მურმან დუმბაძე: „თავად მანკიერი წრე გამოხრავს „ოცნების“ პოლიტიკურ უნიათობას“
პარლამენტში ოპოზიციის შესვლა შეცდომად მიაჩნია ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ მურმან დუმბაძეს. მისი თქმით, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება დასრულებულიყო. დუმბაძის აზრით, ოპოზიციას ევროპელებისთვის უნდა აეხსნა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლებოდა. მართალია, ის ბოიკოტის დასრულებით იმედგაცრუებულია, მაგრამ მიაჩნია, რომ ოპოზიციას კიდევ აქვს შანსები.
რა შანსები აქვს ოპოზიციას? რატომ უნდა გამოცხადდეს სააკაშვილი ქვეყნის მმართველად? იწერება თუ არა ერთ დღეში რევოლუციური სცენარები? _ ამის შესახებ მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. ამით ოპოზიციამ, ფაქტობრივად, წყალს გაატანა ის შედეგი, რასაც ამ არნახული ერთიანობითა და პროტესტით მიაღწია.
_ ვერ ვიტყოდი, რომ მიღწეული შედეგი წყალს გავატანეთ: 2020 წლის პირველი ნოემბრიდან, ანუ არჩევნების გაყალბების მეორე დღესვე, ბათუმში პროტესტის ნიშნად იშლება კარვები; კარვები იშლება თბილისში პარლამენტის წინაც; კარვების აქციას შეუერთდნენ ქუთაისი და თელავი; საპროტესტო გამოსვლებია სხვა ქალაქებშიც; ამის პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმართებოდა ოპოზიციური შეხვედრები, სადაც დაფიქსირდა არნახული ერთიანობა! სეთი ერთიანობა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არ მახსენდება. აქ არჩევნების გაყალბებაზე იმდენად არაა ლაპარაკი, რამდენადაც ხელისუფლების მიტაცებაზე. რომც ჩავთვალოთ, თითქოს 31 ოქტომბერს არჩევნები არ გაყალბებულა, ხეირიანი სისტემის პირობებში, სხვანაირი შედეგი დადგებოდა. ამ სისტემის დანერგვას ოპოზიცია დიდი ხანია, ითხოვს, არადა, აღნიშნული სისტემის მიღებას საქართველოს ყველა ხელისუფალი ეწინააღმდეგებოდა.
_ სრულად პროპორციულ სისტემას გულისხმობთ?
_ დიახ. ამას მრავალი წელია, ვითხოვთ, მაგრამ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ელევა ამ კომფორტს, რაც მაჟორიტარებს მოაქვთ. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა რომ ყოფილიყო, ახლა სულ სხვა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში. 31 ოქტომბრის არჩვნების შემდეგ ხელისუფლებაში გვეყოლებოდა ოპოზიცია, ხოლო ხელისუფლება გადაბარგდებოდა ოპოზიციაში. ისეთი ამბავი მოხდებოდა, რაც რამდენიმე დღის წინათ ვნახეთ ისრაელში. იქ ძალიან დიდი უპირატესობით კი არ მოუგია ოპოზიციას, მცირე უპირატესობით მოიგო არჩევნები, _ დაახლოებით, ისეთივე უპირატესობით, როგორც ჩვენ მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენთან რაკი პოლიტიკური სისტემა არ ვარგა, ამიტომ ისევ ივანიშვილის პარტია დარჩა ხელისუფლებაში. პოლიტიკური ჩიხი გამოიწვია არა იმდენად გაყალბებამ, არამედ ძალაუფლების მიტაცებამ. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა 31 ოქტომბერს ძალაუფლება მიიტაცეს.
სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და პარლამენტში შევიდა, ნაწილმა მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც არ ღირდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დასავლელი პარტნიორების რჩევები არ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ მათი რჩევები უნდა მოვისმინოთ, ზოგჯერ გავითვალისწინოთ კიდევაც, მაგრამ _ არა ყოველთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლეთს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ შეგვეძლო, სხვანაირად მოვქცეულიყავით და ასეთ შემთხვევაში მიშელის დოკუმენტზე ხელს არავინ მოაწერდა.
_ როგორ უნდა მოქცეულიყო ოპოზიცია, რომ მიშელის დოკუმენტისთვის არ მოეწერა ხელი?
_ ჩვენ მათთვის უნდა აგვეხსნა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ იყო სწორი. მე მაგალითად, ამ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერდი. მე გახლავართ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი და ხმამაღლა ვამბობ, რომ პარლამენტში ჩვენი შესვლა არის შეცდომა.
