დავით ოსეფაშვილი: „ძალიან უნდა ხელისუფლებას, სააკაშვილი მოიცილოს, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა“
საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისის შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი:
_ ბატონო დავით, ბოლოდროინდელ პროცესებს თუ თვალს გადავავლებთ, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ჩიხში შევიდა და „ოცნების“ ხელისუფლება საკმაოდ რთულ სიტუაციაშია.
_ მე მთლად ასე ვერ ვიტყოდი, რომ „ოცნება“ ჩიხში არის შესული და გეტყვით, რატომ.
_ რატომ?
_ პირველ რიგში, იმის თქმა შეიძლება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ დიდი პრობლემა შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ რადგან ეს იყო ძალიან მოულოდნელი ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი გამორჩეულია თავისი ექსტრაორდინალური ნაბიჯებით და მან არა მარტო ხელისუფლება, არამედ ხალხიც კი გააოცა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ნამდვილად სჯეროდათ, რომ მიშა ჩამოვიდოდა. თუ სააკაშვილის ფსიქოტიპიდან გამოვალთ, მისგან ასეთი ნაბიჯი გამორიცხული არ იყო, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, თუ რა მოუტანა ამან სააკაშვილს, ენმ-ს, ოპოზიციასა და, ზოგადად, ხელისუფლებას? მგონია, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, პრობლემების გაზრდის გარდა, სააკაშვილს არაფერი მოუტანია, მას კი რეალურად არანაირი სარგებელი არ მიუღია.
_ რას გულისხმობთ, ვის მოუტანა პრობლემები, ოპოზიციას თუ ხელისუფლებას?
_ დიახ, ოპოზიციას.
_ უფრო რომ დააკონკრეტოთ?
_ ოპოზიციამ ვერ მიიღო ვერაფერი. დავუშვათ, სააკაშვილი იყო გარკვეული ოპოზიციური ელექტორატისთვის მოკავშირე, მაგრამ ექსპრეზიდენტს რა გათვლაც ჰქონდა, რომ ხელისუფლება ჩამოეშალა, ეს ვერ მოახერხა. ანუ ხელისუფლება არ ჩამოიშალა და ამავდროულად…
_ ბატონო დავით, მეტი ჩამოშლა რაღა გინდათ, როცა მთავარი ძებნილი პირი ქვეყნის საზღვარზე ისე შემოდის, რომ ვერავინ გებულობს, 3-4 დღე სრულიად თავისუფლად დადის ქვეყნის მასშტაბით, ლაივებს წერს და ამ დროს რას შვრება ქვეყნის უსაფრთხოება? _ სძინავს. ეს ერთი და მეორე: სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ როგორც კი ჩამოვიდოდა და ის გამოჩნდებოდა საჯაროდ, მას დაიჭერდნენ. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების უნიათობაზე მიუთითებს და ამით მესამე პრეზიდენტმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. თქვენ თქვით, ხელისუფლება არ ჩამოიშალაო და როგორ უნდა ჩამოშლილიყო, რას გულისხმობთ?
_ ვერსია არის ასეთი, თორემ მე კი არ ვამტკიცებ ამას. მას ეგონა, რომ გამოუვიდოდა ხელისუფლების ჩამოშლა. მოლოდინი იყო იმის, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა, ოპოზიცია ფეხზე დადგებოდა, რადგან სააკაშვილი მართლაც სიტუაციური მოკავშირე იყო ოპოზიციის, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
_ თუმცა ხალხი რეალურად გამოვიდა, ვგულისხმობ იმ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
_ კი ბატონო, ბევრი ხალხი ნამდვილად გამოვიდა, თუ არ ვცდები, აქციაზე იყო 60 000-მდე ადამიანი, მაგრამ ამან რეალურად ვერ შეცვალა სიტუაცია და, ფაქტობრივად, ამით მიანელა ის ელექტორალური იმედები და მოლოდინები, რაც ხალხს ჰქონდა სააკაშვილის ჩამოსვლის მიმართ. არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ამან, თავის მხრივ, გააძლიერა ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ახლაც პრობლემებშია. ანუ რა შეუძლია ახლა გააკეთოს სააკაშვილს…
_ უკაცრავად, გაწყვეტინებთ, მაგრამ ხელისუფლება რა კუთხით გაძლიერდა?
