ჰომოფობია _ „ჭეშმარიტი ქართველობის“ უკანასკნელი ბასტიონი

სექსუალური ორიენტაცია საქართველოში, პერიოდულად, წელიწადში 1-2-ჯერ, გააფთრებული საზოგადოებრივი დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ქვეყანა, რომელმაც ყველანაირი ორიენტირი დაკარგა, საბჭოთა-მამაპაპური ქცევის კოდექსი დამსახურებულად გადააგდო სანაგვეზე, მაგრამ ახალი ჯერ ვერ მოიფიქრა. ქვეყანა, რომელიც ნებისმიერ უზნეობასა და ამორალურობას მშვიდად და აუღელვებლად უყურებს _ იქ, სადაც საქმე უკანალის სიწმინდეს შეეხება, უცებ ხდება პრინციპული და შეუპოვარი.

ეს ხომ ძალიან ადვილია _ 20 გეიაქტივისტის ლინჩის წესით გასამართლება ბევრად მარტივია, ვიდრე რუს ოკუპანტებთან ბრძოლა, ვიდრე ნარკომანიის, აზარტული თამაშების, უსაქმურობისა და ტოტალური არაპროფესიონალიზმის დაძლევა.

ფარისევლობაა მორალსა და ოჯახურ სიწმინდეებზე საუბარი ქვეყანაში, სადაც „ჩემი დედას შ…ცის“ ამბობენ _ ეს ხომ გაცილებით უფრო დიდი და ღრმა მორალური უფსკრულია, ვიდრე „არასწორი“ სექსუალური ორიენტაცია.

ქვეყანა, სადაც 10 უმსხვილესი ბიზნესკომპანიიდან არც ერთი წარმოება არაა, სამაგიეროდ, 5 სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს, _ ყოველგვარი საუბარი მორალსა და ზნეობაზე კანონის ძალით უნდა იკრძალებოდეს.

თუმცა რაც გვაქვს, ის გვაქვს _ მორალისა და ზნეობისგან სრულიად დაცლილი ქვეყანა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ საყოველთაო სიწმინდის დამცველი ხდება.

რაღაც კუთხით ასეთი გააფთრებული ჰომოფობია გასაგებიცაა _ ქართულმა ტრადიციონალიზმმა, თავისი არაქმედითუნარიანობის გამო, საზოგადოებაში თითქმის ყველა პოზიცია დათმო: ტრადიციონალისტების მიერ „ქართველობად“ მიჩნეული ფასეულობები იმდენად ყალბია, რომ მათ ყველა მიმართულებით უკან დაიხიეს.

ქვეყანა, სადაც 1995 წელს სილამაზის კონკურსების მონაწილეები სცენაზე კოჭებამდე ჩაცმულები გამოდიოდნენ, ხოლო გოგონების იძულებითი მოტაცების სამარცხვინო ტრადიციამ 90-იანი წლების ბოლომდე ჩააღწია, დღეს ბევრად უფრო თავისუფალი და მრავალფეროვანია.

ტრადიციონალისტები თვალს ადევნებენ რეალობას, რომელიც მათი გადასახედიდან სამყაროს აღსასრულია: გოგონები მოკლე კაბებში და პირსიგებით, ბიჭები საყურეებით, ქალები, რომლებსაც უდღეური ქმრების მიტოვების არ ეშინიათ… ისინი უყურებენ სამყაროს, სადაც თითქმის არ დარჩა ტაბუირებული თემები და ლაპარაკი ყველაფერზე შეიძლება, მათ შორის, იმაზე, რაზეც, სულ რაღაც, 15 წლის წინათ საჯარო სივრცეში ხმასაც კი ვერ ამოიღებდი, მათ შორის, ეკლესიის გამყიდველობასა და რელიგიის დესტრუქციულ როლზე დღევანდელ საქართველოში.

მათ ამასთან შეგუება უწევთ. კონსერვატორები, რომლებიც, სულ რაღაც, 20 წლის წინათ ქვეყანაში განწყობებსა და ტენდენციებს აყალიბებდნენ, დღეს მარგინალურ ნიშაში არიან და უმწეოდ ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს.

მათ დარჩათ მხოლოდ ერთი რამ, რასაც ისინი ჩაებღაუჭნენ _ ეს არის ჰომოფობია. ადამიანებს, რომლებმაც ყველა ფასეულობა დათმეს, უწევთ შეუძლებელთან, წარმოუდგენელთან, აბსოლუტურ მკრეხელობასთან შეგუება _ იმასთან, რომ ერთ სქესს შორის სიყვარული ნორმალური მოვლენაა.
ამას ისინი არ დათმობენ, რადგანაც ჰომოფობია და ყალბი რელიგიურობა მათი ეროვნული იდენტობის საფუძველია. ესეც რომ დათმონ, მაშინ რაღა დარჩა ქართველობისგან?