_ რატომ არის შეცდომა პარლამენტში შესვლა? გარეთ რომ დარჩენილიყავით, უფრო მეტ შედეგს მიაღწევდით?
_ მთელი ოპოზიცია რომ გარეთ დარჩენილიყო, შედეგი მიიღწეოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი იქნებოდა ერთპარტიული. ამით გაყალბებისა და ერთპარტიულობის მონოპოლია დასრულდებოდა ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი, როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები. სამაგიეროდ, იმაში არ მეპარება ეჭვი, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ისევ შეეცდება ხელისუფლება. ჩვენ, ოპოზიციას, მეტი სიჯიუტე უნდა გამოგვეჩინა, არ შევსულიყავით პარლამენტში და მომავალში ვერც ერთი ხელისუფალი ვერ გაბედავდა არჩევნების გაყალბებას.
ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, „ოცნების“ ადგილს სხვა დაიკავებს. იმ ახალსაც აუცილებლად წაუცდება ხელი გაყალბებაზე. ეს ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. ხელისუფლებას თუ მიუშვებ, ამერიკაშიც წაუცდება ხელი გაყალბებაზე და _ საფრანგეთშიც. ეს შენ უნდა შექმნა ისეთი მექანიზმი, რომ ხელისუფლებამ გაყალბება ვერ გაბედოს. ეს მექანიზმი ოპოზიციას უკვე შექმნილი ჰქონდა, მაგრამ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით დაიშალა. გარდა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თარიღმა გადაიწია, პარლამენტში შესვლით ხელისუფლებებს არჩევნების გაყალბების შანსი დავუტოვეთ.
_ ე. ი. წყალში ჩაიყარა თქვენი შვიდთვიანი ბრძოლა. თავში კი მითხარით, არაო, მაგრამ ფაქტია _ შედეგი ვერ მიიღეთ.
_ იმავეს გავიმეორებ რომ ეს ბრძოლა წყალში ჩაყრილი არ არის. შედეგები ნამდვილად დავდეთ და ამას ვერავინ უარყოფს. უკეთესის მიღწევაც შგვეძლო, მაგრამ არ გამოვიდა.
_ რა შედეგები დადეთ?
_ გაგახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებებს, რომელიც მან ევროპაში ვიზიტისას გააკეთა. პრემიერი ამბობდა, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიანო, _ წერტილი. ამბობდა იმასაც, საქართველოშიო ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნებაო და ამ წინადადებასაც დაუსვა წერტილი. „ქართულმა ოცნებამაც“ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს და მოუწიათ პოლიტპატიმრების აღიარება. ამას ნიკა მელიასა და გიორგი რურუას განთავისუფლება მოჰყვა. შემდეგ რიგგარეშე არჩევნებზეც ალაპარაკდნენ.
ოპოზიციის პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა, მაგრამ რაღაც დეტალებზე არ ვისაუბრებ. ახლა ჩაღრმავებას აზრი აღარ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი რომ ვყოფილიყავი, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ ავწევდი ხელს. „ნაციონალებმა“ პარლამენტში შესვლის საკითხი სწორედ პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტეს.
_ ამას ასე იოლად იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ თქვენ პარლამენტში შესვლა არ მოგიწიათ?
_ ამიტომ არ ვამბობ. ეს ჩემი პოზიციაა. თან რატომ გგონიათ, რომ პარლამენტმა არ მოგვიწია? ჩვენი პარტია, „ემსახურე საქართველოს“, მოხვდა პარლამენტში.
_ რანაირად მოხვდით?
_ ჩვენი პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში მოხვდა. იქ ჩვენი სახელით მედეა ვასაძე შევიდა. ქალბატონი მედეა უმაღლეს საბჭოში მანამდე არ შედიოდა, სანამ შესვლის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო. მათი მონაწილეობით პირველი სხდომა 4 ივნისს ჩატარდა. ძალიან სერიოზული დებატები გაიმართა. ეს დღე ოპოზიციისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. ამის მიუხედავად, ვამბობ, რომ შესვლა იყო შეცდომა.
_ შეცდომა თუ დანაშაული? ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ბევრი ღალატისა და დანაშაულის კვალიფიკაციასაც აძლევს.
_ არა, არა! ღალატი და დანაშაული არა, ეს იყო შეცდომა. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლით უფრო ბევრს მიაღწევს, რასაც მე არ ვეთანხმები. სასურველი შედეგის მიღწევა შეგვეძლო მაშინ, თუკი იქნებოდა სიმტკიცე და ძლიერი ერთიანობა. „ნაციონალები“ ყველაზე ბოლოს შევიდნენ პარლამენტში. მათი არგუმენტი იყო ასეთი _ ბოიკოტმა აზრი დაკარგა, რადგან პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის.
