მოძალადე სისტემა „ქართული ოცნების“ წევრს ფსიქოლოგიურად ატერორებს
როცა ამ ინტერვიუს ვწერდი მეგონა, რომ კინორეჟისორი ვიყავი… ადამიანი, რომელიც მრავალი წელი ემსახურებოდა ორ სოფელს… ასევე ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ, არის დედა, მეუღლე და ლიდერი ქალი… პრაქტიკულად, ბოლო ორი წელია, იგი დადის და იგერიებს მასზე შეტევას _ ვისგან? როგორც მისი ინტერვიუდან გაიგებთ, არც მეტი-არც ნაკლები, ხელისუფლებისგან, პოლიციისგან, სუსისგან… ყოფილი მხედრიონელებისგან…
ნანა ტაველიშვილის ინტერვიუ „ქრონიკა+“-სში:
_ პირველ რიგში, ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. რამდენიმე წელიწადი ვიყავი ჯერ ბადიაურის, ხოლო 2018 წლიდან სოფელ ყანდაურის მერის წარმომადგენელი.
ალბათ გახსოვთ ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობა. ეს ჩემი მამიდის ოჯახია. ამ ტრაგედიის დროს დილით მივდიოდი სამსახურში. დაახლოებით ცხრის ნახევარზე დავინახე სასწრაფოსა და პოლიციის მანქანები. შევშფოთდი და მათ უკან გავყევი. ადგილზე მისვლის დროს გავიგე, რომ ტრდაგედია მოხდა: მამიდაჩემი იყო დაჭრილი, ჩემი მამიდაშვილი, მისი მეუღლე და ორი მეზობელი კი _ მოკლული. პოლიციას დაცული ჰქონდა ტერიტორია და არავის უშვებდა შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ვერც სასწრაფო შედიოდა იქ, რადგან განმარტეს, რომ ისროდნენ და ეზოში შესვლაც კი საშიში იყო. ერთ-ერთმა მეზობელმა, ნიკოლოზ გამყრელიძის მეუღლემ, თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შემიყვანა, სადაც იწვა ჩემი მამიდაშვილის შვილი, ომარ გამყრელიძე. როგორც იქ გავარკვიე, მანამდე მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება.
ოჯახის უფროსი 85 წლის ომარ გამყრელიძე უკვე დაკავებული ჰყავდათ, ხოლო მისი მეუღლე, ელზა გამყრელიძე, საგარეჯოს საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მალევე საგარეჯოდან დარეკეს, რომ დაჭრილი ელზა გამყრელიძის პირადობა სჭირდებოდათ, ამიტომ მივმართე სამართალდამცველებს, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, გამომეტანა მისი პირადობის მოწმობა… თუმცა არ შემიშვეს, განმიმარტეს, რომ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ჩაინიშნეს ჩემი ნომერი და ამიხსნეს, რომ როცა დაასრულებდნენ საქმეს, დამიკავშირდებოდნენ.
ამის მერე გამოვედი ტერიტორიიდან და ტრაგედიის ადგილზე, სახლის მიმდებარე ტერიტორიასთან ვიმყოფებოდი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, სადაც იყვნენ ყანდაურის დეპუტატი, სოფელ ბადიაურის წარმომადგენელი და სხვები.
დაახლოებით პირველი საათისთვის სახლში დავბრუნდი, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. მივიღე მედიკამენტები და სამსახურში წავედი. ჩემი სამსახურის გვერდით არის ამბულატორიაც, სადაც იყო ექიმი და ჩემი თანაშემწე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ წნევა მქონდა. ამ დროს მირეკავს გამომძიებელი, _ ნახევარ საათში დაგვჭირდები და შემთხვევის ადგილზე მოდიო. როდესაც მივედი, გვამები უკვე გადაეტანათ. იქ მყოფმა გამომძიებელმა აივანზე ამიყვანა და ხელი მომაწერინა ადგილიდან ამოღებული საბრძოლო მასალების ამოღების ოქმზე. ეს იარაღი საიდან ამოიღეს, _ სახლიდან თუ ეზოში მყოფი მანქანიდან, _ არ ვიცი, არ შევსწრებივარ, მე მხოლოდ მისი დალუქვის პროცედურას შევესწარი და იმ ოქმს მოვაწერე ხელი.