_ იმ კუთხით, რომ ოპოზიციური გუნდი შესუსტდა. ოპოზიციური პარტიის ელექტორატმა საერთოდ არ დაუჭირა მხარი სააკაშვილის სეგმენტს ამ მიმართულებით, რამაც თავისთავად გამოიწვია ოპოზიციური პარტიების ერთმანეთისგან გამიჯვნა და დარჩა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი. ამის გამოა, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გადის. რატომ არის მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ხალხი? _ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეიძლება პოლიტიკური განათლება არ ჰქონდეს, ხალხი ძალიან კარგად გრძნობს და ხვდება ყველაფერს.
მთავარია ორი ფაქტორი: ეს არის ნიჰილიზმი (სიტუაციური ვითარებიდან გამომდინარე დაითესა ხალხში) და შიში ხელისუფლების მიმართ, რადგან, ასე თუ ისე, ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა, მაგალითად, სააკაშვილის მიმართ ციხეში და ა. შ. ანუ ეს შიში რეალური გახადა. ამის გარდა, ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით რეალური გამოხმაურება მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს. არცერთ მოქმედ ხელისუფალს ევროპასა და ამერიკაში არ გაუკეთებია სერიოზული განცხადება. ის კი არა, საქართველოში ამერიკისა და ევროპის ელჩებიც კი არ აკეთებდნენ სერიოზულ განცხადებას, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ექსპრეზიდენტს უნდა მიეცეს სასამართლოზე დასწრების უფლება, რომ მისი როგორც პატიმრის უფლებები დაცული იყოს…
ერთი ის მახსენდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, თქვა, _ სააკაშვილს უნდა მიეცეს თავისუფალი სასამართლოს უფლება და თავისი უფლებების ნორმალური პირობების უფლება სასამათლოში… აი, ეს იყო სულ.
_ ვერ დაგეთანხმებით, სწორედ სააკაშვილის დაკავებასა და ამ პროცესებს მოჰყვა ევროპარლამენტარების ძალიან დიდი ჩართულობა, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელსაც ხელისუფლებამ ციხის კარი ჩაუკეტა და სააკაშვილთან მოსანახულებლად არ შეუშვა. ესეც ხომ უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და ბადებს უამრავ ეჭვს? არც სუვერენული ქვეყნის, უკრაინის სახალხო დამცველს მისცეს ბატონი სააკაშვილის მონახულების უფლება.
_ „ქართული ოცნების“ ნარატივი არის ასეთი, რომ ოფიციალური მხარდაჭერა სააკაშვილის მიმართ ევროკავშირიდან არ ყოფილა, სამწუხაროდ. გამიგეთ, რისი თქმა მინდა? იმიტომ თქვა კობახიძემ, რომ ევროპარლამენტში 400 კაცზე მეტი არისო და 70 კაცის, თუნდაც 60-ის ან 50 ადამიანის ხელმოწერა არაფერს არ ნიშნავსო.
_ თუმცა ის 60-70 კაცი მაღალი რანგის ფიგურები გახლავთ…
_ კი, რა თქმა უნდა.
_ სწორედ ის 70 კაცია, რომლებმაც თითი დაუქნიეს ხელისუფლებას და სამართლიანი რეაგირებისკენ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“.
_ არ მინდა, რომ ილუზიებში ვიყოთ. ეს პატარა ჯგუფები რეალურ ნაბიჯებს ვერ დგამენ და კნკრეტულ გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობენ, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. ქმედითი ბერკეტები აქვთ ოფიციალურ სტრუქტურებს. სააკაშვილი ჩასული იყო აშშ-ის წარმომადგენლებთან, ევროსაბჭოს წევრებთან, ევროპარლამენტარებთან, ის შეხვდა აშშ-ის სენატორებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არაფერი განსაკუთრებული გამოხმაურება არ წამოსულა მათი მხრიდან, გარდა ერთისა, რომ სააკაშვილს უნდა მოქცეოდნენ ისე, როგორც ამას ითვალისწინებდა კანონი და ეს არის აბსოლუტურად სწორი პოზიცია, რომელიც შეიძლება, რომ გამოხატო ნებისმიერი პატიმრის მიმართ.
_ თუმცა ვხედავთ, რომ სააკაშვილის მიმართ არ ხორციელდება კანონიერი და სამართლიანი მოპყრობა. საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ როგორ მოექცნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, როდესაც ის მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში. ხელისუფლებამ აქაც კი დაარღვია პატიმრის უფლება.
