ბეჟან ნათელაშვილი: „მიშა რომ არ ჩამოსულიყო, ოპოზიცია დაიშლებოდა“
შორენა მარსაგიშვილი
ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი, სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ოპოზიციამ პარლამენტის შემდეგ უკვე საკრებულოების ლეგიტიმაცია ცნო. მისი თქმით, ოპოზიციონერები ვადამდელი არჩევნების თემას ნელ-ნელა ავიწყებენ საზოგადოებას. ლეიბორისტების წარმომადგენელი შიშობს, რომ ასეთი ოპონენტების ხელში ბიძინა ივანიშვილი კიდევ კარგა ხანს იქნება ამ ქვეყნის მმართველი.
რატომ არ უნდა შესულიყო ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებში? ვის და რატომ არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? რატომ ბედავს ამდენს „ქართული ოცნება“? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:
_ ბეჟან, პარლამენტის შემდეგ ოპოზიცია უკვე საკრებულოებში შევიდა. საკრებულოების ლეგიტიმაციის ცნობის პარალელურად ოპოზიცია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები გაყალბებულია და ამ შედეგებს არ ეთანხმება. თუ არ ეთანხმება, რატომ შედის?
_ რატომ შევიდა, ეს საქართველოში ვერავინ გაიგო. ამ ე. წ. ოპოზიციის მოქმედებები ყოველგვარ აზრსა და ლოგიკას არის მოკლებული. მათ საქციელს მარტო ერთი ახსნა აქვს: ვერ თმობენ თბილ სკამებს, უჭირთ პარლამენტისა და საკრებულოს წევრის მანდატებთან განშორება. რაც ხელისუფლებაა, ის ე. წ. ოპოზიციაა. მათ ოპოზიცია არ უნდა ერქვას. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე ძალაა.
_ ამ გამონაკლისებში, ბუნებრივია, მშობლიურ პარტიას მოიაზრებთ.
_ რა თქმა უნდა. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ოპოზიციის სახელი გვერქვას.
_ დანარჩენს რატომ არ უნდა ერქვას ოპოზიცია?
_ ერთი ანბავი ატეხეს, არჩევნები გაგვიყალბესო. გამართეს საპროტესტო აქციები, მხარდაჭერისკენ მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას და ამის ფონზე საკრებულოებშიც შევარდნენ და დაიწყეს „ქოცების“ გათეთრება. ამას არანაირი ახსნა არ აქვს.
_ თქვით, რომ ერთი ამბავი ატეხეს, არჩევნები გაგვიყალბესო და ბოლოს გაყალბებაზე საერთოდ აღარ იღებენ ხმას. ზოგიერთი ამას იმით ხსნის, რომ სააკაშვილის თემაზე ვართ გადართულებიო. ეს განმარტება თქვენთვის საკმარისია?
_ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს უნდა გავაპროტესტოთ. ამის გაპროტესტების პარალელურად, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგაც შეიძლება თავისუფლად იბრძოლო. ამათ ბრძოლა არ სურთ, აქციებს ვინ ჩივის, სიტყვიერადაც კი არ აპროტესტებენ გაყალბებას. ვადამდელ არჩევნებს საერთოდ არ ახსენებენ. ან რომელ ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი, როცა საკრებულოებში სკამებს გაციება არ აცალეს და ადგნენ თუ არა ძველები, ეგრევე შევარდნენ.
ასეთი რეალობა გვაქვს დღეს საქართველოში. ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს აჩენს. ხალხმა ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი. ამის გამო მათ არ ვამტყუნებ, ოპოზიცია ამბობდა, პარლამენტში არ შევალთო და შევიდა; თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაზეც ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ საკრებულოებში შევარდნენ. ამის მერე მიდი და ადამიანებს უსაყვედურე, რატომ არ ენდობი ოპოზიციასო? ხელისუფლებაზე არაფერს ვლაპარაკობ, ის საერთოდ წღალწაღებული უნამუსო კორუმპირებულია.
საზოგადოების ნაწილი ისედაც ნიჰილისტურად იყო განწყობილი პოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ ნაწილი აქტიურად იყო პროცესებში ჩართული. თავიანთ პოზიციას სოციალური ქსელებით აფიქსირებდნენ, ახლა ისინიც გაჩერებული არიან. სხვებზე ლაპარაკი რად მინდა, მე თავად ვარ ნიჰილისტურად განწყობილი.
_ სოციალურ ქსელებში თქვენი პასიურობა თვალში საცემია. რამდენჯერმე ინტერვიუს მოცემაზეც კი უარი თქვით.
_ უარი ვთქვი იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა კომენტარი გამეკეთებინა, ოპოზიციის კრიტიკა არ მინდოდა. ვფიქრობდი, შეიძლება კიდევ რაიმე შეეცვალათ. სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება. მართლა არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ.
_ ლეიბორისტები მათგან ახლა დისტანცირებულები ხართ და ნორმალურია, არ იცოდეთ, რის გაკეთებას აპირებენ, მაგრამ მგონი, თავადაც არ იციან, რა უნდა გააკეთონ. სააკაშვილი რომ არ დაბრუნებულიყო, იმასაც არ გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს.
_ მიშა რომ არ ჩამოსულიყო, ოპოზიცია დაიშლებოდა. ამ მოცემულობაში ერთადერთი პარტია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა, ეს იყო ლეიბორისტული პარტია. ჩვენ არ ჩავერთეთ ამ მარაზმში და არ გავათეთრეთ გაყალბების გზით არჩეული პარლამენტი და საკრებულოები. დანარჩენი ოპოზიცია ბიძინას დოღში აღმოჩნდა ჩართული.
