მრავლობითი ტრავმა და მოტეხილობები _ ქუთაისელმა ექიმებმა ახალგაზრდა პაციენტის სიცოცხლე იხსნეს

ამბობენ, მოტოციკლეტის მოყვარულებს მუდამ განსაკუთრებული საფრთხე ელით. ავტოსაგზაო შემთხვევები ინვალიდობის რისკებს ზრდის, თუმცა ახალგაზრდა პაციენტს გაუმართლა, რომ პროფესიონალი ქირურგების გუნდში მოხვდა.
მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეიყვანა. როგორც ტრავმატოლოგი ირაკლი გოგინავა იხსენებს, პაციენტს გულმკერდის მრავლობითი ტრავმა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა. მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ექიმების გუნდმა მაქსიმალურად დადებითი გამოსავლის მისაღებად ინოვაციურ მეთოდს მიმართა.

„ამ ტიპის ტრავმები, თავისთავად, მასიურ სისხლდანაკარგს გულისხმობს, ამიტომ ოპერაციის ჩატარება მინიინვაზიური მეთოდით გადავწყვიტეთ, რომელიც წერტილოვანი განაკვეთების მეშვეობით ძვლის რეპოზიციასა და ფიქსაციას ითვალისწინებს. სირთულეს წარმოადგენდა ჭანჭიკების მიმართულების იდეალური სიზუსტით ჩასმა, რადგან დახურულ სივრცეში მაღალია ძვლის პერფორაციისა და სისხლძარღვოვან-ნერვული კონის დაზიანების ალბათობა, ამიტომ ოპერაცია კომპიუტერული ნავიგაციის ქვეშ განხორციელდა“, _ აცხადებს ირაკლი გოგინავა.

ოპერაციის მსვლელობისას, როგორც პაციენტის მეუღლე იხსენებს, ოჯახს მხოლოდ უფლისა და ექიმების იმედი ჰქონდა. აცნობიერებდნენ, რამდენად მძიმე იყო დაზიანების ხარისხი და რა სირთულის ქირურგიული ჩარევა ტარდება საოპერაციო მაგიდაზე. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. გავის ძვალი სრულად შეიკრა და პაციენტმა აქტიური მოძრაობა მომდევნო დღიდან დაიწყო.