გიორგი ნუსხელაძე: „მიშელის შეთანხმებით ყველაზე მეტი სარგებელი ოპოზიციამ მიიღო“
2019 წლის 20 ივნისიდან 2 წელი გავიდა. რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მაშინ ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 10-მდე მოქალაქე. „ქართულმა ოცნებამ“ იმჟამინდელი შს მინისტრი გახარია გადადგომის ნაცვლად, პრენიერ-მინისტრის პოსტზე დააწინაურა. დღეს 2021 წლის 5 ივლისია და გახარია უკვე „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია.
რა გვასწავლა „გავრილოვის ღამემ“? შევძელით თუ არა ადეკვატური დასკვნების გამოტანა? როგორია პოლიტიკური მოცემულობა მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში შევიდა? და რა შესაძლო სცენარით განვითარდება პოლიტიკური მოვლენები ადგილობრივ არჩევნებზე? _ აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სოციოლოგსა და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ნუსხელაძეს ესაუბრა:
_ გიორგი, ამ გადმოსახედიდან, რა გვასწავლა „გავრილოვის ღამემ“ და როგორ გაიხსენებთ მომხდარს?
_ დარბეული „გავრილოვის ღამიდან“ ორი ურთულესი წელი გავიდა. ისე მოხდა, რომ ამ მოვლენას დაემატა პანდემია, უმუშევრობის ზრდა, ინფლაცია, არჩევნები, ბოიკოტი ხან დარბევით, ხან წყლის ჭავლით; მერე ნიკა მელიას დაჭერა და შარლ მიშელის შეთანხმება. ახლა ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო პერიოდია. არჩევნებს ისევ ინფლაცია მოყვება და ვხედავთ, რომ, გარკვეულწილად, ზოგიერთ მოვლენას გამეორება „ახასიათებს“, განსაკუთრებით დარბევებსა და წყლის ჭავლებს. ამ ჭრილით შეგვიძლია შევხედოთ 2019-20 წლების მოვლენებს და დავინახავთ, რომ დარბევიდან დარბევამდე არაფერი იცვლება. ხდება რაღაც წინაწარ განსაზღვრული პროვოკაციული მოვლენა პოლიტიკური ფლანგებიდან, რომელიც შემდეგ გაუაზრებელ ან გააზრებულ პროვოკაციულ ემოციურ აფეთქებად გარდაიქმნება. შედეგად ვიღებთ დაზარალებულ მოქალაქეებს, ხან თვალდაკარგულს, ხანაც ჯანმრთელობის სერიოზული სხვა დაზიანებებით. თუ აქტივისტებს „ცოტა გაუმართლებს“, ძალოვანი სტრუქტურის ერთი-ორ წარმომადგენელსაც შეიძლება რამე დაუზიანონ ფიზიკურად. …და რას ვიღებთ ამით? ორივე მხარე ზიანდება ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად. გასაგებია, რომ ვიღაცის ინტერესშია ემოციური პროტესტი, ხოლო ვიღაცის ინტერესში _ დავალების სწორად შესრულება, მაგრამ ამის გამო არც ერთი მხარე არ უნდა განიცდიდეს ფიზიკურ ტკივილს. აქტივისტებიც და სამართალდამცველებიც ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ერთსაც აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გამოხატოს უკმაყოფილება და მეორესაც აქვს უფლება, კანონის ფარგლებში აღკვეთოს პროტესტი. როცა ემოცია უფრო წინ მოდის, ყველაფერი ქაოსს ემსგავსება და რაციონალიზმი გადის ავანსცენიდან. ასე მოხდა გავრილოვის ღამესაც და გაყალბებული არჩევნების პროტესტს ცესკოსთან. იფეთქა ემოციამ, შეიქმნა ქაოსი და მივიღეთ ზარალი. ამ მომენტში საინტერესო ის ფაქტია, რომ ორივე დროს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ და შედეგიც თითქმის ერთნაირი მიიღეს. ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ არაფერი „გვისწავლია“.
_ იმჟამინდელი შსს მინისტრი და შემდეგ უკვე პრემიერად დაწინაურებული გახარია ოპოზიციის რიგებს შეუერთდა, რას შეცვლის გახარია მის გუნდთან ერთად პოლიტიკურ ლანდშაფტზე?
