ეს ზეწოლა. ასე რომ, ამას საბოლოოდ გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, _ რა რიცხვსაც დაწერს იგი, იმას გაიმეორებს სასამართლო. ამიტომაც არის საჭირო ის, რასაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ იქნება პერმანენტული აქციები და ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ფორმას გამოვიყენებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე ძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა და ყურადღება მიხეილ სააკაშვილის საქმისადმი. ინტერესია საერთაშორისო მედიაში და ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან, მოუწევს გადაწყვეტილების მიღება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინასთან, როგორც რეგიონის ლიდერ სახელმწიფოსთან, ერთად უნდა შევიდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში და ამ ქვეყანასთან ვაფუჭებთ პარტნიორულ ურთიერთობას, უარს ვეუბნებით უკრაინის სახალხო დამცველს პატიმრის მონახულებაზე. უგუნურებაა ეს!
_ განთავისუფლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის არასდროს შეიწყალებს სააკაშვილს. სხვა რა გზები გგონიათ რეალისტური?
_ განთავისუფლების გზა უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეს გამოცხადა, რომ ყველაზე მოკლე გზა არის პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ზოგიერთს ეს სიტყვა არ მოეწონა, _ ამ დედაკაცის შესაწყალებელი რა სჭირს სააკაშვილსო, _ ეს არ არის სწორი მიდგომა, ვინაიდან კონსტიტუცია სწორედ იმიტომ ითვალისწინებს ასეთ ნორმას და იმიტომ ანიჭებს პრეზიდენტს ამ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, რომ ყოველთვის ხდება ისეთი მოვლენა, სადაც აბსოლუტური უფლება ექნება პრეზიდენტს, რომ მიიღოს ერთპიროვნულად გადაწყვეტილება. სწორედაც რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, ისევე როგორც ჰუმანურობის პრინციპიდან. ქვეყანაში სერიოზული კრიზისია, 12 ათასი ადამიანი მოკვდა ხელისუფლების ამ უგუნური პანდემიური პოლიტიკის შედეგად, ხალხი გაღატაკდა, ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, საქართველოში 18 ქალაქია, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 12 ათას ადამიანზე მეტია. ორი წლის განმავლობაში კორონავირუსმა ჭიათურის სიდიდის (12,5 ათასი) ერთი ქალაქი უკვე გაანადგურა. გარდა ამისა, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ეცემა, შიდა პოლიტიკური კრიზისია და უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან. ასეთ ვითარებაში პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ. რა თქმა უნდა, არსებობს მეორე გზაც, ოღონდ ნაკლებად რეალისტური: ეს არის პარლამენტის მიერ ამნისტიის აქტის მიღება, როგორც ახლახან მოხდა ეს. ძალიან შორი გზაა სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა, რომელიც ბევრი სამართლებრივი საფეხურის გავლას მოითხოვს. ასევეა უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობაც. თავად მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, რომ იგი გასამართლდეს ობიექტური სასამართლოს უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან შორი გზა, ვინაიდან უნდა იყოს მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და თუ ასეთ კანონს ღებულობს საქართველოს პარლამენტი, მაშინ ბუნებრივია, რეალური გარემოებები არსებობს, შიდა და საგარეო ზეწოლა, როგორც ფაქტორი, რომ ხელისუფლება უკან იხევს. თუ უკან იხევს, მაშინ ამ გრძელ გზას სჯობს მოკლე და კრიზისის განმუხტვის უფრო რეალური შესაძლებლობები იქნას გამოყენებული. ამიტომ მე კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს შეწყალების აქტი. ალბათ, ბევრმა ნახა სურათი, როგორ ზის ქალბატონი სალომე მკითხავ ლელა კაკულიასთან ერთად. მე ამ ფოტოს ასე დავასათაურებდი: ქალბატონო სალომე, ხომ გიწინასწარმეტყველეთ, რომ პრეზიდენტი გახდებოდით?! _ დიახ, მე თქვენი მჯერა, ქალბატონო ლეილა, _ ლეილა, არა ლელა. ხომ გირჩიეთ, რომ მიშასთან დაკავშირებით არ გეთქვათ არასდროს?! _ ასე რომ, სჯობს სალომემ მოუსმინოს ხალხის აზრს, ასევე ცნობილი მკითხავის აზრს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ არ ურჩევდა სალომეს მიშაზე ეთქვა, არასოდეს შევიწყალებო… თორემ მას რომ მისი რჩევა გაეთვალისწინებინა, შეიძლება ეთქვა, არა, რომელიც პოლიტიკაში ხშირად ნიშნავს კის. საბჭოთა კავშირის დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო. რაც კი საბჭოთა კავშირში ჩემი ცხოვრება მახსოვს, სულ ეს კაცი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მას დასავლეთში ეძახდნენ „მისტერ არას“, ყველაფერზე „არას“ ამბობდა, მაგრამ ამ „არა, არას“ ძახილში ატომური რაკეტებიც გაანადგურეს, საბჭოთა კავშირიც დაინგრა, ამიტომ პოლიტაკაში „არა“ ძალიან ორაზროვანი სიტყვაა. ქალბატონ სალომეს შეეშალა, როცა მკითხავს არ დაუჯერა, _ „არაზე“ არ უნდა დაემატებინა არასოდეს.
