ოჯახური კონფლიქტი _ დაჭრა და ძალადობა
ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის სულო უფრო ხშირად ხდება ცნობილი ფაქტები ოჯახური ძალადობის შესახებ. ამჯერადაც ერთ ასეთ საქმეზე უნდა გიამბოთ, სადაც დაზარალებულად მიიჩნევს თავს ოჯახის ორივე წევრი _ ცოლი და ქმარი. მოკლედ კი საქმის არსი ასეთია: ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება ცოლის მიერ ქმრის დაჭრით დასრულდა. ამავდროულად, ცოლი ქმარს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პარალელურად, ოჯახში იზრდება ბავშვი, რომლის ინტერესები ზიანდება, ლამის, წელიწად-ნახვერის მანძილზე მიმდინარე გაჭიანურებული სასამართლოს პირობებში. ეს იმის მიუხედავად, თუ ვის გაამართლებს ან დასჯის სასამართლო.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ოჯახური კონფლიქტის ორივე მონაწილესთან.
გიორგი ფეიქრიშვილი:
_ ყველაფერი დაიწყო შარშან, 2020 წლის 18 იანვრის ღამეს. მოკლედ, სიტუაცია იყო ასეთი: ჩვენი შვილი, რომელიც არის 2 წლის, შაბათ-კვირას ხან დედის მშობლებს, ხან ჩემს მშობლებს მიჰყავდათ ხოლმე თავისთან. ამ დღეს ჩემს მშობლებს მიჰყავდათ ბავშვი და დედაჩემი მოვიდა ჩემს სახლთან, ჩემმა მეზობელმა მოიყვანა მანქანით. ბავშვი ჩავუყვანე და მეც გავყევი დედაჩემს, ჩემი უბნელის დაბადების დღე იყო და იცოდა ჩემმა ყოფილმა ცოლმა, რომ უნდა წავსულიყავი.
უცბად ტელფონი მირეკავს და გინება მემსის, მეუბნება, _ სად ხარ, შენი დედა!.. გავშრი, ჩემ გარშემო ოთხმა კაცმა გაიგო ეს გინება. როგორი არის ახლა, როცა თავმოყვარეობა გაქვს. დავისტრესე.
_ ე. ი. მეუღლე გირეკავდათ და გაგინებდათ, ამას ამბობთ?
_ წავედი სახლში იმ მოტივით, რომ დავლაპარაკებოდი. ცხადია, იმ მომენტში გავმწარდი. არ არის სასიამოვნო, ადამიანი რომ გირეკავს და გაგინებს, განსაკუთრებით კი მეუღლე.
_ გასაგებია, შემდეგ?
_ გზას უნდოდა დაახლოებით 1 საათი, სახლში რომ მივსულიყავი და ამასობაში ცოტა დავმშვიდდი. სახლში შევდივარ და იწყება ჩვენი კამათი. თურმე ამ დროს ჩემს ყოფილ მეუღლეს ბარის „სტოიკაზე“ უდევს ტელეფონი და იწერს ჩვენს საუბარს. ეს სასამართლოსაც მოსმენლი აქვს და პროკურატურასაც.
_ და რა არის ამ ჩანაწერში?
_ ანუ ვთხოვდი პასუხს, რატომ შემაგინე-მეთქი?! იმისი მხრიდან რაღაც აგრესიაც დავინახე, ცოტაც გავმწარდი და ისიც გამწარდა.
_ და ამ ორმხრივმა გამწარებამ ძალადობის გარეშე ჩაიარა?
