1500-წლიანი ნინოწმინდა და სეთური-თაბაგარის ქვეყანა

ამ დღეებში მთელი საქართველო თვალს ადევნებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ეკლესიის მიმართ აქამდეც ბევრი კითხვა დაგროვდა, მაგრამ იქ, სადაც საქმე ბავშვებს, მით უმეტეს, მიტოვებულებს ეხება, საზოგადოებრივი აზრი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

თუმცა სიმართლეს გეტყვით _ ამ საქმეს საერთოდ არ ვადევნებ თვალს, არც ინციდენტის დეტალები ვიცი და არც კითხვები მაქვს. არც საპატრიარქოს აზრს ველოდები და არც _ გამოძიების შედეგებს.

ხვალ ამ ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელი ერთიანად რომ გამოვიდეს და თქვას, _ საზოგადოებამ რაღაც არასწორად გაიგო და სინამდვილეში ყველაფერი კარგადაა, ზეგ კი გამოძიებამ დაადგინოს, რომ იქ მომუშავე ადამიანებს ანგელოზების ფრთები ეზრდებათო _ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

ძნელად მოიძებნება სიბნელე, რომელიც მოულოდნელი და გასაკვირია ქვეყანაში ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა და დღეს იგივე მენტალობას ატარებს, რასაც ასწლეულების წინათ.

საქართველო ბოლო 30 წლის მანძილზე სწრაფი და დრამატული ცვლილებების მოწმე გახდა. შეიცვალა თითქმის ყველაფერი _ ყოფითი ჩვევებით დაწყებული, სახელმწიფო ინსტიტუტებით დასრულებული.
ზოგი რამ კარგისკენ შეიცვალა, ზოგი _ უარესისკენ, ზოგი კი _ ძირითადი ნაწილი _ დღესაც ჰაერშია ჩამოკიდებული, წარსულსა და მომავალს, უიმედობასა და პერსპექტივას შორის.

ამ ფონზე ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საერთოდ არც ერთი გრამით არ შეცვლილა _ არის ეკლესია.

გაინტერესებთ, როგორი იყო საქართველოს რეალური და არა გამოგონილი და შეთითხნილი ისტორია? გინდათ, გაიგოთ ეს ქვეყანა 1000 წლის მანძილზე როგორ ცხოვრობდა და როგორ იმართებოდა?

ძალიან მარტივია _ შეხედეთ მამა იაკობს და წარმოიდგინეთ, რომ მას ქვეყნის მართვა აბარია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრა მამა იობის ხელშია. არ არსებობს ტელევიზია, არ არსებობს ინტერნეტი, არ არსებობს განათლებული ფენა, არ არსებობს არასამთავრობო სექტორი, არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი. არსებობს მხოლოდ სუსტი, არაფრის მაქნისი და მშიშარა საერო ხელისუფლება, რომელიც პირობითი მამა იაკობ-იობის სრულ მორჩილებაში იმყოფება.

და კიდევ ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც სამღვდელოებას ხელებს კოცნიდნენ და ხალხს მათთან ერთად დაუნდობლად ჩაგრავდნენ.
ხშირად გაიგონებთ: „კათოლიკეებს ინკვიზიცია ჰქონდათ, მართლმადიდებლებს კი _ არა“, რაც თითქოსდა მართლმადიდებელი ეკლესიების მეტ ჰუმანურობაზე მეტყველებს.

ის, რომ შუა საუკუნეებში კათოლიკურ ეკლესიას კაციჭამიები მართავდნენ _ დიდი საიდუმლო არაა, თუმცა მართლმადიდებლების მხრიდან უკიდურესი სისასტიკის ნაკლები გამოვლინება მათ ჰუმანურობაზე სულაც არ მეტყველებს.
ეს მეტყველებს მათი მხრიდან მხოლოდ გაცილებით უფრო ძლიერ, საყოველთაო კონტროლზე… კათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში გავლენის რამდენიმე კერა იყო, რომელიც ხშირად ერთმანეთთან კონკურენციაში შედიოდა და ეკლესია ამ ცენტრებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი იყო.

სწორედ აზრთა ამ შედარებით მრავალფეროვნების გამო ევროპაში სხვაგვარად მოაზროვნეთა დიდი ფენა გაჩნდა.