_ თქვენივე მხარდამჭერების ნაწილი გსაყვედურობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომ სათანადოდ აქტიურები არ ხართ და უფრო მეტად მობილიზებაა საჭირო. თქვენი თქმით, აუცილებელია პერმანენტული პროტესტი. რა კონკრეტული გეგმა აქვს თქვენს პარტიას?
_ დავაკვირდეთ, რა პროცესები იყო ამ ორი თვის განმავლობაში, _ 50-ათასიანი აქციით დაწყებული, მანიფესტაციები, მსვლელობები, სასამართლოსთან აქციები, პერფორმანსები თბილისსა თუ რეგიონებში. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება, მეტი რა აქცია უნდა ჩატარდეს? იქნება დიდი და მუდმივი ზეწოლა, როცა ასეთი პოლიტიკური პროცესი ხდება ქუჩაში, დარბაზში, ტელეეკრანებზე, მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ისინი აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომ არა მათი ზეწოლა, მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ ისეთ კლინიკაში, რითაც გადარჩა მისი ჯანმრთელობა ისეთ შეუქცევად პროცესებს, როდესაც შეიძლება საერთოდ ქმედუუნარო დარჩენილიყო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ზეწოლის შედეგი იყო. ჩვენ სულ ახლახან მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსადმი მომავალი მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური საკითხები დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ქმედებებზე დემოკრატიის განვითარების კუთხით და, მათ შორის, სასამართლო რეფორმის კუთხით, ამიტომ ეს განცხადებები უკვალოდ არ ჩაივლის. არსებობს გამონათქვამი: „მოთმინების ფიალა აივსო“. ივსება, ივსება, ერთი წვეთი ემატება და უვე გადმოდის, გლეხურად რომ ვთქვათ: „ყელში ამოგვივიდა“, ფილოსოფიურად კი ჰეგელმა თქვა, რომ რაოდენობრიობა თვისობრიობაში გადადისო, გროვდება ეს რაოდენობრიობა და შემდგომ იფეთქებს. გინდ ფილოსოფიურად ვთქვათ, გინდ გლეხის გამონათქვამით, შინაარსი ერთისკენ მიდის, რომ ეს ხელისუფლება დაისჯება.
_ რატომ არ იყენებს სანქციებს ევროკავშირი, არაერთხელ გვსმენია მოსალოდნელი სანქციების შესახებ, თუმცა ეს ხელისუფლება, ჯერჯერობით, არავის დაუსჯია, რით აიხსნება ეს?