_ არანაირი ძალადობა… შეურაცხყოფა მისგანაც მოდიოდა და _ ჩემგანაც. საბოლოოდ, დამიყვირა და მითხრა, რომ „გაა***ვი“ ჩემი სახლიდანო… კაი, წავალ-მეთქი და ავიღე მოსაცმელი, უნდა ჩამეცვა. ეგ წავიდა სამზარეულოში, კარგად მახსოვს ეს მომენტი… ძალიან პატარა სახლია, სამზარეულოსთან ახლოს იყო ტანსაცმლის ჩამოსაკიდი. როცა წავიდა საზმარეულოში, კარგად მახსოვს, რა ვიფიქრე მაგ დროს: „ან წყალი უნდა დალიოს ან რაღაც-მეთქი…“ რას ვიფიქრებდი, თუ დანას აიღებდა?.. მოტრიალდა და დავინახე, რომ სამზარეულოდან დანა მოფრინავს ჩემი მიმართულებით. მოვასწარი ინსტინქტურად გაწევა, იმიტომ, რომ დანა გულის მიმართულებით მოდიოდა და მხარზე მომხვდა.
_ პატარა ბინაა ხომ?.. შემდეგ?
_ შოკირებული ვიყავი, რამდენიმე წამი ვერც ვხვდებოდი, რა მოხდა…
_ შემდეგ?
_ დავიწყე სასწრაფოში რეკვა.
_ პოლიციაში არ დარეკეთ?
_ ჩემი მიზანი ის არ ყოფილა, რომ მისთვის ბრალი წარმედგინა, უბრალოდ, სასწრაფოს ვუთხარი, რომ დავეცი.
_ თავად თქვენი მეუღლე რას შვრებოდა ამ დროს?
_ იმ მომენტში იმანაც აიღო ტელეფონი და პოლიციაში დარეკა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დამარტყაო.
_ შემდეგ რა ხდება?
_ სასწრაფომ დაასწრო პატრულს მოსვლა და პატრულის მოსვლამდე სადღაც 10-წუთიანი შუალედი იყო. სასწრაფოს ექიმებმა იკითხეს, _ რა მოხდა? როგორ მოხდაო? ჩემმა ყოფილმა მეუღლემ თქვა, იძალადა და თავდაცვის მიზნით ჩავარტყი დანაო. მეც ვთქვი, რომ დანა ჩამარტყა-მეთქი. სასწრაფოს ექიმმა უთხრა, _ თუ შენ გცემეს და რაღაც დაგემართა, გაგსინჯავო და უარი განუცხადა.
_ პოლიციაც მალევე მოვიდა?
_ პატრული მოვიდა და მოვუყევი, რაც მოხდა: _ ამ კამათის დროს აიღო დანა და ჩამარტყა-მეთქი. მერე დააკავეს. ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ სასწრაფოს ექიმებმა, _ ჩვენ ვერ დაგეხმარებით და საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. ორი ნაკერი დამჭირდა. ის კაპეზეზე გადაიყვანეს, მე კი პოლიციამ დაზარალებულად მცნო. წინასაგამოძიებო ჩვენებაც მივეცი, რაც მოხდა და როგორც იყო. მე უბრალოდ მიჩნდება ერთი კითხვა: თუ ეს ადამიანი ვცემე და დავარტყი, რატომ არ დათანხმდა ექიმს, რომ გაესინჯა?
_ მისი სამედიცინო შემოწმება, ექსპერტიზა, იყო თუ არა ნაცემი, არ ჩატარებულა?
_ არა. შემდეგ არც მოუთხოვია შემოწმება… ზეპირსიტყვიერად აცხადებს, რომ ფიზიკურად ვიძალადე მასზე.
_ შემდეგ რა მოხდა?
_ საქმის განხილვის დაწყებიდან წელიწად-ნახევარი არის გასული და ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა, რომ მის მიმართ რამე განაჩენი დადგეს. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ვიცი, არავინ არის დაკითხული პროცესების მიმდინარეობისას.
_ ამ ყველაფრის ფონზე, ცნობილია, რომ თქვენი ყოფილი მეუღლე თავად გიყენებთ ბრალს…
_ ე. ი. ბრალად მედება ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ორსული ქალის მიმართ ძალადობა, რაც სისულელეა.
_ „სისულელეათი“ ხომ ვერ გააქარწყლებთ ბრალს?
