ბადრი ბასიშვილი: „გახარიამ „ოცნებას“ შეიძლება ხმების ნახევარი წაართვას“
მგზნებარე სტალინისტმა, გრიშა ონიანმა, გადაწყვიტა, გორის მერად ეყარა კენჭი. იგი გორელებს დაჰპირდა, სტალინს გადმოვასვენებ და გორის ციხის ზევით დავმარხავო. ეტყობა, იფიქრა, ეს ინიციატივა მას უფრო მეტ მხარდამჭერს შესძენდა. მართალია, გორში სტალინი უყვართ, მაგრამ ონიანის პარტიის ყრილობაზე სულ ათი კაცი მივიდა, საიდანაც 8 ჟურნალისტი იყო. გორელების გადაგდებულმა ონიანმა განაცხადა, რომ ამიერიდან იქ ქორწილშიც აღარ ჩავა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი, ამბობს, რომ ხელისუფლების ჩარევა რომ არა, ონიანის ღონისძიებაზე უფრო ბევრი ხალხი მივიდოდა.
რატომ შეუშალა ხელი მთავრობამ გრიშა ონიანს? რა საფრთხეს წარმოადგენს გახარია „ქართული ოცნებისთვის“? რატომ აგვიანებს ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებას? რა პრობლემები შეექმნება მმართველ პარტიას გორში? _ ამის შესახებ ბადრი ბასიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო ბადრი, გრიშა ონიანი აპირებდა, გორის მერად ეყარა კენჭი. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგზნებარე სტალინისტია, მის თავყრილობაზე სულ რამდენიმე გორელი მივიდა. ამის გამო ონიანი გაბრაზდა და გორის მერობას აღარ აპირებს. რატომ გადააგდეს გორელებმა ონიანი?
_ გასაკვირი არ იყო, გრიშა ონიანმა გორში რომ მოინდომა მერობა. მას ეგონა, სტალინის სახელის ქვეშ მოიპოვებდა გარკვეულ ხმებს. გორში დღესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სტალინი მისაღები და საფიცარია. მისი კულტი ისევ არსებობს. ეს ადამიანები აუცილებლად მივიდოდნენ გრიშა ონიანის ყრილობაზე, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ამას ხელი შეუშალეს. მათთვის ახლა მიუღებელია, რომ ონიანმა გორში რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს.
გორში „ქართული ოცნება“ გახარიას გამო ისედაც კარგავს ხმებს. ამ დროს გორში კიდევ ერთი ახალი ორგანიზაციის გამოჩენა არ აწყობთ. გრიშა ონიანს, შეიძლება, სულ რაღაც, 2-3% აეღო, მაგრამ ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ეს პროცენტებიც მნიშვნელოვანია.
_ ფიქრობთ, რომ ონიანს „ოცნების“ ამომრჩეველი დაუჭერდა მხარს?
_ კი არ ვფიქრობ, ამაში დარწმუნებული ვარ. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდეს, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტი უნდა აიღოს. ამ პროცენტებს მათ გიორგი გახარია ართმევს. გრიშა ონიანის გააქტიურებას გორში შეეძლო, „ოცნება“ კიდევ უფრო დაესუსტებინა.
_ ონიანს იმდენი მხარდამჭერი ჰყავს გორში, რომ „ოცნებას“ მისი შეეშინდა? ერთი შეხედვით, ეს დაუჯერებელია.
_ ონიანს ჰყავს გორში მხარდამჭერები. ის, რომ ყრილობაზე ხალხი არ მივიდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციებზე 20.000 ადამიანი მოსულა, მაგრამ არჩევნებში 800.000 ხმა აგვიღია. ყველამ იცის, რომ სუსი თვალთვალს ახორციელებს და ამის გამო მოერიდნენ გორელები ონიანთან ღიად გამოჩენას. პარტია რომ დაერეგისტრირებინა და გორის მერად ეყარა კენჭი, მერწმუნეთ, ასეულობით ხმას აიღებდა.
