პაატა აბაშიძე: ,,ერთი უბრალო კაცი უბრალო ლექსებს ვწერ”
პაატა აბაშიძე ბათუმელი პოეტია, უყვართ და მის წიგნებსაც სიამოვნებით კითხულობენ …:
_ მოგვიყევი თქვენ შესახებ…
_ ვეცდები, განსხვავებულად აღვწერო, რომ ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ. დავიბადე 1986 წელს (როგორმე). მქონდა ბანალური ბავშვობა, ანუ მინდოდა, რომ პოლიციელი ან მსახიობი გამოვსულიყავი. ბოლოს დამთავრდა ბავშვობის ასაკი და ოთხწლიანი თავდადების მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ვერც ერთი, თუ არ ჩავთვლით, რომ ვწერ ლექსებს (არ მაქვს პოეტობაზე ამბიცია) და პროზას (არც მწერლობაზე მაქვს ამბიცია).
ვარ კოსმოსისთვის – მშვილდოსანი, დედამიწისთვის – ზედმეტი 89 კგ. და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი.
ზომიერად ვიხდი მადლობას და უზომოდ _ ბანკის ვალს;
ვახარებ სხვის გულს და ჩემს ჭიას;
ყოველთვის ვცეკვავ ნაცნობებთან და არასდროს _ სხვის დაკრულზე;
არ ვწერ, როცა ვკითხულობ და როცა ვწერ, არ ვკითხულობ;
ჯერჯერობით ვარ – დასაქმებული და ვყავარ ცოლს.
მყავს სამი შვილი და ვყავარ სამ შვილს. ახლა ამას რომ ვწერ, არც ისე სერიოზული ვარ.
_ თქვენ ხართ პოეტი, პირველი ლექსი გაიხსენეთ
_ ბავშვობა უფრო ბავშვური იყო და რასაც ვწერდი, ბავშვობაში დავტოვე. უფრო, სკოლის ასაკიდან გაღვივდა ჩემში პოეზია. ხდება ისეც, რომ მოდის დიდი გრძნობა, თუმცა ვერ გადმოსცემ _ გულში იხარშავ, გაწამებს. ისიც პოეზიაა, როცა გადმოსცემ, რაც გულს გიხრავს _ ამ დროს უკვე წერ.
_ თქვენ საკმაოდ ბევრი ადამიანი გიცნობთ …
_ დიდი არაფერი. იცი, ერთი კარგი თვისება რა მაქვს?! _ ის, რომ მაქსიმალურად ვარ უბრალო და გულწრფელი. არ ვარ ყეყეჩი და ქედმაღალი. ეგ კიდევ საკითხავია, რამდენად ცნობადი და „სახელიანი“ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გზით მივდივარ და ეს უბრალოება და თავმდაბლობა მიგიყვანს ტაძართან.
_ რატომ პოეზია ?
_ როგორ გავცე ამ კითხვას პასუხი? ამას ჩვენ არ ვირჩევთ. ერთი უბრალო კაცი უბრალო ლექსებს ვწერ და მხოლოდ ესაა. რა თქმა უნდა, გარკვეული ბიძგები არსებობს თავიდანვე, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვღებულობთ. ან წერ, ან _ არა. ხომ იცი, „რაცა ვის რა ბედმან მისცესო“…
_ ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი?
_ მაპატიოს ბევრმა, რომ ცოტა უნდა ჩამოვთვალო. მიყვარს ბუნებრივი ლექსები, რომლებსაც გვთავაზობენ ტარიელ ხარხელაური, ბესიკ ხარანაული, როი აბუსელიძე, ვახტანგ ჯავახაძე და კიდე ერთი-ორი. ნურავინ შემედავება გემოვნებაზე. ვიცი, რომ ეს პოეტები განსხვავებული სტილით გამოირჩევიან, მაგრამ მე მათი ლექსები მკვებავს.
_ შეგიძლიათ გამოარჩიოთ თქვენი ლექსი ?
_ მე რომელიც მომწონს, ის ჩემს მკითხველს არ მოსწონს. ის უფრო სხვას ირჩევს. ერთ ლექსს გეტყვით. არ ვიცი, მკითხველს რამდენად მოეწონება, მაგრამ ამ ლექსზე სულ ვფიქრობ. ალბათ, შვილების სიყვარულის გამო.
„ახლა მე რომ ამ ლექსს გიწერ _ ნახე, მაგრამ ჯერ არა
(დაწოლამდე წაიკითხე, დღისით თუ არ გცალია).
აჰა, ოთხ სტროფ ლექსს გიწერ და ერთ პატარა ქვეყანას
გიტოვებ და ამისათვის ნუ გამკიცხავ ძალიან.
არ დანებდე და იბრძოლე, თორემ ბოლოს სიყრუე
დაგიბრიყვებს ცხოვრების და გამოგწურავს ოფლიდან.
მე რომ ახლა მამაჩემის ფოტო ასე მიყურებს,
მინდა, ჩემმა ფოტომ უფრო გიყუროს კმაყოფილმა.
გწამდეს შენი ოჯახის და შვილისა და ცოლისა,
ნურც დატოვებ სირთულესთან მეგობრებს და ძმაკაცებს.
გახსოვდეს, რომ პირველ რიგში (უპირველეს ყოვლისა),
ჯერ კაცი ვართ და ოდესმე დაგვჭირდება საკაცეც.
ნურც ნურავის ვალს დაიდებ, არც სხვისი დაიტოვო.
ეს ცხოვრება უკეთესი არ არის და არც გინდა.
უცებ, რომ მოგენატრო და სადმე ვეღარ მიპოვო,
ადექი და შენც ეს ლექსი წაიკითხე თავიდან“.
_ როგორ ფიქრობთ, დღეს საზოგადოებას წიგნების კითხვის მიმართ ინტერესი რატომ გაუქრა?
_ ვფიქრობ, ყველა ეპოქას ჰყავდა წიგნიერი და უწიგნური თაობა („უწიგნურს“ ცუდ კონტექსტში არ ვახსენებ), მაგრამ დღეს იკლო წიგნიერებამ. წიგნის მაღაზიებიც ქრება ნელ-ნელა. არსებულ მაღაზიებშიც შემსვლელი ხალხი კლებულობს. არ ვიცი, არ ვიცი… ვიცი ის, რომ უნდა მოვუმატოთ.
_ რა გეგმები გაქვთ?
_ ბევრს არაფერს ვგეგმავ. მივყვები დინებას. სამომავლოდ ბედნიერ საქართველოში უნდა ვიცხოვრო. მალე იქნება ეს!
ხვიჩა მამულაძე