_ აი, მაგალითად, ერთ-ერთი ფაქტი, რასაც ის მიყენებს, ორსული ქალის ძალადობას შევეხები იმ მხრივ, რომ ბავშვი დაიბადა 2018 წლის ნომბერში. ადამიანი აცხადებს, რომ 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში გიორგი მაგდებდა მე საწოლიდან ორსულსო. შემდეგ როცა ეს ჩვენებები წავიკითხეთ, ყველას რატომღაც გაგვხსენდა, რომ მაგ პერიოდში, 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში, ეგ ადამიანი არ იყო თბილისში ჩემს მისამართზე. პირველ აგვისტოს იგი წავიდა ბათუმში. 2 კვირის განმავლობაში ბათუმში იმყოფებოდა და აგვისტოს ბოლოსკენ კი თავისიანებთან წავიდა ბორჯომში. ჩემი მშობლებიც იყვნენ ჩასულები. სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით, ეგ ადამიანი ქალაქგარეთ იყო, ორსულისთვის დასვენება აუცილებელი იყო და შემდეგ როცა ჩამოვიდა, მისივე სურვილით თავის ოჯახთან გადავედი საცხოვრებლად.
_ მიზეზი?
_ დედაჩემთან მინდა ყოფნაო და მეც გავყევი. ამ ყველაფერს როცა გავეცანით, სასამართლოში შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ სატელეფონო ანძები ამოიღონ, დადგინდეს ლოკაცია, სად იყო მაგ დროისთვის. სასამართლოსგან შემდეგი პასუხი მივიღეთ, რომ ეს დანაშაული არის ნაკლებად მძიმე და, სამწუხაროდ, ვერ ამოიღებდნენ სატელეფონო ანძების ჩანაწერებს.
ახლა მე როგორ უნდა ვამტკიცო უდანაშაულობა? მამიდაჩემიც დაკითხული არის, ვინც დაადასტურებს, რომ ბათუმში იყო მაგ დროისთვის. ბორჯომიდან სურათები აქვს გადმოგზავნილი და ბორჯომშიც ადასტურებენ მაგ დროს მის იქ ყოფნას.
ჩემმა ყოფილმა მეუღლემ შეიტყო, რომ ეს თარიღები და ფაქტები მოვიკვლიეთ, მერე საერთოდ შეცვალა ჩვენება და დაწერა, რომ 2018 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით იყო ძალადობაა. როცა ადამიანი ორსულობის დროს ასეთ რაღაცებს გიკეთებს, მასთან რატომ ჩერდები? და მეორეც: 10 ფაქტი თუ არის, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს, რომელი ფაქტი რომელ თვეს მოხდა?
_ ანუ ამბობთ, რომ უდანაშაულო ხართ?..
_ ჩემ წინააღმდეგ საქმე უმისამართოდ არის აღძრული. მესმის, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქალთა ძალადობა საყურადღებო თემაა და ამის გამო გამკაცრდა კანონი. მაგრამ ეს კანონის გამკაცრება იმას ხომ არ ნიშნავს, ყველა ერთ ქვაბში მოხარშო? რატომ უნდა დავიჩაგრო მე _ ადამიანი, რომელსაც არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებენ?!
_ გიორგი, დაჭრის ფაქტის შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა და სასამართლო აგრძელებს პროცესებს. როგორ ფიქრობთ, მარტო ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებისადმი საზოგადოების ყურადღება, კანონის გამკაცრება, ზოგადად ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განაპირობებს იმას, რომ ეს საქმე ასე ჭიანურდება?
_ რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! მე რომ ანალოგიური გამეკეთებინა, რომელი წინა საპატიმრო გირაოითი მე გამომიშვებდნენ? და მეორე: წელიწად-ნახევარი ვინ დააყოვნებდა ჩემს საქმეს?.. დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ მაშინვე ციხეში გამიშვებდნენ.
_ გქონდათ თუ არა მცდელობა, რომ თქვენი კომუნიკაცია შემდგარიყო „საფართან“?