_ თქვენთვის მისაღებია ეს არგუმენტი?
_ როგორ გითხრათ? _ ძლიერი არგუმენტია. მაგრამ მე მაინც ჩემს მტკიცე პოზიციაზე ვარ და ვაცხადებ, რომ პარლამენტში შესვლა იყო შეცდომა.
_ ამ შეცდომის გამოსწორება თვითმმართველობის არჩევნებზე თუ შეიძლება? ოპოზიცია ამ არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. თქვენ რა განწყობა გაქვთ? ფიქრობთ, მიიღებთ იმდენ ხმას, რომ „ოცნებამ“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
_ მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ არჩევნების მიმართ. ძალიან მიყვარს ხალხთან შეხვედრები და მათი აზრის მოსმენა. მოქალქეებთან ურთიერთბა ჩემი ჰობია. მათთან ვსაუბრობ და ვიცი ხალხის განწყობა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მესაფლავეების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. არჩევნებისთვის ისინი ძალიან ბევრნი იქნებიან.
„ქართული ოცნების“ მიმართ უკმაყოფილება მუდმივად იზრდება. ეს მოსალოდნელიცაა. ქვეყანაში არნახული სიდუხჭირეა. უამრავი ადამიანი გარბის საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად. გამეფებულია კორუფცია და უსამართლობა. ეს ადამიანებზე მოქმედებს. ივანიშვილი ყოველდღე კარგავს მომხრეებს. მინდა გავიხსენოთ შევარდნაძის პერიოდი, თუ რამ გამოიწვია მისი დასასრული: „მოქალაქეთა კავშირის“ წიაღში აღმოცენდა ახალი ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ აღარ სურდათ ამ კორუფციაში ცხოვრება. თავიდანვე მომეწონა რეფორმატორთა ჯგუფის იდეები და მათი მხარდამჭერი გავხდი.
_ რატომ გახდით მათი მხარდამჭერი? ისინიც ხომ მოქკავშირის წიაღიდან მოდიოდნენ? იმ მოქკავშირის, რომლის წყალობითაც ქვეყანა კორუფციაში ჩაეფლო.
_ ამ ახალგაზრდებმა აღიარეს, რომ ქვეყანას კორუფცია ხრავდა და მასთან ბრძოლა გადაწყვიტეს. ამიტომ გავხდი მათი მხარდამჭერი. ამ ახალ ჯგუფს სხვა პარტიებიც შეუერთდნენ და 2003 წელს შევარდნაძე დაამარცხეს. ახლა „ქართულ ოცნებასა“ და ქვეყანაში იგივე პროცესები მიდის. თავად მანკიერი წრე გამოხრავს „ოცნების“ პოლიტიკურ უნიათობას. ივანიშვილის გუნდში დაიბადა ის ხალხი, რომელიც ამას დაუპირისპირდება. ივანიშვილი მოემდურა გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ამ მთავრობაში ყველაზე სოლიდური პრემიერი იყო. მოემდურა გიორგი გახარიასაც, რომლის შედარებაც არ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან. გახარია სულ სხვა კლასია. გახარია ავანტიურისტი კი არის, მაგრამ ღარიბაშვილს მაინც სჯობს. „ქართული ოცნების“ გუნდს გამოეყო საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი. „ოცნების“ რღვევა პარლამენტში მომავალშიც გაგრძელდება. „ოცნების“ შიგნით არსებული წინააღმდეგობა შეუერთდება გარეთ არსებულ წინააღმდეგობას და ვადამდელი არჩევნები, პრაქტიკულად, გარდაუვალია.
ჩვენ ახლა იმაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ „ოცნება“ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ჩვენ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მკაცრად დამარცხდება. მკაცრად უნდა დამარცხდეს იმიტომ, რომ მომავალში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს მოქალაქეების გადაგდება და არჩევნების გაყალბება. ყოველ 4 წელიწადში საქართველოში ხელისუფლებები რომ შეიცვალოს, წინააღმდეგი არ ვიქნები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება. ახალი ცოცხი, ახალი ენერგია, ახალი ენთუზიაზმი, ახალი სახეები, ახალი პოლიტიკური ელიტა საქართველოს განვითარებას უაღრესად წაადგება. ქვეყანა უფრო წინ წავა.
გადავხედოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო? _ ისრაელში მეოთხედ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა უკრაინაში, სომხეთსა და მოლდოვაში. სომხეთსა და მოლდოვას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ. ისინიც კი ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ვადამდელი არჩევნებით შეიძლება. ჩვენ რა გვჭირს? ზღვაზე გასასვლელიც გვაქვს, ასეთი მშვენიერი ბუნებით გამოვირჩევით, ამერიკა და ევროპაც მხარს გვიჭერს. ეს შანსი არის გამოსაყენებელი და სამწუხაროდ, ვერ ვიყენებთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეჯაჭვოთ სკამს. არ უნდა მოვიდეთ სამუდამოდ ხელისუფლებაში. ყველა პოლიტიკოსი უნდა აცნობიერებდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა დროებითი მოვლენაა. ხელისუფლებაში მყოფი სულ უნდა ფიქრობდეს, რომ ხვალ მათ შეცვლის ის ძალა, რომელიც მასზე უკეთესი იქნება.
_ ზემოთ ახსენეთ გიორგი გახარია, რომელსაც ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ექსპერტები „ნაციონალებთან“ კავშირსა და გადატრიალების მცდელობას აბრალებენ. თქვენ რას ფიქრობთ მათ ბრალდებებზე?
_ როცა ექსპერტი ასეთ სისულელეს ამბობს, მას აღარ შეიძლება, ექსპერტი უწოდო. ექსპერტის ჭკუა და გონება წინასწარ უნდა ჭვრეტდეს მოვლენებს. ახლა ის ამბობს, რომ გახარია სააკაშვილს შეხვდა. თუ იცოდა, რომ მათ შორის ასეთი შეხვედრა შედგა, აქამდე რას ელოდებოდა? რატომ არ თქვა? მამუკა არეშიძეს და მის უკან მდგომ „ქართულ ოცნებას“ ვეტყვი: თუ გახარია სააკაშვილისაა, თუ სააკაშვილისაა ნახევარი მილიონი ამომრჩეველი და ყველა ის ადამიანი, ვინც ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ ბარემ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყნის მმართველი.
_ თქვენ, ალბათ, გაგიხარდებოდათ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ამ ქვეყნის მმართველი.
_ სააკაშვილი არის იმ ერთობის ლიდერი, სადაც მე ვარ. ამის მიუხედავად, მას არ ვაღმერთებ, მაგრამ პატივს ვცემ. პატივს ვცემ იმიტომაც, რომ მან მოახერხა და დარჩა ქართულ პოლიტიკაში. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
_ საქართველოსთვის რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
_ იმიტომ, რომ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა. 2013 წელს ამოეწურა პრეზიდენტობის ვადა და ქვეყნიდან წავიდა. მეცხრე წელია, მაინც რჩება წამყვან პოზიციაზე. მას არც დაშვებული შეცდომების აღიარება უჭირს და სადაც საბოდიშოა, იქ ბოდიშს იხდის. ამასთან, ის გვეუბნება, რომ მას შეუძლია იმ საქმეების გამოსწორება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააფლავა. ხელისუფლებიდან ჩამოშორებული ადამიანები თუ მომავალშიც დარჩებიან პოლიტიკაში, ეს საქართველოს ძალიან წაადგება. 2012 წლის პირველი ოქტომბერი ამითაც არის პოზიტიური. არჩევნებში დამარცხებულ ძალას რაღაც დოზით შეუძლია უკან დაბრუნება. ეს არის მხოლოდ კარგი.
_ ისევ მამუკა არეშიძის ბრალდებებს მინდა დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, შესაძლებელია ერთ დღეში რევოლუციური სცენარის დაწერა, როგორ მან დაგვიხატა?
_ მამუკა არეშიძეს კარგად ვიცნობ და ისიც კარგად მიცნობს. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო და ვუთხრა, რომ ის აქცია იყო ერთადერთი სერიოზული აქცია, სადაც მე არ ვმონაწილეობდი. არც ერთი ორგანიზებული აქცია არ გამომიტოვებია. რუსთაველის გამზირზე გამართულ თითქმის ყველა აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
ვმონაწილეობდი 2007 წლის აქციებში. არ გამომიტოვებია 2009 წლის 100-დღიანი პროტესტი, რომლის დროსაც საკნებით გადავკეტეთ ქუჩები. ეს არ იყო ლამაზი სანახავი, მაგრამ პროტესტის გამოხატვის ფორმა გახლდათ. 2011 წლის მაისის აქციებშიც მივიღე მონაწილეობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს პარლამენტში შესაჭრელად მიტინგი დაიგეგმა და მე არ მეტყოდნენ, რუსთაველზე შენი ყოფნა სავალდებულოაო? ეს ხომ გამორიცხულია!
_ თქვენთვის რატომ უნდა ეთქვათ? თქვენ გარეშე ვერ შეიჭრებოდნენ?
