ნინუცა მაყაშვილი: „მარტივია, სუსტი დაჩაგრო და დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს“
11 წელი ინახავდა, მალავდა, გულში იკლავდა იმ ტკივილიან და ტრაგიკულ პერიოდს, რაც მსახიობ ნინუცა მაყაშვილს ყოფილ მეუღლესთან, მსახიობ ბესო ზანგურთან აკავშირებდა. თავს გადამხდარ დრამატულ მოვლენებზე მსახიობმა ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა, რამაც საზოგადოება აღაშფოთა _ მსახიობების დიდმა ნაწილმა ნინუცას სოლიდარობა გამოუცხადა და რუსთაველის თეატრიც გაემიჯნა ძალადობას, თუმცა დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, ნინუცა იმ ქალებს შეადარა, რომლებიც 1937 წლის რეპრესიებში მონაწილეობდნენ. სტურუა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც ხელი დააფარა მის ფავორიტ მსახიობს და მაყაშვილის საწინააღმდეგო სტატუსებს წერდა.
საზოგადოების მწვავე რეაქციისა და დიდი გამოხმაურების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინუცა მაყაშვილი უწყებაში დაიბარა, თუმცა მსახიობი და ტელეწამყვანი, ჯერჯერობით, საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. თუ რატომ, _ ამაზე ქვემოთ ინტერვიუში შეიტყობთ.
რუსთაველის თეატრის დასში განხეთქილებაა _ ნაწილი ნინუცა მაყაშვილს, ნაწილი კი ბესო ზანგურს უცხადებს სოლიდარობას. ერთ-ერთია მსახიობი თამთა ინაშვილი, რომელიც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სპექტაკლში, სადაც ის ბესო ზანგურთან ერთად მონაწილეობდა, აღარ ითამაშებს. ამავდროულად, ინაშვილმა რობერტ სტურუა სექსიზმში დაადანაშაულა.
მისი თქმით, რობერტ სტურუასთვის ქალი და განსაკუთრებით _ ქართველი ქალი _ საძულველია.
„ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას… არსებობს ასეთი სპექტაკლი, „სადღაც ცისარტყელას მიღმა“, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად აღარ ვაპირებ მასთან ერთად სცენაზე დგომას!“ _ განაცხადა „რუსთაველის თეატრის“ მსახიობმა თამთა ინაშვილმა.
კვირის სკანდალურ თემაზე, ყოფილ მოძალადე მეუღლეზე, შვილსა და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ნინუცა მაყაშვილი ესაუბრება:
_ ნინუცა, შენ მიმართ სოლიდარობა არ წყდება და, შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანე. რამდენად ელოდი, რომ ამ ყველაფერს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა და როგორ ფიქრობ, რატომ აღმოჩნდა ეს თემა საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?
_ ამხელა დოზით გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდებოდი და არ მეგონა, რომ ასეთ აჟიოტაჟსა და ხმაურს გამოიწვევდა. თუმცა, ალბათ, ბევრი მსგავსი შემთხვევა რომ არის, ამიტომაც მოჰყვა ამხელა რეაგირება სხვა ქალბატონებისგან და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისგან.
_ მსახიობების ძალიან დიდი ნაწილი დაგიდგა გვერდით. ალბათ, ბევრი ქალის პრობლემა გაახმოვანე…
_ დიახ, ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში და სათითაოდ ვცდილობ, ყველა იმ ქალბატონს, რომელიც ახლა ამ მდგომარეობაშია, რაღაცნაირად ვუპასუხო, ვანუგეშო და ვაჩვენო, რომ არსებობს გამოსავალი და ის, რომ რა სიტუაციაშიც ახლა იმყოფებიან, დამთავრებადი და მოსპობადია და პირიქით, ერთადერთი, რასაც ვერ ან არ აკეთებენ არის ის, რომ ხმას ვერ იღებენ. მინდოდა, რომ მათი ხმა ვყოფილიყავი. ეს ქალბატონები მადლობას მიხდიდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეგონათ, მათზე ვსაუბრობდი და მათ სათქმელს ვამბობდი.
_ ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან სწორად გაიგო შენი ნათქვამი და, შეიძლება ითქვას, ნამდვილად გაახმოვანე ბევრი ქალის პრობლემა, მაგრამ რატომ დღეს? გასაგებია, რომ გადაცემამ, თემამ, სიტუაციამ განაპირობა შენი ალაპარაკება, მაგრამ რატომ ინახავდი ამ ტკივილს აქამდე? რატომ არ გაგიჩნდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი წლების წინათ გეთქვა?
_ ამას დღეს ვიზამდი, ერთი თვის შემდეგ თუ ერთი წლის თავზე, მოცემულობა არ იცვლებოდა. მაშინ არც საზოგადოება და არც მე ვიყავი მზად _ არც ფიზიკურად და არც მორალურად, არც სიტუაცია იყო მომწიფებული…. ჰო, არ ვიყავი მზად, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა, თუნდაც 11 ან 9 წლის წინათ. ძალიან გავიზარდე, გადავლახე ბევრი დაბრკოლება. ჩემთვის ახლა ეს თემა უკვე გავლილია, გადავიტანე და ემოციურად აღარ მაწუხებს.
_ ამ სიტუაციამ, როგორც ადამიანს და როგორც ქალს, დაღი დაგასვა?
_ მაჩვენე ადამიანი, რომელზედაც ძალადობენ, გინდ ფიზიკურად, გინდ ფსიქოლოგიურად და ეს მას დაღს არ დაასვამს. რა თქმა უნდა, დამასვა დაღი, თუმცა მაინც შევძელი ჯანსაღი აზროვნების შენარჩუნება და პოზიტიურად ვუყურებ სამყაროს და ამ ცხოვრებას.
_ ნინუცა, შენ თქვი, რომ ყოფილი მეუღლე ძალიან ხშირად ძალადობდა ჩემზეო, მათ შორის, ორსულობის პერიოდშიც. კონკრეტულად, რა სახის ძალადობას გულისხმობ და რამდენად ხშირად ხდებოდა ეს?
_ ძალადობა არის ნებისმიერ საკითხში ძალადობა _ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფსიქოლოგიური იქნება, მორალური თუ სხვა. ძალადობა ნებისმიერ სიტუაციაში, როგორიც არ უნდა იყოს, არის ცუდი, არასწორი და დაუშვებელი. იყო, რა თქმა უნდა, ხელით შეხებაც, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც, ფსიქოლოგიური დათრგუნვა და მოკლედ, ყველანაირი ძალადობა იყო.
_ ეს სხვებმა იცოდნენ?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ ასე კონკრეტულად და დეტალურად _ არა, თუმცა ყველა ყველაფერს ხვდებოდა და ყველამ ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, მე არ ვსაუბრობდი ასე ხმამაღლა.
არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, მისი ოჯახის წევრების წინ მცემა! ძალიან! და მე ვიყავი ორსული. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშებისა და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც არაფერში მჭირდებოდა.
_ საკმაოდ დიდხან ინახავდი ამ პრობლემას, რატომ დროზე არ დაასრულე?
_ როცა რაღაცის გეშინია და ვაკუუმში ცხოვრობ, ასე მარტივად ვერ ადგები და ვერ წამოხვალ, რადგან შიშის ფაქტორი არსებობს. მაგალითად, როცა სახურავზე ან მაღალ სართულზე დგახარ და უნდა გადახტე, არ იცი, პარაშუტი გაგეხსენება თუ არა, ამ დროს ხომ ფიქრობ და გეშინია. შიში ნებისმიერ შემთხვევაში არის შეგრძნება, რომელიც ბევრ რაღაცას გაკეთებინებს ან არ გაკეთებინებს.
_ თან გამოუცდელი და პატარაც იყავი…
_ კი, ძალიან პატარა ვიყავი.
_ როცა ფიზიკურად ძალადობდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო თუ ფხიზელი?
_ ფხიზელიც ყოფილა და ნასვამიც, არ აქვს მნიშვნელობა, _ ადამიანს კონკრეტული მიზეზი არ სჭირდება შარის მოსადებად.
_ ძირითადი მიზეზი რა ჰქონდა ხოლმე, რის გამო გაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას?
_ არასდროს ჰქონია მიზეზი. ეგ არის გამორიცხული, რომ მიზეზი მიმეცა. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩემი დაღლილი სახეც კი. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, როცა, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექით მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ვინმე ბიჭი. ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო, ძალიან მარტივია, დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს.
