ზურაბ ზვიადაურის კრიმინალური დოსიე
16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ მთელი საქართველო შეძრა. ტრაგედიის პირველსავე წუთებში ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მოკლული ოლიმპიური ჩემპიონისა და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური იყო. ასევე მალევე გაირკვა, რომ 27 წლის ნიკა კენჭოშვილი ზურაბ ზვიადაურის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. სხვათა შორის, გამოძიებამ ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და, მიუხედავად ადვოკატების მოლოდინისა, რომ განაჩენი გადაიხედებოდა, სააპელაციომ ორთვიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
რას უკავშირდება წინანდლის ტრაგედია? _ ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. შესაბამისად, უკვე ყველამ იცის, რომ კონფლიქტი სამშენებლო ობიექტზე დაიწყო და, მოგვიანებით, ტყეში გაგრძელდა.
დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ექსდეპუტატი კონფლიქტში არ მონაწილეობდა, უბრალოდ, მას დაურეკეს და უთხრეს, შენი ძმა ასეთ სიტუაციაშიაო. ზურაც ტყეში იმიტომ მივიდა, რომ დაპირისპირებულები გაეშველებინა, მაგრამ დაინახა, ძმა როგორ მოუკლეს და თვითონაც აუცილებელი მოგერიების გამო ისროლაო, თუმცა სხვა რამეს ამბობს გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის დედა. კერძოდ, მისი თქმით, ნიკა უკვე დაჭრილი იყო, როცა იარაღთან მივიდა.
„ჩემი შვილი ჭიათურიდან წინანდალში სამუშაოდ იყო ჩასული. ფიზიკურად მუშაობდა მშენებლობაზე, რომ შემოსავალი ჰქონოდა. იქ ის მარტო არ ყოფილა. ვიცი, რომ ნიკას არ უსვრია პირველად. ნიკა უკვე დაჭრილი იყო, როცა იარაღთან მივიდა და თავისი ახლობლები დაიცვა. ჩემი შვილი იყო თავდაცვის რეჟიმში, ზვიადაური კი არა. მითხრეს, რომ ნიკას ზურგში დანა ჰქონდა ჩარტყმული, მე არ მაჩვენეს ჩემი შვილის ცხედარი“, _ ყვება ნიკას დედა, ნანა კენჭოშვილი.
დავუშვათ, მართლაც ასე იყო, მაგრამ აქ ჩნდება ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა: ადამიანმა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორც კი „საქმის გარჩევის“ შესახებ შეიტყო, მაშინვე ტყეში რატომ წავიდა და სამართალდამცველებს არ შეატყობინა? _ როგორც ჩანს, ზვიადაურისთვის პოლიციაში დარეკვა „არაქურდულია“. ე. ი., რა გამოდის? _ ოლიმპიურ ჩემპიონს კანონიც ფეხზე კიდია, სამართალიც და ქუჩის „ბეზპრიძელით“ მოქმედებს? სხვათა შორის, რამდენიმე სპორტსმენმა ღიად თქვა, ზურას პოლიციაში რომ დაერეკა, მასთან აღარ ვიძმაკაცებდიო.
კარგად თუ დავუკვირდებით, პრობლემა სწორედ ეს მენტალობაა, თორემ დანაშაული და იგივე შეიარაღებული დაპირისპირება სხვა ქვეყნებშიც ხდება და ამისგან დაზღვეულნი არც მომავალში ვართ!
რასაკვირველია, არ ვამტკიცებთ, რომ ვინმე „ქუჩური სამართლის“ მიმდევარია, მაგრამ თუ ზვიადაურის ბეგრაუნდს თვალს გადავავლებთ, მივხდებით, რომ მის ანგარიშზე არაერთი კრიმინალური გარჩევაა.
დავიწყოთ 2013 წლით, როცა ზურაბ ზვიადაურის სახლი დაცხრილეს. ინციდენტი ახალი წლის ღამეს მოხდა და თავდამსხმელმა სახლს 13 ტყვია ესროლა.
„ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს, დაახლოებით, 01.00-დან 01.30 საათამდე მოხდა.
სროლა საძინებელი ოთახის ფანჯარაზე განხორციელდა.
შენობას 13 ტყვია აქვს მოხვედრილი.
საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული გიორგი ქისტაური დააკავეს. დაკავებულს, ამავე ქალაქში მცხოვრებ, პარლამენტის დეპუტატ ზურაბ ზვიადაურის ძმასთან, ზვიად ზვიადაურთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. მან, დაშინების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რამდენჯერმე გაისროლა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რის შედეგადაც სახლი დაზიანდა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა), 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება). ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, _ წერდა 8 წლის წინათ ქართული ონლაინმედია.
ამ ამბიდან გავა ზუსტად შვილი წელი და კრიმინალურ ინციდენტში თავად ოლიმპიური ჩემპიონი გაეხვევა. კერძოდ, 2020 წლის ზაფხულში, მას ცივი იარაღით დაჭრიან და თავიდანვე გავრცელდება ცნობა, რომ ეს დაჭრა ძველ დაპირისპირებას უკავშირდება, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა იტყვის, რომ ოლიმპიური ჩემპიონი იმ გიორგი ქისტაურმა დაჭრა, რომელმაც 2013 წელს ზვიადაურების სახლი დაცხრილა.
2020 წლის ქართული ონლაინპრესის არქივში ვკითხულობთ:
„ზურაბ ზვიადაური 19 ივლისს, გვიან საღამოს, ახმეტაში დაჭრეს. ინციდენტი ქალაქის ცენტრში, თამარის ქუჩა N3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაურს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. მასთან ერთად მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ინციდენტი ყოფილ დეპუტატსა და მასზე სავარაუდო თავდამსხმელს შორის წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად მყოფ პირს დაზიანებები მიაყენა, სავარაუდოდ, ახმეტაში მცხოვრებმა, 1986 წელს დაბადებულმა გიორგი ქისტაურმა. ამ ინფორმაციას ზვიადაურსა და მასთან ერთად დაჭრილი დავითაშვილის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.
ზვიადაურსა და ქისტაურს შორის 2012 წლიდან კონფლიქტია. ქისტაური 2013 წლის პირველ იანვარს ახმეტაში, ზურაბ ზვიადაურის საცხოვრებელი სახლის დაცხრილვის ბრალდებით დააკავეს. შენობას 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაშინ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პროკურატურამ ქისტაურს ბრალად წაუყენა ხულიგნობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.
გიორგი ქისტაურმა სასჯელის ნაწილი მოიხადა, მერე კი ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლდა.
2014 წლის 21 ივნისს, მდინარე ილტოზე საბანაოდ მყოფ გიორგი ქისტაურს, ზურაბ ზვიადაურის ახლობლებმა სახე დაუსერეს. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ამ ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.
რამდენიმე დღის შემდეგ სამართალდამცველებმა გიორგი ქისტაური 2009 წელს მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ქისტაური დანაშაულს არ აღიარებდა და მის დაკავებას ზვიადაურთან დაპირისპირებით ხსნიდა. პროკურატურამ ქისტაურს შეღავათები გაუკეთა და სასჯელად რამდენიმე თვით პატიმრობა მიუსაჯა. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ქისტაურმა საქართველო დატოვა და უკრაინაში იმყოფებოდა“.
სხვათა შორის, ჩემპიონის დაჭრის შემდეგ მამამისმა, მამუკა ზვიადაურმა, ივარაუდა, დაჭრა შესაძლოა, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებაო.
„ვვარაუდობ, რომ ქისტაურის კონფლიქტის გაგრძელებაა. მაშინ მეც სახლში ვიყავი, ეგ ამბავი რომ მოხდა. სხვა ვარაუდი არ მაქვს“, _ ამბობდა მაშინ ჩემპიონის მამა.
ამ და სხვა ფაქტების გათვალსიწინებით თუ ვიმსჯელებთ, გმირი ზვიადაური, რომელზედაც, თავის დროზე, მთელი საქართველო აფანატებდა, ნელ-ნელა კრიმინალურ თუ ქუჩურ ავტორიტეტად ჩამოყალიბდა. ამას კი, როგორც ამბობენ, იმანაც შეუწყო ხელი, რომ 2012 წელს „ოცნებამ“ ზვიადაური საპარლამენტო სიაში შეიყვანა, დეპუტატი გახდა და მმართველმა გუნდმა განუსაზღვრელი ძალაუფლება უფეშქაშა, ანუ როგორც წყარო გვეუბნება, „ოცნების“ ბოსების მფარველობის გამო, 2012-დან მოყოლებული, ზვიადაურს, თურმე, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა _ ქალამნად.
