პეტრე მამრაძე: „სააკაშვილი ნაციონალურ“ მოძრაობაზე კონტროლს კარგავს“
ოპოზიციამ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. სტრატეგიისა და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელ პეტრე მამრაძის განცხადებით, ოპოზიციას სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჰქონდა და ბოიკოტის გამოცხადება თავიდანვე შეცდომა იყო. პეტრე მამრაძის აზრით, „ქართულმა ოცნებამაც“ უამრავი შეცდომა დაუშვა და ამის გამო მმართველი პარტია ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს.
რატომ იყო ბოიკოტი შეცდომა? რას ვერ აპატიებს „ქართულ ოცნებას“ თავისი ამომრჩეველი? ვის ჯინაზე აირჩიეს „ნაციონალებმა“ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ? რატომ არ მიიჩნევს დასავლეთი გიორგი რურუას პოლიტპატიმრად და რას ფიქრობს იგი ოპოზიციაზე? იყო თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება:
_ ბატონო პეტრე, ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად ცვლიან პოზიციებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ოპოზიცია აღმოჩნდა. აქამდე ამბობდნენ, ბოიკოტით მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, ივანიშვილს ერთპარტიული პარლამენტი ჰყავსო. ახლა ამტკიცებენ, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა. თქვენ რას ფიქრობთ, დაკარგა ბოიკოტმა აზრი?
_ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა მდგომარეობაში არის. მათ საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა აღარ აქვთ. ხალხი ღიად ამბობს, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს არც ერთ პარტიას არ მივცემთ ხმასო. საქართველოში არსებული სიტუაციის განმუხტვაში ევროპელები აქტიურად ჩაერთნენ. ევროპელი დიპლომატები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდებოდნენ. ოპოზიციამ შესანიშნავად იცოდა ევროპის დამოკიდებულება პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. შესაბამისად, გააკეთეს ისე, რომ დასავლეთს მათზე არ ეფიქრა, ქვეყნის ბედი და პრობლემები საერთოდ არ აინტერესებთ და მხოლოდ საკუთარ თავებსა და პარტიებზე ფიქრობენო. იყო კიდევ ერთი მომენტი, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას ციხიდან გამოსვლა, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ მათი გამოშვება მაინც მოხერხდა.
_ რატომ იყო შეუძლებელი მათი ციხიდან გამოშვება?
_ თავად ევროპელებს აქვთ მათზე ნათქვამი, ისინი არ არიან პოლიტპატიმრებიო. გიორგი რურუაზე თავად ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ აშშ-ის ელჩის მოადგილემ მითხრა, რა პოლიტპატიმარი, რურუა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერიაო. სენატში კენტმა ნიკა მელიაზე თქვა, რომ ის არ იყო უდანაშაულო _ მან დაარღვია კანონი, როცა იმდენი ხალხის წინ მოიხსნა და გადააგდო ელექტროსამაჯური. დასავლეთში გაზრდილი ადამიანისთვის ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება მოქალაქემ თვითნებურად მოიხსნას ელექტროსამაჯური? ამის მიუხედავად, დასავლეთმა მაინც მოძებნა ფორმულირება ამ ორი ადამიანის გასათავისუფლებლად. ჩაწერეს, რომ მათი დაკავება აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. „ოცნება“ მათ განთავისუფლებაზე დათანხმდა. ეს მმართველი პარტიისთვის კატასტროფა იყო.
ამის შემდეგ რა უნდა ექნა ოპოზიციას? მათ ჰქონდათ ორი გზა: ერთი იყო თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი პარლამენტში არ შესულიყვნენ. მოგეხსენებათ, თემურ ალასანია КГБ-ს გენერალია, ხოლო სააკაშვილი КГБ-ს ჯარების ეფრეიტორი იყო. გენერალს კი ეფრეიტორზე ყოველთვის აქვს კონტროლი. და მეორე გზა იყო პარლამენტში შესვლა. ოპოზიციამ და „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. თავადვე ამბობენ, პარლამენტში თუ არ შევალთ, პოლიტიკურად ჩავიძირებითო. სალომე სამადაშვილმა საერთოდ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“.