ამის შემდეგ სახლში ვბრუნდები. ერთ საათში კვლავ მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება, რომ კიდევ ახალი მტკიცებულებები ნახეს და იმასაც ხელი უნდა მოაწეროთო. შემთხვევის ადგილზე აღარ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ სოფლის ცენტრში და იქ მოვაწერე ხელი მოსახლეობის თანდასწრებით, თუმცა არ ვიცი, რა იყო პაკეტში, არც განუმარტავთ _ მხოლოდ ის თქვეს, რომ დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები.
13 მაისს დღის მეორე ნახევარში დამირეკა კახეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელმა ლევან ქინქლაძემ და თელავში დამიბარა. დაახლოებით 6 საათისთვის უკვე ადგილზე ვიყავი. როცა მის ოთახში შევედი, იქ დამხვდა რამდენიმე მამაკაცი. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
დაიწყეს ჩემ მიმართ პრეტენზიების გამოხატვა, რადგან მე 9 მაისს სასამართლოზე მყოფმა ვნახე, როგორი ნაცემი შემოიყვანეს ჩემი მამიდაშვილის შვილი, ომარ გამყრელიძე აღმკვეთ ღონისძიებაზე და ხმამაღლა გამოვხატე პრეტენზია, _ როგორი „მაგარი“ პოლიცია გვყოლია, ნაცემი და დალურჯებებით მოიყვანეს ახალგაზრდა კაცი-მეთქი.
მეუბნებოდნენ, რომ შეურაცხყოფა მივაყენე პოლიციას, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. ვარ გამყიდველი და ოპოზიციონერი და საინტერესო იყო, ვისი რეკომენდაციით დავინიშნე სამსახურში, რომ ხელს ვუშლიდი გამოძიებას და როგორ გავბედე სასამართლოში განცხადების ფრიალი?! მოკლედ, მაიძულებდნენ, რომ ხელი მომეწერა ჩვენებისთვის ისე, რომ არ იყო საჭირო წაკითხვა. როდესაც მე უარი ვთქვი წაუკითხავად ხელის მოწერაზე, წამაკითხეს, სადაც ეწერა, რომ მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ ვესწრებოდი მანქანიდან იარაღისა და საბრძოლო ნივთების ამოღების პროცესს, რაზედაც მე არ დავეთანხმე. აქედან დაიწყო ჩემზე სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება, დაცინვა და მუქარა. ჩემი პასუხი კი იყო, რომ სამსახურით არ იწყება და არ სრულდება ჩვენი ადამიანობა და არ ვარ დამოკიდებული სამსახურზე, ამიტომ ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, რაც არ მინახავს-მეთქი.
ამ საუბრის მერე სხვა ოთახში გადამიყვანეს და ახლა იქ გააგრძელებს მუქარა. მეუბნებოდნენ, რომ დამიჭერდნენ, ხელბორკილებს დამადებდნენ და ჩამომატარებდნენ ყანდაურის ქუჩებში, ხოლო კაცი რომ ვიყო, ცხრაჯერ მცემდნენ და ჩამაგდებდნენ იზოლატორში.
აქედან არ გამიშვებდნენ და მთელი ღამე აქ მაყურყუტებდნენ. დროდადრო შემოდიოდა ვინმე გიორგი ხიდაშელი და კითხულობდა, მოვაწერე თუ არა ხელი ჩვენებას? მე მას ვუთხარი, რომ მისი თანამშრომლები ახორციელებდნენ ჩემზე ზეწოლას, რაზედაც მან მიპასუხა, რომ პირიქით, მე ვახორციელებდი მათზე ზეწოლას. რატომღაც, მეუბნებოდნენ, რომ შენ ნახე, რას გიზამთ, ამოგიყრით საბუთებს და მაინც ციხეში გაგიშვებთო! მოვითხოვე ადვოკატი, მათ კი დამცინეს და უარი მითხრეს.
