ნიკა ჩიტაძე: „არ არის გამორიცხული, დასავლეთმა ზურაბიშვილზე განახორციელოს ზეწოლა“
ნენე ინჯგია
დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე და მაშინ, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის, მმართველმა გუნდმა, გასულ კვირას, შეიძლება ითქვას, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დააანონსა.
ამ პროცესების პარალელურად კი დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით მოსალოდნელ სანქციებზე საუბრები კვლავ საუბრებად რჩება. საზოგადოების დიდ ნაწილს უჩნდება კითხვა, რატომ არ არის სათანადოდ კრიტიკული დასავლეთი „ქართული ოცნების“ მისამართით?
რით აიხსნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორების დუმილი? რა შემთხვევაში შეიძლება შეიწყალოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ამჯერადაც ჩააგდოს?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ მმართველი პარტიის განცხადება. დეგნანმა მედიას უთხრა, რომ „ზოგიერთი, როგორც ჩანს, ისევ არ იგებს, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“, _ არის თუ არა დეგნანის ეს განცხადება, გარკვეულწილად, გაფრთხილება მმართველი გუნდის მიმართ?
_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ უპატივცემულობას გამოხატავს განსხვავებული მოსაზრებების მიმართ. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, რომ წინსაარჩევნო კამპანიის ჩატარების დროს „ოცნების“ განცხადებები, რომ „ნაციონალობა“ უკვე სირცხვილია და ა. შ., ოპონენტებს აყენებდა შეურაცხყოფას, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობას შეურაცხყოფდა. 500 ათასი ადამიანი, რომელმაც „ნაიცონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას მისცა ხმა, თითქოს, სამარცხვინო გამოდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ლოგიკით. გარდა ამისა, არ გაითვალისწინეს აზრი, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევდნენ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, როგორმე მონოპოლისტური მდგომარეობა დაამყაროს პოლიტიკურ სივრცეზე და გამომდინარე აქედან, დეგნანის განცხადებაც სწორედ აღნიშნულს ეხმიანებოდა.
_ დეგნანის საპასუხო განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ: „2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია და ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი თვითონ არ არის ექსპერტი“, _ რამდენად მისაღებია მსგავსი პასუხი დიპლომატიურ ენაზე?
_ მსგავსი ტიპის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. პირველ რიგში, აქ კობახიძე ტრაბახობს, რომ ის არის ექსპერტი. ეს საზოგადოებამ უნდა დაადგინოს, რამდენად არის ის ექსპერტი. თუ სახელმწიფო სამართალში კობახიძეს განათლება აქვს მიღებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ექსპერტია, მას ანალიზიც უნდა შეეძლოს და შესაბამისი ინფორმაციაც ჰქონდეს, ეს ყველა სპეციალობას ეხება. გაგახსენებთ, როგორ წარუდგინა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ თავი საზოგადოებას, რომ „ვარ დიუსელდორფის უნივერსიტეტის მაგისტრიო“ და ჩამოთვალა, სად ჰქონდა განათლება მიღებული. ახლაც იგივენაირად აცხადებს, რომ ექსპერტია. ეს ცოტა საკამათო საკითხია. თუ მართლა ექსპერტია, ესმის სამართალი და თავს დებს დემოკრატობაზე, მაშინ ბოდიში, მაგრამ დემოკრატია არის სწორედ აზრთა სხვადასხვაობა, პლურალიზმი, ხოლო როდესაც შენთვის განსხვავებული მოსაზრება მიუღებელია, ეს უკვე არ არის ექსპერტობა. მგონია, რომ კობახიძეს სხვა პასუხი არ ჰქონდა ელჩ დეგნანის განცხადებაზე და აქედან გამომდინარე, გადავიდა შეურაცხყოფაზე. სწორედ, ამიტომ მოკლედ გაჭრა ყველაფერი და თქვა, რომ თითქოს ექსპერტია, რეალურად კი კობახიძე ნამდვილად არ ტოვებს ექსპერტის შთაბეჭდილებას.
_ გამოცდილება გვაქვს, როგორ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები. ახლა, როცა მსგავსი შინაარსის განცხადებები გვესმის, რა შემთხვევაში არ იმოქმედებს მმართველი გუნდი ჩვეული ხელწერით და მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს?