_ რატომ უნდა აიღოს ონიანმა გორში ხმები? გავიგე, რომ სტალინისტია, მაგრამ აგვისტოს ომის მერე როგორ უნდა უყვარდეთ გორელებს სტალინი? სტალინისგან ჭირს ყველა უბედურება შიდა ქართლს. სტალინი მოღვაწეობდა რუსეთში, როცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი იქმნებოდა და არც მაშინ და არც მერე ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია. ქართლის ამ ნაწილის ფაქტობრივი ოკუპაცია სწორედ ამ ცრუ ტოპონიმის _ „სამხრეთ ოსეთის“ _ დარქმევით დაიწყო.
_ სტალინმა ბევრი უბედურება მოუტანა ამ ქვეყანას, მაგრამ გორში მას მაინც ჰყავს მხარდამჭერები. მისი კულტი ისევ არსებობს და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით პროტესტს არ გამოხატავს.
_ რატომ არ გამოხატავს ხალხი პროტესტს, დაიღალა, თუ რა ხდება?
_ რა ვიცი?! ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გორს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან. რუსეთში ამ რეგიონიდან წასულები ბლომად ცხოვრობენ. არსებობს ქართულ-ოსური კონტაქტები. არის სერიოზული ბიზნესი რუსებსა და რეგიონის მცხოვრებლებს შორის. ამას ემატება „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა, რამაც ხელი შეუშალა პატრიოტიზმის ამაღლებას, რაც ქართველებს ოდითგანვე გვქონდა.
_ რეგიონის მოსახლეობა, მგონი, საყვედურს არ იმსახურებს. 1989 წლიდან მათ მშვიდობა არ უნახავთ. იქ გაიზარდეთ და თავად იცით, რაც ხდებოდა. იქნებ, ამ ყველაფრისგან დაიღალნენ და ამიტომ ეგუებიან მშვიდად მცოცავ ოკუპაციას?
_ დაღლითაც დაიღალნენ, მაგრამ მთავარი მიზეზი, რატომაც არ რეაგირებენ, არის ხელისუფლების პოლიტიკა. ისევე როგორც მთელი ქვეყანა, შიდა ქართლის მოსახლეობაც ხედავს, რომ ხელისუფლება არაფერზე რეაგირებს: არც ადამიანების გატაცებაზე რეაგირებენ და არც მიწების ანექსიაზე. როცა სახელმწიფოს ასეთ რამეებზე რეაქცია არ აქვს, იქ ადგილობრივი ფიქრობს, რომ თავად შიშველი ხელებით ვერაფერს გახდება და დუმილს ამჯობინებს. რა და როგორ უნდა გააპროტესტონ, როდესაც რუს ოკუპანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადამიანები გაიტაცონ?! გატაცებულები მერე ცხინვალის ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. ამ გატაცებულ და ციხეში გამოკეტილ ადამიანებსაც კი არ შველის სახელმწიფო.
_ შველას ვინ ჩივის, ხშირად იქით უყენებენ მათ პრეტენზიებს, რატომ მივიდა საოკუპაციო ზოლთან ახლოსო.
_ ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი რამ. იმის მაგივრად, რომ ოკუპანტებს წაუყენონ პრეტენზიები, თავისივე მოქალაქეებს საყვედურობენ.
_ ასე იყო ვაჟა ექიმის შემთხვევაშიც. კაცი რამდენიმე თვე იჯდა ცხინვალის იზოლატორში. „ოცნების“ მხარდამჭერები მას ლანძღავდნენ.