_ „საფართან“ კომუნიკაცია არ მქონია.
_ რატომ?
_ სამაგიეროდ, კომუნიკაცია მქონდა მის მშობლებთან, რადგან ბავშვი მათ ჰყავდათ წაყვანილი. დაჭრის დღეს ბავშვი ხომ ჩემთან იყო და 2 თუ 3 დღის შემდეგ წაიყვანეს. თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბავშვი არ მყავდა ნანახი.
_ რა მიზეზით?
_ მიმალავდა ბავშვს. სანამ სასამართლოთი არ ავიღე ოფიციალური გადაწყვეტილება, მანამდე ბავშვი არ მყავდა ნანახი.
_ ახლა რა სტადიაშია საქმე?
_ გასულ კვირას გვქონდა სასამართლო დავა და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გამოამჟღავნა საკუთარი სახე.
_ რას გულისხმობთ?
_ შემიძლია, ოფიციალურად წარმოვადგინო ყველაფერი _ აუდიო მასალაც კი. ერთ-ერთი საკითხი ასე იყო დასმული, რომ მესამე პირის თანდასწრებით ბავშვის ნახვა თუ შეიძლება-მეთქ? მესამე პირად დედაჩემზე იყო საუბარი. საკმაოდ აგრესიულად მომმართა, რომ თუ დედაშენს იქ დავინახავ, თავს გავუტეხო.
_ ეს გითხრათ სასამართლოზე?
_ ეს სასამართლოზე მითხრა: დედაშენი ის ქალი არ არის, ბაღში აღსაზრდელებს რომ სცემსო? ცრუ ბრალდებები და ცილისწამებები დაიწყო სასამართლოზე. სასამრთლომდე 1 კვირით ადრე ვიყავი გასული ბავშვის სანახავად. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო შეთანხმებაზე გარკვევით და მკაფიოდ ითქვა ის, რომ ბავშვს გამოიყვანდა ჩემი ყოფილი სიდედრი, ასე არ მოხდა. ბავშვი გამოიყვანა ჩემმა ყოფილმა ცოლმა და გარკვეული სახის რეპლიკებს მესროდა და პროვოკაციებზე ცდილობდა, რომ წამოვეგე ბავშვის თანდასწრებით. ეს სასამართლოზეც დავაფიქსირე, რომ საერთოდ უცხო ადამიანი მეძახა. რა გარანტია მაქვს, როცა ჩემი შვილი სულ მასთანაა, მამის სიძულვილს შთააგონებს ან მამის მიმართ უპატივცემულობას, როცა ბავშვთან არ ერიდება ჩემთვის უცხო მამაკაცის დაძახებას?
_ ანუ ამბობთ, რომ პროვოკაციებს გიწყობთ?
_ რა თქმა უნდა, ეგრეა. შარშან სექტემბერში მივიდა ბაია პატარაიას ორგანიზაცია „საფარში“. დარეგისტრირდა, როგორც „საფარის“ ბენეფიციარი. შემდეგ ეს „საფარი“ მას უშვებს თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯერ ეს ერთიც, იქ წერია, რომ ექვსთვიან სარეაბილიტაციო კურსს გადაოდა. რა იგულისხმება ამ 6-თვიან კურსში, არ ვიცი. ძალიან მშრალი დასკვნაა. არაფერი შიგ არ წერია. ყველაფერი წერია ზედაპირულად. 6 თვის განმავლობაში თუ რეაბილიტაციას გადის, მას ხომ შეიძლება გარკვეული სახის მედიკამენტი სჭირდებოდეს? არაფერი წერია ამ დასკვნაში. ამ ცენტრის ექიმი არ არის კვალიფიციური, რომ ამ სახის დასკვნა გასცეს. ამ რაღაცის საფუძველზე მიდიან „სამხარაულში“ და იგი 4 დღეში წერს საექსპერტო დასკვნას, როცა საექსპერტო დასკვნას, მინიმუმ, 1 თვე, თვე-ნახევარი სჭირდება.