_ სალომე სამადაშვილი არასდროს იყო ბოიკოტის მომხრე და თავიდანვე სურდა პარლამენტში შესვლა.
_ ასე იყო. ძალიან საინტერესო გახლდათ ვიოლა ფონ კრამორის პოზიცია. ეს ქალბატონი ბრძანდება ევროპარლამენტის დეპუტატი. ის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. მან საჯაროდ განაცხადა, _ საქართველოში ქაოსი, დაპირისპირება და პოლიტიკური კრიზისის იმიტაცია მხოლოდ ორ ადამიანს აწყობს და ესენი არიან სააკაშვილი და პუტინიო. როცა ევროპარლამენტში ასეთი განცხადება გაკეთდა, აღარ მიკვირს, რომ „ნაციონალების“ ლიდერები ბოიკოტის შეწყვეტის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. რაც მთავარია, ამაზე თავად ნიკა მელიაც საუბრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კონტროლს კარგავს. თემურ ალასანია თავის დისშვილზე კონტროლს არასდროს დაკარგავს, მაგრამ დისშვილი ვეღარ აკონტროლებს თავისსავე პარტიას.
სააკაშვილი პარტიაზე კონტროლს რომ კარგავდა, ეს, ჯერ კიდევ, მაშინ გამოჩნდა, როცა ნიკა მელია აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამ პოსტზე მელიას კონკურენტი ლევან ვარშალომიძე იყო. მიშა მას უჭერდა მხარს. „ნაციონალებმა“ ნიკა მელია სააკაშვილის ჯინაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.
_ ბოროტი ხმები ამბობენ, ნიკა მელია ამიტომაც მოხვდა ციხეშიო. არის მოსაზრება, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეთანხმების ნაწილი იყო. რამდენად მართალია ეს ინფორმაცი არ ვიცი, მაგრამ ამაზე აქტიურად საუბრობენ.
_ ბიძინა ივანიშვილსაც ვიცნობ და _ მიხეილ სააკაშვილსაც. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით კარგად ვინობ. ვიცი რა ორივეს ხასიათი, მათ შორის ამგვარი ტიპის შეთანხმებას გამოვრიცხავ. ნიკა მელია მოხვდა ციხეში, საიდანაც ისე უნდა გამოსულიყო, რომ სახე შეენარჩუნებინა. ასეთი გზაც გამოჩნდა. ევროკავშირმა გადაიხადა მისი გირაო. ნიკა მელია არ ყოფილა პოლიტპატიმარი. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი გეტყვით, რომ ის არის პოლიტიკური კლოუნი. ქართველებმა მოვახერხეთ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ძალიან მძლავრი იარაღი, შიმშილობა, ვაქციეთ მასხარაობად.
_ რას ნიშნავს, მასხარაობად ვაქციეთ?
_ საქართველოში პოლიტიკური მოტივით ბევრს უშიმშილია, მაგრამ წონაში არავის დაუკლია. იშიმშილო და წონაში არ დაიკლო, ეს გამორიცხულია.
_ ნიკა მელიას არ უშიმშილია, თუმცა წონაში დაიკლო, მაგრამ ის რა შუაშია, რომ შიმშილობა მასხარაობად გადაიქცა?
_ ამასთან არაფერ შუაშია. ეს მაგალითისთვის მოვიყვანე. ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გირაოს გადახდა და გარეთ გამოსვლა, ის პოლიტპატიმარი ვერ იქნება. ეს პოლიპატიმრის სტატუსის აბუჩად აგდებაა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ამაზე ხმას ამოიღებდნენ და პროტესტს გამოხატავდნენ. ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება. ევროპელებმა ამაზე ღიად ისაუბრეს. გერმანიის ელჩმა პირდაპირ თქვა, პოლიტპატიმრის სტატუსს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთო.
