ოთარ კვირიკაშვილი: „ივანიშვილმა ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახერხა“
ქართული ოპოზიცია შავ დღეშია. დღეს საზოგადოება მათაც ისევე აგინებს, როგორც _ ხელისუფლებას. სამოქალაქო აქტივისტი ოთარ კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ეს იმ შეცდომების ბრალია, რაც ოპოზიციამ დაუშვა. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. ფიქრობს, რომ კალაძე პირველივე ტურში მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს.
როგორ ჩაიგდო ოპოზიციამ ამ დღეში თავი? რატომ არ უნდა ჩატარდეს 2024 წლამდე არჩევნები? არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნამდვილი ოპოზიცია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოთარ კვირიკაშვილი:
_ ოთარ, სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს უცნაურ განცხადებებს აკეთებს. ქალი, რომელიც აქამდე არაფერს იმჩნევდა, ახლა ხელისუფლებას აკრიტიკებს. თქვენ რას უკავშირებთ მის ფერისცვალებას?
_ სალომე ზურაბიშვილს ვერასდროს ვერ აღვიქვამ ცალკე მოთამაშედ. არც ბიძინა ივანიშვილი მგონია იმ დონის უგუნური ადამიანი, რომ კადრებში ასე შეცდეს. თავის დროზე, გიორგი მარგველაშვილზეც ასეთი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. ხალხი ფიქრობდა, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უპირისპირდებოდა ივანიშვილს, მაგრამ რაღაც ზღვრამდე თამაშობდა დემოკრატობანას, გადამწყვეტ მომენტში კი ჩერდებოდა. გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილთან მართლაც რომ ყოფილიყო დაპირისპირებული, ის მამა გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა. რაკი მამალაძის არშეწყალება ივანიშვილისთვის პრინციპული იყო, მარგველაშვილმა ის არ შეიწყალა.
მოქმედი პრეზიდენტი ახლა კი აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს, მაგრამ როცა საჭირო გახდება მარგველაშვილივით გაჩერდება. დარწმუნებული ვარ, სალომეს კრიტიკული განცხადებებიც შეთანხმებულია ივანიშვილთან. ის იმიტომ აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ მთელი „ქართული ოცნება“ არ მოექცეს იზოლაციაში. ის ამ შემთხვევაში დიპლომატის როლსაც თამაშობს, დასავლეთს ეკეკლუცება, ისეთ ფონს ქმნის, თითქოს საქართველოში ყველა ინსტიტუტი ბიძინას არ უდევს ჯიბეში. ზურაბიშვილი მართლა დაპირისპირებული რომ ყოფილიყო „ოცნებასთან“, ბევრ საკითხს სხვანაირად გადაწყვეტდა.
ის „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი დანამატია. მას არასდროს განვიხილავ დამოუკიდებელ მოთამაშედ. მას პრეზიდენტის სავარძელი ივანიშვილმა აჩუქა და მის გარეშე, ალბათ, ნაბიჯს არ დგამს. ამას დაამატეთ ისიც, რომ არაადეკვატური ქალია. ადამიანს თავისი ფეისბუქისთვის ვერ მოუვლია და რა დამოუკიდებელი თამაში უნდა აწარმოოს. ამ არაადეკვატურ ქალს ივანიშვილი დამოუკიდებლად თამაშის უფლებას არ მისცემს. მმართველმა პარტიამ იმხელა რესურსი ჩადო ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში, რომ მის გაოპოზიციონერობას არავინ გაატარებს. ამიტომ მგონია, რომ ის არასდროს იქნება დამოუკიდებელი.
_ გახარია თუ არის დამოუკიდებელი? ბევრი ფიქრობს, რომ ისიც ივანიშვილის თამაშს თამაშობს.
