რა კავშირები აქვს ბაღდათის მერს ინვესტორთან?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მალე იმ მოედნის გარეშე დარჩება, სადაც მათ ფეხბურთის თამაში შეისწავლეს და შემდგომში ეს ადგილი, ერთგვარ, საწვრთნელ ბაზად გადააქციეს. ბაღდათის მერის, არჩილ გოგსაძის გადაწყვეტილებით, ტერიტორია, სადაც საფეხბურთო მოედანია განთავსებული, აუქციონის წესით ღვინის მწარმოებელ კომპანიას გადაეცემა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ პრეზიდენტ ირაკლი ჩიგოგიძის მტკიცებით, აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი და იგი მას შემდეგ საქმეს დეტალური შეისწავლის:

_ ირაკლი, რამდენი ხანია, რაც ეს ამბავი გახდა ცნობილი და რა ინფორმაცია გაქვს პირადად შენ საკითხის შესახებ?

_ დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ეს ამბავი გავიგე. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბაღდათის მერ არჩილ გოგსაძეს სტადიონის გაყიდვა უნდა და მიუხედავად ადგილობრივების წინააღმდეგობისა, საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის. კულუარული ინფორმაციით, ისიც შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა აქვთ გუნდშიც და „ქართული ოცნების“ გარკვეული წარმომადგენლები მას უპირისპირდებიან.

_ რამდენი წელიწადია, რაც მოედანი ფუნქციონირებს?

_ როგორც ჩემთვის არის ცნობილი ადგილობრივების მონათხრობიდან, სტადიონი ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე იყო, რაც სოფლის მოსახლეობის განტვირთვის ერთადერთი საშუალებაა. არჩილ გოგსაძე აცხადებს, რომ სტადიონი მაინც უფუნქციოა და მისი ინვესტორისთვის მიყიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სწორედ ამ საკითხში ცრუობს ის, რაგადანაც სტადიონზე ბოლოს საფეხბურთო შეჯიბრი გასულ წელს ჩატარდა, წელს კი პანდემიიდან გამომდინარე, უბრალოდ, ვერ ფუნქციონირებს ისე, როგორც მანამდე.
დამირეკმა გოგსაძესთან დაახლოებულმა პირმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს არჩილს და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდათ, რადგანაც მერის მიერ გაცემული დაპირება მათთვის არ იყო გარანტი, გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალური მოედანიც კი სრულიად უპატრონოდ აქვს მიგდებული და არ ცდილობს, რაიმე გააკეთოს იქ. აქედან გამომდინარე კი სოფლის მოედნის ბედით ის არ დაინტერესდება.

_ ხალხი რას ამბობს?

_ ხალხიც აჯანყებულია და გამოვიდა კიდევაც. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რაც სტადიონის ხელშეუხებლობას გულისხმობს, პროტესტის უფრო მასშტაბურ ფორმებზე გადავლენ.

_ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია მოსახლეობას ინვესტორისგან?

_ ახლობლები მყავს ვარციხეში და როგორც მათ მითხრეს, თავად ბაღდათის მერი დაჰპირდა, რომ ახალი სტადიონი იქნება და გარდა ამისა, ვარციხის ქალთა საფეხბურთო კლუბსაც დააფინანსებენ, თუმცა მე ამის არ მეჯრა, რადგან ბაღდათის ძირითადი საფეხბურთო გუნდისთვის არ მიუხედავს და არ დაინტერესებულა მათი პრობლემებით, გუნდი გაპარტახებულია და რომელი სოფლის გუნდისა და სტადიონის დაფინანსებაზეა საუბარი? მეტიც: მე პირადად სოფელ ფერსათში ვცხოვრობ და რამდენი ხანია ვეხვეწებით მინისტადიონის გაკეთებას მერიას და არ გვიკეთებენ. აცხადებენ, რომ არ არის საჭიროო.

_ რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ?

_ რამდენჯერმე დამირეკეს და მითხრეს, რომ გავჩერდე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი აქტიურობის გამო ინვესტორებს არ სურთ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ფულის ჩადება. თუმცა მე არანაირი მუქარის არ მეშინია, რადგანაც მიმაჩნია, რომ ამ კონკეტულ და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ერთგვარი, ხიდის ფუნქცია მაკისრია და მოსახლეობის სათქმელი ადრესატამდე მიმაქვს.

საკითხის დეტალიზებისთვის „ქრონიკა+“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ გოგსაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო არჩილ, რა გახდა იმის აუცილებელი საფუძველი, რომ სოფელ ვარციხის ახალგაზრდობა და ზოგადად სოფელი მოედნის გარეშე უნდა დარჩეს?

