მერაბ ბლადაძე: „ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის დასაცავად თავს არ მოიკლავს“
საქართველოში კორონა მძვინვარებს. ხელისუფლების მტკიცებით, ის კარგად მართავს სიტუაციას. ციფრები კი სულ სხვაზე მეტყველებს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მერაბ ბლადაძემ, საკუთარ თავზე იწვნია, თუ როგორ მართავს „ქართული ოცნება“ კორონას. მისი აზრით, ამ ვითარებაში დაუშვებელია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს ეკა ტოკარაძე.
რატომ აიკვიატა ივანიშვილმა ეკა ტიკარაძე და ირაკლი კობახიძე? სად ქრება ჯანდაცვისთვის გამოყოფილი მილიარდები? რატომ განიცდის „ქართული ოცნება“ გახარიას რეიტინგს ასე მწვავედ? _ ამის შესახებ მერაბ ბლადაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ კოვიდსიტუაცია დღეს უკეთ იმართება, ვიდრე წინა პრემიერის დროს. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
_ ამ სურათის ობიექტურად დახატვა გამიჭირდება, რადგან მაშინ კორონა არ მქონდა. ეტყობა, კორონამ უნდა მოგაკითხოს, რომ რეალურად მიხვდე სიტუაციის სიმძაფრეს. გასულ წელს კორონა ახალი შემოსული იყო. ხალხი უფრო ფრთხილობდა, ექიმებიც უფრო მობილიზებულები იყვნენ. ახლა ვითარება იდნავ შეიცვალა. მე ახლობელი ექიმი რომ არ მყოლოდა და მას არ ემართა კორონა, ახლა, ალბათ, მკვდარი ვიქნებოდი. როდესაც კორონა დამიდასტურდა, როგორც წესი და რიგია, დავრეკე 112-ში. მომამაგრეს ექიმი, რომელმაც ერთხელ დამირეკა, მომიკითხა და მკითხა, წყალი თუ დალიეო. ამის შემდეგ ჩემს ზარებს საერთოდ აღარ პასუხობდა. ერთხელ მიპასუხა და მაშინაც ასე მითხრა, _ შენ ნუ მირეკავ, მე თავად დაგირეკავო. ვკითხე, კარგად ვერ ვარ და ხომ უნდა მირჩიოთ რამე-მეთქი. იმან მითხრა, _ კატე ხომ გადაიღე და ყველაფერი წესრიგში გაქვს, ჰოდა, წყალი სვი, მეტი არაფერი გინდაო. როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ჩემი ნაცნობი ექიმი რომ არა, მკვდარი ვიქნებოდი. ჩემს მეუღლესაც იგივე უთხრეს. სატურაცია დაუვარდა და სულ ძალით დავაწვინე საავადმყოფოში.
თითქმის ყოველ საღამოს გამოდიან ცერცვაძე-გამყრელიძეები ტელევიზიით და გვეუბნებიან, თუ როგორი ცუდია ეს დაავადება. გვიხსნიან, როგორ ვრცელდება ის. იმას არავინ ამბობს, თუ რა წამლები და გადასხმებია საჭირო. ამაზე ყურადღებას შეგნებულად არ ამახვილებენ. წამლები, რომლითაც კორონას უნდა უმკურნალონ, ძალიან ძვირი ჯდება. თავად ამ წამლებს არ იყენებენ, პაციენტს ვერ ეუბნებიან, თქვენ იყიდეთ აღნიშნული მედიკამენტებიო.
_ ე. ი. სახელმწიფო ფულს ზოგავს და საჭირო წამლებს არ ყიდულობს. ასეა?
_ ასე გამოდის. არ შეიძლება, ყველა ექიმი ერთი ჯოხით გადენო, მაგრამ რაც მე ვნახე, უმეტესობა ექიმებისა ძალიან ცუდად იქცევა. ბოლო წლებში 15 მილიარდია დახარჯული სამედიცინო სფეროზე. რა ეტყობა ქართულ საზოგადოებას 15 მილიარდის მკურნალობის?