_ ერთი თვე გავიდა პარტიის დაფუძნებიდან. ვიცით, რომ მეტ-ნაკლებად კარგი გუნდი ჰყავს მენეჯერებით დაკომპლექტებული, ასევე ფრაქცია პარლამენტში და ოფისები ხელშეკრულებებს უწყვეტენ. შიგადაშიგ ევროპასა და ამერიკაში იყო შეხვედრებზე. ზომიერად ჩნდება მედიასთან, რადგან კითხვები, ძირითადად, გახარიასა და ქართული ოცნების ურთიერთობას ეხება. გამოაქვეყნა პროგრამული ხედვაც. ფაქტობრივად, საკმარისი დრო არ გასულა, რომ მისი ოპოზიციონერული ცხოვრება შევაფასოთ. ამ ეტაპზე უფრო ჩვეულებრივი ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებას ვხედავთ. ამიტომ წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია. თუმცა ერთი რამ ნათელია, გიორგი გახარია ქვეყნის ინსტიტუციონალურად გამოცდილი და წამყვან თანამდებობებზე ნამუშევარი კადრია. ბიზნესომბუცმენობა, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრობა პატარა საქმე არაა. ეს ცოდნა, კონტაქტები და გამოცდილება, ერთგვარად, წარმოადგენს გარკვეულ რესურსს პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებისთვის, თან ისიც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო. ასე რომ, გარკვეულწილად, იცის, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიციაში, თუ სურს ცვლილებები. მაგრამ აქვე გავიმეორებ: ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული და ამიტომ დაველოდოთ.
_ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტში ადგილები დაიკავა, ამან გამოიწვია თუ არა ოპოზიციური ამომრჩევლის იმედგაცრუება და ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტში მონაწილეობდნენ, დაკარგავენ თუ არა ამომრჩეველს?
_ ოპოზიციის პარლამენტში შესვლა და ადგილების დაკავება ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, მაშინ იქნება მისაღები, როცა ყველა დეპუტატი ერთად დაესწრება სხდომას, მაშინ როცა ერთად ვიხილავ სხდომაზე სიტყვით გამოსულ კახა კუჭავასა და ვახტანგ კიკაბიძეს. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყველა ნებსით თუ უნებლიეთ არჩეულმა დეპუტატმა გააცნობიეროს დიდი ვალდებულება ქვეყნის წინაშე, თან საპარლამენტო მმართველობაში ვართ და პატივი უნდა სცენ ყველაფერს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არ არსებობს ბოიკოტში მონაწილე პარტიებისთვის ამომრჩევლის დაკარგვა. ამას NDI, IRI, IPSOS-ი, Edison Research-ი და სხვა კომპანიის ჩატარებული კვლევებიც ადასტურებდნენ, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს თავიდანვე სურდა პარლამენტში შესვლა. როგორ წარმოგიდგენიათ, პარტიამ 1-დან 2 პროცენტამდე აიღოს, გაზრდის შანსი არ ჰქონდეს და შესვლა გადაიფიქროს? ვფიქრობ ყველას უნდოდა შესვლა, უბრალოდ, წინასწარ დაგეგმილ პროვოცირებულ ემოციებს აყვნენ, ეგონათ, არჩევნების გაყალბების ძახილით მანდატიან ოპოზიციას და უმანდატოსაც აიყოლიებდნენ და ამით რამეს მიაღწევდნენ, მაგრამ ასე ვერ მოხდა. რაც შეეხება ამომრჩევლის დაკარგვას, ამაზე ფიქრი მაშინ უნდა დაეწყოთ, სანამ კოალიციური მთავრობის სურვილს ჩასძახებდნენ ხალხს. ჩემი დაკვირვებით, ამან უფრო მძიმედ იმოქმედა ამომრჩეველზე. ფაქტობრივად, ტყუილის ტოლია, როცა ერთ დღეს მსგავსს სურვილებს ეუბნები და მეორე დღეს პარტიები იშლება თითო კაცამდე.
_ ფაქტია, შარლ მიშელის მონაწილეობით შეთანხმება შედგა. ამ მოცემულობით, ყველაზე მეტი სარგებელი ამ დოკუმენტიდან მმართველმა გუნდმა მიიღო?
_ შარლ მიშელის შემდგარი შეთანხმებით ყველაზე მეტი სარგებელი ოპოზიციამ მიიღო და არა _ მმართველმა გუნდმა. მმართველმა გუნდმა ჩვეულებრივი საფრთხე მიიღო პარლამენტში და მაგალითებიც მრავლად ვიხილეთ. რამდენიმე დღის წინ ზოგიერთ დეპუტატს ხმამაღლა „წამოსცდა“ პარლამენტიდან გასვლა და ისევ ბოიკოტი. ოპოზიციური პარტიის ორმა ქალბატონმა პერფორმანსი დადგა, დარბაზში პლაკატი გადმოკიდა წარწერით: „მატყუარა კაცების პარლამენტი“. ოპოზიციონერმა ქალმა კოლეგამ რუსული (საბჭოთა) ჰიმნი ჩართო შუა სხდომაზე. პარლამენტის წინ ისევ კარვები და მიშას პლაკატებია. ასევე არ არიან შესულები სხვა ოპოზიციური დეპუტატები. ვინც შესულია, ისინიც ხან გაუგონარ განცხადებებს და პროვოკაციებს აკეთებენ, ხან ისეთ კანონებზე ეთანხმებიან მმართველ გუნდს, რომელიც ხალხს არ უნდა. ამიტომ უნდა ისხდნენ, რომ ის კანონი, რომლიც არ სურს ხალხს, დაიცვან და არ გაატანინონ. მაგრამ ამას არ აკეთებენ დიდი ოპოზიციური პარტიები. ალბათ, ვერ აცნობიერებენ საპარლამენტო მნიშვნელობას და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებიდან ამოდიან. აი, ამ ხალხმა ბატონი შარლის ყურადღებაც მიიქცია, შეწუხდა, ჩამოვიდა და დაითანხმა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე, თან მმართველ გუნდს დიდ დათმობებზე მოუხდა წასვლა. თუნდაც პოლიტპატიმრების ამნისტია იყოს. დავამატოთ 43%-იანი მხარდაჭერის საჭიროება მმართველი გუნდის მიმართ, რომელიც თუ ვერ მოიპოვეს 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, რთულ ვითარებაში ჩავარდებიან. ამ სურათით კარგად ჩანს, როგორ განვითარდა ხელმოწერილი დოკუმენტი და ვინ იღებს მეტ სარგებელს.