_ ნინუცა, შსს-მ დაკითხვაზე დაგიბარა, მაგრამ შენ არ წახვედი, _ არ ვაპირებ, რომ ვუჩივლოო. რატომ არ აპირებ საქმის აღძვრას?
_ იმიტომ, რომ ჩემი მიზანი ამ ადამიანის გასამართლება არ ყოფილა, რადგან მას ჰყავს მეუღლე, სამი მცირეწლოვანი ბავშვი და არანაირი სურვილი არ მაქვს, ის ბავშვები უმამოდ გაიზარდონ. ეს რომ მდომოდა, თავის დროზე გავაკეთებდი ამ ყველაფერს და ჩავაყუდებდი ციხეში, მაგრამ არ არის ჩემი მიზანი მისი დაკავება. მე, უბრალოდ, ვსაუბრობდი ყველა იმ ქალბატონზე, ვისაც ახლა უჭირს და სჭირდება დახმარება და არა ის, რომ მე ამით სამართლის აღსრულებას ვითხოვდი. მას ისიც ეყოფა, რა სიტუაციაშიც ახლა არის.
_ დღეს ხომ არ გაქვს შიშის ფაქტორი, რომ ისევ რამეს დაგიშავებს და ამის გამო ხომ არ იკავებ თავს ჩივილისგან?
_ არა, რა თქმა უნდა, არანაირი შიშის ფაქტორი აღარ მაქვს. ზუსტად ეგ არის ის, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამდენი ხნის მერე მესაუბრა. იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემსა და იმ ადამიანების ძალაში, ვინც გვერდით მყავს, რომ რისი უნდა მეშინოდეს!
_ ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა ჩნდება, თუ რატომ არ გადაწყვიტე ჩივილი წლების წინათ?
_ ვიმეორებ: არ იყო ეს სიტუაცია 10-11 წლის წინათ. ქალებს კიდევ ეშინოდათ. შეიძლება, რაღაც მომენტში ქალს დაბრალებოდა ყველაფერი. თანაც, არასდროს მქონია ამის ამსახველი ფაქტები, გარდა იმისა, რომ დაზიანებებს ის ადამიანები ნახულობდნენ, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ, მაგრამ არც მაშინ მდომებია ჩივილი და ახლაც არ მინდა.
_ გადაცემის შემდეგ თუ დაგიკავშირდა ბესო?
_ არა, რა თქმა უნდა.
_ რობერტ სტურუას კომენტარზე მინდა გკითხო: მან იმ ქალებს შეგადარა, რომლებმაც 1937 წელს რეპრესიებში მიიღეს მონაწილეობა. მართალია, სტურუას განსაკუთრებულად უყვარს ზანგური და, ზოგადად, მას სჩვევია მსახიობების ამოჩემება, როგორც ამბობენ, მაგრამ ელოდი მის ასეთ პოზიციას?
_ სტურუას განსაკუთრებულზე განსაკუთრებულად უყვარს და, შესაბამისად, მას არაერთხელ მოუთმენია მაგ ადამიანის გამო შეურაცხყოფა და თავად მაგ ადამიანისგანაც. მათ თავიანთი ურთიერთობა აქვთ და ორივეს ღმერთმა გაუმარჯოს. როგორი ურთიერთობაც აქვთ, თვითონ იციან. არ ვიცი, ალბათ, განსაკუთრებულად უყვარს, რომ ვერ ხვდება და ადეკვატურად ვერ აღიქვამს სიტუაციას. ზუსტად ვიცოდი, რომ მსგავსს რაღაცას დაწერდა და არც გამკვირვებია, არც შემხებია მისი ეს კომენტარი. მე მაგ პერსონისადმი დამოკიდებულება დიდი ხნის წინათ დავკარგე, ასე რომ, ჩემთვის, უბრალოდ, რიგითი ადამიანია.
_ წლების წინათ ბესო ზანგურმა 7000 დოლარი რომ მოუხსნა კარტიდან რობერტ სტურუას, ეგ ამბავი იცოდი?
_ არა, არ ვიცოდი ნამდვილად. სად წაიღო მერე? მოეტანა სახლში (იცინის).
_ როგორც ამბობენ, მანქანა იყიდა. ნინუცა, შენ და ბესოს საერთო შვილი გყავთ. როგორც მამა თუ პატრონობს ან პატრონობდა შვილს?