წავიდა ძალიან საშინელი ტენდენცია, საავადმყოფოში დაწვენაა, თუ თანხის გადარიცხვაა, აუცილებლად ვიღაცა უნდა შეაწუხო. ნაცნობს თუ არ დაურეკე, არაფერი გამოვა. ეს რატომ უნდა ხდებოდეს? ბიუჯეტიდან ხომ არის გამოყოფილი თანხები? ევროკავშირიდან არის სესხები აღებული და ამ სესხებით ფინანსდება ყველა სფერო საქართველოში.
სამედიცინო სფეროში აუდიტი რომ შეუშვა, ნახავთ, რომ ნახევარზე მეტი დასაჭერი იქნება. ამ დროს ექიმებსა და ექთნებს მათხოვრული ხელფასები აქვთ. კლინიკის მფლობელები ძალიან დიდ ფულს შოულობენ. იმდენად დიდ ფულს, რომ ამ თანხებს უძრავ ქონებებში აბანდებენ. საშინელი ქაოსია სამედიცინო სფეროში! არ ვიცი, ამას რა ეშველება?! არ მეგონა, ექიმები ამ დონეზე თუ დავიდოდნენ.
ამ ვითარების შეცვლას მთელი სისტემის შეცვლა სჭირდება. ყველაფერი ზევიდან მოდის, ზევით კი არაპროფესიონალები არიან. სამედიცინო სფეროში ძალიან დიდი კორუფციაა და ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. საიდან მოიყვანეს ეს ეკა ტიკარაძე? არ სჯობდა, ისევ დავით სერგეენკო ყოფილიყო ჯანდაცვის მინისტრი? ნამდვილად სჯობდა.
_ დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრობის დროს ჯანდაცვის სფეროში კორუფცია არ იყო?
_ ჯანდაცვის სფეროში კორუფცია მაშინაც იყო, მაგრამ იმ დონეზე არ ყოფილა. ახლა ამ სფეროში სრული კატასტროფა ხდება. ადამიანი რომ კვდებოდეს, თუ ნაცნობი არ ჰყავს, საავადმყოფოში არ დააწვენენ.
_ სამედიცინო კატასტროფიდან პოლიტიკაზე გადავიდეთ. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მორიგი კვლევის შედეგები. ამ რეიტინგებში პირველ-მეორე ადგილებზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან. გახარიას პარტიას მესამე ადგილი უკავია. ელოდით, რომ რეიტინგში ასე უცბად დაიკავებდით მესამე ადგილს? მაინც ახალი შექმნილია პარტია.
_ მაგას რად უნდა ლაპარაკი, რომ ჩვენ საკმაოდ კარგ შედეგს ვაჩვენებდით რეიტინგებში. მერე რა მოხდა, თუ ჩვენი პარტია ცოტა ხნის წინ შეიქმნა? საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, ვინ რისი გამკეთებელია. ჩვენი რეიტინგი არავის უნდა გაუკვირდეს. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, არის მენეჯერი. ამას ხალხი ხედავს და ამიტომ გვაქვს ასეთი მხარდაჭერა. კაცი პრემიერობიდან თავისი ნებით გადადგა და წავიდა სახლში.
_ გახარია რომ კარგი მენეჯერი იყო, ამას „ოცნებაც“ ხშირად ამბობდა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო. თუმცა როგორც პრემიერმა, ბევრი ვერაფერი გააკეთა.
_ მას რამის გაკეთების საშუალება არ მიეცა და ამიტომაც წავიდა. როდესაც მთავრობის მეთაური იყო, მას ძალიან ბევრი ვინმე უშლიდა ხელს.
_ მაგალითად, ვის უნდა შეეშალა ხელი პრემიერისთვის?