ნიკა მელია თავისი ქცევით აშკარად მოხულიგნო ელემენტია, რომელმაც სამაჯური იმიტომ მოიგლიჯა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ამერიკის ელჩმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. კელი დეგნანმა გაღიზიანებული ტონით თქვა, ყველაფერი გაკეთდა და მელია ამის მერეც თუ კიდევ დარჩება ციხეში, ეს უკვე პირადად მისი საქმეაო. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანს ყელში ამოუვიდა.
ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ნიკა მელია მაინც გამოვიდა. ციხიდან გამოსულმა თქვა, ყველას შევხვდები და ყველას მოველაპარაკები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითო. ვინ ასწავლა არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად საუბრობს. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში იტყვიან, მაგრამ უკვე ჩანს, რასაც იზამენ.
_ რას იზამენ?
_ დარწმუნებული ვარ, შევლენ. რამდენიმე ლიდერმა უკვე ღიად განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.
_ პარლამენტში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერებს არ დააკარგვინებს?
_ რა თქმა უნდა, დაკარგავენ მხარდამჭერებს. არსებული ვითარება პოლიტოლოგებისთვის და ფსიქოანალიტიკოსებისთვის ძალიან კარგი სამუშაო პოლიგონია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები აქვს პირადად მიხეილ სააკაშვილს და არავის სხვას. სააკაშვილს საარჩევნო სიის სათავეში ბუბა კიკაბიძის ნაცვლად სოფო ნიჟარაძე რომ ჩაეწერა, შემდეგ ვერა ქობალია და მისი და, და შემდეგ სხვები, მაინც იმდენივე ხმას დააგროვებდა, რამდენიც 2020 წლის არჩევნებზე აიღო. მიშა პარლამენტში მაინც 36 დეპუტატს გაიყვანდა. ეს 36 მანდატი პირადად მიხეილ სააკაშვილმა აიღო. ვიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები პირადად მიშას ეკუთვნის.
_ ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხმები ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და მას ეკუთვნის.
_ „ქართული ოცნების“ შემთხვევაში სხვანაირად არის საქმე. მათი ამბავიც ძალიან საინტერესოა. ხმების დიდი ნაწილი ივანიშვილმა აიღო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებში ტექნოკრატი გახარია დიდ სიმპათიებს იწვევდა. გახარია ამომრჩეველში სიმპათიას მხოლოდ ბიძინასთან ტანდემში იწვევს. ცალკე გახარიამ შეიძლება ხმებიც კი ვერ დააგროვოს.
_ რატომ ვერ უნდა დააგროვოს?
_ სულ სხვა იყო ტექნოკრატობა და სხვაა პოლიტიკური ლიდერობა. პოლიტიკური ლიდერობა ნიშნავს იმას, რომ უნდა ისროლო ლოზუნგები; მიტინგებსა და შეხვედრებზე ისე უნდა გამოხვიდე, რომ ქარიზმა გამოაჩინო. სახალხო დამცველი როდესაც იყო, სოზარ სუბარს ჰქონდა ჭეშმარიტად მაღალი რეიტინგი. რა დღესაც მან თქვა, პოლიტიკაში მოვდივარო, მისი რეიტინგი ნულამდე დავიდა. ამ პრესკონფერენციას მეც ვესწრებოდი. ვაფრთხილებდი სოზარს, რომ პოლიტიკაში არ წასულიყო, მაგრამ წავიდა და რეიტინგიც დაკარგა. მან რეიტინგი აკრიფა, როგორც სახალხო დამცველმა. ეს რეიტინგი იყო მუშაკის დაფასება და არა პოლიტიკურ ლიდერად მისი აღიარება.
_ ფიქრობთ, რომ გახარიას გასუბარება უწერია?