ძალიან გულნატკენი ვარ იმის გამო, რომ საზოგადოებამ არ დააფასა ლეიბორისტების პრინციპულობა. მეგონა, თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრად მეტ ხმას ავიღებდით. ჩვენ ხომ არ ვუღალატეთ ხალხს და პარლამენტში არ შევედით. სამწუხაროდ, საზოგადოებამ სხვანაირად გადაწყვიტა. არჩევნების შემდეგ ის მიხვდა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოიტყუა. იმედია, ელექტორატი ახლა მაინც გააკეთებს სათანადო დასკვნებს.
_ სათანადო დასკვნებში რას გულისხმობთ?
_ არჩევნებზე ჩვენ მოგვცემენ ხმას და აქციებზეც ჩვენ გამოგვყვებიან.
_ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, სადაც ლეიბორისტები არ გამოჩენილხართ. რატომ არ წახვედით?
_ ვერ ვიტყვი, რომ აქციებზე ლეიბორისტები არ იყვნენ. ჩვენი პარტიის წევრებიც იყვნენ იმ აქციებზე და მხარდამჭერებიც. შალვა ნათელაშვილი იმიტომ არ ჩანდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სხვა ლიდერებსაც საქმეები ჰქონდათ. მე, მაგალითად, კოვიდი დამემართა და ვერ წავიდოდი.
აქციების თემას ასე მარტივად ნუ შევხედავთ, ოპოზიცია ამ მიმართულებით ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. 14 ოქტომბერს გადაივსო ოპოზიციის მხარდამჭერებით რუსთაველის პროსპექტი. ამ ხალხის დაშლა და სახლში გაშვება წარმოუდგენელი შეცდომა იყო. ამას მე დავარქმევდი კატასტროფას. საკრებულოებს შესეულმა ოპოზიციამ ეს კატასტროფული შეცდომაც დაგვავიწყა.
ბრძოლა თუ მართლა გინდა, ხალხი უნდა დაიბარო და მერე სახლში აღარ გაუშვა. რუსთაველზე გაშალე კარვები, გამოაცხადე არალეგიტიმურად არსებული ხელისუფლება და შექმენი დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის ლეგიტიმაციის ცნობასაც მოსთხოვ დასავლეთს, იმ დასავლეთს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებები თავზე გადაახია.
_ ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს ძალიან შეაჩვია ენა. ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანს უთხრა, კოსტიტუციის აზრზე არა ხარო.
_ რატომ უარესები არ უხთრა?! ირაკლი კობახიძეს უფრო ბევრი უნდა ეთქვა! ელჩები უარესს იმსახურებენ!
_ რატომ იმსახურებენ უარესს? რა დაგიშავეს?
_ რა დაგვიშავეს და შეგვჭამეს ოპოზიციონერები. არნახულ ზეწოლას ახორციელებდნენ ოპოზიციაზე, პარლამენტში შედითო. ოპოზიცია პარლამენტში რომ შევარდა, ეს დასავლეთის ზეწოლის შედეგიც იყო.
_ ლეიბორისტები იყავით პირველები, რომელმაც კელი დეგნანი დაგმო იმის გამო, რომ ის ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებდა.
_ ჩვენ გარდა ამის ღიად თქმას ვინ გაბედავდა? შალვამ სხდომა დაუტოვა ამათ. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკური სვლა იყო.
_ წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკურ სვლაში რას გულისხმობთ?
_ არავინ იცოდა, ამას რა მოჰყვებოდა. ეს დემარში ძალიან დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. შალვა უაღრესად აღშფოთა ამ ზეწოლების გამო.
_ ამ ზეწოლების შედეგად ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. „ოცნებამ“ მადლობის მაგივრად კელი დეგნანს ლანძღვა დაუწყო.
_ ირაკლი კობახიძეს ადამიანს რომ ვუწოდებ, ძალიან მეუხერხულება ადამიანებთან. კობახიძე არის „რაღაც საოცრება“.
_ „რაღაც საოცრება“ ეძახეთ და მმართველი პარტიის ლიდერია.
_ ეს ბიძინას გადაწყვეტილებაა. მან დაასვა თავზე ეს კობახიძე ჯერ „ქართულ ოცნებას“ და მერე დანარჩენ საქართველოს.
_ ამიტომ ბედავს ასეთი განცხადებების გაკეთებას? ოპოზიციას რომ ლანძღავს, გავიგეთ, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორების გინება არ მოსულა.
_ კობახიძისგან სხვას რას ელოდებით? თავად მას შეიძლება, სულაც არ უნდა დასავლეთის გალანძღვა, მაგრამ იძულებულია, ასე მოიქცეს.
_ იძულებული რატომ არის?
_ ის ხომ არაფერი არ არის. „ქართული ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად კობახიძე რუსი ოლიგარქის მეგაფონია. ჩვენ რომ თავმოყვარე ერი ვიყოთ, ამას არ უგულებელვყოფდით.
_ თავმოყვარე ერი რომ ვყოფილიყავით, გავრილოვის მერე „ოცნება“ ხელისუფლებაში არ უნდა დარჩენილიყო.
_ მართლა აღარ უნდა გვყოლოდა ესენი ხელისუფლებაში. მე დამხობას არ ვგულისხმობ, მაგრამ ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მიგვეყვანა საქმე. ვადამდელი უკვე არავის აღარ ახსოვს. ვის უნდა ვადამდელი? ხელისუფლებამ რომც დანიშნოს, ესენი არ დათანხმდებიან. ამათი წყალობით ივანიშვილი 2030 წლამდე მშვიდად იქნება ქვეყნის მმართველი.