_ გახარიას შემთხვევაში სულ სხვანაირად გვაქვს საქმე. მე ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ გახარია შესაძლოა, არ არის უშუალოდ ივანიშვილის მიერ ხელდასხმული ოპოზიცია, მაგრამ გახარია ივანიშვილისთვის ყოველთვის კომფორტული ფიგურა იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს ადამიანი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში.
_ რატომ იქნება ივანიშვილისთვის გახარია კომფორტული?
_ იმიტომ, რომ გახარიას ხელში ივანიშვილს ციხე არასდროს არ დაემუქრება. არც ივანიშვილის ბიზნესებს შეექმნება საფრთხე. ბიძინასაც ის უნდა, რომ როცა პოლიტიკიდან წავა, მას და მის ბიზნესებს სართხე არ შეექმნას. ჯერჯერობით, როგორც ვატყობ, ეგ კაცი არსად წასვლას არ აპირებს. ადრე თუ გვიან, მას მაინც მოუწევს წასვლა და როცა მართლა წავა, მისთვის გახარა ყველაზე უფრო მისაღები ფიგურა იქნება.
ყოფილი პრემიერი მართლა დაპირისპირებულია კობახიძე-მდინარაძეებთან, მაგრამ „ოცნების“ დამფუძნებელზე ცუდს არასდროს ამბობს. დარწმუნებული ვარ, მას არც მომავალში დაუპირისპირდება. ვიმეორებ: ყოფილი პრემიერი ივანიშვილისთვის ხელისუფლებაშიც მისაღებია და ოპოზიციაშიც.
_ დანარჩენ ოპოზიციაზე რას იტყვით? ივანიშვილს არც ისინი უქმნიან დიდად დისკომფორტს.
_ დანარჩენ ოპოზიციასთან ივანიშვილი ძალიან კომფორტულად არის. „ოცნების“ დამფუძნებელმა მათი მარგინალიზაცია უკვე მოახდინა. გახარიას მარგინალიზაციასაც შეეცადა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მთელი ეს პერიოდი სწორად ითამაშა. ის იმ მახიდან კარგად გამოძვრა, რა მახეც მთელ ოპოზიციას დაუგეს.
_ რა მახეზე საუბრობთ?
_ ივლისში „თბილისი პრაიდი“ უნდა ჩატარებულიყო. ამას ერთი ამბავი მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ლგბტქ თემს მხარდაჭერა ხელმოწერებით გამოუცხადა. ამან ოპოზიცია ძალიან დააზარალა. რომელიღაც ევროპულმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, საქართველო ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად დასახელდა. ევროპელების გადმოსახედიდან ჩვენ ჰომოფობები ვართ, რადგან გამოკითხულთა 84% ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს.
84% ასე რომ ფიქრობს და შენ ამის წინააღმდეგ მიდიხარ, უნდა იყო ჩვეულებრივი შტერი. ლგბტქ თემისთვის გამოცხადებული მხარდაჭერით შენ ამ 84%-ს უპირისპირდები. 16% რომელმა ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გაიყოს? ამ 16%-იდანაც არა მგონია, ყველა ოპოზიციის მხარდამჭერი იყოს. ზოგი ხელისუფლების მომხრე იქნება.
ამ მხარდაჭერას ოპოზიციას არავინ აძალებდა, მე ღია მხარდაჭერაზე მაქვს საუბარი, თორემ ისე დაუჭირონ მხარი და ნუ იქნებიან ჰომოფობები. ეს პოზიცია იმიტომ დააფიქსირეს ხმამაღლა, რომ აშშ-ასა და ევროკავშირის ელჩებისთვის მოეწონებინათ თავი.