მართლმადიდებლურ საქართველოში ეკლესიური კონტროლი საყოველთაო და ტოტალური იყო. ქართულ სამღვდელოებას ერეტიკოსების კოცონზე დაწვა სულ არ სჭირდებოდა _ მათ ქვეყანაში ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ ერეტიკოსობა შეუძლებელი იყო. განსხვავებულ აზრთან ბრძოლის გაცილებით უფრო ეფექტიანი გზაა განსხვავებული აზრის გაჩენის შანსის მოსპობა.
სწორედ ამიტომ იყო საქართველო უკიდურესად ჩამორჩენილი _ აკადემიებშიც კი, ძირითადად, ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ. არა მათემატიკას, არა ფიზიკას, არა მედიცინას.
ქართველები _ ერი, რომელიც 26 საუკუნის მანძილზე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა, მაგრამ არც ერთი, ყველაზე მარტივი გემიც კი არ აუგია.
წარმოიდგინეთ, მამა იაკობი-იობი _ სრული კონტროლისა და განუსაზღვრელი ძალაუფლების პირობებში.

ჩვენ ვხედავთ, როგორც ძალადობენ და როგორ ცდილობენ ისინი საკუთარი ბნელი აზრების საზოგადოებისთვის თავს მოხვევას დღეს, 21-ე საუკუნეში _ მეცნიერების, ტექნოლოგიების, პრესის თავისუფლებისა და ინტერნეტის ეპოქაში. ერთი წამით წარმოიდგინეთ ისინი 500 წლის წინათ.
და სწორედ ეს, _ ყველა განებივრებული, სრულ, უკონტროლო ძალაუფლებას მიჩვეული მავნებლური ორგანიზაცია _ დღეს ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო საუკუნეების წინათ. გამოაკელით მობილური ტელეფონები და ჯიპები _ და ხელთ შეგრჩებათ შუა საუკუნეები.

მათ აქვთ ქვეყნის მომავლის საკუთარი ხედვა. ისეთი ქვეყნის, როგორსაც თავად უპრინციპო საძაგელ არისტოკრატიასთან ერთად აშენებდა. ღრმად ჩაიხედეთ „დათა თუთაშხიაში“ _ არქიფო სეთურისა და თაბაგარის, სიხარბისა და სიბნელის უკვდავი ალიანსი. ასეთია მათი საქართველო.
თქვენ კი ნინოწმინდა გიკვირთ. 1500 წელი მთელი საქართველოა ნინოწმინდა.

დღეს ეს კანტორა, როგორც არასდროს, დასუსტებულია, პირველად საუკუნეების მანძილზე, კომუნისტური ეპოქის გარდა. მათ საყოველთაო ძალაუფლებასა და კონტროლს რეალური საფრთხე ემუქრება.

დღეს, როგორც არასდროს, ეკლესიის გავლენა საქართველოში შემცირებულია და არ მოტყუვდეთ 90%-ანი რეიტინგით და სავსე ეკლესიებით _ ეს ხომ ის საქართველოა, სადაც რიტუალებს აფასებენ, იდეოლოგია და სარწმუნეობა კი ძალზე ზედაპირულია. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც კომპარტიის წევრი 400 000 ადამიანი იყო ისე, რომ კომუნიზმის იდეას ყველა დასცინოდა.

დღეს საქართველოს ეკლესიის რეალური საფუძველია ინერცია, რიტუალების სიყვარული და პატრიარქ ილია მეორის პიროვნების კულტი…

ეკლესიის ბატონ-პატრონობის ეპოქა ჯერ არ დასრულებულა. როგორც თქვა ჩერჩილმა: „ეს არც დასასრულია და არც დასასრულის დასაწყისი, მაგრამ ეს დასაწყისის დასასრულია“…

ამ ხანგძლივი პროცესის ბოლოს ჩვენ მივიღებთ ეკლესიას, რომელსაც არ სურს ქვეყნის გაკონტროლება და სეთური-თაბაგარის მოდელის გაცოცხლება. ეკლესიას, რომელიც იზრუნებს იმაზე, რაზედაც უნდა ზრუნავდეს _ მრევლის სულიერ სიმშვიდეზე.

აი, მაშინ _ „ნინოწმინდაც“ არ იქნება.

თენგიზ აბლოთია