ვან ბაიბურთი: „რუსეთს ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხალხის აბუნტება გაუჭირდება“

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც მოხვდა. ამ ანგარიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ უნდა გაგვიჭირდეს იმის მიხვედრა, რა მიმართულებით გაამწვავებს მოსკოვი სიტუაციას. ლავროვის უწყების ნაცოდვილარ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეთნიკური სომხები „სამცხე-ჯავახეთისთვის ავტონომიის საკითხს დიდი ხანია, აყენებენ“, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური აზერბაიჯანელები „ადგილობრივ მთავრობებში, სადაც ძირითადი პოსტები ქართველებს უკავიათ, უფრო ფართო წარმომადგენლობას ითხოვენ“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში „ძალიან დაბალ დონეზე რჩება“, რის შედეგადაც „ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები მეტი დამოუკიდებლობის სურვილს გამოთქვამენ“. ანგარიში ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოში „მცირე ეთნიკური ჯგუფების იზოლაციასა და საქართველოს უმრავლესობისგან მათ განცალკევებას“ განიხილავს.

ლავროვის უწყება იმასაც გვამცნობს, რომ ეთნიკური უმცირესობების „მთავარი პრობლემა“ ქართული ენის არცოდნაა, ხოლო ხელისუფლების ზომები ამ კუთხით „არასაკმარისადაა“ შეფასებული. დოკუმენტში ყოველგვარი მტკიცებულების ან მაგალითის გარეშე ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წინააღმდეგ ვანდალიზმის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა:

„საერთაშორისო მონიტორინგის სტრუქტურებზე“ დაყრდნობით, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებზე ფიზიკურ თავდასხმებს, ასევე ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ განცხადებებს“, _ ვკითხულობთ დოკუმენტში.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას პროვოკაციულად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ვან ბაიბურთი. მისი თქმით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობები მშვენივრად გრძნობენ თავს.

უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე გართულებებს ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ამის შესახებ ვან ბაიბურთი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო ვან, 8 ივლისს გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ლავროვის უწყებას თუ დავუჯერებთ, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებები ირღვევა. მაგალითად სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი ჰყავთ მოყვანილი. კარგა ხანია, რუსებს ეს რეგიონები არ უხსენებიათ. რა ხდება, რამეს ხომ არ აპირებენ ამ მიმართულებით?

_ მარტო ამ რეგიონების მიმართ კი არა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ არ გაეკეთებინა განცხადებები, დარწმუნებული ვარ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხმას არ ამოიღებდა.

_ ამერიკის ბრალია, რუსეთმა საქართველოსთვის რომ „მოიცალა“?

_ ამერიკის ბრალი არაფერი არ არის. უბრალოდ, რუსეთი ეჯიბრება ვაშინგტონს. მოგეხსენებათ, რომ თეთრმა სახლმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გაავრცელა. რუსებმაც გადაწყვიტეს, ანალოგიური გაეკეთებინათ. მოსკოვში ფიქრობენ, რომ თუ ამერიკამ გააკეთა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება, ეს მათაც უნდა გაიმეორონ. თავისი ჭკუით, შეუტიეს საქართველოს. სხვა მათ ადგილზე უფრო ჭკვიანურ განცხადებას გააკეთებდა. საგარეო უწყების განცხადება გადმოკოპირებულია.

_ საიდან ან ვისგან არის გადმოკოპირებული?

_ მე ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ყურადღებით წავიკითხე და თავს დავდებ, რომ ის დიპლომატების მიერ არ არის დაწერილი. იმდენად არაკვალიფიციური შეფასებებია და ზღაპრებია მოყოლილი, რომ შეუძლებელია, ეს დიპლომატებს დაეწერათ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება არაბიანის განცხადების საფუძველზე შეადგინა. სავარაუდოდ, პირდაპირ დააკოპირეს.

_ არაბიანი ვინ არის?

_ აგასი არაბიანს სომხეთში, საქართველოსა და რუსეთში კარგად იცნობენ. ის რუსეთში ჯავახეთის სათვისტომოს ხელმძღვანელობს.