ოპოზიციის ქმედებებს რომ შევხედე, იცით, რა შთაბეჭდილება დამრჩა? _ მათ ფეხებზე ჰკიდიათ საკუთარი მოსახლეობა და მხოლოდ უცხოელების აზრი აინტერესებთ. მიაჩნიათ, რომ ჩვენი ხალხი ბრბოა და ბნელია. ამერიკასა და ევროკავშირს თუ მოვეწონებით, აიღებენ და დაგვდებენ ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, ამის იმედად იყო ოპოზიცია. ამ დროს ხარაკირი ჩაიტარეს. ბოკერია და „გირჩი ჯაფარიძე“ ყოველთვის განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ, მაგრამ მამუკა ხაზარაძეს რაღა რჯიდა? ის სულ სხვა პათოსით შემოვიდა პოლიტიკაში. კარგად მახსოვს ის ინტერვიუები, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მისცა ჟურნალისტებს. კაცი ამბობდა, მე ტრადიციების დამცველი ადამიანი ვარო. ამის გამო ლგბტქ საიტები ხაზარაძეს ძალიან აკრიტიკებდნენ, ჰომოფობს ეძახდნენ.
5 ივლისს საქართველოში ძალიან ცუდი რამე მოხდა, ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ, რასაც მეც ვგმობ. ოპოზიცია სწორად მოიქცა, ეს ძალადობა რომ დაგმო, მაგრამ რა საჭირო იყო, რუსთაველზე ლგბტქ დროშის აფრიალებას დასწრებოდნენ? ამას ხომ უყურებს ხალხი? თან როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰომოფობია. ყველა მათგანის შეცვლა გამორიცხულია. ოპოზიციამ ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. ეს პრაიდი იყო ხაფანგი ოპოზიციისთვის და ოპოზიცია ამ ხაფანგში გაება. რა რეიტინგიც ჰქონდათ, ისიც დაკარგეს და თავისი ხელით გაიკეთეს ხარაკირი.
ახლა ბიძინა ივანიშვილი იმდენად კომფორტულად არის, რომ ვერ წარმოიდგენთ. რა, „ოცნებას“ არ ჰყავს თავის რიგებში ლგბტქ თემის მხარდამჭერები? ძალიან ბევრი ჰყავს, მაგრამ არც ხელი მოუწერიათ და არც ხმამაღლა უყვირიათ. დარწმუნებული ვარ, „თბილისი პრაიდსაც“ ხელისუფლება მართავდა და იმ მოძალადეებსაც, რომლებმაც ჟურნალისტები გაიმეტეს სასიკვდილოდ. ხელოვნურად შექმნეს კრიზისი და ამ კრიზისში „ოცნება“ გამოვიდა გამარჯვებული. ამ ხაფანგიდან გახარია გამოძვრა კარგად. ხმა არ ამოუღია. ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები ერთმანეთს ასწრებდნენ განცხადებების გაკეთებას.
განცხადებებსაც ხომ გააჩნია? ამ ლიდერებმა პატრიარქის ლანძღვა დაიწყეს. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად გალანძღავდა პატრიარქს. მას მკვლელიც კი უწოდეს. ვინც ლგბტქ თემს ღიად მხარს არ უჭერდა, ყველას პრორუსს ეძახდნენ. ეს ხალხის გაღიზიანებას იწვევდა.
ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არ მინდა, გარედან მიკარნახონ, აქ სამხედრო აღლუმი უნდა ჩავატარო, თუ პრაიდი. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ესა თუ ის ღონისძიება.
_ რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცაზე იძალადო.
_ ძალადობა დაუშვებელია. ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. მათ შორის იმათაც, ვისაც პრაიდები არ მოსწონს. მათ ამის გამო პრორუსი არ უნდა ეძახო. მე არ მომწონს პრაიდის ჩატარების იდეა, მაგრამ პრორუსი ნამდვილად არ ვარ. მეზიზღება რუსეთი. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველო ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად გამოცხადდა. აქ პრაიდის ჩატარება ცოტა სარისკოა. აქ კი არა, გეი აღლუმებს ისეთ ქვეყნებშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი და ა. შ. ამ თემის მხარდაჭერით ოპოზიციამ გაიკეთა ხარაკირი. პლუს ამას აგენტებით სავსეა მათი რიგები.