_ ვაჟა ექიმის ამბავი ერთ-ერთი სამაგალითოა. სამარცხვინოდ იქცევა „ქართული ოცნება“ ზაზა გახელაძესთან მიმართებითაც. ამიტომ უყურებს ხალხი ამ მცოცავ ოკუპაციას მშვიდად. როგორი პოლიტიკაც აქვს სახელმწიფოს, ხალხის რეაქციაც ისეთია. იმაზე საშინელება რა უნდა იყოს, როცა ყოველდღიურად უყურებ შენი მიწების ოკუპაციას. ამაზე ხელისუფლება და ხალხი ერთად უნდა გამოხატავდეს პროტესტს, მაგრამ ოკუპაციაზე ყველა დუმს.
_ „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება აკრძალა, 3 ივლისს კი გორის თეატრი, სადაც გრიშა ონიანი ყრილობას ატარებდა, საბჭოთა კავშირის დროშებით იყო მორთული. ეს რას ნიშნავს?
_ ჩვენმა ხელისუფლებამ ნამდვილად აკრძალა საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ეს კანონი ბევრჯერ დაირღვა. დაირღვა კანონი ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებითაც. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ თბილისს ხშირად სტუმრობდა ის ხალხი, ვინც მანამდე ცხინვალი და სოხუმი მოიარა.
რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას, ეს გორში ჩვეულებრივ ამბად იქცა. სტალინის მოტრფიალე ადამიანები ყოველ 9 მაისსა და 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დროშებით აწყობენ აღლუმებს. ამაში მათ ადგილობრივი ხელისუფლება ხელს არ უშლის. პირიქით _ ეხმარება კიდეც.
_ რატომ უწყობენ ხელს?
_ გორის მერი არის კოტე თავზარაშვილი. ის ამ ქალაქის სირცხვილია. მან გადაჭამა გორელების ბიუჯეტი. კონტრაქტებს აფორმებს რუსულ კომპანიებთან და ცდილობს, გორში რაც შეიძლება მეტმა ოკუპანტმა იშოვოს ფული. კოტე თავზარაშვილი ვის აუკრძალავს საბჭოთა კავშირის დროშების ფრიალს? როდესაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, იქ მოსახლეობა საერთოდ არ ამოიღებს ხმას.
_ სტალინისა და გრიშა ონიანის პოპულარობა გავიგე, მაგრამ რა ახსნა აქვს გიორგი გახარიას ფენომენს? წინა ინტერვიუში მითხარით, რომ მას გორში მხარდაჭერა ჰქონდა. ამის დაჯერება გამიჭირდა, მაგრამ მერე სხვა გორელებსაც ვესაუბრე და ყველამ დამიდასტურა თქვენი ნათქვამი.
_ შიდა ქართლში და კერძოდ გორში, თავის დროზე, დიდი გავლენები ჩამოუყალიბდა გახარიას კლანს. მხედველობაში მყავს საბანაძე-ხოჯევანიშვილების კლანი. გახარიას კლანს წარმოადგენენ წვრილ-წვრილი ბიზნესმენებიც, რომლებსაც ტენდერები მოაგებინეს. მოკლედ, ფული აშოვნინეს. ჩვენთვის გახარია და ივანიშვილი ერთი და იგივეა. ძალიან საინტერესო არჩევნები იქნება გორში. სხვა რეგიონებშიც იქნება საინტერესო ამბები, მაგრამ გორი განსაკუთრებული იქნება. ყველაზე მეტი საჯარო მოხელე გახარიას გორიდან ჰყავდა დანიშნული. ძალიან ძლიერად მოიკიდა ფეხი ხოჯევანიშვილების კლანმა.
_ ხოჯევანიშვილები თქვენი ხელისუფლების დროსაც საკმაოდ კარგად იყვნენ.
_ მაღალ თანამდებობებზე იყვნენ. ერთი შსს-ს მაღალჩინოსანი იყო, ხოლო მეორე ძმა ციხეებში მუშაობდა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გორში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება. ეს ოპოზიციამ საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ, მაგრად უნდა დავდგეთ და „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების უფლება არ მივცეთ.
დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს 45%. ეს 45% „ქართულმა ოცნებამ“ და გახარიამ უნდა გაიყონ. გორში ეს 45% მმართველ პარტიას გახარიამ შეიძლება შუაზეც კი გაუყოს. სხვა რეგიონებში რა იქნება, ვერ გეტყვით, გორის შედეგები იქნება ძალიან საინტერესო. აქ ყოფილ პრემიერს შეუძლია, „ოცნებას“ 45-დან 20%-მდე წაართვას.
_ მმართველი პარტია ასე მშვიდად ეგუება გორში გახარიას კლანის გაპარპაშებას?
_ მშვიდად არ ეგუება. ნელ-ნელა დაიწყეს მათი შევიწროება: რწმუნებულების მოხსნა. იმათ ხსნიან, ვინც გახარიას კლანს წარმოადგენს. ამ ადამიანის დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით. ყოფილი პრემიერი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შეუძლია, არჩევანი გააკეთოს და თქვას, კობახიძე-ღარიბაშვილი ურჩევნია, თუ _ გახარია?
როგორც უკვე გითხარით, გახარია და ივანიშვილი ჩვენთვის ერთი და იგივეა. ამ მომენტში გახარიას თანავუგრძნობთ, რადგნ მას შეუძლია დაგვეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში. მისი დახმარებით შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი ვერ აიღოს. ჩვენი მიზანიც ეგაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს შედეგი დადგეს.
_ ამასობაში ისე არ მოხდეს, რომ „ნაციონალები“ გახარიას დაუმეგობრდეთ.
_ რას ამბობთ, ჯვარი გვწერია. ჩვენი და გიორგი გახარიას კლანის მეგობრობა არ გამოვა.
_ რატომ არ გამოვა?
_ იმისთვის, რომ მეგობრები გავხდეთ, ჩადენილი უნდა მოინანიონ. აგონ პასუხი არჩევნების გაყალბებაზე და კორუფციაზე. ეს რომ აღიარონ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკისგან ძალიან დიდი ხნით მოუწევთ დასვენება.
_ ოპოზიციის შანსები როგორია შიდა ქართლში? გორში ყოველთვის ნორმალურ შედეგს აჩვენებდით და სტაბილურად მეორე ადგილზე გადიოდით. ახლაც იგივე მოხდება?
_ 2012 წლის მერე გორში, ძირითადად, მეორე ადგილზე გავდივართ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი გორში პირველ ადგილზე გავიდა. ჩათვალეთ, რომ 30%-იანი პარტია ვართ. არადა, გორში იმდენი ფული დახარჯეს. მთელი დესანტი აქ იყო გადმოსროლილი. საბანაძიდან დაწყებული, ოხანაშვილით დამთავრებული, ყველა „ოცნების“ ხმებზე მუშაობდა.
_ ოხანაშვილიც გორის სიამაყეა?
_ აბა, აბა! სოფელ ბეშუეთიდან არის. სერიოზულად იყვნენ მობილიზებულები, როგორც ფინანსურად, ასევე ადმინისტრაციულად, მაგრამ ჩვენ მაინც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. გორში არჩევნების მოგება ყველასთვის რთულია. აქ თავისებური პოლიტიკური კლიმატია.
_ რას გულისხმობთ?
_ გორში ყოველთვის იყო და ახლაც არსებობენ სხვადასხვა დაჯგუფებები. აქაურობა კლანურად არის დაყოფილი. ამ ფონზე ჩვენ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მე ცხინვალის რეგიონში რომ მეყარა კენჭი, 70%-ს ავიღებდი. გორი ჩემთვის მაინც უცხო რეგიონია.
_ გინდათ თქვათ, რომ გორმა არ მიგიღოთ?