_ რა პერსპექტივა აქვს რიგგარეშე არჩევნებს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეა მიბმული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი?
_ როგორც შეკითხვიდან ჩანს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეა მიბმული. ამიტომ ჯერ ამ არჩევნებს უნდა დავლოდოთ, რა შედეგი იქნება და მერე რიგგარეშეზე ვილაპარაკოთ. წინასწარ რამის თქმა რთულია. შანსები 50%-50%-ზეა. რომც ჩატარდეს, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი იმდენად არასახარბიელოა თავისი შინაარსით, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე არჩვენების ჩატარება მოუწევს, მოგება გაუჭირდება, მაგრამ ამ ოპოზიციას თავისი მოუმზადებლობით ნამდვილად მოუგებს კიდევ ერთხელ. პრობლემა იმაში არაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე „ოცნების“ იქნება, პრობლემა ოპოზიციის არაკონსტრუქციულობაა. ყოველთვის ვხედავდით მოლაპარაკებების აურაცხელ რაუნდს ოპოზიციაში, მაგრამ შედეგზე ვერ გადიოდნენ. ამ ფონზე „ოცნება“ უფრო პრაგმატულად მოქმედებს და შედეგიც მოაქვს.
_ შეძლებს თუ არა ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატების დასახელებას და აქვთ თუ არა რესურსი, რომ „ოცნებამ“ 43%-ზე ნაკლები აიღოს? ამ კუთხით გადამწყვეტი იქნება გახარიას ფაქტორი?
_ საერთო კანდიდატის ცნება ტრადიციად იქცა რამდენიმე წელია. ამაზე მხოლოდ საუბრები რჩება და პრეცედენტი ერთხელაც არ გვინახავს. მცდელობები იყო, 2017 წელს კალაძის წინააღმდეგ დაეყენებინათ და 2018 წელს ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაეყენებინათ, მაგრამ ვერც ერთი არჩევნები ვიხილეთ ერთიანი კანდიდატით და ვერც _ მეორე. ახლაც ასე მოხდება, ვერ შეთანხმდება ოპოზიცია ერთ კანდიდატზე, რომც სცადონ, „ნაციონალური მოძრაობა“ არავის გაუშვებს. საერთოდ, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია დაივიწყებს „ერთობებს“, „გაერთიანებებს“, „კოალიციურობას“ და ნამდვილად შემოგვთავაზებს საკუთარ პარტიებს ისე, რომ ხალხს ხმის მიცემა მოუნდეს. რაც შეეხება გახარიას როლს, თითქოს „ოცნებას“ წინააღმდეგობას გაუწევს და 43%-ზე ნაკლებს აიღებენ მმართველ გუნდში, ამის ილუზია არ მაქვს. შეიძლება, ბატონი გიორგი „ოცნების“ წევრებზე რეიტინგული ფიგურაა, მაგრამ პიროვნული რეიტინგები გუნდურს ვერ განსაზღვრავს. პოლიტიკაში ხშირად გვინახავს მაღალრეიტინგული ფიგურები პარტიისთვის მეტ ხმას იზიდავენ ან მაღალრეიტინგული პარტია იზიდავს დაბალრეიტინგული ფიგურისთვის მეტ ხმას. არჩევნებამდე 3 თვე დარჩა და, შესაბამისად, ჯერ რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება.
_ ამ პოლიტიკურ პროცესებში სად არის ხალხი და როგორია მისი დაკვეთა?
_ ჯერ არ მინახავს, რომელიმე პარტიას ხალხისთვის მოესმინოს და თუნდაც სულ მცირე გაეკეთებინოს. პარტიებს ხალხი არჩევნების წინ ახსენდება პიარისთვის. უმრავლესი პარტია ცდილობს, აზრი შექმნას, მერე ჩააწვეთოს მოსახლეობას და გაუგონარი მეთოდებით იძახოს: აი, ეს უნდოდა ხალხსო. რეალურად, ხალხის დაკვეთა ყოველთვის სახალხოა და ხალხთანვე რჩება.
ნენე ინჯგია