_ წლების წინათ ეს კაცი ჯავახეთთან დაკავშრებით განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა. ბოლო ხანებში აღარ ჩანდა და რატომ გაქრა?

_ ბოლო დროს აღარ აქტიურობს, მაგრამ 15-20 წლის წინათ ძალიან აქტიური იყო. ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული ჯავახეთის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყებისთვის მისი განცხადებები ცნობილი იყო. ახლა დასჭირდათ ჯავახეთის თემაზე რაღაც განცხადების გაკეთება. ბევრი არ უწვალიათ, მოძებნეს არაბიანის განცხადებები და დააკოპირეს. ამის გამო ძალიან მოძველებული გამოვიდა ანგარიში.

_ მოძველებული რა მხრივ გამოვიდა?

_ იმ მხრივ, რომ ჯავახეთში არავინ აღარ ითხოვს ავტონომიას.

_ ვითომ?

_ 10-15 წელია, ჯავახეთის ავტონომიაზე ხმა არავის ამოუღია.

_ ადრე ძალიან აქტიურად ითხოვდნენ და რა შეიცვალა?

_ ადამიანები მიხვდნენ, რაც ხდებოდა და დიდი ხანია, ავტონომია არ მოუთხოვიათ. ვიმეორებ: რუსეთის საგარეო უწყებამ არაბიანის ძველი განცხადება ნახა, მოეწონა და დააკოპირა. აღარ მოუკითხავთ, დღეს ითხოვს თუ არა ვინმე ავტონომიას. მათთვის მთავარი იყო, ამერიკას გასჯიბრებოდნენ და საქართველოს შესახებ მათაც გაევრცელებინათ ანგარიში.

_ ცოტა დაუჯერებელია, რომ ეს განცხადება მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადების კვალდაკვალ გააკეთა. მე კი მგონია, რომ ამ რეგიონებში პროვოკაციებს ამზადებენ.

_ დარწმუნებული ვარ, ამერიკას მიბაძეს. თეთრა სახლმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. რუსებმა თქვეს, რა კარგია, ვაშინგტონი თბილისს რომ ურტყამს, მოდი, ჩვენც დავარტყათ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არ ეცდება პროვოკაციის მოწყობას?

_ რუსეთს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შუძლია სერიოზული პროვოკაციის მოწყობა.

_ ამ შემთხვევაში ეს ორი კუთხე მაინტერესებს.

_ როგორ არ შეუძლია.

_ აბა, რატომ გგონიათ, რომ ეს განცხადება ამ მხარეებში პროვოკაციების წინაპირობა არ არის?

_ იმიტომ, რომ პროვოკაციის მოსაწყობად ნიადაგი არ არის. ჯავახეთში არავინ აღარ ითხოვს ავტონომიას. ბოლო 15 წელია, ამ თემაზე განცხადებაც არავის გაუკეთებია.

_ რა იქნება ქვემო ქართლში? საბჭოთა კავშირის პერიოდში მოსკოვმა პირველად მარნეულში მოგვიწყო არეულობა, სადაც ერთმანეთს აზერბაიჯანელები და სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები დაუპირისპირდნენ.

_ ეს კონფლიქტი იყო, უფრო ადრე, ვიდრე აფხაზეთსა და ცხინვალში დაიწყებოდა არეულობა, მაგრამ იგივე რატომ უნდა განმეორდეს? მოსკოვმა თუ მოინდომა, საქართველოს ყველა კუთხეში აამოქმედებს ნაღმებს. ეს მათ კარგად გამოსდით. სიტუაციის გამწვავება სამეგრელოშიც შეუძლიათ და კახეთშიც.

_ სამეგრელოს ავტონომიას რომ ითხოვს ვიღაც სასაცილო კაცი, ამას გულისხმობთ? ამას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.

_ ძალიან კარგია, სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, მარამ რუსეთმა შესაძლოა, ყველგან არიოს სიტუაცია. ამიტომ არ ღირს კონკრეტულ კუთხეებზე ყურადღების გამახვილება.

_ რუსეთს ყველა კუთხეში შეუძლია პროვოკაციის მოწყობა, მაგრამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრო სახიფათოა პროვოკაცია.

_ შეიძლება, უფრო სახიფათოა, მაგრამ კონკრეტულ კუთხეებზე მაინც ნუ გავამახვილებთ ყურადღებას.

_ მიმაჩნია, რომ ჯავახეთზე არის ყურადღება გასამახვილებელი. გარდა იმისა, რომ აქ ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, მათ არ აქვთ საქართველოს პასპორტები და არიან რუსეთის მოქალაქეები.

_ თქვენ ამასთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაცია გაქვთ. ჯავახეთის ბევრ მკვიდრს აქვს რუსეთის მოქალაქეობა მიღებული, მაგრამ მათი დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს. ვიღაცებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება სურთ, ეს იოლი პროცედურა არ არის და სანამ მოქალაქეობას დაიბრუნებენ, რუსული პასპორტებით სარგებლობენ.

_ ისინი ხომ ითვლებიან რუსეთის მოქალაქეებად?

_ რუსეთის მოქალაქეები არიან.

_ რამე რომ მოხდეს ამ რეგიონში, რა გარანტიაა, რომ „რუსეთი თავისი მოქალაქეების დასაცავად“ არ შემოვა?

_ გარანტიებზე საუბარი გამიჭირდება. გეოსტრატეგიული პოლიტიკა სერიოზულად იცვლება.

_ როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, რუსეთი სომხეთში კიდევ ერთ სამხედრო ბაზას ქმნის. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება?

_ ამის შესახებ მეც გავიგე რაღაცები, თუმცა მხოლოდ ჭორის დონეზე. ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, ასე რომ, ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება. ამაზე მკითხაობას ჯობია, ისევ რისკებზე ვისაუბროთ.

_ რომელ რისკებზე?

_ რომლის წინაშეც საქართველო დგას.

_ ამ რისკებში შედის თუ არა მესხი თურქების საკითხი? ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ჩვენ მათი დაბრუნების ვალდებულება ავიღეთ. მათ დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები. მესხების დაბრნება თუ დაიწყო, ამას ადგილობრივები მშვიდად შეხვდებიან?

_ ეს ადამიანები ამბობენ, რომ არანაირი მესხი თურქები არ არიან და ისინი თავს ქართველებად მიიჩნევენ. რაკი ასე ფიქრობენ, მათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ ცხოვრება. ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. საქართველო მზადაა, ისინი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაასახლოს.

_ მაგრამ არა სამცხე-ჯავახეთში?

_ საქართველოს მოქალაქეებად თუ მიიჩნევენ თავს, შეუძლიათ სადაც უნდა, იქ იცხოვრონ. როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ მათ ძალიან კარგი ადგილები გამოუნახა.

_ სად გამოუნახა ადგილები?

_ რამდენიმე ადგილას. ყველას ვერ ჩამოვთვლი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იქ ბევრად უკეთესი კლიმატური პირობებია, ვიდრე _ ჯავახეთში.

_ უკეთეს კლიმატურ პირობებში რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ იქ ისე არ ცივა, როგორც ჯავახეთში. ჯავახეთში ზამთარში 25 გრადუსი ყინვაა.

_ იქნებ, იმათ 25-გრადუსიან ყინვაში სურთ ცხოვრება.

_ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ არ ჩამოდიან.

_ ეგ დღეს არ ჩამოდიან, ხვალ შეიძლება მოუნდეთ სამშობლოში დაბრუნება.

_ როცა გადაწყვეტენ დაბრუნებას, მაშინ დაიწყება ამ საკითხის განხილვა. ახლა ამაზე არავინ საუბრობს. ჯავახეთის თემაც მივიწყებული იყო, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაიხსენა. არადა, არანაირი პრობლემა არ არის ამ მიმართულებით.

_ საერთოდ არ არის პრობლემები?

_ ის პრობლემები ნამდვილად არ არის, რაზედაც რუსეთის საგარეო უწყება საუბრობს.

_ არც ენის პრობლემაა?

_ არა. საქართველომ ენის პრობლემა უკვე გადაჭრა.

_ რანაირად გადაჭრა?

_ მონდომება იყო და პრობლემა გადაიჭრა. სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დღეს უპრობლემოდ სწავლობენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. რუს, აზერბაიჯანელ და სომეხ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებში ისწავლონ. რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს კი ეს ფუფუნება არ გააჩნიათ.
მოსკოვში, კრასნოდარსა და სოჭში ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. მათ იქ სერიოზული სათვისტომოები აქვთ შექმნილი. ამ სათვისტომოებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას, ერთი სომხური სკოლა გაგვიხსენითო, მაგრამ უარი მიიიღეს.

_ რატომ უთხრეს უარი?

_ კანონმდებლობის საფუძველზე უთხრეს უარი. განუმარტეს, რომ რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსულ ენაზე მიდის სწავლა. საქართველოში ეს პრობლემა მოგვარებულია. გარდა იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სკოლებში თავიანთ მშობლიურ ენაზე სწავლობენ, ისინი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან, სადაც უკვე ქართულად აგრძელებენ სწავლას.
უხერხულია, როცა რუსები საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობენ. წავიდნენ იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ და ნახავენ, რამდენი დეპუტატი ჰყავთ მათ თვითმმართველობის ორგანიებში.სომეხი და ზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც არიან.

_ რა თქმა უნდა, არიან და ყოველთვის იყვნენ. ეს ძალიან კარგად იციან რუსეთში, მაგრამ მაინც ამ თემაზე ამახვილებენ ყურადღებას, თითქოს ეთნიკურ უმცირესობებს ხელისუფლებაში საკუთარი წარმომადგენლები არ ჰყავთ. ეს ანგარიში მარტო არაბიანის დასკვნაზე დაყრდნობით არ გაკეთებულა. რუსეთში ვიღაც სხვა ინფორმატორებიც ჰყავთ, რომლებსაც იმის ტვინიც არ ჰყოფნით, რომ გადაამოწმონ ინფორმაცა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ხომ არაფერი უნდა.

_ რატომ ლაპარაკობენ საქართველოში უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, არ მესმის?! აქ მსგავსი არაფერი ხდება. საქართველოში არის სომხური და აზერბაიჯანული თეატრები. უმცირესობის უფლებებს პატივს რომ არ სცემდნენ, ამ თეატრებს ვინ გახსნიდა?
რუსებს შეძლება უნდათ, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოიყენონ სათავისოდ, მაგრამ არ გამოუვათ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ ჯავახეთსა და ქვემო ქართლშიც ისეთივე მდგომარეობაა, რაც დანარჩენ საქართველოში. ასე რომ, ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას არ ვურჩევ.

_ ამ თემას არ ეხება, მაგრამ ეთნიკურ სმხებზეა საუბარი და გკითხავთ: ვრცელდება ინფორმაციები, რომ აფხაზეთში მასობრივად ასახლებენ მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეულ სომხებს. ეს მართალია?

_ ამასთან დაკავშირებით ჯობია, აფხაზებს ან აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ჰკითხოთ. ისინი გეტყვიან, რომ სიცრუეა. ამის თქმა მეც შემიძლია, მაგრამ მათი პასუხი უფრო დამაჯერებელი იქნება. აფხაზეთში არავის ასახლებენ მთიანი ყარაბაღიდან.

_ ისევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს დავუბრუნდეთ. თქვენ ამბობთ, რომ ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობა კმაყოფილია. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთი მათ ვერ ააბუნტებს?

_ რუსეთს ნებისმიერ რეგიონში შეუძლია ბუნტის გამოწვევა. ამ მხრივ საქართველოს არც ერთი კუთხე დაზღვეული არ არის. თუმცა უახლოესი ერთი წელი მოსკოვი საქართველოში სიტუაციას ვერ არევს.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ახლა რუსებს ჩვენთვის არ სცალიათ და, სულ მცირე, ერთი წელი ვერ მოიცლიან.

_ რატომ ვერ მოიცლიან?

_ იმიტომ, რომ მოსკოვის წინაშე სხვა უამრავი თავსატეხია. პრობლემები აქვს სირიაში; რაღაც ამბებია ყარაბაღთან დაკავშირებით. ახლა მთელი ყურადღება აქეთ აქვთ გადატანილი.

_ სირია გავიგე, მაგრამ ყარაბაღში რაღას აკეთებენ? ხომ მორჩა ეს კონფლიქტი?

_ საომარი მოქმედებები დამთავრდა, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ დასრულებული არ არის. იქ მშვიდობის დამყარებას დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდება. რუსეთმა იქ სამშვიდობო ძალებიც ჩააყენა.

_ ბოლო დროს აქტიური გახდა კავასიურ ექვსეულზე საუბარი. რუსეთის ეს ქმედებები იმისკენ ხომ არაა მიმართული, რომ ამ ექვსეულში ამოგვაყოფინოს თავი?

_ აბა, როგორ გითრათ? რუსეთს უამრავი გეგმა და ვარიანტი ექნება შემუშავებული. მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეგიონში თავისი გავლენები გაზარდოს. რამდენადაც ვიცი, კრემლი ძალიან ეჭვიანობს იმაზე, რაც საქართველომ გააკეთა.

_ კონკრეტულად რაზე ეჭვიანობს მოსკოვი?

_ საქართველომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იკისრა შუამავლის ფუნქცია სამხედრო ტყვეების განთავისუფლების შესახებ. ამის გამო რუსებმა იეჭვიანეს.

_ იმათ რაღაზე იეჭვიანეს?

_ იმიტომ იეჭვიანეს, რომ თავად ვერ შეძლეს სამხედრო ტყვეების განთავისუფლების საკითხში შუამავლის როლის შესრულება. საქართველოს როლი ძალიან დიდია კავკასიის რეგიონში. ამას რუსეთი გრძნობს და ამის გამო ძალიან წუხს. მოსკოვი ასევე ეჭვიანობს სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ურთიერთობებზე.

_ ამ მხრივ მოსკოვს ნამდვილად აქვს საეჭვიანო. წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, პაშინიანს საქართველოს მიმართ სხვანაირად დადებითი დამოკიდებულება აქვს.

_ მე ვიცნობ ნიკოლა პაშინიანს. ის მართლა განსხვავდება სომხეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან. ამ შემთხვევაში პრეზდენტებს ვგულისხმობ. ეს ბიჭი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, იჯევანში გაიზარდა. ის საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებულია. მოსკოვში ვიღაცებს ეს არ აწყობთ.

_ რამე რომ იყოს, რუსეთი ამ ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს? თუ როგორც თქვენ მითხარით, უახლოესი ერთი წელი ჩვენთვის არ ეცლება?

_ ერთ წელზე ცოტა მეტი ვერ მოიცლიან ჩვენთვის. რუსეთი ახლა არაა იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაყოს ცხვირი.

_ ყველგან ეგენი ეჩხირებიან და ჩვენთან რატომ ვერ ჩაყოფენ ცხვირს?

_ მე ასე მგონია, რომ ერთი წელი ვერაფერი გამოუვათ. ამასობაში ჩვენც დავალაგებთ რაღაცებს და რუსები თავის მიზნებს ვერ მიაღწევენ.

_ ჩვენ სანამ დავლაგდებით, მანამდე თუ სცადა არევა?

_ ცდით ეცდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რასაც რუსეთი ხატავს. არეულობის მოწყობა ასეთი მარტივიც არ არის.

_ დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ, თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ, რომ რუსეთი ქვემო ქართლსა და ჯავახეთს ვერ ააბუნტებს?

_ ამის გაკეთება რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ამ რეგიონებში არეულობის საფუძველი არ არის. რუსეთს ურჩევნია, მის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების უფლებები დაიცვას. ამხელა რუსეთში ამხელა სომხური სათვისტომოა და არც ერთი სომხური სკოლა არაა. სამაგიეროდ, საქართველოშია 120 რუსული, სომხური და აზერბაიჯანული სკოლა.

შორენა მარსაგიშვილი