_ შეჭრას ბევრი ხალხი სჭირდება. მე მაშინაც გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი ვიყავი. რამე სერიოზული რომ დაეგეგმათ, აუცილებლად შემატყობინებდნენ და რუსთაველზე მიხმობდნენ.
ეს აქცია იმდენად სპონტანური იყო, რომ თბილისში ჩამოსვლა ვერც კი მოვასწარი. ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ, აქციაა. ვამბობდი, აქ რას ვაკეთებ, წავიდე თბილისში-მეთქი, მაგრამ ეკრანს თვალი ვერ მოვწყვიტე და ტელევიზორთან შემომათენდა. ეს იყო ანტისაოკუპაციო მიტინგი. ყველა იმ ადამიანს, ვინც იმ ღამეს რუსთაველის გამზირზე გავიდა, ღირსების ორდენით დავაჯილდოებდი. დავაჯილდოებდი იმიტომ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვეს და ოკუპაცია გააპროტესტეს. ეს აქცია ხელისუფლებამ დაარბია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობა ხალხთან და ოპოზიციასთან 100%-ით არის მტყუანი.
ჩვენ 2007 წელსაც ვიწვნიეთ დარბევა. აბა, მომიყვანეთ რომელიმე ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც მეტყვის, რას ვითხოვდით მაშინ? 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეც ვარ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რას ვითხოვდით ჩვენ მაშინ.
_ სააკაშვილის წასვლა გინდოდათ.
_ სააკაშვილის გადაგდება ნამდვილად გვინდოდა, იმიტომ რომ არ მოგვწონდა, მაგრამ ვერ ვამბობდით, რატომ არ მოგვწონდა. 2011 წლის 26 მაისის 00.01 წუთზე სააკაშვილს სრული ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, მიტინგი დაეშალა.
_ 26 მაისს რაც მოხდა, ეს არ ყოფილა დაშლა, ეს იყო საშინელება.
_ ძალის გადამეტება ნამდვილად იყო. აქციის მონაწილეებს ალყა შემოგვარტყეს და ადამიანებს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ამოგვხოცეს ამ ალყაში. მეც სასტიკად ვიყავი ნაცემი. ამის მიუხედავად, შემიძლია იმ დარბევას რაღაც გამართლება მოვუძებნო. 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე და ამ დღეს რუსთაველზე უნდა გამართულიყო აღლუმი. დარბევამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენთან მოვიდა მერიის წარმომადგენელი. მას მე და ნინო ბურჯანაძე ვესაუბრეთ. მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, ოღონდ აქედან გადადით და ნებისმიერ ადგილს გამოგიყოფთ აქციის ჩასატარებლადო. თქვა, ჩვენი რესურსებით გადაგიტანთ სცენას და აპარატურასო. ხალხის გადაყვანასაც საკუთარი რესურსებით აპირებდნენ. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და დაიწყო საშინელი დარბევა. ეს იყო არნახული სისატიკე, მაგრამ სააკაშვილს რაღაც დოზით შეუძლია, თავი გაიმართლოს. 20 ივნისის დარბევას ვერ გაამართლებენ. ჩვენ ხომ იმიტომ დაგვარბიეს, რომ გაფუჭებული და ნაძირალა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა გავაპროტესტეთ. ამ ადამიანს აღიარებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ის საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ არ უნდა შემოეშვათ. ამათ შემოუშვეს კიდეც და სპიკერის სავარძელში დასვეს. საქართველოს მოქალაქეებს ამის გაპროტესტების სრული უფლება ჰქონდათ.
ამ აქციის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ პარლამენტში შეჭრას. მე ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი, რომ ვაპირებდი შეჭრას და პარლამენტის წევრების პანღურით გამოყრას, რომლებმაც გავრილოვს სპიკერის სავარძელში ჩაჯდომის უფლება მისცეს. ამათ აქტიურობას ივანიშვილი ასე არ გაატარებს. გიგი უგულავას სასამართლოები განახლდა, სასამართლო ჩაუნიშნეს ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომელსაც ივანიშვილი განსაკუთრებულად ვერ იტანს.
_ რატომ ვერ იტანს?
_ მიაჩნია, ოქრუაშვილი საქართველოში რომ დაბრუნდა, ეს მისი დამსახურებაა. ფიქრობს, რომ ის უნდა იყოს მისი მონა. ოქრუაშვილი გახლავთ დამოუკიდებელი მოთამაშე, თავნება, რომელიც არც მიშას ემორჩილებოდა, როცა მთავრობის წევრი იყო. მას არც ივანიშვილის მორჩილების სურვილი აქვს.
შორენა მარსაგიშვილი