მოვითხოვე ასევე განმარტება, თუ რა სტატუსით დამაკავეს და არ მიშვებდნენ, რაზედაც განმიცხადეს, რომ ვიკითხებოდი, როგორც მოწმე და სანამ ჩვენებას ხელს არ მოვაწერდი, არ გამიშვებდნენ სახლში. განმიმარტეს, რომ მათ უფლება აქვთ, დამკითხონ ოთხი საათი, მერე ნახევარი საათი შემასვენონ, აივანზე გამასეირნონ და ისევ გააგრძელონ ოთხსაათაინი დაკითხვა…
მოგვიანებით გამომიშვეს… ეს ყველაფერი მივწერე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და პოლიციელებისგან ჩემი დაცვა ვითხოვე.
_ სამსახურში ხომ არ შეგქმნიათ პრობლემები?
_ რა თქმა უნდა, შემექმნა. მეორე დღეს მირეკავს საგარეჯოს მერის მოადგილე. ლექსო ბილაშვილმა მითხრა, თუ რატომ ვაცხადებდი უარს ხელის მოწერაზე? რაზედაც მას ავუხსენი, რომ იგი გაფრთხილებული მყავდა, როცა დავტოვე ტერიტორია, შესაბამისად, არ ვიყავი პასუხისმგებელი იმ ფაქტზე ხელის მოსაწერად, რაც არ მინახავს.
მეორე დღეს დამიკავშირდა საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი და შეხვედრა დამინიშნა სოფელ პატარძეულში. როცა მივედი, დავურეკე წარმომადგენელს, თუმცა მან არ იცოდა, სად იყო მერი. ამ დროს მირეკავს გიორგი და მეუბნება, რომ ახლა იყო ნინოწმინდის ჭაბურღილებზე… და მირჩია, გამოვბრუნებულიყავი საგარეჯოსკენ, სადაც მისი მძღოლი შემხვდებოდა ტრასის პირზე და იგი ამიყვანდა ჭაბურღილებზე. რამდენიმე ხანში მისმა მძღოლმა ნინოწმინდის ჭაბურღილებზე მიმიყვანა, სადაც მერთან ერთად იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები. ერბოწონაშვილმა მითხრა, რომ უნდა მომეწერა ხელი ჩვენებაზე: _ ხომ იცი, როგორი ახლობლები ვართ მე და პოლიციის უფროსიო. მე ვუთხარი, რომ ამ უდანაშაულო ბავშვებს ჩემი მოწმეობით როგორ დავაჭერინებ (ვიგულისხმე ომარ გამყრელიძე), როცა მე არც მოწმე ვარ და დათვალიერებასაც არ დავსწრებივარ-მეთქი. ვერ შევთანხმდით და ასე დავშორდით ერთმანეთს. უკან დაბრუნებული ვხვდებოდი, რომ პოლიცია და სხვადასხვა უწყების ავტომბილები დამდევდა. ვცდილლობდი, მათთვის გზა ამებნია. როგორც იქნა, დავუსხლტი მათ და წამოვედი თბილისში, სადაც შევხვდი ჩემს ახლობელს, რომელიც ყოფილი მოსამართლეა. მან მითხრა, რომ თავს არ დამანებებდნენ, ამიტომ სჯობდა, განცხადებით მიმემართა გენინსპექციისთვის და სახალხო დამცველისთვის. ასეც მოვიქეცი. სამწუხაროდ, განცხადებაში არ დავწერე ერბოწონაშვილითან ჩემი შეხვედრისა და საუბრის შესახებ. მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე ორივე უწყებას.
ვფიქრობ, რადგან ამ განცხადებებში მერი და სხვა თანამდებობის პირები არ ვახსენე, შსს-ს თანამშრომლებმა გამოდის, რომ თავი დამანებეს. სამაგიეროდ, საგარეჯოს მერმა ერბოწონაშვილმა დაიწყო ჩემზე ზეწოლა. ჩვენი მუშაობა იცით, როგორ ვითარდებოდა? _ მირეკავდა, მიყვიროდა. პრაქტიკულად, ის დღემდე აგრძელებს ჩემზე ზეწოლას.
_ უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი?