_ შეიძლება, სხვანაირად წავიდეს საქმე და სუბარის ბედი არ გაიზიაროს, მაგრამ, დიდი ალბათობით, დაკარგავს რეიტინგს. ის ხალხს ივანიშვილთან ერთად ტანდემში მოსწონდა. ხალხს მოსწონდა, ეს ორი ერთად რომ მუშაობდა. არჩევნების მერე ორივე წავიდა. ამან „ოცნების“ მხარდამჭერების განაწყენება გამოიწვია. ბევრმა მითხრა, ამ ორი ადამიანის გამო მივეცით „ოცნებას“ ხმა და ახლა რატომ უნდა დავუჭიროთ ამათ მხარიო? „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ჟორიკა რურუას განთავისუფლებამაც დააკარგვინა.
_ ჟორიკა რურუა რა შუაშია?
_ ციხიდან მისი გამოსვლის შემდეგ ახლობლები მირეკავდნენ და კიოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ვიცოდეთ, სააკაშვილი ჩამოდის და თავზე ყველაფერს დაგვამხობს, არჩევნებზე მაინც არ წავალთო. მათთვის შეურაცხმყოფელი იყო, რომ ჟორიკა რურუა პოლიტპატიმრებს გაუტოლეს. მთელი საქართველო ასე არ ფიქრობს, მაგრამ ვაკეში, ვერასა და მთაწმინდაზე კარგად ახსოვთ წარსული.
_ მაგ უბნებში ყველაზე კარგად უწყიან ბოროტების საძმოს შემოქმედება, რომლის ლიდერიც ჟორიკა რურუა იყო. თუმცა ის ამ საქმეების გამო არ დაუკავებია ივანიშვილის ხელისუფლებას. მის დაკავებას პოლიტიკური ელფერი სდევდა თან.
_ ამ საქმეების გამო არ დაუკავებიათ, მაგრამ მისი გამოშვება მაინც მტკივნეულად აღიქვა საზოგადოების ნაწილმა. ეს ხალხი არჩევნებზე წასვლას აღარ აპირებს. ისინი იმის გამოც არიან განაწყენებული, რომ ის ხალხი აღარაა „ოცნებაში“, ვის გამოც პარტიას ხმა მისცეს. ეს ძალიან ძლიერი ფაქტორია და ვნახოთ, როგორ იჩენს თავს შემოდგომაზე. ადამიანებს შესაძლოა, წყენამ გადაუაროთ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან შეიძლება, გუნდი ვერ შექმნას.
_ გუნდი, ფაქტობრივად, უკვე შექმნილი ჰყავს.
_ ეს ჯერ არ არის გუნდი. ეს გახარიას გარშემო თავმოყრილი ხალხია. გუნდი სხვა რამეა. გახარია შედეგს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ ივანიშვილი ჩაერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ უნდა გაწიროს. „ქართული ოცნების“ გაწირვა იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აწყობს ეს ივანიშვილს? მე არ ვიცი.
_ შეიძლება, ყველაზე მეტად მას უნდა რიგგარეშე არჩევნები.
_ არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. შესაძლოა, მას კიდევაც აწყობს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ჩნდება კითხვა, რამდენად რაციონალური იქნება ეს? რაღაცები არ ვიცი და ამაზე ვერ ვისაუბრებ. სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ ქვეყანა უმძიმესი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. დღეს არსებულ პარლამენტს ამ გამოწვევების დაძლევა არ შეუძლია. მისი გავლენა არის ნული, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. პოლიტიკური კრიზისი არც მაშინ იყო, როცა ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა. ეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმაც მშვენივრად იცოდნენ.
არჩევნების მეორე დღესვე გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ხალხი მხარს არ უჭერდა. ხალხი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გამოსულა. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხალხი გარეთ ვერ გამოიყვანეს და ჩაფლავდნენ. პროტესტის გამოხატვა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ვერც ერთხელ შეძლეს ქუჩაში კრიტიკული მასის გამოყვანა, მათ დამაგრებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი.