_ მაშინ გამოდის, რომ ამ პანდემიის პირობებში ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება იმიტომ, რომ საგარეო დახმარება რომ არა, ქვეყანა დაღუპული იქნებოდა. ლარი, როგორც ვალუტა, დღეს არ იარსებებდა, რომ არა ის დახმარება, რაც სავალუტო ფონდმა საქართველოს მისცა. ეს თანხა გამოყოფილი იყო 2019 წელს, მაგრამ ფული რეალურად ჩაირიცხა მიმდინარე წელს ნახევარი მილიარდი, შემდეგ ერთი მილიარდი დაემატა, ანუ მილიარდ-ნახევარი დოლარი მოგვცა სავალუტო ფონდმა ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად. ჩვენი უცხოური ვალუტის რეზერვები დღეს არის 4,1 მილიარდი დოლარი, როცა იყო 3 მილიარდი. რომ არა ეს დახმარებები, მილიარდ-ნახევარი მოცემული თანხიდან, დაახლოებით, 1.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ლარის გასამყარებლად, ეროვნულმა ბანკმა გაყიდა და ლარის კურსი დაიჭირა უცხოური ვალუტის ინტერვენციების შედეგად. რომ არა ეს ფული, დღეს ლარის კურსი და ფასები ისეთი საშინელი იქნებოდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს პურის საყიდელი ფული არ ექნებოდათ. 10 მილიარდი ვალი ვისესხეთ 2019-2020 წელს, პლუს 4 მილიარდი წელს, საბოლოოდ, _ 14 მილიარდი 3 წლის განმავლობაში. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიჩერეს, ეს 300 მილიონი ლარია, რომ 75 მილიონი ევრო იყო ევროკავშირის ფაქტობრივად 0%-იანი სესხი მთავრობისადმი, რომელიც პანდემიის საწინააღმდეგოდ გახლდათ განკუთვნილი, ვითომ უარი თქვა მთავრობამ, სინამდვილეში კი ეს იყო დასჯა სასამართლო რეფორმის ჩაგდების გამო. ეს დახმარებები, ეს ყველაფერი რომ არა, 12 ათასი კი არა, ორჯერ 12 ათასი იქნებოდა დაღუპული და ქვეყანა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ბუნებრივია ის, რომ ყველა სანქციას, რა თქმა უნდა, მოსდევს სერიოზული პრობლემები ქვეყნისადმი და ეს არის უკიდურესი ზომა, მაგრამ სწორედაც რომ სანქციები დაუწესეს მოლდოვის ხელისუფლებას, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მათი ოლიგარქიის გადაგდება და ჯანსაღი ხელისუფლების ფორმირება მოჰყვა. რაღაც ეტაპზე თუ ასე თავხედურად გააგრძელა ამ ხელისუფლებამ, ბუნებრივია, ამათ წინააღმდეგ მოუწევთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ჯერჯერობით, ცდილობენ, რომ ეს შეაგნებინონ ივანიშვილს და მისი აზრების გამხმოვანებლებს, ვინაიდან ეს ხალხი თავად ხომ არ ქმნის პოლიტიკას, ისინი ხომ ივანიშვილის რუპორები არიან, რასაც ის ჩასძახებს იმას ამოსძახებენ, ოღონდ ამოძახების უფლება ყველას არ აქვს. ივანიშვილის გახმოვანებას 2-3 ადამიანი ეწევა, ივანიშვილის „ჭეშმარიტებას“ 2-3 კაცი ღაღადებს, საბოლოოდ, ეს უკვე ისეთ ზღვრამდე მივა, როცა გარდაუვალი იქნება მათი მხრიდან უფრო მკაცრი ქმედებები. ელემენტარულად შევაფასოთ, რომ ხალხის დასჯა არ უნდათ ამათი დასჯის გამო, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე შეიძლება, ეს გარდაუვალი იყოს, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, თავისუფალი იქნება. რაც უფრო ადრე მოხდება ეს და მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისუფალ კონკურენციაში შევიდეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესი.
_ 3 დეკემბერს ერთ-ერთ უკრაინულ გადაცემაში მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანიამ უკრაინის პრეზიდენტსა და საზოგადოებას მიმართა, რომ მიშა უკრაინაში დააბრუნონ. გარდა ამისა, რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა: „თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება“, _ რამდენად რეალისტურია ასეთ მოცემულობაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხი?
_ ეს შეიძლება განხილული იქნას, როგორც სარეზერვო ვარიანტი. უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ პრეზიდენტის შეწყალების გზით მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა უფლება საქართველოში დარჩენის, ცხოვრების, მოქალექეობის აღდგენისა და პოლიტიკური საქმიანობის, ეს იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის სამართლიანი გადაწყვეტილება, ხოლო ეს მეორე ვარიანტი შეიძება განვიხილოთ, როგორც სარეზერვო, მაგრამ თუ ჩვენ გამოვალთ იმ მდგომარეობიდან, როგორშიც ჩავარდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, როგორ ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდნენ მასზე, გარდა ამისა, ფიზიკურად არის სუსტად და ციხის პირობებში გაუძნელდება ჯანმრთელობის აღდგენა, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში უკრაინის ვარიანტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, თუმცა სააკაშვილი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ ისევ უკრაინაში დაბრუნებულიყო, მისი ჩამოსვლის მიზანი იყო სულ სხვა და ბუნებრივია, რომ ეს ვარიანტი მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება განვიხილოთ. თუმცა ამას თავად გადაწყვეტს, თუკი ასეთი შეთავაზება იქნა. რადგან ეს კონტექსტი გაჩნდა, შეიძლება საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მსგავსი შემთხვევა მოხდა, როცა იულია ტიმოშენკო, იანუკოვიჩის დროსაც კი, გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ და ასეთი პრეცედენტი ბევრია. იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ ნავალნის მაგალითით.