_ მთელი პრობლემა ზუსტად ეს არის, რომ ძალიან ცუდად წარმოაჩინეს ვიღაცებმა ეს საკითხი, სხვადასხვა პირადი თუ პოლიტიკური ინტერესების გამო. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ მოგვმართა კომპანიამ, რომ მას უნდა ტერიტორიების შესყიდვა კონკრეტულ საკადასტრო კოდექსზე, რათა განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია: დაახლოებით ათ ჰექტარზე უნდა გაშენდეს ვენახი, 300 000 ძირი, უნდა აშენდეს ღვინის ქარხანა და ასევე უნდა გაკეთდეს ტურისტული გზა. ჩვენ მივიღეთ ეს წარმოებაში, ვნახეთ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომელზედაც იყო შემოსული განაცხადი და თუკი იქ რაიმე შემაბრკოლებელი პრობლემა არ არის, ჩვენ აღნიშნული მიწის ნაკვეთი აუქციონზე უნდა გავიტანოთ. კონკრეტული ტერიტორია, რომლითაც ინვესტორი არის დაინტერესებული, რეგისტრირებულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო (სახნავ-სათესი) მიწა. იქ სოფელს აქვს გაკეთებული სტადიონი, რაიმე სტანდარტების კი არა, უბრალოდ, მოწყობილი აქვთ მათთვის მორგებულად. თუკი იქ რეალურად უნდა იყოს ეს სტადიონი, შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთიც უნდა იყოს რეგისტრირებული, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონედ.

_ შეხვდით თუ არა სოფლის მოსახლეობას და რა დიალოგი შედგა თქვენ შორის?

_ ჩვენ გავესაუბრეთ ინვესტორებს და ავუხსენით, რომ ამ ტერიტორიაზე სოფელს აქვს გაკეთებული სტადიონი და დალაპარაკებოდნენ მათ, იქნებოდნენ თუ არა თანახმა აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე. ისინი მივიდნენ მოსახლეობასთან და აუხსნეს, თუ რის გაკეთებას გეგმავდნენ. ასევე დაჰპირდნენ, რომ სოფელს აუცილებლად ექნებოდა სტადიონი და თავადვე უზრუნველყოფდნენ მის მოწყობას. როგორც ყოველთვის, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ასე არ გვინდა, ისე არ გვინდა. ამის შემდგომ ეს გახდა ჭორების აგორების საფუძველი და კარგად გამოიყენეს კონკრეტულმა პირებმა, რომ თითქოსდა ტერიტორია გაიყიდა. ეს არის დეზინფორმაცია. ამ ეტაპზე საკითხი უბრალოდ მზადდება, რომელიც ჯერ საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს და თანხმობა მივიღოთ. თავის მხრივ, ინვესტორსაც უნდა ჰქონდეს კვლავ დაინტერესება. ჯერჯერობით ისინი ჩვენ არ შეგვხმიანებიან.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქრონიკა+“ სოფელ ვარციხეში მცხოვრებ პირსაც გაესაუბრა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები და შესაძლებელია, მათ სამუშაო ადგილს საფრთხე შეექმნას:

_ მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როდესაც არჩევნები მოდის და ჩვენი ხმები უნდათ. ახალა ამასაც აღარ დაჯერდნენ, არჩევნებამდეც გაგვიხსენეს და გვითხრეს, რომ ადგილი, სადაც სოფლის ახალგაზრდობა იყრის თავს და ერთობა, ვიღაცას უნდა გადასცენ, რათა მევენახეობა გააშენონ. ადგილის მეტი რა არის ვარციხეში ან, ზოგადად, ბაღდათში, რაღა მაინცდამაინც ამ ჩვენს სტადიონს დაადგეს თვალი? ადგნენ და სხვაგან გააკეთონ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ტერიტორიის დათმობას და თუ მაინც გადაგვაბიჯებენ, შესაბამის ზომებს მივიღებთ!

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჯერ საკრებულოს სხდომაზედაც არ გასულა (როგორც თავად ბაღდათის მერმა „ქრონიკა+“-ს განუცხადა), მან გეგმები უკვე შეადგინა და დაბეჯითებით აცხადებს, რომ ინვესტორი აუცილებლად შემოვა ტერიტორიაზე:

_ სოფელს აუცილებლად ექნება სტადიონი ამის პირობას ვდებ და ინვესტორიც შემოვა აუცილებლად, ვერც მაგაზე ვიტყვი უარს.

„ქრონიკა+“-ს წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ტერიტორიის შესყიდვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია „ასკანელს“ სურდა და აღნიშნული კომპანიის მფლობელებთან ბაღდათის მერ არჩილ გოგსაძეს მჭიდრო მეგობრული კავშირები აქვს:

_ ბატონო არჩილ, გვიდასტურებთ თუ არა იმ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ტერიტორიით ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ არის დაინტერესებული?

_ არა, ეს არ არის „ასკანელი“. გეტყვით, რომელი კომპანიაც არის, ეს გახლავთ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, პირდაპირ გეუბნებით.

_ ბატონო არჩილ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენ აღნიშნული კომპანიის მფლობელებთან გარკვეული მეგობრული კავშირები გაქვთ. რას გვეტყვით ამის შესახებ და შეესააბამება თუ არა აღნიშნული სიმართლეს?

_მე შეიძლება ბევრ ადამიანთან მქონდეს კავშირი და ბევრსაც ვიცნობდე, ეს არაფერს ნიშნავს.

გიგა გელხვიიძე