პოლიტიკური კრიზისი იმ შემთხვევაში იქნებოდა, ხალხს სამთავრობო შენობების პიკეტირება რომ განეხორციელებინა და მთავრობას მუშაობაში ხელი შეშლოდა. მსგავსი არაფერი ყოფილა. ვინ მოახდენდა შენობების პიკეტირებას, როცა ხალხი გარეთ არ გამოსულა? რაიონებიდან ჩამოიყვანეს ადამიანები და 1500 კაცი ძლივს მოაგროვეს. ამ რაოდენობის ხალხი პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნის.
პოლიტიკურ კრიზისზე მაშინ შეიძლებოდა საუბარი, თუკი პარლამენტი მუშაობას ვერ შეძლებდა. ოპოზიციის შესვლამდე პარლამენტი ჩვეულებრივად მუშაობდა. კვორუმიც ჰქონდათ და გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. პარლამენტს არც მთავრობის ფორმირება გასჭირვებია. ისრაელში ამ მხრივ ნამდვილად იყო პრობლემები. 2 წელიწადში იქ ოთხჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეს უკვე კრიზისია. აქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა.
კრიზისი არაა და როდემდე შეიძლება, პარლამენტის წინ კარვები იყოს გაშლილი? ან ვინ შლის ამ კარვებს? პარტიის სახელით რომ საუბრობენ, საქართველოში არსებობენ კი პოლიტიკური პარტიები? არც „ქართული ოცნება“ გახლავთ პარტია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პარტია არ შექმნილა.
_ პოლიტიკური კრიზისი თუ არ იყო, დასავლეთი რატომ ჩაერია სიტუაციის განმუხტვაში?
_ დასავლეთისთვის სტანდარტი და აქსიომაა, რომ ერთპარტიული პარლამენტი არის უბედურება. ეს იწვევს ყველა დემოკრატიული ღირებულების ჩამოშლას. ამიტომ მოუწოდებდა დასავლეთი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და არა იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. დასავლეთი პარლამენტში შესვლისკენ პრორუსებსაც კი მოუწოდებდა. ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, „ნაციონალებიც“, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ. ნიკა გვარამიამ პირდაპირ თქვა, დასავლეთმა ზურგში მახვილი ჩაგვცაო. ოპოზიციის გარეშე პარლამენტი ვერ იარსებებს.
დასავლეთს ასევე არ მოსწონს კულუარული მმართველობა. ლუკაშენკო სისხლში ამოსვრილი დიქტატორია, მაგრამ ის ოფიციალური პირია და მასთან შეიძლება ურთიერთობა. სააკაშვილი რაც იყო, იცოდა დასავლეთმა, მაგრამ მასთან შეიძლებოდა ურთიერთობა, იმიტომ რომ პრეზიდენტი იყო. „ოცნების“ ხელისუფლებასთან კი ძალიან უჭირთ კომუნიკაცია. რა რანგის ჩინოსანსაც არ უნდა დაელაპარაკოს, მათგან პასუხს ვერ იღებენ. მათ დამოუკიდებელი მოქმედებების ეშინიათ. განცხადებების გაკეთებასაც ვერ ბედავენ.
ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო სააკაშვილის გუნდში. „ნაციონალების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიშას გარეშე თავისუფლად ჭიკჭიკებდნენ უცხოელებთან. ნებისმიერ თემაზეც საუბრობდნენ. საჭირო თუ იყო, შეცდომებსაც აღიარებდნენ, ამის კარტბლანში ჰქონდათ. ბაქრაძეს შეეძლო ეთქვა, ვაცნობიერებთ, რომ შეცდომები იყო დაშვებული, რადგანაც ვჩქარობდით რეფორმების გატარებასო. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ გიგი უგულავამ საჯაროდ გამოაცხადა, _ ჩვენ მხოლოდ წინ ვიყურებოდით და გამოგვეპარა საკმაოდ ბევრი რამე, მათ შორის ის, რომ ხალხის ინტერესები არ გავითვალისწინეთ და ჩვენი რეფორმები მათ ჯიბეზე არ დაეტყოთო. „ნაციონალები“ თავისუფლად საუბრობდნენ უცხოელებთან. „ოცნებაში“ ეს თემა ტაბუირებული იყო.