ვიმეორებ, რომ საქართველოში ყველას უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ არ შეიძლება, მხოლოდ ლგბტქ თემის პრობლემებზე იყოს საუბარი. ყველა ცენტრალური ტელევიზია ამ თემას აშუქებს. ამასობაში ქვეყანა დაგვემხო თავზე. ტერიტორიული მთლიანობა, მცოცავი ოკუპაცია და ჩამოშლილი ეკონომიკა აღარავის ახსოვს.
_ ოპოზიცია სხვა მიმართულებითაც კარგავს მხარდამჭერებს. პარლამენტში შესვლამ ბევრი მომხრე დააკარგვინა. საარჩევნო კამპანიას საერთოდ არ ატარებენ და იიქნება ივანიშვილი კომფორტულად.
_ ივანიშვილმა სრულად მოახდინა ოპოზიციის მარგინალიზაცია. მათ იმიჯს ძალიან დაარტყა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ და მერე პარლამენტში შესვლამ. ახლა მიშელის დოკუმენტი გააუქმა ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილი კვლავ პარლამენტში რჩება. არაერთხელ მითქვამს და თქვენთანაც ვიტყვი, ბიძინა ძალიან კარგად იცნობს ოპოზიციას, იცის მათი ხასიათი. ოპოზიციის დიდი ნაწილი არის ანგარებიანი.
„ოცნების“ დამფუძნებელმა კარგად იცის, რომ ოპოზიციაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ თუნდაც რამდენიმე დღით შეელევა პირად კომფორტს.
_ პირადი კომფორტის დათმობა რომ უჭირთ, ეს მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგაც გამოჩნდა, პარლამენტის დატოვება არავინ ისურვა.
_ სხვა არც იყო მოსალოდნელი. იცის ბიძინამ ამათი ხასიათი და ამას ძალიან კარგად იყენებს სათავისოდ. გააუქმა ეს მიშელის დოკუმენტი და დააჭმევინა ოპოზიციას ერთმანეთი. გარეთ დარჩენილები პარლამენტში შესულებს ლანძღავენ, პარლამენტში შესულები გარეთ დარჩენილებს ეჩხუბებიან. ივანიშვილი ამასაც არ დასჯერდება და გარეთ დარჩენილებს თუ პარლამენტში შესულებს კიდევ გაყოფს შუაზე.
_ დაყოფა და გაყოფა ივანიშვილს კარგად გამოსდის.
_ კარგად გამოსდის და ამაში თავად ოპოზიციაც უწყობს ხელს. შეიძლება, მას ეს ოპოზიცია ნაყიდიც კი არ ჰყავს. იცის რა მათი ხასიათი, მშვენივრად მანიპულირებს. ვიღაცები ივანიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, მე ასე არ ვფიქრობ. ან თავად არის ძალიან ჭკვიანი, ანდა მასთან სერიოზული ტიპები მუშაობენ. ეს ოპოზიცია რომ ერთმანეთთან დააპირისპირო, ამას დიდი სიჭკვიანეც არ სჭირდება. როგორც ამბობენ, ივანიშვილს კარგად გამოსდის ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდება.
_ მან ეს თვისება ჯერ კიდევ მაშინ გამოავლინა, როცა რუსეთში მოღვაწეობდა.
_ მის ამ თვისებაზე მეც ბევრი მსმენია. აქვს ადამიანს ამის გამოცდილება და ამას ოპოზიციის წინააღმდეგ მშვენივრად იყენებს. მე სულით და გულით ვუჭერდი მხარს ოპოზიციას. ძალიან მინდოდა, რომ სიტუაცია ამოეტრიალებინათ.
_ ახლა აღარ უჭერთ ოპოზიციას მხარს?
_ ახლა ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ოპოზიცია. ესენი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იმაზე უარესი სიტუაცია გვექნება, ვიდრე ახლა გვაქვს.