_ არა, რა თქმა უნდა.
_ ანუ შვილთან არანაირი კონტაქტი არ აქვს, მოკითხვის დონეზეც?
_ არა.
_ ბავშვი შენს გვარზეა?
_ არა, ნოდარიკო ზანგურია, იმიტომ რომ ბავშვი არის არასრულწლოვანი და ეს ყველაფერი არ იცის. ახლაც ვცდილობ, ამ სიტუაციას ავარიდო და მაქსიმალურად გავწელავ დროს, ეს ყველაფერი მას არ შეეხოს. ასე რომ, არაფერი მსგავსი არ იცის.
_ ანუ ბავშვმა არ იცის არაფერი ამ სიტუაციაზე?
_ არა, რა თქმა უნდა, რაც ახლა ხდება არც ეგ იცის, საბედნიეროდ. დიდად არ უყურებს ტელევიზორს და საინფორმაციოს. ტელეფონშიც მხოლოდ თამაშებს თამაშობს და არ სცალია იმისთვის, რომ მსგავსს რაღაცებში შეიხედოს. „ფეისბუქიც“ არ აქვს.
_ ნინუცა, „რუსთავი 2-ის“ დილაში მუშაობ. თეატრში აღარ ხარ. არ გენატრება?
_ თეატრი… მას შემდეგ, რაც „რუსთაველის თეატრიდან“ გამომიშვეს, თეატრალური ცხოვრებისკენ აღარც ვიხედები და არც _ მაინტერესებს.
_ რატომ, მსახიობობაზე უარს აცხადებ?
_ არა, ზოგადად, აღარ მიმიწევს გული თეატრისკენ. ამ კაცმა მოახერხა და შემაზიზღა საერთოდ ყველაფერი მსგავსი. ძალიან მენატრება სპექტაკლებში თამაში და თუ იქნება ერთჯერადი თამაშის შესაძლებლობა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, თუმცა რომ ვთქვა, რომელიმე თეატრთან მინდა კონტრაქტი ან ისევ ჩემი პროფესიის დაბრუნებაზე ვოცნებობ-მეთქი, მოვიტყუები.
_ რატომ ასე?
_ იმიტომ, რომ ჯერ არ ვარ მაგისთვის მზად, არც მინდა.
_ „რუსთაველის თეატრიდან“ რა მიზეზით გამოგიშვეს?
_ მათი თქმით, მიზეზი იყო ის, რომ სათანადოდ არ მიყვარდა თეატრი.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა „რუსთაველის თეატრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ია შერაზადიშვილს და დაინტერესდა, გაათავისუფლებენ თუ არა მსახიობ ბესო ზანგურს თეატრიდან?
_ არანაირი სამართლებრივი ფორმა ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. როგორც კი ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდება, დაიწყება გამოძიება და თუ დამტკიცდება ფაქტი, ამ შემთხვევაში თეატრი იმსჯელებს, თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ სიტუაციაში.
_ სამართლებრივი გასაგებია, მაგრამ მორალური კუთხით?
_ ჩვენ იურიდიული დაწესებულება ვართ. 11 წლის წინათ რა მოხდა, ცილისწამებაზე სარჩელი შეუძლია შეიტანოს ბესო ზანგურმა და ამ ყველაფერს მიეცეს სამართლებრივი ფორმა.
_ რუსთაველის თეატრის პოზიცია როგორია ამ შემთხვევაში. გმობს თუ არა ძალადობას თეატრის ადმინისტრაცია?
_ მთლიანად რუსთაველის თეატრის დასი, რეჟისორები, ტექნიკური ჯგუფი იქნება ეს თუ სხვა, ყველა ვემიჯნებით ძალადობას.
საზოგადოების დიდი მხარდაჭერისა და გამოხმაურების შემდეგ კულტურის მინისტრმა რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია და მსახიობ ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. წულუკიანის თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროსაა გვიან.
მინისტრმა ასევე ძალადობაში ბრალდებულ ბესო ზანგურს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინა რუსთაველის თეატრი:
„კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა. სწორედ მინისტრის განცხადების შემდეგ რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსახიობი ბესო ზანგური ყველა როლიდან მოეხსნა.