_ რატომ იყო ტაბუირებული?
_ ასეთი სტერეოტიპი არსებობდა, თუ ევროპელს ან ამერიკელს დაელაპარაკები, შენ ხარ სააკაშვილის მოხმრე. რატომღაც, ფიქრობდნენ, რომ ისინი სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. დასავლეთთან მიმართებით „ოცნებაში“ სრულიად ავადმყოფური განწყობა სუფევდა. ამიტომაც მიიჩნევს დასავლეთი ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად.
_ არ არის ივანიშვილი არაფორმალური მმართველი?
_ ივანიშვილს არასდროს დაუმალავს, რის გაკეთებას აპირებდა. ის აკეთებს იმას, რისი გაკეთების პირობაც დადო.
_ რას გულისხმობთ?
_ ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავს, ამიტომ მთავრობას კონტროლს მე გავუწევო.
_ სამოქალაქო საზოგადოება მართლა არ გვყავს. სამოქალაქო საზოგადოება რომ გვყავდეს, არც მთავრობა იქნებოდა ასეთი თავგასული და არც ოპოზიცია გაიყიდებოდა ასე მარტივად.
_ ივანიშვილი ცდილობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი შეასრულოს. ამიტომ მოხსნა პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილი. იმ დღეს ძალიან დიდი ხმაური იყო „ქართული ოცნების“ ოფისში. ივანიშვილი ყვიროდა, ორმა ბანკმა გადაჭამა საქართველოო. ერთი ბანკი იყო ხაზარაძის.
_ ხაზარაძის პოლიტიკაში შემოყვანა კვირიკაშვილის დამსახურებაა.
_ ამას მთლად პოლიტიკაში შემოყვანას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ მალევე მოხსნეს კვირიკაშვილი. მაგრამ მან დააწყებინა რაღაცები მამუკა ხაზარაძეს. ანაკლიის პორტის აშენების ნებართვა მისცა და მისი მნიშვნელობა გაზარდა. თქვენ ხომ იცით, რომ ივანიშვილის გარდა, ყველა მულტიმილიონერი გამდიდრებულია ქართველი ხალხის გაღატაკების ხარჯზე. ამა ჰქვია ექსკლუზიური ეკონომიკა. როცა ხალხისგან ფულის ამოღება და ამით გამდიდრება ხდება. ამ მხრივ საქართველო უნიკალური არაა, ასეთი რამეები ხდება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში… საიდანღაც ჩნდებიან მულტიმილიონერები. ისინი „პრიხვატიზაციის“ ხარჯზე მდიდრდებიან. აბა, ბილ გეითსივით კი არ წვალობენ. ფარმაცევტული გიგანტები როგორ გამდიდრდნენ აქ?! ოქრიაშვილის კოლეგამ რამდენიმე წლის წინათ თქვა, კახას ვუთხარი, _ რა გინდა პარლამენტში, რატომ ალანძღინებ ხალხს თავს-მეთქი? _ პარლამენტი ისედაც იმას გააკეთებს, რასაც ჩვენ ვეტყვითო. ეს პარლამენტიც ისევ ამათი ნების შემსრულებელი იქნება. მულტიმილიონერებმა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ იმიტომ შექმნეს „ლელო“, რომ თავინათი ქონება დაეცვათ. ამის გაგება დასავლეთს უჭირს. დასავლეთმა იცის, რომ ერთპარტიული პარლამენტი ცუდია ქვეყნისთვის და ამიტომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესულიყო.
შორენა მარსაგიშვილი