_ დიახ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტქმეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ედვარდ (ნედ) პრაისმა, თქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ეს ყველაფერი და პროცესებს ვაკვირდებითო. ამას გარდა, თუ გახსოვთ, საქართველოში ჩამოსული იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და ოპოზიციასთან ჰქონდა შეხვედრები, რის შემდეგაც დიდი დრო გავიდა და რეალური ნაბიჯები აშშ-ის მხრიდან სააკაშვილის მიმართ არ გადადგმულა, არ გაჟღერებულა არაფერი და გეტყვით, რატომ: როგორც ვატყობ და ჩანს, სააკაშვილი კი არ არის ევროპისთვის და ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, არამედ, ზოგადად, საქართველოს საკითხი თითქოს მოხსნილია დღის წესრიგიდან. ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ დასავლეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საერთოდ მიგვატავეს, დატოვეს საქართველო და წავიდნენ, უბრალოდ, ამის შესახებ ასე ხმამაღლა არ განაცხადეს და ეს ისე გააკეთეს.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ მათი ქმედებები, მათი გამონათქვამები, მათი ძალისხმევა როგორიც იყო ორი-სამი თვის წინ, მაგალითად, ზაფხულში, ასეთი აღარაა დღეს. ეს გამოწვეულია იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც მილიარდობით დოლარი დახარჯა 20 წლის განმავლობაში ავღანეთში, დატოვა იქაურობა. მისი პოლიტიკური პრიორიტეტები სრულიად შეიცვალა. არ არის აუცილებელი, რომ განაცხადონ და თქვან, რომ საქართველოდან გავდივართო. რეალურად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ განცხადებას ძალა არ აქვს. ამასობაში „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია განსხვავებულიქ. აქ კიდევ ერთი ფაქტორია მთავარი: დაიწყო დიდი და ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები მსოფლიოში. სავარაუდოდ, არ ვიცი, ეს არის რუსეთისა და უკრაინის შესაძლო სამხედრო კონფლიქტი. პირდაპირ ამბობს ნატოც და დასავლეთიც, ეს დადასტურებული ინფორმაციაა, რომ რუსეთი შესაძლოა შეიჭრას უკრაინაში და მთლიანად თუ არა, მისი ნაწილი დაიკავოს. დასავლეთი ამბობს, რომ ის ამას არ დაუშვებს და ძალიან დიდ ფასს გადაახდევინებს რუსეთს. ახლა მე გეტყვით ერთ რამეს: ამაზე იქნება დამოკიდებული სააკაშვილის ბედი და, ზოგადად, საქართელოს ბედიც. თუ მაგალითად, რუსეთი მოუგებს ომს დასავლეთს უკრაინაში, ჩათვალეთ, რომ რუსეთი პირდაპირ აიღებს საქართველოს და წაიღებს.
_ ანუ?
_ გაგრძელდება ვექტორული ცვლილებები, რომელიც უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. ოპოზიცია სწორედ ამიტომ ყოველთვის აკრიტიკებს ხელისუფლებას და პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ თუ ეს ასე მოხდება, არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება რუსეთს იმისთვის, რომ დასავლური ვექტორი შეიცვალოს ჩრდილოეთის ვექტორით, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება ძალიან კეთილგანწყობილია ჩრდილოური ვექტორის მიმართ. ეს ძალიან დიდ ცვლილებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილს შეიძლება, არანაირი შანსი არ ჰქონდეს ციხიდან გამოსვლის. თუმცა, თუ მოხდება პირიქით და დასავლეთი გაიმარჯვებს, როცა ისინი მოიცლიან საქართველოსთვის, შეიძლება სასჯელი გადავადდეს ან გაუშვან ევროპაში ან უკრაინაში ან შეიწყალონ კიდეც, მაგრამ ეს დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ სააკაშვილი არის პირადად პუტინის პატიმარი?
_ დიახ, რა თქმა უნდა. მეტიც: შეიძლება, ძალიან უნდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი მოიცილოს, მაგრამ ამის საშუალება არ ეძლევა.
_ ბატონო დავით, სააკაშვილი რომ პოლიტიკური პატიმარია, ამაში, მგონი, ორი აზრი არ არსებობს. ძალიან უხერხულია, სასაცილო და, ამავდროულად, სამარცხვინოც, რომ ხელისუფლება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ედავება პიჯაკებს და ასევე ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში, რომელსაც ის გუმასპინძლდა ჩაით, ხილითა და წვენით და ამ ყველაფრის ღირებულება დაჯდა 52 ლარი და 50 თეთრი. ცოტა აბსურდული ხომ არ გეჩვენებათ და თითიდან გამოწოვილი ყველა ეს ბრალდება?