_ გასულ წელს სოფელ ყანდაურას წყლის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. მოსახლეობა აპროტესტებდა. მერის პასუხი კი იყო, _ ცისტერნას ვატარებ და წყალს მაგ ფორმით მიიღებთო. ერთ-ერთი უბნის (გადასახედელი) მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ბადიაურის გამგებელმა ჩაგვიჭრა წყალიო. ხალხი ამაზე ძალიან ჩხუბობდა, გამწარებული მოსახლეობა წავიდა და თვითნებურად ჩაჭრა წყალსადენი. ამ საკითხზე მერმა დამიბარა სოფელ ბადიაურში. იქ მისულმა ვნახე, რომ მარტო მე ვარ და დანარჩენი კი არიან ბადიაურელი მამაკაცები. დამიწყეს ჩხუბი, ყვირილი, გინება. ერთ-ერთი, ვინც იქ დამახვედრეს, არის თბილისიდან ჩამოყვანილი ვიღაც ყოფილი მხედრიონელი, ვინმე მეტსახელად „რემბო“. სწორედ მან დამაბრალა, რომ ვითომ მე გადავუკეტე მეზობელ სოფელს წყალი და ჩავჭერი თვითნებურად მილები. შეურაცხყოფილმა დავტოვე შეხვედრის ადგილი…
მეორე დღეს დამიბარეს საგარეჯოს მერიაში თათბრიზე. ერბოწონაშვილმა განაცხადა: რა კარგი ბიჭია კახა ჩალათაშვილი (ბადიაურის წარმომადგენელს გულისხმობდა), აგერ, ყანდაურელებს წყალი მისცაო… რაზედაც უკვე გავბრაზდი და ძალიან ვიკამათეთ. ვუთხარი, _ თქვენ ხალხს ატყუებთ და თან მაფრთხილებთ, რომ ყანდაურის წაგება არჩევნებზე ჩემი ბრალი იქნებაო… ამ ჩხუბის მერე ვიფიქრე, რომ შეუძლებელი იყო მასთან მუშაობა, დავწერე განცხადება და გადასახედად გადავუგზავნე ჩემს ახლობელ იურისტს, რის მერეც მირეკავს უშიშროება და მეუბნება, რომ თავი უნდა შევიკავო და ახლა სამსახურიდან წასვლის დრო არ არის. მაშინ მივხვდი, რომ უშიშროება ტელეფონზე აქტიურად მისმენდა. ე. ი. მაშინ ჩემი სურვილის წინააღმდეგ დამტოვეს. დავეხმარე არჩევნებშიც, თუმცა დამტოვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო და ხალხი ამხედრებულიყო ჩემ წინააღმდეგ.
_ არჩევნების დასრულების შემდეგ თქვენი ნებით დატოვეთ სამსახური?
_ არჩევნების დასრულების შემდეგ გავჯიუტდი და ვთქვი, რომ აღარ წავიდოდი სამსახურიდან. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ვადის ამოწურვამდე ვიქნებოდით წარმომადგენლები. ჩემს განთავისუფლებამდე იანვარში მერიაში დაიბარეს მერის ყველა წარმომადგენელი და თანაშემწე, დააწერინეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამ დროს მე და ჩემი თანაშემწე არ ვიყავით ასული მერიაში, რადგან ჩვენი უბნის ოჯახის ექიმს კოვიდი დაუდასტურდა და ჩვენც, როგორც კონტაქტში მყოფი ადამიანები, იზოლაციაში ვიმყოფებოდით ორი კვირით. მირეკავს ადმინისტრაციის უფროსი და მეუბნება: სასწრაფოდ დაწერეთ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რიცხვიც მიუთითეთ აუცილებლად და ამოიტანეთ, გიორგი ერბოწონაშვილის დავალებით გირეკავთ. მხოლოდ შენი და შენი მოადგილის განცხადებები გვაკლიაო. მე ვუთხარი, რომ არ მქონდა გარეთ გასვლის უფლება. _ დაწერეთ და გადმოაგზავნეთო. ასევე ურეკავდნენ ჩემს თანაშემწეს და ითხოვდნენ სასწრაფოდ განცხადების ატანას. არ გავგზავნე განცხადება. მეორე დილას ისევ მირეკავს ადმინისტრაციის უფროსი და მეუბნება, _ მხოლოდ თქვენი განცხადება გვაკლიაო. მე უარი ვუთხარი განცხადების დაწერაზე და მივუთითე, რომ თვითონ გავეთავისუფლებინეთ. მართალია, არავინ გაათავისუფლეს, მაგრამ დაიწყო დეპუტატის ბიუროში მათი დაბარებები და გასაუბრებები, სადაც მე არავინ დამიბარა, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ შეხვედრაზე ჩემი შემცვლელი ჰყავდათ დაბარებული. ეს ადამიანი უკვე იღებდა მილოცვებს და ამბობდა, რომ მერის წარმომადგენელი იყო. მათ 2 თვე დასჭირდათ, რათა გაფრთხილება ჩაებარებინათ ჩემი ერთი თვის ვადაში ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ასე რომ, მარტში გამომიძახეს მერიაში და ჩამაბარეს განთავისუფლების განცხადება. მომცეს ზემოდან ერთი თვის ხელფასი. სამწუხაროდ, არ გამისაჩივრებია, რადგან ამათთან მუშაობას აზრი არც ჰქონდა.