სწორედ ამით აიხსნება ასეთი ზღვარგადასული ჰომოფობია, რომელიც, წესით, ნორმალური, საკუთარ თავში დარწმუნებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცისთვის დამახასიათებელი არ უნდა იყოს _ მაშინ საიდან ასეთი აგრესია? გეები საქართველოში საკმაოდ ფარულად ცხოვრობენ, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას თუ არ მალავენ, ყოველ შემთხვევაში, არც განსაკუთრებულად არ წარმოაჩენენ.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ჰომოსექსუალიზმი, რაღაც, შორეული პრობლემაა, რომელიც, სადღაც, პარალელურ სამყაროში არსებობს. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს თავისი ცხოვრების მანძილზე ჰომოსექსუალებთან არანირი შეხება არ აქვს.

საშუალოსტატისტიკური ქართველის ნახევარმა ცხოვრებამ შესაძლოა ისე გაიაროს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში (არა შოუბიზნესსა და არა ტელეეკრანზე) არც ერთი ჰომოსექსუალი არ დაინახოს.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში გადარჩენისთვის იბრძვის, ჰომოსექსუალიზმი 1589-ე მნიშვნელობის პრობლემაა.

თუმცა ეს ნორმალური, რაციონალური ადამიანებისთვის; „ჭეშმარიტი ქართველობის“ დამცველებისთვის კი ეს ბოლო ბასტიონია. უკანასკნელი პრინციპული ბრძოლა და მასში დამარცხება ამ „ქართველობის“ საბოლოო დასამარებას ნიშნავს.

ამიტომაა, რომ კონსერვატორებს შორის ჰომოსექსუალიზმი მთავარი სალაპარაკო თემაა _ გადახედეთ მათ გვერდებს სოციალურ ქსელებში და ერთსა და იმავე სურათს დაინახავთ: ბევრი ხატი, კიდევ უფრო მეტი პატრიარქი და მათ შემდეგ, უკონკურენტოდ, გეითემატიკა.

გეებმა დაიპყრეს ამერიკა, გეებმა ჩაყლაპეს ევროპა, გეებმა დასავლეთში ცნება დედა და მამა გააუქმეს, გეები მამაკაცებს ერთმანეთთან სექსს აიძულებენ, ნორვეგიაში მამაკაცებს შორის ქორწინება სავალდებულო გახდა… მოკლედ, გეები, გეები, გეები…

ამ ადამიანებს აშკარად სჭირდებათ ვიზიტი ფსიქოთერაპევტთან – იმისთვის, რომ მოიცილონ აკვიატება თემაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნულოვანი რისკის მატარებელია.

ამ დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვერ ავცდებით. როდესაც პროფესიონალ ჰომოფობებზე იტყვიან, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან,- ძალიან სწყინთ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმართლეა.

დღეს ჰომოფობია რუსული საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია: რუსეთი, რომელმაც დასავლეთის წინაშე თითქმის ყველა უპირატესობა დაკარგა, ცდილობს მორალისა და ზნეობის დამცველის მანტია მოირგოს.

„ევროპა და ამერიკა ყველას გეებად გადაგაქცევთ“ _ სწორედ აქ გადის დღეს მთავარი ფრონტის ხაზი რუსულ „რბილ ძალასთან“ გლობალურ ომში.

სხვა სათქმელი ხომ რუსეთს აღარ დარჩა: არც ეკონომიკა უვარგა, არც პოლიტიკა, არც სახელმწიფო ინსტიტუტები. ერთადერთი რამ ძალუძს _ გამოიყენოს კონსერვატორებისთვის ორგანულად დამახასიათებელი ჰომოფობია და აქციოს ის პოლიტიკურ იარაღად.

ერთ მხარეზე დგანან ადამიანები, რომლებისთვისაც ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლა საკუთარი იდენტურობის ერთადერთი სიმბოლო გახდა, მეორეზე კი _ ვერაგი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამის გამოყენებას ცდილობს.

სწორედ ამიტომ გახდა 20 ადამიანის ქუჩაში 15-წუთიანი გასეირნება ქვეყნისთვის მრავალწლიანი გადაუწყვეტელი პრობლემა.

თენგიზ აბლოთია