_ თქვენს ეჭვს იწვევს საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნის სანდოობა?
_ ეს ყველაფერი არის „საფართან“ შეთანხმებული. მე წეღანაც აღვნიშნე, რომ გავდივარ ალტერნატიულ ექსპერტიზას. ჩემი ექსპერტი გაეცნო „საფარის“ ექიმის დასკვნას და პირდაპირ თქვა, _ ეს რაც აქ წერია, მაგის გაზომვა და შეფასება ამ მეთოდებით არ ხდებაო. ანუ არ არის ეს ექიმი კვლიფიციური.
_ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ეს ნაწილი…
_ „საფარის“ ექიმის დასკვნა დევს მის საქმეში. ამ დასკვნისა და მისი დაქალების ჩვენებების საფუძველზე, გაერთიანდა და მივიდა ეს ყველაფერი სამხარაულში. იქ ისეთი რაღაცები წერია, რომ, ალბათ, იფიქრებ, რომ უნდა გააციმბირო ეს ადამიანი საერთოდო და სამხარაულის ექსპერტსაც რა ექნა? _ რა ფაქტებიც დაუდეს, იქიდან გამომდინარე დაწერა დასკვნა. ეგ დასკვნა არის ცალსახად სუბიექტური და არა არის მეორე მხარის პოზიცია გადმოცემული.
ეჭვი მაქვს, ვვარაუდობ, რომ ორგანიზაცია „საფარმა“ მიაგზავნა ეს ადამიანი ჟურნალისტებთან და იქაც სიუჟეტი გადმოიცა ცალმმხრივად.
_ რას გულისხმობთ, იქნებ, დააკონკრეტოთ?..
_ ის ჭრილობაზე ამბობს, _ გავკაწრეო. ჭრილობა გაკაწვრა არ არის. და მერე, რომელი ლოგიკიდან გამომდინარე გაკავებს შენივე გამოძახებული პატრული?
_ ხომ გაქვთ დასკვნა, სადაც წერია, რომ თქვენ გქონდათ ჭრილობა, ანუ იყავით დაჭრილი?
_ კი ბატონო, არსებობს ეს დასკვნა და მაქვს სასამართლოში წარდგენილი. მე როცა დამჭრეს, დამენიშნა სამხარაულის ექსპერტიზა. მივედი სამედიცინო ექსპერტიზაზე და დასკვნაში წერია, რომ 2 ნაკერი მედო და ეს არ არის გაკაწვრა, ეს არის ჭრილობა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა ეს ყველაფერი თქვენმა ყოფილმა მეუღლემ, რაღაც მიზეზი და მოტივი ხომ უნდა არსებობდეს?
_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ თავი გაიმართლოს, რომ ვითომ თავს იცავდა და წარსულში ვითომ მე ვძალადობდი მასზე. ეს არის, უბრალოდ, თავის გამართლების გამო შეთითხნილი ბრალდებები.
ვერის პოლიციაში შევიტანე განცხადება მის მიერ ჩადენილი ერთი ფაქტის კი არა, რამდენიმე ფაქტის შესახებ. მეც მყავს მოწმეები, რომლებიც ამ ყველაფერს დაადასტურებენ და მის მიმართაც აღიძრება საქმე.
_ იმისთვის, რომ მკითხველისთვის უფრო ნათელი გახდეს ვითარება, მომიწევს თქვენს მეუღლესთან დაკავშირებაც და მისი პოზიციის მოსმენაც.
_ ძალიან კარგი.ფეიქრიშვილის მეუღლე ნინო მარშანიამ მის უფლებადამცველ ელისო რუხაძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც „ქრონიკა+“-სთან საუბრის დროს მეორე მხარის პოზიცია წარმოადგინა.
ელისო რუხაძე:
_ მე წარმოვადგენ ორგანიზაცია „საფარს“. ჩვენი ორგანიზაცია არის ავტორიტეტული ორგანიზაცია და იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. როდესაც ნინო მოვიდა ჩვენთან, მას ჰყავდა სხვა ადვოკატი, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვიცავთ მის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ ნინო არის ძალადობის მსხვერპლი.