_ რატომ იქნება უარესი სიტუაცია, ვიდრე ახლა არის?
_ გადახედეთ ოპოზიციის შემადგენლობას და დასკვნის გამოტანა ძნელი არ არის. ესენი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ქვეყანა და ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ.
ძალიან ბევრი წესიერი და გულანთებული ადამიანია საქართველოში, ვისაც მართლა გულით უნდა სიტუაციის შეცვლა, მაგრამ მათ პოლიტიკურ ველზე არავინ უშვებს. ყველაფერი ამათ აქვთ დაკავებული. ქართული პოლიტიკა დაემსგავსა წუმპეს. იცით, როგორი სიტუაციაა, _ 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული ესტრადა რომ იყო. უნიჭოები მოასხდნენ ყველაფერს. საკუთარი ჟურნალები და ტელევიზიები ჰქონდათ და ერთმანეთზე წერდნენ ინტერვიუებს. ერთმანეთს ქაჩავდნენ და სხვას არ აჭაჭანებდნენ.
ასე „კუტოკებად“ არის დაყოფილი დღეს ქართული პოლიტიკაც. არიან თავისთვის. ხალხში საერთოდ არ გადიან. არ იციან რა პრობლემები აქვს მოსახლეობას. არც ხალხის განწყობაზე აქვთ წარმოდგენა. ისეთ უაზრო თემებზე საუბრობენ, ცუდად გახდები.
ამას მოსახლეობაც ხედავს, ხვდება რომ მათ მოსაზრებებს არ იზიარებენ და ოპოზიცია მათში აგრესიას იწვევს. ძალიან მინდა, არსებული ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი 2024 წლამდე არ დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ოპოზიცია ბოლომდე გაიშიფრება. ხალხი ყველას ნამდვილ სახეს დაინახავს. „ქართული ოცნება“ არაფრით ოპოზიციაზე უკეთესი არაა, მაგრამ არსებულ ვითარებაში უკეთესად გამოიყურება.
_ ვითომ?
_ დღევანდელი ოპოზიციის ფონზე გახრწნილი „ქართული ოცნება“ უფრო სიმპათიურად გამოიყურება. გახრწნას რაც შეეხება, ივანიშვილმა ოპოზიციაც გახრწნა. ტროლებით, ბოტებით, ადმინისტრაციული რესურსით ინარჩუნებს პოზიციებს. ოპოზიციისგან განსხვავებით ცდილობენ, ხალხის განწყობას გაუწიონ ანგარიში, არა იმიტომ, რომ ხალხის აზრი აინტერესებთ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არჩევნებზე მოიპოვონ მხარდაჭერა. რამდენიმე ისეთი ინიციატივა გაახმოვანეს, რომელიც მისასალმებელია.
_ მაგალითად, რომელი მათი ინიციატივაა მისასალმებელი?
_ მაგალითად ის, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოშო ყველამ უნდა იცოდეს ქართული ენა. ეს ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა.
_ თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს?
_ დიდად არ მჯერა, რომ ამას გააკეთებენ, მაგრამ მისასალმებელია, სახელმწიფო ენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ გამოიჩინეს. ქართული არის საქართველოს სახელმწიფო ენა. ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.
ამ ინიციატივას საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. „ოცნება“ მიხვდა, რომ ისეთ თემებზე უნდა ისაუბროს, რაც ხალხს მოეწონება. ოპოზიციამ საერთოდ არ იცის, ხალხს რა აწუხებს. მათ მხოლოდ პირადი კეთილდღეობა აინტერესებთ. ამიტომაც არიან ხელისუფლებასთან გარიგებულები. გარიგებულები არიან რეგიონებში და ასევე ლიდერების დონეზე. შანსი არაა, რომ ამ ოპოზიციამ რამე შეცვალოს.
_ თავად ამბობენ, შევცვლითო.