_ „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე კლანია. ისინი უშლიდნენ გახარიას ხელს, მას ხელს უშლიდა ირაკლი კობახიძე, რომელიც ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა. ეს ახალგაზრდა ძალიან ამბიციური გახლავთ. ის, რომ გახარიას ვერ იტანდა და მას ხელს უშლიდა, ეს მისი განცხადებებიდანაც ჩანს. საშინელ განცხადებებს აკეთებს ეს ახალგაზრდა კაცი.
არ მიკვირს, ჩვენი კვლევების მიხედვით მესამე ადგილი რომ დავიკავეთ რეიტინგებში. სულ რამდენიმე თვეა, რაც გახარიამ პარტია შექმნა და მესამე ადგილი დაიკავა. ცოტა ხანში ეს პარტია პირვე ადგილზე გავა.
_ პირველ ადგილზე გასვლა ცოტა გადაჭარბებული მოლოდინი ხომ არ არის?
_ არაა გადაჭარბებული. გიორგი გახარიას ამის გაკეთება შეუძლია. ის რეიტინგების ლიდერი გახდება და აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში.
_ ხელისუფლებაში მოსვლა კიდევ უფრო რთული იქნება.
_ არა მგონია, რომ ეს შეუძლებელი იყოს. სირთულეები ექნება, მაგრამ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში.
_ ამის თქმის საბაბს რა გაძლევთ?
_ მან ისე დაიწყო, რომ შეუძლებელია, ხელისუფლებაში არ მოვიდეს. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ჩვენი პარტია ახალგაზრდობაში სარგებლობს დიდი პოპულარობით.
_ თქვენს პარტიას ახალგაზრდები უჭერენ მხარს?
_ ძირითადად ახალგაზრდები გვიჭერენ მხარს.
_ რატომ გიჭერენ მხარს?
_ ისინი ხედავენ, რომ გახარია თუ მოვა ხელისუფლებაში, მათ პერსპექტივა მიეცემათ. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ისინი კარიერას გააგრძელებენ არა ჩაწყობებით და ნაცნობებით, არამედ მათი ნიჭი დაფასდება. ეს დაინახეს ახალგაზრდებმა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი პარტია არის ახალგაზრდების პარტია და ეს ძალიან მახარებს.
_ თქვენი პარტიის, განსაკუთრებით მისი ლიდერის მიმართ ხშირად ისმის მწვავე კრიტიკა. ამაზე პარტია „საქართველოსთვის“, ფაქტობრივად, არ რეაგირებს. რატომ არ რეაგირებთ?
_ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ოპონენტები ვლანძღოთ. ჩვენი პარტიის ლიდერმა თქვა და მეც ვეთანხმები, რომ ჩვენ ერთმანეთის ჭამა და გლეჯა უნდა დავასრულოთ.
ოპონენტების ლანძღვას გვირჩევნია, ვიმუშაოთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ არავის გავლანძღავთ. ძალიან მალე გახარია აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და საქართველოს საქმეც სხვანაირად წავა. მასთან ერთად ხშირად მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრებზე გასვლა. შეხვედრების დროს ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობთ. ეს ადამიანი თითქმის ყველა სფეროში ერკვევა. იცის, თუ რა გაჭირვებაა ქვეყანაში.
ოპონენტების ლანძღვას ბევრად ჯობია, რომ ხალხს შევხვდეთ და მათი პრობლემების შესახებ გავიგოთ. რაც არ უნდა გვლანძღონ, პასუხს არ გავცემთ, მათ შორის, არც ირაკლი კობახიძეს, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ამბიციური ახალგაზრდაა.
_ გარდა იმისა, რომ კობახიძე ამბიციურია, ის აგრესიულიცაა. ლანძღავს ყველას, გამორჩეულად ლანძღავს გიორგი გახარიას. სხვები ყოფილ პრემიერზე ხმას არ იღბენ. კობახიძე თქვენი პარტიის ლიდერზე პერსონალურად მიმაგრებულია და ამიტომ დუმს დანარჩენი, თუ რამე სხვა ხდება?