_ არაა გასაკვირი, რომ ასე მოხდა. გორი ჩემთვის ხომ მაინც უცხოა. მე გავიზარდე ცხინვალის რეგიონში. იქ მყავს მეგობრები, ნათესავები. ეს ტერიტორია ახლა ოკუპირებულია. იქ რომ მეყარა კენჭი, 70%-ს უპრობლემოდ ავიღებდი. იმათთან ბევრად იოლად გამოვნახავდი საერთო ენას. სადაც შარშან ვიყრიდი კენჭს, იქ 98% ჩემი ამომრჩეველი არ არის. ცხინვალის რეგიონში სულ 20.000 ამომრჩეველი იყო. ისინი ახლა სხვადასხვა ადგილას არიან განაწილებული: ზოგი მცხეთაშია, ზოგი გორში, ზოგი რუსთავსა და ზოგიც თბილისში.
გორი უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ შედეგს მაინც მივაღწიე. კიდევ ბევრი რამე დალაგდა და უფრო კარგი მაჩვენებლი იქნება. ქარიშხალი რომ წამოვა, ის გორსაც გადაუვლის და ყაზბეგსაც.
_ ქარიშხლის გადავლისგან ჯვარი გვწერია, რას ერჩით ან გორს, ან ყაზბეგს?
_ არაფერს ვერჩი. კარგი გაგებით ვსაუბრობ და მხედველობაში მაქვს ცვლილებების ქარიშხალი, რომელიც ამ ქვეყანას აუცილებლად გადაუვლის.
_ თქვენ მითხარით, რომ გახარია „ოცნებას“ წაართმევს ხმებსო. სხვა ოპოზიციონერებიც ამას ამბობენ. თქვენ მაგის იმედად ხომ არ ხართ ამ არჩევნებზე? რაღაც ძალიან დააგვინდა ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის დაწყება.
_ ძალიანაც არ დაგვიგვიანია. შიდა სამუშაოები დიდი ხნის წინ დავიწყეთ. შიდა ქართლის მასშტაბით ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვხვდები პირველადი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თითქმის შეჯერებული ვართ მერობის კანდიდატებზე.
_ მთელი ქვეყნის მასშტაბით?
_ ამ შემთხვევაში შიდა ქართლზე მოგახსენებთ. შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებზე ვართ თითქმის შეჯერებულები. ასევე ვიცით, თუ ვინ ეყოლებათ ჩვენს კონკურენტებს მერობის კანდიდატებად.
_ არ გვეტყვით მათ ვინაობას?
_ ჯერ ვერ ვიტყვი. როგორც გითხარით, თითქმის შეჯერებული ვართ და შეიძლება, კიდევ რამე შეიცვალოს. სერიოზულად ვმუშაობთ. ვაკეთებთ იმას, რასაც პარტია არჩევნების წინ უნდა აკეთებდეს.
_ ოფიციალურად როდის დაიწყებთ საარჩევნო კამპანიას?
_ მაშინ, როცა ცესკო გამოაცხადებს არჩევნების თარიღს.
_ ამას რა გამოცხადება უნდა? ყველასთვის ცნობილია, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
_ ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ველოდებით, ცესკო როდის გამოაცხადებს ოფიციალურად არჩევნების თარიღს. ამის შემდეგ ჩვენ უფრო მეტი წარმოჩინებით გამოვჩნდებით და ჩვენს კანდიდატებს წარვადგენთ. მანამდე არ გეგონოთ, რომ გულხელდაკრეფილები ვსხედვართ.
_ მითხარით, რომ აკეთებთ იმას, რაც პარტიამ არჩევნების წინ უნდა გააკეთოსო და კონკრეტულად რას აკეთებთ?
_ ვხვდებით ამომრჩეველს; ვატრენინგებთ საარჩევნო კომისიის წევრებს; ვეძებთ ისეთ ახალ სახეებს, რომლებიც დამატებით მოგვიტანენ ხმებს; ვეძებთ ისეთებსაც, ვინც ხმების დაცვაში დაგვეხმარება. ასე რომ, გულხელდაკრეფილები არ ვართ. ახლა მოგეხსენებათ, რომ ევროპის ჩემპიონატი მიდის ფეხბურთში და ამ დროსაც კი სერიოზულად ვმუშაობთ. სერიოზული საარჩევნო სამზადისი გვაქვს გაჩაღებული.