_ გამორიცხულია. განსაკუთრებით ახლა, როცა ასე გაიძლიერა პოზიციები რუსეთმა. რუსეთის საგარო უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთო. რუსეთთან მიმართებით განწყობები აშკარად შეცვლილია. და ეს დასავლეთის დამსახურებაცაა. ხანდახან ვფიქრობ, დასავლეთი ხომ არ გაურიგდა რუსეთს და ჩვენი თავი კრემლს დაუთმო-მეთქი.
_ რატომ გიჩნდებათ ეს ეჭვები?
_ საქართველოში აკრედიტებულმა ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ აქ ანტიდასავლური განწყობები გაჩენილიყო. რუსეთმაც წამოყო თავი და ღარაც-რაღაცებს გვთავაზობს.
არსებულ ვითარებაში ეს ოპოზიცია არაფრის შემცვლელი არ არის. რომელი ზვიად გამსახურდიები და მერაბ კოსტავები ესენი არიან, რომ სერიოზული წინააღმდეგიბის მოძრაობა წამოიწყონ და სამშობლოზე იფიქრონ? ესენი არიან ჩვეულებივი ვაჭრები. დახლი აქვთ გაშლილი და ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვაში არიან ჩართულები. ისე ცუდად იქცევა ოპოზიცია, რომ თბილისის მერის არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.
_ პირველივე ტურში გაუჭირდება კალაძეს მოგება.
_ არ გაუჭირდება. თან ისე მოიგებს, რომ არჩევნების გაყალბება საჭირო აღარ იქნება. გასულ წელს ნიკა მელიამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა არჩევნებზე. ეს შედეგი იმიტომ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირდა. ძველ „ნაციონალებს“ ვგულისხმობ. ვიღაცებთან კონფლიქტებიც ჰქონდა.
_ კონფლიქტი ჰქონდა ვანო მერაბიშვილთან.
_ არა მარტო ვანო მერაბიშვილთან. ეს დაპირისპირება საზოგადოებამაც გაიგო და ამან მელიას რეიტინგზე კარგად იმუშავა. მერე დაიჭირეს, ციხიდან გამოსული მიშასთან ჩავიდა, მერე პარლამენტში შევიდა. „გირჩებს“ გაუყადრა თავი. ნიკა მელია ის აღარ არის, ვინც შარშან იყო. ეს აუცილებლად იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე და ის იმის ნახევარსაც კი ვერ აიღებს, რაც შარშანდელ არჩევნებზე აიღო.
_ არსებულ სიტუაციაში გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალი მხოლოდ ერთია, პოლიტიკურ ველზე ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს. დარგობრივად განათლებული ტიპებია საჭირო. პოპულისტები და არაფრისმაქნისები სიტუაციას ვერ შეცვლიან. გახარია ძალიან სწორად მიდის, მე მომწონს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ მას სერიოზული მინუსები აქვს, რაც ხელს შეუშლის. მისი მინუსები საკუთარი წარსული და გუნდია _ ნორმალური არავინ ჰყავს გარემოცვაში.
_ აშკარაა, რომ ძალიან პესიმისტურად ხართ განწყობილი.
_ ეს არაა პესიმიზმი, ესაა რეალობა. ოპოზიციამ საკუთარი ხელით ჩაიტარა ხარაკირი და მას თვითმმართველობის არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ოპოზიციამ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას დაუპირისპირებს დასავლეთი რუსეთს. მოსკოვი საქართველოსთან მიმართებით შემთხვევით არ გააქტიურებულა. რაღაც სერიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე.
არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, როგორც უკვე ვთქვი, პოლიტიკურ ველზე ახალი ხალხის შემოსვლაა. ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანია, მაგრამ მათ პოლიტიკურ ველზე არ უშვებენ. ისინი, ადრე თუ გვიან, ალბათ, მაინც შემოვლენ პოლიტიკაში და მერე შეიძლება მართლა შეიცვალოს სიტუაცია.
შორენა მარსაგიშვილი