ჩვენს კითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა ეს „განუსაზღვრელი ძალაუფლება“, წყარო გვპასუხობს:
„ვერ ვიტყვი, რომ მთელ კახეთში, მაგრამ ახმეტასა და ნაწილობრივ თელავშიც ზვიადაური ჩვეულებრივი ფეოდალი იყო _ თითქმის ყველა ბიზნესს აკონტროლებდა და თუ მასთან ცუდი ურთიერთობა გქონდა, უბრალო საცხობსაც ვერ გახსნიდი. ამიტომ ჩემპიონთან დაპირისპირებას ყველა ერიდებოდა და ისე იქცეოდა, როგორც ის იტყოდა“.
საერთოდ, ადამიანებს უჭირთ გმირებზე ცუდი ამბების დაჯერება და ამ შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ ზვიადაური გმირი ლამის ორი ათეული წლის წინათ იყო. მას შემდეგ ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ზვიადაურმა ბიზნესმენობა დაიწყო _ მეგობრებთან ერთად „ოლიმპიური ვარსკვლავი“ დააფუძნა. კომპანიას ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ პრობლემები შეექმნა. ყველაფერი ეს იმის პარალელურად მოხდა, რაც ზვიადაურმა განაცხადა, პოლიტიკაში მოვდივარო.
„ბოლო ხანს ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან შეტევას დაემსგავსა. ჩემს მეგობრებს იბარებენ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, ცდილობენ მათ მოსყიდვას და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე უარის თქმას აიძულებენ.
სპორტსმენებზე ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მან დაუფარავად განუცხადა ევროპის ჩემპიონ ნოდარ მეტრეველს, რომ ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო.
ამ სიტყვებით ნათელია, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა და ტერორი. ჩვენ ვერც შეგვაშინებენ და ვერც მოგვისყიდიან. ჩვენ ჩავერთეთ საკუთარი ქვეყნის ყოფნა-არყოფნისთვის ბრძოლაში და მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. რაც შეეხება დენზე ჩემს შეერთებას – ვურჩევ, არ ეცადონ! დღეს სხვა საქართველოა, ხალხის დაშინების დრო წავიდა! ქართველი ხალხი, ძალიან მალე, საქართველოს ხელისუფლებას, მათივე დამკვიდრებული „წესით“, როგორც ნაგავს, ისე მიაბამს დენზე და წარსულს გააყოლებს“, _ წერდა 2012 წლის 5 ივნისს ზურაბ ზვიადაური სოციალურ ქსელში.
ასე და ამგვარად, ოლიმპიური ჩემპიონი ბიზნესიდან პოლიტიკაში ოფიციალურად გადაპორტირდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ იყო _ საქართველოში სპორტსმენების, მსახიობების, მომღერლებისა თუ მწერლების გაპოლიტიკოსება ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ პარტიებს ზემოხსენებული პროფესიის ადამიანები იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხის გული მოიგონ (ძველი და გაცვეთილი პიარსვლაა). თავად სპორტსმენები, მსახობები და მომღერლები კი პარტიულ სიაში უკეთესი ცხოვრების იმედით თანხმდებიან _ თუ გაუმართლათ და პარლამენტში მოხვდნენ, ხელფასი ხელფასად ექნებათ და დამატებით, ერთი-ორ წვრილ ბიზნესს მაინც „დაკრიშავენ“ და დამატებით „პურის ფულს“ აქედანაც იშოვიან.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, ზვიადაურს რა მოტივი ამოძრავებდა, პოლიტიკაში რომ წავიდა, სამაგიეროდ, გასაგებია „ოცნების“ მოტივი, რატომაც უნდოდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი მისი გუნდის წევრი ყოფილიყო:
ჯერ ერთი, მასებზე, როგორც აღვნიშნეთ, ასეთი „ფეისები“ კარგად მუშაობს და მეორეც, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ზვიადაური პოლიტიკურ რინგზე გადასარევად ჩხუბობდა, რაც 2014 წლის დეკემბრის მიწურულს გამოჩნდა, როცა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის ხელჩართული დაპირისპირება გაიმართა.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც იმხანად „ნაციონალმა“ აკაკი ბობოხიძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპონენტების მისამართით შეიგინა.