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ჩვენ ტყუილად არ მივიჩნევთ ვინმეს მსხვერპლად, რადგან მე პირადად მანამდე ვატარებ დეტალურ შესწავლას საქმისას, ნამდვილად არის თუ არა ადამიანი მსხვერპლი, თუ სიმულაციაა.
_ ამ შემთხვევაში?
_ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ფოტო, აუდიო მტკიცებულებები, კონკრეტული მიმოწერა გიორგისა და ნინოს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილის მხრიდან მომდინარეობდა ძალადობრივი ქმედებები. ასევე მნიშვნელოვანია იმ დღის ფაქტია, ანუ ის, რომ ფეიქრიშვილი ძალადობდა. 10 ეპიზოდი არის გენდერული შევიწროების, შეუწყნარებლობის მოტივით წარდგენილი. დასაბუთებული ვარაუდით უკვე გამოძიება დასრულდა და საქმე არსებითად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
_ კონკრეტულად რაზე?
_ 10 სხვადასხვა მძიმე ეპიზოდზე ფეიქრიშვილის მხრიდან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივიზე.
_ ქალბატონო ელისო, როგორც გიორგი ამბობს, ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა 4 დღეში და როგორ ასე უცებ?
_ ტყუილს ამბობს, რადგან სამხარაულის ექპერტიზა დანიშნა და მეც ვიყავი ამ ექსპერტიზაზე. პირობითად, აპრილის დასაწყისში და ივნისის შუა რიცხვებში მოვიდა. 4 დღეში როგორ მოვიდა? მაგ ნაწილშიც იტყუება. შემიძლია დოკუმენტაცია წარმოვადგინო ან თავად წარმოადგინოს დოკუმენტაცია. 4 დღეში სამხარაული ფიზიკურად ვერ წერს დასკვნებს, გადატვირთულობიდან გამომდინარე. 4-5 კვირის მერე მოვიდა, იმიტომ რომ ასე მარტივად არ იწერება დასკვნა.
_ არის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ნინო ამბობს, რომ ორსულობის პერიოდში გიორგი საწოლიდან აგდებდა, გიორგი კი პასუხობს, რომ მაგ დროს ის ჯერ ბათუმში და შემდეგ ბორჯომში იმყოფებოდა…
_ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიების დროს წარმოედგინათ, მტკიცებულებები. ეს თუ ასე იყო, პირველ რიგში, გამოძიებაში უნდა დადასტურდეს, რომ ასე იყო და თავად მართალია. გამოძიების დროს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. არსებობს კონკრეტული ლოკაციები: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვარ ბათუმში და, პირობითად, თქვენ თბილსში ბრძანდებით, „მაგთის“ ან რომელიმე ნომრის ჩანაწერებს მარტივად ამოიღებთ ანძების მეშვეობით. ჩვენ გვაქვს ანძების ლოქეიშენები და ნამდვილად ემთხვევა იმ პერიოდს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, პროკურატურა აწარმოებს ამ საქმეს, ძალიან კომპეტენტური ორგანო.
_ მაგრამ ფაქტია ისიც, რომ გიორგი ფეიქრიშვილი დაჭრა მისმა მეუღლემ…
_ არსებობს ორი საქმე: ერთი, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი არის ე. წ. დაზარალებული, სადაც დაჭრა მისმა ცოლმა _ ეს არის ტყუილი.
_ ტყუილი? მას ხომ აქვს ექსპერტიზის დასკვნა?
_ არ დაუჭრია ცოლს, ეს იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თვითდაცვა. არსებობს მეორე საქმე, სადაც 10 ეპიზოდი აქვს გიორგი ფეიქრიშვილის წარდგენილი, თავის განხორციელებულ ფსიქოლოგიურ-ფიზიკურ ძალადობაზე.
