რა ბიზნესი აქვს მამა-შვილ წილოსანს კახეთში?
2015 წელს, მაშინდელი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, თელავის შემოსასვლელში, ცენტრალური გზის აღმოსავლეთი მხარე, სარეკრეაციო ზონად დარეგისტრირდა და სკვერის მოწყობისთვის, დაახლოებით, 50 000 ლარი დაიხარჯა. თუმცა ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა მოწყობილიყო, რეაბილიტაციის შემდეგ, სკვერისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას საერთოდ არ შეიცავდა.
სკვერს არ ჰქონდა არც სკამი, არც წყალი, არც სველი წერტილები… სკვერს არ ჰქონდა გამწვანება და ნაგვის ურნა… უბრალოდ, სადღაც ფურცელზე ეწერა, რომ იყო სკვერი… და მაყვლის ბუჩქებითა და ბარდებით აშლილი…
ტერიტორია ჯაგებმა მოიცვა. ე. წ. სკვერში არ იყო ადგილამდე მიყვანილი მინიმალური კომუნიკაციებიც კი. საფრთხე იმისა, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ორი ჰექტარი ტერიტორია გაიყიდოს, რეალურია.
გასული წლის ზაფხულის ბოლოს ერთმა ადგილობრივმა თელაველმა კეთილი ნებით გადაწყვიტა, მოუვლელ ტერიტორიაზე პალმების ხეივანი გაეკეთებინა. შეიძინა პალმის ნერგები და დარგა… თუმცა პალმების ხეივნის მოუვლელობამ ხეები გაახმო და დღეს მხოლოდ თითო ოროლა ჩანს…
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ საქართველოში რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა, ამ კუთხით თანხების მობილიზება. მაია ბითაძემ მაგალითად მოიყვანა თელავი, სადაც პალმებს რგავენ, რაც მიუღებელია.
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ბითაძემ განაცხადა, _ სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი დიდად არ იცვლება:
„უნდა გამოვთქვა უკმაყოფილება იმ კუთხით, რომ როგორც პროგრამულ დაფინანსებებში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, განსაზღვრული არ არის ზრდა გარემოსდაცვითი მიმართულებით. თუმცა იმედი მაქვს, რომ იმ მიმართულებით, რასაც რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონული განვითარების ფონდში თანხების აკუმულირება ჰქვია, გათვალისწინებული იქნება თანხები რეგიონებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი საქართველოს მასშტაბით.
თელავში მაგალითად პალმებს რგავენ, რაც დაუშვებელია. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ რეგიონებში რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და იმედი მაქვს, რომ თანხები ამ კუთხითაც დაიხარჯება“, _ განაცხადა დეპუტატმა.
ვინ დარგო პალმები თელავში?
„საერთოდ ბუნებაში ასეთი კანონია. როცა ვიღაც არ ასრულებს თავის ფუნქციას, ითავსებს სხვა. როდესაც ამას აკეთებს დილეტანტი, რა თქმა უნდა, კარგად არ გამოსდის.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითმმართველობა არ გვაქვს, არ არსებობს მუნციპალიტეტი და ის მხოლოდ არსებობს ქაღალდზე, ამიტომ ადამიანები ითავსებენ თვითმმართველობის ფუნქციას. აი, ეს მოხდა თელავში. თუ თქვენ მე მკითხავთ, რომ უხდება თუ არა კახეთს პალმები, ჩემი აზრი იქნება ამაზე, რა თქმა უნდა, _ არა! მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის კეთილი ნება და ცუდს ვერაფერს ვხედავ ხეების დარგვაში, ხეების დაგლეჯას, თრევასა და გადარგვას სჯობია, ისევ იყოს პალმების ხეივანი. რაც შეეხება სკვერების მოწყობას, 2012 წლის მერე „ქართული ოცნება“ გვპირდება ახალი ბაღის რეაბილიტაციას, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში. როდესაც ქალაქის ცენტრში ვერ მოუწესრიგებიათ ინფრასტრუქტურა, იმ პარტიას როგორ უნდა მოვთხოვო ქალაქის პერიფერიაში, სადაც პალმების ეს გამხმარი ხეივანი მდებარეობს, იმ პარკის მოწყობა?“ _ ასე აფასებს ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი პალმების ხეივნის გაშენებას.
სკვერი, რომელზეც ბითაძემ ისაუბრა, ცენტრალური გზის პირას არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბითაძისთვის ეს მარტივი დასანახია. მაგრამ რას ვერ ხედავს ბითაძე, ამაზე პასუხი ნიკოლოზ ვარდოშვილს ასეთი აქვს:
„პარლამენტარს მინდა ვუთხრა, თელავის იქითაც საქართველოა! თუ ის გზას გაუდგება ყვარლის მიმართულებით, იქაც დაინახავს ცენტრალური გზიდან, დასავლეთით, კუდიგორის თავმოკვეთილ მთას. ქალბატონო პარლამენტარო, კაკო ყაჩაღის არ შეგეშინდეთ, აქ ტყე კი არა, მთაც კი გადაჭრეს. მოკლედ ყვარელში კუდიგორის მთას თავი მოკვეთეს. დაჭრეს ასწლოვანი, წითელ ნუსხაში შეტანილი ხეები, მათ შორის, ქართული ცნობილი ჭალის მუხები. რაც ამ მთის გადაჭრის შედეგად სრულად განადგურდა, რაც წაიღეს ხომ წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს ამბობენ. ამ მთის ფერდობებზე ყრია!
ქალბატონო მაია, ერთი წლის წინ დარგული და ახლა უკვე გამხმარი იმ პალმების ბედით კი ინტერესდებით, მაგრამ ამხელა ეკოლოგიურ ზარალს და კატასტროფას, რაც იმ მთის გადაჭრას მოჰყვა, რატომ არ კითხულობთ? მანდ გყავთ ფულით გაუმაძღარი წილოსანი და ჰკითხეთ: მისი ოჯახის წევრები რას ფიქრობენ მთების მოკვეთაზე და ჭალის მუხების გაქრობაზე? თუ კითხვის დასმა მასთან მოგერიდებათ, მე მოგიყვებით, თუ როგორ ააოხრეს და ძირი გამოუთხარეს ყვარლის მთებს, მამა-შვილმა წილოსანმა. ახლა კი იმ თხრილში სასტუმროს ანუ გველების ბუდეს აშენებენ. იქნებ, როგორმე გაძღეს მათი მუცელი. ბოლოს და ბოლოს, დაანებონ ქვეყნის ძირის გამოთხრას თავი როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
ნუთუ თქვენს ხელისუფლებას კაკო ყაჩაღის ავტორის, ილია ჭავჭავაძის მაინც არ რცხვენია? ილია ჭავჭავაძე რომ გაცოცხლდეს, ალბათ ყვარელს ვერც კი იცნობს, სადღაა კუდიგორის მთა? კაკო ყაჩაღის ავტორი შეიძლება ადგეს და უკან წავიდეს და დაგვიტოვოს ბოლო სიტყვა, შემეშალა სხვა საქართველოს ვეძებდიო“.
მაკა მოსიაშვილი