შესაბამისს ბრძანებას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ სტურუამ უკვე მოაწერა ხელი.
ბრძანება, 16 აპრილს გამოიცა და უკვე ძალაში შევიდა:
„ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, _ ნათქვამია ბრძანებაში.
დაიწყება თუ არა გამოძიება ძალადობის ფაქტზე და ითანამშრომლებს თუ არა მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოძიებასთან, ამას დრო გვიჩვენებს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ სოლიდარული ადამიანების კომენტარებს.
ნინო კასრაძე, მსახიობი:
_ ის, რომ ნინუცა ამაზე არ საუბრობდა, ეს კონტექსტის ბრალია. ძალიან დიდი ნაწილი მას გვერდით დაუდგა, მაგრამ მიკვირს იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ 11 წლის მერე რატომ თქვაო?.. ზოგჯერ შეიძლება, 31 წელი დაგჭირდეს იმისთვის, რომ ისაუბრო. ჩვენ ყველას გვეკისრება ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის მაგალითია. ნინუცას უნდა ვაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოება უნდა იყოს სენსიტიური. ძალიან რთული გზა გაიარა ნინუცამ და იგი კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია, _ ასე უნდა შეაფასონ, ხოლო სამართლებრივი შეფასება სხვა საკითხია.
18 წლის ქალიშვილი მყავს და ბიჭი არის 16 წლის. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რამე შეიძლება ჩემს შვილსაც გადახდეს, გოგოსაც და ბიჭსაც. და კიდევ უფრო მეტად ის მზარავს, რომ ჩემი შვილი შეიძლება იყოს მოძალადე.
ქეთი სვანიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი:
_ ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი, საუბედუროდ, ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში. უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ.
ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ ძალადობის შესახებ და ამის აღიარების არ უნდა ეშინოდეთ. მე მხარს ვუჭერ ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს და ვუცხადებ მათ სოლიდარობას… მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას! არა ძალადობას!
ლაშა ბუღაძე, მწერალი:
_ მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა „მსახიობ-აკადემიკოსად“ _ მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია… ამოიღეთ ხმა!
ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი:
_ დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინათ ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა თავისივე შეყვარებულ გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვგლიჯეთ ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრის მოღვაწეები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! დაგმობა ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, „ეროვნული სტატუსიც“ უკან გაიკეთეთ!
ნინო წილოსანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი:
_ სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია ჯერ ისევ არაერთგვაროვანია… ხშირად გვესმის მოძალადის გამამართლებელი სტერეოტიპული ფრაზა: „ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი არაფერია“, ასევე ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად…
ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს.
ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა და უზრუნველვყოფს მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად, მძიმეა საზოგადოებრივი ტვირთი, რომელიც დამატებით სიმძიმედ ევლინებათ მსხვერპლ ქალებს და მათ გაჩუმებისკენ უბიძგებს.
მსურს, სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი.
დათა თავაძე, რეჟისორი:
_ მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო იგი. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!
ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა _ აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს…
გაუგონარია, ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუციას ამგვარი რეპუტაცია ჰქონდეს! გაუგონარია, გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ მოძალადეები.
მაია კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:
_ უუხ, შენ გენაცვალე სიძლიერეში! ახლა უფრო კარგად ვხვდები, რატომ მაქვს დიდი პრობლემები მამრობით სქესთან და რატომ ხვდებოდათ მათ თავში ჩემი ძალიან მძიმე ჩანთები (ბევრი დამეთანხმება მოძალადე უზრდელ, ხეპრე და კორმით
გამოზრდილ ორას კილოიან დაცვებს ჩანთა და მასში მოთავსებული ყველა სუნამო და კიდევ მრავალი საგანი ელეწებოდათ თავზე _ ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა). მაგრამ ისეთი მესხური სული მაქვს (გეცოდინებათ მესხებზე ლეგენდები მაინც), რომ ნებისმიერი მოძალადის წინაშე ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ!!! ძირს არაკაცები!
ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:
_ სამაგალითო იყო ნინუცას საქციელი და ძალიან საჭირო იყო ამის გასაჯაროება. არავის უნდა შერჩეს ძალადობა!
„ქრონიკა+“ გმობს ყველანაირი სახის ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს მსახიობსა და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს.
გიორგი საკარული