_ კობახიძის ასეთი აგრესიულობა და ამბიციურობა ჩვეულებრივი ამბავია. იმას, რასაც ახალგაზრდა ავლენს, არის ჩვეულებრივი ადამიანური ბუნება. ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში არსაიდან მოვიდა. ერთი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული და აგური აგურზე არ დაუდევს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არსაიდან მოსული კაცი აგრესიულობით ცდილობს თავის დამკვიდრებას.
_ ოჯახის წევრების გარდა მისი არსებობა არავინ იცოდა, მაგრამ ივანიშვილმა ის ქვეყანაში ლამის მთავარ კაცად დასვა.
_ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ამოჩემებები ახასიათებს. ნახა ეს ირაკლი კობახიძე და თანამდებობას თანამდებობაზე აძლევს. ახლა ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ამ თანამდებობიდან „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გადადგა.
_ „გავრილოვის ღამეზე“ ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას თქვენი პარტიის ლიდერს აკისრებს.
_ ამ ღამეზე თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა, ეს არის ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძე იდგა მიღებაზე გავრილოვის გვერდით ავლაბრის რეზიდენციაში. ირაკლი კობახიძემ ჩასვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი კომუნისტი. ესენი გააკეთა და გაიძახის, „გავრილოვის ღამე“ გახარიას ბრალიაო. სასწაული კაცია ეს ირაკლი კობახიძე. ისეთი სასწაულია, ყველაფერს რომ იკადრებს.
ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას კარგა ხანია, ებრძვის. ჩვენი პარტიის ლიდერს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ეს ირაკლი კობახიძეს აგიჟებდა. მან გიორგი გახარიას ნამდვილი ბრძოლა დაუწყო, თავიდან ამას კულუარულად აკეთებდა. ღიად მასზე ცუდის თქმას ვერ ბედავდა.
_ გახარიამ რატომ არ გასცა კობახიძეს პასუხი?
_ შიდა ბრძოლებს ხომ არ გამართავდა? არაა გიორგი გახარია ის კაცი, რომ კულუარული ბრძოლები გაემართა. მან პატიოსანი ბრძოლა არჩია, დატოვა თანამდებობა, გაერიდა „ოცნების“ ამ შემადგენლობას, შექმნა თავისი პარტია და ცდილობს ჩაანაცვლოს ეს ხელისუფლება. ის აუცილებლად ჩაანაცლებს „ქართულ ოცნებას“.
კობახიძეზე ვსაუბრობთ და როგორ შეიძლება, ამ ადამიანს პოლიტიკოსი ვუწოდოთ? როგორ შეიძლება, ის პარტიის თავმჯდომარე იყოს? ბოლოს ძალიან სამარცხვინო განცხადებები გააკეთა. „ქართულ ოცნებას“ უნდა შერცხვეს, ასეთი თავმჯდომარე რომ ჰყავს.
_ ბოლოს ძალიან ბევრი განცხადება გააკეთა ამ ადამიანმა და თქვენ რომელ მათგანს გულისხმობთ?
_ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე მოაწერა ხელი. კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, ამ დოკუმენტის ანულირება მოვახდინეთო. კობახიძემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ 43%-ზე ნაკლებს თუ აიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ახლა ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ იქნებაო. მისი ეს ტექსტი საქართველოს პრეზიდენტმაც კი დაიწუნა. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც საუბრობს, რომ ასე არ შეიძლება. ირაკლი კობახიძე თავისას აგრძელებს და ამბობს, რომ 2024 წლამდე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
ირაკლი კობახიძეს, ეტყობა, ჰგონია, რომ სულ ეგ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ამიტომ კადრულობს ყველაფერს. არადა, ერთ დღეს შეიძლება ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ გაჩერდება. სააკაშვილსაც ეგონა, რომ რამდენიმე ათეული წელი უნდა ემართა ქვეყანა, მაგრამ 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ძლიერი იყო 2012 წელს, ვიდრე დღვანდელი ხელისუფლება, მაგრამ ის ვაიძულეთ, რომ დათმობებზე წასულიყო. სააკაშვილს დავათმობინეთ ხელისუფლება და ეს კობახიძე ვინაა ასეთი, რომ არ დათმოს? ძალიან კარგადაც დათმობს.