_ ევროპის ჩემპიონატის დროს თუ საარჩევნო სამზადისი გაქვთ, ე. ი. გორში ფეხბურთი არ ყვარებიათ.
_ რას ამბობთ! გორში როგორ არ უყვართ ფეხბურთი? აბა, ერთი გორის „დილას“ თამაშს დაესწარით და ნახავთ, რა დინებებია სტადიონზე.
_ გორის „დილას“ თამაშებზე რა ხდება, ეგ გადმოცემით კარგად ვიცი.
_ ძალიან გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ წინ სერიოზული არჩევნები გველოდება და ევროპის ჩემპიონატის დროსაც არჩევნებისთვის ვემზადებით.
_ ზემოთ ვისაუბრეთ, რომ „ნაციონალები“ გორში ყოველთვის კარგ შედეგს დებდნენ. მას შემდეგ, რაც თქვენი პარტია პარლამენტში შევიდა, სიტუაცია არ შეიცვლება? ამომრჩევლის ნაწილი ბოიკოტის შეწყვეტის გამო გაგინაწყენდათ.
_ ვიქნები გულწრფელი და ამ კითხვაზე გულახდილად გაგცემთ პასუხს: ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი, რომლის აზრიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფიქრობდა, რომ ბოიკოტი უნდა გაგრძელებულიყო. მათი აზრით, შემოდგომის რეფერენდუმამდე პარტია პარლამენტში არ უნდა შესულიყო. ასეთ ადამიანებს არაერთხელ ვესაუბრეთ. პირადად მეც ვესაუბრე მათ ამ თემაზე. მოვისმინე მათი არგუმენტები. რაღაცაზე მე დავეთანხმე, რაღაცაზე ისინი დავითანხმე და საბოლოო ჯამში შევჯერდით.
_ გინდათ თქვათ, რომ ამომრჩეველი არ დაგიკარგავთ?
_ ამ ადამიანებს არ მოეწონათ, ჩვენ რომ ბოიკოტი შევწყვიტეთ და პარლამენტში შევედით. ისინი განაწყენებული არიან, მაგრამ ვფიქრობ, გადამწყვეტ მომენტში ისევ მოუბრუნდებათ ჩვენზე გული.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მოუბრუნდებათ გული?
_ ეჭვი არ მეპარება. ეს ის ხალხია, ვისაც გული მოუბრუნდება და ისევ გამოგვყვება ბრძოლაში. ამომრჩეველი კი გავანაწყენეთ, მაგრამ არ დაგვიკარგავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც ეტაპზე ბოიკოტი საჭირო იყო, მაგრამ დადგა მომენტი, როცა პარლამენტში უნდა შევსულიყავით.
პარლამენტში შესვლისკენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოგვიწოდებდნენ. ჩვენ მათ სიტყვასაც გავუწიეთ ანგარიში. ვაცნობიერებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ მხარდაჭერას. მომავალში არჩევნები კიდევ რომ გააყალბონ, დასავლეთმა უნდა დაგვიჭიროს მხარი. ამიტომ გავუწიეთ ანგარიში მათ.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის, ფაქტობრივად, რეფერენდუმი და მისთვის ისე ვემზადებით, როგორც არასდროს. ხელისუფლებას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ისევ გააყალბოს არჩევნები.
_ საპარლამენტო არჩევნებზეც ამას ამბობდით, მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო არჩევნების გაყალბება.
_ ახლა ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ. იმედი მაქვს რომ მთელი ოპოზიცია ერთად დადგება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტიურად რეფერენდუმია და მისი შედეგების გაყალბება არ უნდა დავუშვათ.
შორენა მარსაგიშვილი