_ გეტყვით პირდაპირ, ჩვენ მივდივართ ავტორიტარული და პოლიციური რეჟიმისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ერთ-ერთმა ორგანიზაცია „ერნესთი ინთერნეიშნლმა“ განაცხადა საჯაროდ, სააკაშვილს დევნიან პოლიტიკური მიზნებითა და მოტივებით. შეიძლება, შორს ვარ ამ აზრისგან და ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ დანაშაულის წარდგენა წარსულ ბრალდებებზე თან ახლა, ამდენი წლის მერე, როცა პროკურატურას უნდა წაეყენებინა ბრალი, მაგალითად, 2013 წელს და არა ახლა, 2021 წელს, ეს უნდა მომხდარიყო კვალიფიკაციით უფრო დასაბუთებულად, უფრო დაფიქრებულად ბევრ სხვა საკითხზე, რაც არ გააკეთა.
_ და ფაქტია, რომ ამდენი წლის შემდეგაც ხელისუფლებამ, პროკურატურამ თუ სხვა უწყებებმაც ვერ დაასაბუთეს ის, თუ რაში მდგომარეობს სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები. პირადად სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები და არა რეჟიმის, თორემ რეჟიმისთვის გასამართლდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ რეალური ჩასაჭიდი პროკურატურას არ აქვს და სამარცხვინოდ ედავება იმას, თუ რატომ იყიდე ბიუჯეტის ხარჯებიდან პიჯაკები და ჰილარი კლინტონი რატომ დაპატიჟე ყავაზეო?
_ პირდაპირი პოლიტიკური მოტივით ხდება ეს ყველაფერი. ბუნებრივია, იმიტომ, რომ დასავლეთის ქვეყნებში, ევროპაში და, პრინციპში, ამერიკაშიც, პრეზიდენტებს არ ასამართლებენ, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩვენ, როგორც ჩანს, გვაკლია მეტწილად დემოკრატიული ფასეულობები და ამიტომ დეკლარირებულად კი ვამბობთ, რომ ვართ პროდასავლური სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი ქმედებები, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები აბსოლუტურად განსხვავდება დემოკრატიისგან.
_ ამ ხელისუფლების პირობებში რთულია შეინარჩუნო პროდასავლური კურსი, როდესაც ირგვლივ რუსეთუმეები გვახვევია და ივანიშვილის პირადი ინტერესია, რუსეთს კოჭი გაუგოროს.
_ ნახეთ, რა ხდება ბოლო პერიოდში თუ დააკვირდებით, _ აბსოლუტური იგნორირებაა საქართველოსი. ამბობენ, რომ ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი. კი, შეიძლება, დაიღალა ევროპა და ამერიკა საქართველოსგან, მაგრამ ქართველი ხალხიც დაიღალა მათგან… იცით, რით?
_ ქართველი ხალხი და პირადად მე არ დავღლილვარ, არც არასდროს დავიღლები, რადგან ჩვენი სურვილია, ვიყოთ და ვცხოვრობდეთ ევროპულ ოჯახში. დაღლაში რას გულისხმობთ?
_ როდესაც 30 წლის განმავლობაში გპირდებიან, რომ ნატო-ში მიგიღებენ და არ გიღებენ, მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ დასავლეთს არ ვჭირდებით და კიდევ ამ შთაბეჭდილებას მიმყარებს ისიც, რომ 30 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ეკონომიკური ინვესტირება დასავლეთის მხრიდან საქართველოში რეალურად არ განხორციელებულა. თუ რაიმე სერიოზული ინვესტიცია გახორციელდა საქართველოში, ეს არის რუსული, ჩინური და არაბული ქვეყნების კაპიტალი. იმის თქმა მინდა, რომ ახლა მსოფლიოში იმდენად რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ მთელი ევროპა და აშშ გადართულია რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომზე და ეს არის გლობალური პროცესი.
_ დავით ზალკანიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თქვა: საქართველო უკვე მოქმედებს, ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. მან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. თუმცა საპირისპიროს ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებისგან.
_ ტყუილი განცხადებებია. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ჩვენ ბუქარესტის სამიტის ერთგულები ვართ და უკრაინა და საქართველო შევა ნატოშიო. ეს ბუქარესტის სამიტი იყო 13 წლის წინათ და ამდენი ხანია, ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ შეიყვანეს ნატოში. აი, ეს კითხვები არის. როგორც მოდის რახარუხით ეს განცხადებები დასავლეთიდან, ისე მიდის აქედან ზალკანიანისგან და ა. შ.
რეალურად, მათგან ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ვისმენთ და არანაირი ქმედება არ ჩანს.
ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმები არ ხორციელდება, ფაქტობრივად, გაცხადებულია, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ ევროკავშირიდან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ რეალურად ასე არ არის.