_ ყანდაურის საქმე ხომ არ გახდა საბოლოოდ თქვენთვის „დამოკლეს მახვილი“?
_ 9 ივნისს ყანდაურაში ჩატარდა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი. მოგეხსენებათ, ის მოხუცი ბიძაჩემი გარდაიცვალა, რომელიც, როგორც იცით, სასამართლოდან გაათავისუფლეს. თუმცა სასამართლო პროცესზე ომიკოს (შვილიშვილი _ ომარ გამყრელიძე) პროკურატურა სთხოვდა, რომ საპროცესო გარიგებას დათანხმებოდა, რაზედაც პროკურატურამ უარი მიიღო. საბედნიეროდ, სასამართლომ ომიკოზე საქმე შეწყვიტა და მოსამართლემ იგი დარბაზიდან გამამართლებელი სტატუსით გაათავისუფლა.
ამაზე განრისხებული პროკურორი დაიმუქრა: ნანა ტაველიშვილს დავიჭერთ, ციხეში გავუშვებთ, სახელს შევუბღალავთ და ა. შ. იქ იყო ჩემი შვილი და ისმენდა პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის მუქარებს ჩემი მისამართით.
ამის მერე იწყება უკვე ახალი ტალღა ჩემ წინააღმდეგ,
_ კერძოდ?
_ 10 ივნისს მირეკავს უშიშროების წარმომადგენელი და მეუბნება, რომ პროკურორის დავალებით მეხმიანება: „თქვენ უნდა შემოიტანოთ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ბადიაურის წყალთან დაკავშირებით. თქვენი ექვსი წლის წინანდელი ჩაბარებული ობიექტი არის ხარვეზით შესრულებული“.
იცით, რომელ ობიექტზე საუბრობს? 6 წლის წინ რომ იყო. არადა, ის ხარვეზი მაშინვე რეაგირდა და გასწორდა. კონკრეტულად კი წყალგაყვანილობის მილს მიწაში ამონტაჟებდნენ ხარვეზით, რაზედაც მეც და მაშინდელ გამგეობის წარმომადგენლებს, ანუ კომისიის წევრებს, ვისაც უნდა ჩაებარებინათ, რეგირება გვქონდა. მაშინ ის მშენებელიც დააკავეს და საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა. ახლა მე ვკითხულობ: უშიშროებას ვინ ეკითხება, ამაზე რომ მაწუხებს?
ისევ მირეკავს იგივე პიროვნება და მეუბნება, _ ეტყობა, ვერ გაიგეთ, რა გითხარით, ახლავე წამოდით თქვენც და კიდევ მერიის ორი თანამშრომელი… და მაძლევს თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მისამართს. გადავწყვიტე, დამერეკა საგარეჯოს მოქმედი მერისთვის. ვურეკავდი ერბოწონაშვილს, რომ მინდოდა მისი საქმის კურსში ჩაყენება. უკვე მივხვდი, რომ რადგან წინა დღეს პროკურორი თელავის სასამართლოს ეზოში მემუქრებოდა, ამით მიხდიდნენ სამაგიეროს.
ჩავედით თბილისში ვაჟაზე, უშიშროების შენობის წინ მე და ის ორი პიროვნება, ვინც ჩემთან ერთად დაიბარეს. ერთ-ერთმა მათგანმა დაურეკა გიორგი ერბოწონაშვილს და ესაუბრა. ამის მერე მირეკავს ერბოწონაშვილი, მე მასთან ვიკამათე და გავახსენე, როგორ ახდენდა ჩემზე ზეწოლას იმის გამო, რომ ხელი არ მოვაწერე ყანდაურაში ჩატარებულ ე. წ. ჩხრეკას და ახალგაზრდა მამაკაცის დაპატიმრების საბაბი არ მივეცი, რაზედაც იცით, რა მიპასუხა? რომ მასზე სხვები ახდენდნენ ზეწოლას.
შევედით უშიშროების შენობაში, შემოვიდა სამი კაცი, დაგვიწყო შეშინება: თქვენ დამნაშავეები ხართ, დაფარეთ დანაშაული და ამით სახელმწიფომ ზარალი მიიღო. სამივემ 3000-3000 ლარი უნდა შეიტანოთ ბიუჯეტში, თუ არადა, დაგადებთ ხელბორკილებს და ჩაგიყვანთ სარდაფშიო. ახლა წადით და იფიქრეთ. ვიცით, რა ქონებაც გაქვთო და ა. შ. ჩემ გარდა ის ორი, ვინც ჩემთან ერთად იყო, დასთანხმდა. ვუთხარი, _ მე რატომ დამიბარეთ, ფარულ სამუშაოებს არ ვამოწმებდი, ფარულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აწარმოებს მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები. რაც შეეხება ჩაბარებას, იქ კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი და მე რა შუაში ვიყავი, ექვსი წლის წინანდელ საქმეს ახლა რომ დაობთ, მაშინვე რეაგირება რატომ არ იყო ჩემზე, როცა მშენებელი 6 წლის წინ დააკავეთ და ის ასრულებდა სამუშაოებს-მეთქი? ვკითხე, _ იმიტომ ხომ არ დამიბარეთ აქ, რომ გუშინ პროკურორმა დაიმუქრა, როგორ უნდა გამამწაროს და იმას ასრულებთ-მეთქი? ამ სიტყვებზე იქით დამიწყეს წივილი-კივილი, _ ეს საქმე იმ საქმესთან რა შუაშიაო?.. როგორც გითხარით, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, იმათ უთხრეს, რომ გადავიხდით თანხასო… თუმცა მე ეს თანხმობაც გათამაშების ნაწილი მგონია.
არ მაქვს არც ფული, არც დანაზოგი და არც ვარ ვალდებული, თუ ვინმემ დააშავა, მე ვაგო მის მაგივრად პასუხი.
აი, უკვე ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემი ტელეფონი გაფუჭებული მქონდა და გამორთული იყო. იგივე უშიშროების წარმომადგენელი ახლა ჩემი მეუღლის ტელეფონზე მირეკავს და მეუბნება, რომ უშიშროებამ ჩემი საქმე გადასცა პროკურორს. ახალი შემოთავაზება აქვთ, რომ 1 წლის მანძილზე ვიქნები ბრალდებული და 1 წლის მერე ბრალეულობა მომეხსნება.
ვესაუბრე 6 წლის წინ ვინც იყო საგარეჯოს გამგებელი გზირიშვილი და ვკითხე, _ თუ იცით ამის შესახებ რამე-მეთქი? რაზედაც მიპასუხა, რომ არაფერი იცოდა. თუ მე დამნაშავე ვიყავი, ამდენი წელი რას უყურებდნენ?!
იცით, რა მინდა ვთქვა? მე ვარ სისტემის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. რა უნდათ, ვერ ვიგებ?! ახლა მხოლოდ შეტევა შეტევაზეა! ანუ რა დავაშავე _ რომ ხელი არ მოვაწერე ყანდაურის საქმის იმ ჩვენებას, რომელიც მე არ მინახავს? სახალხო დამცველს წინა წელსაც მივწერე და ახლა კი მინდა, საჯაროდ ვთქვა:
მეც და ჩემი ოჯახიც დაგვიცავით პოლიციის, პროკურატურისა და უშიშროების მუქარებისა და იძულებისგან!
P. შ. შემდეგ ნომერში აუცილებლად გავაგრძელებთ თემას, თუ როგორ დავიცვათ ადამიანები და რა უნდათ ქალბატონი ნანასგან?!
მაკა მოსიაშვილი