_ არსებობს თუ არა ძალადობის მასალა?
_ ჩვენ ტყუილი არ გვჭირდება, იმდენი ვიდეო და აუდიო მასალაა, კონკრეტული ვიდეოებია, რომ ნინო იყო ნაცემი. შუბლზე აქვს დაზიანება. კონკრეტული ვოისებია იმ ღამეს, როცა მოხდა დაზიანება, ხელის ძალიან მსუბუქი გაკაწვრა.
_ მაგრამ გიორგი ამბობს, რომ დანით დაჭრა ყოფილმა მეუღლემ და დასჭირდა ორი ნაკერი…
_ კი, ორი ნაკერი შეიძლება დაედოს ძალიან უმნიშვნელო ჭრილობასაც. აი, ეს არ ნიშნავს განზრახ დაზიანებას. იყო შუაღამე, მანამდე იყო ჭიდავი, ძიძგილაობა… იყო ძალადობა. ნინოს დააგდებინა ტელეფონი ძირს, ტელეფონი გამოირთო, რა დროსაც ვეღარ შეძლო 112-ში დარეკვა. როგორც კი ოდნავ მოიგერია მოძალადე და შეძლო განთავისუფლება მისგან, მაშინვე ჩართო ტელეფონი და როგორც საპატრულოს გამოუძახა, ასევე დარეკა სასწრაფოშიც. ეს მტკიცებულებები არის საქმეში.
_ იცით, რა მაინტერესებს, _ ეს ხომ არ არის უბრალოდ გენდერის ნიშნის გამო ყბადაღებული თემა, რის გამოც გიორგი შეიძლება, მოძალადედ გამოცხადდეს?
_ ნამდვილად არ არის ამის გამო. ეს არის ერთი ჩვეულებრივი მძიმე ძალადობის ამბავი. გიორგი ფეიქრიშვილის მამა არის პოლიციელი, მაქსიმალურად ცდილობდა მისი შვილის მფარველობას მანამდე, სანამ „საფარი“ არ ჩავერთეთ. ეს მოახერხა კიდეც.
_ და როგორ მოახერხა?
_ ნინოს პოლიციაში ძალიან ცუდად მოექცნენ: დაკავებული იყო და ძალიან ცუდი მოპყრობა დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან. გიორგის მამა პოლიციელი იყო და მფარველობდა მის შვილს. მას შემდეგ, რაც აღარ არის პოლიციელი და რაც წესიერი ადვოკატები ჩავერთეთ და ვიცავთ ნინოს ინტერესებს, რაც არ მოსწონს, რა თქმა უნდა, პატივცემულს, შესაბამისად, ვეღარ მფარველობს.
_ გიორგი ამბობს, რომ ნინომ ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედება გადაეფარა.
_ ნინომ მაშინვე თქვა, როგორც კი დააკავეს, რომ გიორგი ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებდა მასთან მიმართებით. დაკითხულია ორი ნეტრალური მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს ეს გარემოება.
_ რა გარემოება?
_ რომ გიორგი ძალადობდა ნინოზე.
_ გმადლობთ.
ჩვენ შეგნებულად არ დავუსვით უფლებადამცველს კითხვა ბავშვის შესახებ, რადგან მისგან პასუხი ამ თემაზე ვერ იქნებოდა მისაღები სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო. თუმცა საინტერესოდ მოგვეჩვენა, რომ ის თავად არ შეხებია ამ თემას.
და მაინც, ბოლოსკენ შევნიშნავთ, რომ ასეთი სახის საქმეებზე სასამართლომ და სამართალდამცველებმა უფრო დაჩქარებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რადგან ამით გამოირიცხოს დამატებითი სტრესები საქმის ფიგურანტებისა და მესამე პირების მიმართ, განსაკუთრებით კი როდესაც მესამე პირი, შესაძლოა, საქმის უმთავრეს ფიგურანტად ჩათვალოს, რადგან მას შვილი ჰქვია.
ზუკა ნემსაძე