_ ამბობთ, რომ 2012 წელს სააკაშვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაო. მაგრამ მაშინ მას ივანიშვილის სახით ძალიან ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა. ახლა ასეთი ძლიერი ოპოზიცია არ არის.
_ იმას ნუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ივანიშვილი იყო მიხეილ სააკაშვილის ოპოზიცია. ივანიშვილის გვერდით ვიდექით ყველანი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით. წინა ხელისუფლებას ერთობლივად დავათმობინეთ. ასე რომ, „ნაციონალების“ დამარცხება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის.
„ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის დიდი განსხვავება აღარ არის. ის პარტია ავადმყოფებისგან იყო დაკომპლექტებული, რომლებიც კაცებს აუპატიურებდნენ. ესენი გაუპატიურების მეთოდებს აღარ იყენებენ, მაგრამ ათას სხვა უბედურებას აკეთებენ. „ქართული ოცნება“ დამნაშავეებისგან არის დაკომპლექტებული.
„ქართული ოცნება“ არც ადრე ბრწყინავდა, მაგრამ რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მათი საქმე უარესობისკენ შეიცვალა. ივანიშვილიც არ გამოირჩეოდა დიდი პოლიტიკური ნიჭით. სამაგიეროდ, ის გენიალური ბიზნესმენია.
_ ბევრს მის გენიალურ ბიზნესმენობაშიც ეპარება ეჭვი.
_ ამაში ეჭვის შეტანა არ ღირს. ის გენიალური ბიზნესმენი რომ არ ყოფილიყო, მილიარდებს ვერ იშოვიდა. მილიარდის შოვნა ასეთი ადვილი არ არის, სამაგიეროდ, ის არაა პოლიტიკოსი. პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან ბევრი ტყუილი თქვა. ხალხს ეს ტყუილები ყელში ამოუვიდა. თავადაც მოსწყინდა ივანიშვილს პოლიტიკა და წავიდა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა?
_ ოფიციალურად ის პოლიტიკიდან წასულია. მიმდნარე წლის იანვარში მან პარტიის თავმჯდომარის პოსტიც კი დატოვა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა, მაგრამ ოფიციალურად ის პოლიტიკაში არ ჩანს. ეს „ქართულ ოცნებასაც“ დაეტყო. პარტიის თავმჯდომარე დღეს ირაკლი კობახიძეა. სად ივანიშვილი და სად კობახიძე? „ოცნებას“ თუ უნდა, ჰყავდეს კობახიძე, მაგრამ საქართველო ირაკლი კობახიძის სამართავი არ არის.
_ ზემოთ გკითხეთ, მაგრამ საუბარი სხვა თემაზე გავაგრძელეთ, „ოცნების“ სხვა ლიდერები რატომ არ აკრიტიკებენ გიორგი გახარიას? ელოდებიან, რომ ეს ადამიანი მოვა ხელისუფლებაში და უკან დასახევ გზას იტოვებენ?
_ ირაკლი კობახიძე იმდენს ილანძღება, რომ სხვები ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებენ. მე არ მიკვირს „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი გიორგი გახარიაზე ხმას რომ არ იღებს. ჩვენი პოლიტიკური ველი ხომ მედროვეებით არის სავსე. ეს ადამიანები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და იქითკენ გადაიხრებიან, სადაც გამარჯვებული იქნება.
ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი მიჩვეულია ერთი ნავიდან მეორე ნავში გადახტომას. ეს საქმე კარგად გამოსდით და ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ყველა ხელისუფლების გვერდით ახერხებენ საერთო ენის გამონახვას.
_ გახარია ხელისუფლებაში თუ მოვა, ეს ხალხი მასთანაც გამონახავს საერთო ენას.
_ ამის მცდელობა ნამდვილად ექნებათ, ესენი ხომ მედროვეები არიან. ასეთი ხალხის მე არ მჯერა. ისინი არც ქვეყანას მოუტანენ სიკეთეს და არც ჩვენს პარტიას.
_ მე არ მჯერა ასეთი ხალხისო და იქნებ, გახარიას სჯერა?
_ არც მას სჯერა მედროვეების. „ქართულ ოცნებაში“ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს. თუ დაინახავენ, რომ სიტუაცია გახარიას სასარგებლოდ შიცვალა, ყველანი მასთან გამოიქცევიან. „ოცნებიდან“ ისედაც ბევრი გადმოვიდა ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ირაკლი კობახიძისთვის თავს არავინ გაწირავს. საბედნიეროდ, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ კიდევ არიან პატიოსანი ადამიანები. დანარჩენს არჩევნები გვაჩვენებს, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება.
_ თქვენმა პარტიამ საარჩევნოდ მზადება ძალიან ადრე დაიწყო. ლამის მთელი საქართველო გაქვთ შემოვლილი. დანარჩენი პარტიები ჯერ არ ჩქარობენ საარჩევნო მარათონში ჩაბმას.
_ ჩვენ მართლაც ყველაზე ადრე დავიწყეთ საარჩევნო კამპანია. ძალიან სერიოზულად ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას. ხალხი ჩვენ მიმართ ღიად გამოხატავს მხარდაჭერას. ღიად გვიჭერენ მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდამჭერების დევნა მიდის.
ცოტა ხნის წინ ორი პოლიციელი მხოლოდ იმიტომ გააგდეს სამსახურიდან, რომ თქვეს, გახარია მოგვწონსო. მერე ჩიოდნენ, ეს რამ გვათქმევინა ხმამაღლაო. პოლიცია და შსს „ნაციონალების მომხრეებით“ არის სავსე. ისინი ღიად გამოხატავენ სიმპათიებს წინა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათ ხელს არავინ კიდებს. ამ ორმა პოლიციელმა თქვა, გახარია კარგია კაციაო და გაუშვეს სამსახურიდან. ამ ფაქტიდანაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“.
„ქართული ოცნება“ დღეს ისეთ რაღაცებს კადრულობს, რაც, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილსაც არ უკადრებია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე „ქართულ ოცნებაზე“ ასეთი ტონით დავიწყებდი ლაპარაკს. მაგრამ ირაკლი კობახიძის შემხედვარემ როგორ არ ვილაპარაკო? საერთოდ, საიდან მოვიდა ეს ადამიანი? რანაირად დასვა ბიძინა ივანიშვილმა ეს აგრესიული კაცი პარტიის ლიდერად? როგორც ამბობენ, ივანიშვილს ასეთი ამოჩემებები ახასიათებს. ამოიჩემებს თურმე ადამიანებს და ყველაფერს მათ ანდობს. ახლა კობახიძე და ეკა ტიკარაძე ჰყავს ამოჩემებული. ამ უკანასკნელს ჯანდაცვის სამინისტრო ჩააბარა. როგორ შიძლება, კბილის ტექნიკოსი ჯანდაცვის უწყებას მართავდეს? მე კბილის „ტეხნიკებს“ კი არ ვაყენებ შურაცხყოფას, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მართვას სხვა უნარები სჭირდება. ეს უნარები ამ ქალს არ გააჩნია. ჯანდაცვის სისტემა ჩამოქცეულია. ეს რეალობა უნდა შეიცვალოს და ასეც იქნება.
შორენა მარსაგიშვილი