_ ყველანაირად ეცდებიან, რომ პრობლემები შექმნან, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია წმინდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება. შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დამარცხდა, მან მიიღო 49%, ოპოზიციამ კი _ 51%. ეს იმ ფონზე, თუ როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს. 2024 წელს რომ ჩატარდეს არჩევნები წმინდა პროპორციული წესით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ არის დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს, ამიტომაც სხვადასხვა ტიპის საფრთხე არსებობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილები ჩააგდოს. ყოველ შემთხვევაში, „ოცნება“ ყველაფერს იკადრებს დემოკრატიული ნორმების უგულებელსაყოფად, _ უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შეურაცხყოფით ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ავნოს საქართველოს. ავნოს იმით, რომ შესაძლებელია საქართველოს დახმარება შეუმცირდეს დასავლეთის მხრიდან. გარკვეულწილად, საქართველოს მიმართ ინტერესიც შემცირდეს, რადგან დასავლეთი კარგად ხედავს, რომ ის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს, თუმცა რეალურად „ქართული ოცნების“ პირობებში რეფორმები არ ხორციელდება და პირიქით, ქვეყანა განიცდის რეგრესს.
_ დასავლეთის მხრიდან არ არის სათანადო რეაგირება მიხეილ სააკაშვილის თემის ირგვლივ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ყველამ ვნახეთ მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, _ ამ მოსაზრებას სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს. რით აიხსნება ის, რომ დასავლეთი საკმარისად არ აქტიურობს, მათ შორის, ყბადაღებულ სანქციების დაწესებაზე ხელისუფლებასთან მიმართებით?
_ რომ გააკრიტიკონ „ქართული ოცნება“ და სანქციები დაუწესონ, მმართველი გუნდი მკადრებელია, რომ შეცვალოს საგარეო ორიენტაცია და ღიად პრორუსული ორიენტაცია დაიკავოს. შესაძლოა, ამის ეშინია დასავლეთს. თავის დროზე იგივე გააკეთა შევარდნაძემ, უბრალოდ, არ დასცალდა. 2002 წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა პრაღის სამიტზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს სურდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში შევარდნაძე ალიანსში შევიდა ასლან აბაშიძესთან და იყო „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ ალიანსი. თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერი იკადრა, უბრალოდ, მას არ ჰქონდა რესურსი იმ დროს, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ამ დროს შევარდნაძე იყო გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი და გამოცდილი პოლიტიკოსი, დღევანდელ პირობებში კი ღარიბაშვილი და კობახიძე ყველაფერს იკადრებენ. მით უმეტეს, მათი შევარდნაძესთან შედარება არც კი შეიძლება. როგორც ვთქვი, ისინი ყველაფერს იკადრებენ და არ არის გამორიცხული, რომ პრორუსული პოლიტიკა გაატარონ, ისედაც ატარებენ პრორუსულ პოლიტიკას, საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო ხდება რუსეთზე დამოკიდებული, იგივე შიდა პოლიტიკური, ღირებულებითი თვალსაზრისით, დემოკრატიის რეგრესის კუთხით, ესეც, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში შედის. იგივე ანაკლიის პორტისა და ნამახვანჰესის პროექტების შეჩერება აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა.
_ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება დასავლეთის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდეს მიხეილ სააკაშვილის კონტექსტში?
_ შესაძლებელია, არსებითად ვითარება შეიცვალოს, თუ ევროსასამართლო უკანონოდ ცნობს საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს დადგენილებას სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიმართულებით. შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში ევროსასამართლომ თუ მიიღო დადგენილება, რადიკალურად შეიცვალოს ვითარება და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, გამოუშვას სააკაშვილი. სხვა შემთხვევაში, ალბათ, „ქართული ოცნების“ კრიტიკას ვიხილავთ, მაგრამ მოთხოვნა არ იქნება, რომ სააკაშვილი გამოუშვან. დასავლეთი, მაგალითად, ისეთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიც არიან „Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ“, „Fრეედომ Hოუსე“, სახელმწიფო სტრუქტურებს მოსთხოვს, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, მაქსიმალურად დაცული იყოს.
_ ამ კონტექსტში რამდენად მოსალოდნელია, რომ დასავლეთმა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე მოახდინოს გარკვეული ზეგავლენა სააკაშვილის შეწყალების შესახებ? _ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დასავლეთის წინაშე წარმოდგენილი იყოს, როგორც პროგრესული ფიგურა და, გარკვეულწილად, მისი განცხადებებით უპირისპირდება კიდეც „ქართულ ოცნებას“. არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა ზეწოლა სწორედ ზურაბიშვილზე განახორციელოს, მის ხელში არის საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით ეს ბერკეტი, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. თუმცა არ მგონია, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდეს, _ არასდროს შევიწყალებ სააკაშვილსო… თუმცა გამორიცხული არაფერია. შესაბამისად, დასაშვებია, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას.