რამაზ საყვარელიძე: „რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხოლმე, მაგრამ არ იცვლება“

რა არის ქართული პოლიტიკის სპეციფიკა? რამდენად არსებობს ცვლილებებისთვის საჭირო ობიექტური ვითარება? ვინ შეიძლება გახდეს ცვლილებების ლოკომოტივი? _ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რამაზ, რა არის ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა?

_ ყველა პოლიტიკას, ძირითადად, ძალაუფლებისკენ სწრაფვა მართავს, გინდ ქართულსა და გინდ არაქართულს

_ რა არის ის, რაც სპეციფიკურია ქართული პოლიტიკისთვის?

_ საქართველოში მხოლოდ ფორმალური ძალაუფლება არ არის ხოლმე საკმარისი, არაფორმალური ძალაუფლებაც თუ არ გაქვს. ქართველს სურს, რომ მას კარგ ადამიანად, მეგობრად თვლიდნენ, ქუჩაში უყვარდეთ, ხალხში საყრდენი ჰქონდეს. ეს ფაქტორები შეიძლება ემატება ძალაუფლების ცნებას.

_ რამდენად გულწრფელები არიან პოლიტიკოსები თავიანთ განცხადებებში და რამდენად ითვალისწინებენ ისინი ხალხის ინტერესებს?

_ პოლიტიკოსი გულწრფელი არც ერთ ქვეყანაში არ არის. მისი საქმე გულწრფელობა არ გახლავთ, ეგ იგივეა, მოჭადრაკეს მოსთხოვო, რომ გულწრფელად ილაპარაკოს, რას სვლას აპირებს.
რაც შეეხება ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, არც ეგ არის დემოკრატიის პირობებში პრობლემა, რადგან დემოკრატია ისეა აწყობილი, რომ წესით, თუ ხალხის ინტერესებს პოლიტიკოსი არ გაითვალისწინებს, მას აღარ აირჩევენ. ამიტომ დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია, რომ უნდა აიძულო პოლიტიკოსი, იყოს ისეთი, როგორიც ხალხს სურს.

_ რამდენად გამოხატავს არსებული პოლიტიკური ელიტა ხალხის ინტერესებს?

_ იმდენად, რამდენადაც ხალხი აძლევს მას ამის საშუალებას.

_ იყო ისეთი აქციები, სადაც პროტესტანტებმა პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა გამოხატეს და არ მისცეს მათ პროტესტის მართვის სადავეები. რამდენად სიმპტომატური შეიძლება გახდეს ეს განწყობა?

_ ეს განწყობა მართებულია და მას რეალური საფუძველი აქვს. სოციოლოგიური კვლევებიდან ჩანს, რომ ბოლო პერიოდში აშკარა კრიზისი გაჩნდა. პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხის ნდობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა, არც ერთს დიდად არ ენდობიან. ნდობის შემცირება აშკარაა ოპოზიციური პარტიების მიმართ. შეატყვეს, რომ ხშირად ოპოზიცია ცდილობს ხალხის ინტერესის სათავეში დადგომას, რომ შემდეგ თავის მიზნებს მიაღწიოს და არა ამ ხალხისთვის და ხალხზე ზრუნვის ინტერესით. ასეთმა ფაქტორებმა იქონია გავლენა, რომ დღეს ხალხს, როცა რამეს აპროტესტებს, თავის გვერდით პოლიტიკური პარტიების დანახვა არ უნდა.

_ მოახლოებულია არჩევნები, რომელიც რეფერენდუმადაც არის მიჩნეული, რა არჩევანი აქვს მოსახლეობას?

_ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე კიდევ შემოვლენ ახალი პარტიები. ახლა, ჯერჯერობით, გვაქვს სახელისუფლებო პარტია, ძველი ოპოზიციური პარტიები კი ვერ გამოხატავენ სრულად ამომრჩევლის ინტერესს. ჯერჯერობით მხოლოდ გახარიას პარტია გამოჩნდა. სავარაუდოა, რომ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან. ეს სცენა რომ შეივსება, შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ რა არჩევანი აქვს მოსახლეობას.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ცვლილებებს მოიტანს? არის თუ არა ამისთვის სიტუაცია საკმარისად მომწიფებული?

_ რა გითხრათ? რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხოლმე, მაგრამ არ იცვლება. აგერ 70 წელიწადი საბჭოთა კავშირი არსებობდა და არ იცვლებოდა. თავისთავად არაფერი იცვლება. უნდა არსებობდეს, ძალა, ბერკეტი, რომელიც გამოიწვევს ცვლილებას. ქვა რომ დაიდო, ის თვითონ არ იტყვის, მომწყინდა ერთ ადგილზე ყოფნა და წავედიო, ვიღაცამ უნდა მოჰკიდოს ხელი და გადააგდოს.

_ ვინ შეიძლება გახდეს ამ ცვლილებების ლოკომოტივი?

_ ალტერნატიული ძალა, რომელიც უნდა გამოჩნდეს. ხომ უნდა ჰყავდეს ალტერნატივა ამომრჩეველს?..

_ რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უწევს?

_ ყველა ქვეყანას ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევა. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ არ ვართ ასეთ დღეში.

ირინა მაკარიძე