_ ამ ყველაფრის ფონზე ხომ არ გადავიდა უკანა პლანზე რიგგარეშე არჩევნების საკითხი? საერთოდ ხომ არ მოიხსნა იგი დღის წესრიგიდან?
_ ეს არაკომპეტენტური ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს. მათი არაკომპეტენტურობა სწორედ აქაც ჩანს: მთავრობამ პარლამენტში წარადგინა მიმდინარე, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, სადაც 376 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის ხარჯები. ამას სიამაყით აღნიშნავენ. სინამდვილეში ეს არის სიკვდილის ხარჯები. ამაში შედის ინფიცირებულთა მკურნალობის, ტესტირების, ვაქცინაციისა და უამრავი სხვა ხარჯი. 12 ათასი გარდაცვლილიდან თითქმის 10 ათასი მოდის მიმდინარე წელზე, 846 ათასი ინფიცირებულიდან 22 პროცენტი, ანუ 186 ათასი იყო ჰოსპიტალიზებული. რომ არა ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, არათუ დამატებითი რესურსების გამოძებნა იქნებოდა აუცილებელი (ანუ სხვა საქმეებზე ფულის დაკლება), არამედ გავწევდით რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ეკონომიას. ანტივაქსერი ხელისუფლება ხალხის სიკეთეს ანიავებს და ადამიანებს კლავს, ხელისუფლების სწრაფად შეცვლის გამოსავალი კი სწორედ რიგგარეშე არჩევნებია. მცირე პაუზის, ძალების მოკრების შემდეგ მასობრივი, მრავალფეროვანი საპროტესტო აქციები სულ მალე განახლდება ახალი ძალით.
_ გასულ კვირას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „საკონსტიტუციო ცვლილების მიღების ვალდებულება აღარ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ანულირებულია ის შეთანხმება, რომელშიც იყო გაწერილი 2%-იანი ბარიერის ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის“. როგორც ჩანს, მმართველი გუნდი არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. რა ბერკეტები გრჩებათ ოპოზიციას?
_ სასწრაფოდ უნდა იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული. „ქართული ოცნება“ კი ყოველთვის ცდილობს, ქართველი ამომრჩეველი და ჩვენი პარტნიორები გადააგდოს. ისინი მორიგი ტრიუკისთვის ემზადებიან. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოატყუეს ხალხი სრულად პროპორციულზე გადასვლის დროს და შემდეგ ძალაინ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ ნახევრად პროპორციული მაინც მიგვეღო 12-/30-ზე, რასაც დასჭირდა ბრძოლა, რომელიც ადამიანების ციხეში დაპატიმრებით დასრულდა, მათ შორის, გიორგი რურუასი, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასი, ასევე ახალგაზრდა აქტივისტების. ამის შემდეგ იყო მათი განთავისუფლებისთვის ბრძოლა, რის მერეც ნიკა მელია დააპატიმრეს და მის გასათავისუფლებლად ვიბრძოდით. პირველი დაპატიმრების ტალღებს, ქუჩაში ახალგაზრდების მოძრაობასა და დიდ საერთაშორისო წნეხს მოჰყვა 120/30 სისტემის მიღება; მეორე დაპატიმრების ტალღასა და საპროტესტო პროცესს, როცა ნიკა მელია დააპატიმრეს, მოჰყვა შარლ მიშელის პროცესი და, როგორც იქნა, ყვავს გავაგდებინეთ დიდი კაკალი სრულიად პროპორციულსაარჩევნო სისტემაზე გადასვლის სახით, _ პარლამენტმა პირველი მოსმენით მივიღეთ, რაც იყო ბრძოლის, საგარეო და საშინაო წნეხის შედეგი. ახლა უიწყებენ მის რევიზიას, შემოაგდეს უკვე ეს საკითხი, რომ შეიძლება იგი გადაიხედოს. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მეორე-მესამე მოსმენით კენჭისყრის პროცესი და ეს უნდა დასრულდეს, სულ მცირე, თებერვალ-მარტში. რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას მივიღებთ. მას შემდეგ, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტიდან გავიდა, ჩვენ გარეშე შეუძლებელია ამის მიღება და რა თქმა უნდა, მზად ვართ.