„ბობოხიძე, რომელიც არაერთხელ ყოფილა წინა და ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტებში მომხდარი ჩხუბების წამომწყები ან მონაწილე, უმცირესობის პოზიციას ახმოვანებდა ევროპის საბჭოს დელეგაციაში დეპუტატთა წარმომადგენლობის სადავო საკითხზე, რომლის თანახმადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც აღარ არის ერთადერთი ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტში, დელეგაციის მუდმივ შემადგენლობაში ორი კუთვნილი ადგილიდან ერთი უნდა დაუთმოს „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც ცოტა ხნის წინათ გამოეყვნენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას. „ნაციონალური“ მოძრაობა ძირითად დელეგაციაში ერთი ადგილის ჩამორთმევას აპროტესტებდა, როგორც ქართული ოცნების პასუხს ასამბლეის მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე.
„მიექანებით დედა რუსეთისკენ… მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედარუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო“, – როცა ბობოხიძე ამას ამბობდა ოპონენტების მისამართით დარბაზიდან იყო გაურკვეველი რეპლიკა, რის შემდეგაც ბობოხიძემ განაგრძო: „ვინ რა თქვა? დედასაც შ…ცი, ვინც რა თქვა და თქვენი დედაც მ…ნ და ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გგონიათ, რომ რამეს დაგითმობთ, რა“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც 2004 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა ძიუდოში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში 26 დეკემბერს აკაკი ბობოხიძეზე იერიში მიიტანა.
ამ გინების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ბობოხიძის დარბაზიდან გაყვანისკენ, ხოლო კოლეგებს უმრავლესობიდან თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა ამ მოწოდებებმა ვერ აღკვეთა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე კერა დეპუტატებს შორის, რომელიც სხდომათა დარბაზის სხვადასხვა ადგილებში წარმოიქმნა. ჩხუბში, რომელსაც მასობრივი სახე მიეცა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ მოჭიდავე ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ ჯაფარიძე, დათო ლორთქიფანიძე; ასევე ნაციონალური მოძრაობიდან თავად აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე და პეტრე ცისკარიშვილი. ბევრი დეპუტატი კოლეგების გაშველებას ცდილობდა.
ჩხუბის შემდეგ, რომლის გამოც პარლამენტის სხდომაზე იძულებითი შესვენება გამოცხადდა, სხდომა დაახლოებით, 25 წუთში კვლავ განახლდა.
დავით უსუფაშვილმა ბობოხიძის გამოსვლა შეაფასა, როგორც „პროვოკაციული“ და „უპასუხისმგებლო“, რომელიც, მისი თქმით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ ტიპის ქმედების დროს „იძულებული ვართ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ“ და პარლამენტმა უნდა განაგრძოს მუშაობა.
მან სხდომაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უმრავლესობა უკვე აღარ ესწრებოდა, სატესტო რეგისტრაცია ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად გამართულად მუშაობდა ჩხუბის დროს დაზიანებული აპარატურა. ამის შემდეგ დეპუტატებმა უმრავლესობიდან კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს, მათ შორის, 79 ხმით დაამტკიცეს ევროპის საბჭოს დელეგაციაში დეპუტატთა კვოტირების ახალი წესი“, _ ვკითხულობთ 2016 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ონლაინ სტატიაში.
რაც შეეხება იმას, რომ მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური თავისუფლებაზე უნდა იყოს, დავუშვათ, 27 წლის ბიჭი მართლაც, აუცილებელი მოგერიების გამო მოკლა, მაგრამ ზვიადაურის ადგილას სხვა, რიგითი მოქალაქე რომ ყოფილიყო, მის განთავისუფლებას ასე დაჟინებით ვინმე მოითხოვდა? _ ალბათ, არა, თან აქ სასჯელზე კი არა, ორთვიან წინასწარ პატიმრობაზეა ლაპარაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ, საბოლოოდ, გამოძიებამ შესაძლოა, სულ სხვა სურათი დადოს.
მოკლედ, სანამ კანონი ყველასთვის ერთი არ იქნება და სანამ ორმაგ სტანდარტებზე უარს არ ვიტყვით, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
ისე, სხვათა შორის, მსგავს უსიამოვნებებში მსოფლიოში ცნობილი უცხოელი სპორტსმენები თუ მსახიობებიც ეხვევიან ხოლმე, მაგრამ დასავლური სამყარო წარმატებული იმიტომაა, რომ იქ არავის მოსდის აზრად, უი, რაკი ცნობილი სპორტსმენი თუ მსახიობია, მოდი, ახლა ყველაფერზე თვალი დავხუჭოთო.
ჰოდა, დროა, ცივილიზებულად ცხოვრება ვისწავლოთ და კანონზე მაღლა არავინ და არასოდეს დავაყენოთ!
გიორგი აბაშიძე